აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნებს მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღი, როგორც “ოკუპირებული ტერიტორია”, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე არ დაუშვან. უწყების ოფიციალურ ინფორმაციას სააგენტო APA აქვეყნებს.
ამჯერად საუბარია 9-13 მარტს ბერლინში, ტურისტულ გამოფენაში “ITB Berlin” მთიანი ყარაბაღის მონაწილეობაზე.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსამსახურის, უფროსის ჰიკმეთ გაჯიევის განცხადებით, “აზერბაიჯანის საელჩო უფლებას არ აძლევს სეპარატისტებს, მონაწილეობა მიიღონ გამოფენის ცაკლეულ პავილიონში”.
“ამ წელს ერთმა ორგანიზაციამ მოატყუა «ITB Berlin»-ის კომიტეტი და რეგისტრაცია სხვა დასახელებით გაიარა. გამოფენის დღეს კი პავილიონზე ჩამოკიდა პლაკატი წარწერით «Karabakh»”, – აცხადებს გაჯიევი.
ბაქო მოუწოდებს ქვეყნებსა და ტურისტულ სფეროში მომუშავე კომპანიებს, “არ დაუშვან ტურიზმის გამოყენება მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეჟიმის პროპაგანდისთვის”.
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.