ნეტგაზეთი | ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები პატიმრების გაცვლას მიესალმებიან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები პატიმრების გაცვლას მიესალმებიან – Netgazeti

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები პატიმრების გაცვლას მიესალმებიან

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები პატიმრების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

“ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები მიესალმებიან თბილისიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან პატიმრების ერთდროულად გათავისუფლების პროცესს, როგორც მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ აქტს. დაპატიმრებულთა გათავისუფლების საკითხში ურთიერთგაგება სამომავლო საქმიანობას კარგ პერსპექტივებს უხსნის”, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

თანათავმჯდრომარეები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს მოუწოდებენ, განაგრძნონ მსგავსი პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომები დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა განსახილველ საკითხებშიც.

დღეს, 10 მარტს, ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში პატიმრები გათავისუფლდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ქართულ მხარეს გადმოეცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე. მათ სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გადასცა.

“ეს ჟენევის მოლაპარაკებების შედეგია. ყველაფერი მაქედან დაიწყო და საბედნიეროდ ეს პროცესი დასრულდა. სამხრეთოსეთელები, ჩვენი ძმები, სამშობლოს დაუბრუნდნენ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის მიმართვის შემდეგ ჩვენმა პრეზიდენტმა დადებით პასუხის გადაწყვეტილება მიიღო და ვფიქრობ, ეს კარგი შედეგია”,- განაცხადა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, ნოემბერი, 2015. ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთი

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, ნოემბერი, 2015. ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი