სამხრეთ კავკასიის ამბები

გალში IPRM-ის შეხვედრების აღდგენის საკითხს მოსკოვში განიხილავენ

12 მარტი, 2016 • 1465
გალში IPRM-ის შეხვედრების აღდგენის საკითხს მოსკოვში განიხილავენ

“რია ნოვოსტის” ცნობით, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, აფხაზეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები 17-18 მარტს მოსკოვში შეხვდებიან ერთმანეთს და გალში ოთხმხრივი შეხვედრების აღდგენაზე იმსჯელებენ.

ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული შეხვედრები გალის რაიონში 2012 წლის აპრილიდან აღარ ტარდება.

ჩირიკბას თქმით, მოსკოვში ძირითადად აფხაზეთის და საქართველოს დელეგაციების შემადგენლობა განიხილება. აფხაზეთის მხარე მოითხოვს, რომ დელეგაციის შემადგენლობა იგივე დარჩეს და მასში სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სასაზღვრო რაიონების წარმომადგენლები შევიდნენ. მონაწილეები ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ჩირიკბას განცხადებით, შეხვედრაზე დევნილების საკითხი განხილული არ იქნება.

“ე.წ. აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის მონაწილეობა ამ შეხვედრებში გამორიცხულია”,- განაცხადა ჩირიკბამ.

IPRM -ის შეხვედრები, ერგნეთის მსგავსად, 2009 წლიდან გალშიც იმართებოდა, თუმცა 2012 წელს აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა. აფხაზურმა მხარემ მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ევროკავშირიდან საქართველოში, ანჯეი ტიკშკევიჩი აფხაზეთის ტერიტორიაზე “არასასურველ პირად” გამოაცხადა.

ვიაჩესლავ ჩირიკბა მოსკოვს 17 მარტს ეწვევა. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩირიკბა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი