ნეტგაზეთი | სად და როგორ ერთობიან ახალგაზრდები სოხუმში [Video] სად და როგორ ერთობიან ახალგაზრდები სოხუმში [Video] – Netgazeti
RU | GE  

სად და როგორ ერთობიან ახალგაზრდები სოხუმში [Video]

ყველამ იცის, ალბათ, რომ აფხაზეთი საკურორტო ქვეყანაა. აქ ხალხი დასასვენებლად ჩამოდის. თუმცა დასვენების გაგებას ტურისტებისთვისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის შინაარსობრივად განსხვავებული დატვირთვა აქვს.

პლაჟები და მთები, რომლებიც ასე იზიდავს აფხაზეთში ტურისტებს, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის სრულყოფილი დასვენებისთვის არ არის საკმარისი.

ორი თეატრი, აფხაზური და რუსული, თეატრის მოყვარულ საზოგადოებას ახარებს თავისი ახალი სპექტაკლებით. უფრო მეტი ადამიანი კი იმას ითხოვს, რაც ყველაზე მეტად აკლია.

“ფილმის პრემიერაზე დასასწრებად საზღვარგარეთ უნდა წავიდე. მართალია, ძალიან შორსაც არა, მაგრამ მაინც მიფუჭებს ხოლმე განწყობას ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ დრომდე არც ერთ ბიზნესმენს არ მოუვიდა აზრად, თუნდაც პატარა კინოთეატრი გაეხსნა”, – ამბობს ჩემი მეგობარი დიმა.

თუმცა კინოთეატრის არარსებობას აფხაზეთში ყველა ასე ტრაგიკულად არ უყურებს. ზოგიერთი თავად ქმნის თავის გარშემო გართობის სივრცეებს.

მაგალითად, სოხუმში რამდენიმე კინოკლუბი ფუნქციონირებს. ერთ-ერთი მათგანია “Склад»“ [საწყობი]. აქ ახალგაზრდები მოდიან ფილმების საყურებლად, მათ განსახილველად. ამავე სივრცეში ეწყობა ხოლმე ახალგაზრდა სკულპტორების, მხატვრების, ფოტოგრაფების გამოფენები. «Склад» -ის პროექტის ავტორია ასიდა ბუტბა, რომელიც დარწმუნებულია, კინოთეატრის გახსნა მომგებიანი საქმე რომ ყოფილიყო, აქამდე უკვე ვინმე გახსნიდა.

“ჩვენი პუბლიკის რაოდენობაა იმის მაჩვენებელი, რომ ბევრს აქვს სურვილი აქ მოსვლის, ჩვენი სივრცე არასდროს არის ცარიელი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარმოუდგენია ახალგაზრდობას დასვენება. თუ ის დასვენებად მიიჩნევს სანაპიროზე გასეირნებას ან ყავის დალევას, რა თქმა უნდა, აქ ასეთი დასვენება შეიძლება. ვფიქრობ, ჩვენ ცოტა სხვა ტიპის დასვენებას ვთავაზობთ. შესაძლოა, უფრო მარტივად გადასახარშს, მაგრამ ძალიან სასარგებლოს ადამიანების განვითარებისთვის, მათ შორის ჩვენი, ვინაიდან სანამ ამას ვაკეთებთ, ჩვენი აზროვნების წრე ფართოვდება. ქალაქი ვითარდება და ადრე თუ გვიან აქ ყველაფერი გაჩნდება”, -ამბობს ასიდა.

სულ სხვანაირად ერთობიან ახალგაზრდები აქვე ახლოს მდებარე კაფეში. ყოველ პარასკევს “ბარისტა” მუსიკოსებსა და ცოცხალი შესრულების მოყვარულებს აერთიანებს.

“თავისუფალი პიანინო” აქ აბზაგუ მარიხუბამ ჩამოიტანა. აბზაგუ ახალგაზრდა აფხაზია, რომელსაც მობეზრდა დღისით სოხუმის სანაპიროზე, საღამოობით კი სოციალურ ქსელებში ყოფნა. სწორედ მისი და მისი მეგობრების წყალობით კაფე “ბარისტა” საზოგადოებრივი კვების ობიექტიდან ქალაქის კულტურულ ცენტრად გადაიქცა. კაფეს მფლობელმა დართო ნება, მუსიკალური ინსტრუმენტი განათავსოს, რომელზე დაკვრაც თავისთვის და პუბლიკისთვის ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

“ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს იდეა ამდენ ადამიანს მოიზიდავდა. როდესაც ხალხი რაღაც პოზიტიურს ხედავს ჩვენს ქალაქში, მოდიან. მესმის. თუმცა არ მესმის, რა მოსწონთ ისეთი, ასეთ სიცივეშიც რომ მოდიან, მაგრამ მიხარია მაინც. ქალაქში გარკვეული კულტურა ჩნდება, ადრე ვერ ვამჩნევდი. ხალხი ასეთ დროს კაფეებში ზის, პოეტები, მხატვრები იკრიბებიან, ბევრი ახალი სახეა ქალაქში. მესმის, რომ ამ ქალაქს ცოცხალი მუსიკა სჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა, ზაფხული იქნება ეს თუ ზამთარი. ჩვენ არ გვაქვს ღამის კლუბები და ბარები ცოცხალი მუსიკით. შეიძლება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის სოჭში ჩავიდეთ, მაგრამ ყოველ შაბათ-კვირას საზღვარგარეთ გასვლის ფინანსური საშუალება არც მე მაქვს და არც ბევრ სხვას აფხაზეთში. ამასთან, ჩვენთანაც ხომ უნდა განვავითაროთ კულტურული დასვენება. ასეთი ტიპის გართობამ ახალგაზრდები შეიძლება ნარკოტიკებისა და გალოთებისგანაც დაიცვას”, -ამბობს აბზაგუ.

აბზაგუ ამბობს, რომ აფხაზეთის დღევანდელი ახალგაზრდები 90-იანი წლების ახალგაზრდებს აგონებენ:

“აი, ვუყურებ მათ და 90-იანი წლების ახალგაზრდებს მაგონებენ. ისინიც ევროპისკენ, აშშ-ისკენ იყურებოდნენ და არ ჰქონდათ თავიანთი ნაციონალური იდეა, ისინი ბაძავდნენ იმას, რასაც MTV- ზე უყურებდნენ, და კარგად იცით, სადამდე მიგვიყვანა ამან. ჩვენს ახალგაზრდებს არ აქვთ რაიმე მიზანი, ნაციონალური იდეა, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ენის სასარგებლოდ იქნება მიმართული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ არ ჰყავთ კერპები ჩვენ შორის”.

ჩემი მეგობარი გუნდა ყოველ პარასკევს კონცერტს ესწრება “ბარისტაში” და უზომოდ გახარებულია, რომ, როგორც იქნა, აფხაზეთში არის ადგილი, სადაც შეიძლება სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გაატარო საღამო.

“რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ აქ მეტი გასართობი ადგილი იყოს. მაგალითად, სავაჭრო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა წასვლა, მაღაზიებში შესვლა, ფილმის ყურება და ჭამაც, მაგრამ ამისთვის სოჭში წასვლა შორია”, – ამბობს გუნდა.

გუნდა ორ თვეში ერთხელ მაინც ცდილობს აფხაზეთიდან გავიდეს, რომ არ მოიწყინოს.

“ზაფხულში კი ჩვენთან მხიარულებაა- ზღვა, ხანრგძლივი სეირნობები სანაპიროზე და მეგობრებთან ერთად კაფეში ჩამოჯდომა გართობის ყველაზე კარგი საშუალებაა სანაპიროზე.

მით უმეტეს, სოხუმის კაფეში შესვლა ბევრად იაფი გიჯდება, ვიდრე იმავე სოჭში. მაგალითად, სალათები და ცივი საჭმელი თუნდაც ყველაზე პოპულარულ და ძვირადღირებლ კაფეში 200-380 [დაახლოებით, 7-13 ლარი] რუბლზე მეტი არ დაგიჯდება. დაახლოებით იგივე ღირს პიცა. ცხელი კერძები სულ ცოტათი ძვირია.

ეროვნული კერძების მოყვარულებს კი საერთოდ იაფი უჯდებათ კაფეში კვება. ხაჭაპური, მამალიგა და მწვადი თავისი სოუსით ერთ კაცს დაახლოებით 500 რუბლი [დაახლოებით, 17 ლარი] დაუჯდება.

რაც შეეხება სასმელებს, ყველაზე ძვირი ჩვენთან ფრეში ღირს და რაც უფრო ეგზოტიკურია ხილი, მით უფრო ძვირია წვენიც – ანანასის და მანგოს 200 მლ.ფრეში 350 რუბლი [დაახლოებით, 12 ლარი] ღირს, ყველაზე იაფი ფორთოხლის და ვაშლის წვენებია – 150 რუბლი [დაახლოებით, 5 ლარი].

სოხუმის რამდენიმე კაფეში ჩილიმის მოწევაც შეიძლება.

ბიოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიანა კოტოვა არის ჟურნალისტი სოხუმში. მუშაობს "ABAZA TV" თვის და რადიო "თავისუფლებისთვის". ნეტგაზეთისთვის მარიანა კოტოვა ამზადებს მასალებს 2016 წლის თებერვლიდან პროექტის "სამხრეთ კავკასიის ამბები" ფარგლებში.