ნეტგაზეთი | შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციას აფხაზეთის პროკურატურა იკვლევს შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციას აფხაზეთის პროკურატურა იკვლევს – Netgazeti
RU | GE  

შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციას აფხაზეთის პროკურატურა იკვლევს

აფხაზეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ 9 მარტს გამართული არასანქცირებული აქციის ფაქტზე მოკვლევას ატარებს. უწყების ცნობით, მოკვლევის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და რუსლან ჯელიას ქმედებები სამართლებრივად შეფასდება.

“დრანდის” ციხის ყოფილი ხელმძღვანელის, რუსლან ჯელიას ნათესავები და კოლეგები 9 მარტს აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ შეიკრიბნენ და მინისტრ ლეონიდ ძიაპშპას გადადგომა მოითხოვეს. მინისტრის გადადგომის მოთხოვნის მიზეზი საგზაო ინსპექციის თანამშრომლის მიერ რუსლან ჯელიას ავტომობილისთვის ცეცხლის გახსნა გახდა.

თავის მხრივ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროც აცხადებს, რომ 9 მარტის აქციის აქტივისტები, რომლებმაც არეულობა გამოიწვიეს, დაისჯებიან.

“იმ მომენტში ადგილზე ჯელიას ნათესავების და მომხრეების გარდა ბევრი ნასამართლევი და კრიმინალურად განწყობილი ახალგაზრდა იყო. რომლებსაც ოპოზიცია ძალოვანი სტრუქტურებთან დასაპირისპირებლად იყნებს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინიტროს მიმართვაში, რომელსაც sputnik abkhazia ავრცელებს.

ამავე ტექსტში ნათქვამია, რომ არეულობაში მონაწილე პირები და მათი კოორდინატორები გარედან ცდილობდნენ სიტუაციის ესკალაციას. მიმართვის თანახმად,  9 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძიაფშპა რუსლან ჯელიას ნათესავებს შეხვდა და 7 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები გასცა.

“ყველა შეთანხმდა, რომ პოლიციის თანამშრომელმა სროლა ჰაერში განახორციელა და ავტომობილი არ დაზიანებულა”,- ნათქვამია მიმართვაში. უწყების ცნობითვე, 9 მარტის მოვლენები პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.

9 მარტს გამართულ აქციაზე sputnik abkhazia წერდა, რომ რუსლან ჯელიას ნათესავების წარმომადგენლები ლეონიდ ძიაპშპას შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ სამინისტროს წინ შეკრებილებს განუცხადეს, რომ მინისტრი მომხდარის გამო წუხს და კონფლიქტური სიტუაციის გადაწყვეტა მათ შეხვედრებზეა დამოკიდებული. ძიაპშპამ რუსლან ჯელიას ნათესავებს სთხოვა, სიტუაცია არ დაეძაბათ. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილების ერთადერთი მოთხოვნა მინისტრის გადადგომა იყო.

“თუ მას რუსლანთან მობოდიშება კულუარულად სურს, ეს არ გამოუვა. გამოვიდეს ხალხთან და ბოდიში მოიხადოს. პატიებით კი, მხოლოდ მისი გადადგომის შემდეგ ვაპატიებთ”,-  ამბობდა ჯელიას ნათესავი.

9 მარტს სოხუმში, თავისუფლების მოედანზე დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა. რუსლან ჯელია ციხის ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2015 წლის 1 ნოემბერს დაითხოვეს, მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პირი გაიქცა. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 მარტს ავტოსაგზაო პოლიციის თანამშრომელმა ჯელიას მანქანას ცეცხლი გაუხსნა, თუმცა ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბიოლი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com