კომენტარი

აშშ–ს ელჩი საქართველოში მედიაგარემოს შესახებ

6 მაისი, 2011 • 1121
აშშ–ს ელჩი საქართველოში მედიაგარემოს შესახებ

ჯონ ბასი
ჯონ ბასი

– ბატონო ელჩო, მინდა გთხოვოთ ქართული მედიაგარემოს, როგორც ახალი, ისე ტრადიციული მედიის შეფასება.

– დასაწყისშივე აღვნიშნავ, რომ მედიაგარემო და მედია სამუშაო პროცესშია. რას ვგულისხმობ ამაში, – განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, საქართველოში არის წარმოდგენილი აზრის მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომია აზრთა სხვაობა. ის ადამიანები, ვისაც მთავრობისგან განსხვავებული აზრი აქვს, იქნება ეს პოლიტიკისა თუ შეხედულებების გამო, ახერხებენ თავიანთი აზრის მიწოდებას საზოგადოებისთვის. საზოგადოება ინფორმირებულია მათი ოპოზიციური განწყობების შესახებ; საზოგადოებას ესმის, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანებს.

არის მთელი რიგი სფეროები, სადაც მე და საქართველოს სხვა მეგობარი ქვეყნები ვისურვებდით, რომ მიღწეული იყოს პროგრესი, რათა საქართველომ მიაღწიოს თავის სასურველ მიზანს, იყოს თანამედროვე, დემოკრატიული და თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო.

მედიის სწრაფვა უნდა იყოს მრავალფეროვანი შეხედულებების წარმოდგენა, მედია უნდა ცდილობდეს, წარმოადგინოს დაბალანსებული ინფორმაცია – ხელისუფლების, ასევე, მათი ოპონენტებისა და კრიტიკოსების შეხედულებები. შეიძლება ჟურნალისტებისთვის მეტი ტრენინგებია საჭირო, როგორ უნდა გააშუქონ მოპოვებული ინფორმაცია.

ასევე, უნდა ვისაუბროთ რედაქტორებსა და პროდიუსერებზე, რომლებიც ფართო სპექტრით აღიქვამენ მოვლენებს და რეალურად ადგენენ, რა უნდა გააშუქოს ჟურნალისტმა.

საქმე გვაქვს ეკონომიკურ ასპექტებთან, მედიაში მუშაობა უნდა გაძლევდეს საშუალებას, რომ ასრულებდე პროფესიულ მოვალეობას და იღებდე სათანადო გასამრჯელოს. არ უნდა გქონდეს კადრების ისეთი ცვლილება, როგორც ამჟამად – მედიიდან პროფესიონალი ჟურნალისტები მუდმივად გაედინებიან.

ჩემი აზრით, ორი გამოწვევის წინაშე დგას ახალი ქართული მედია: პირველი, ეს არის ინტერნეტის გავრცელება. ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ინტერნეტის ხელმისაწვდომობა შედარებით შეზღუდულია დიდი ქალაქების ფარგლებს გარეთ და თუ არის ხელმისაწვდომი, მოსახლეობას ხშირად არ აქვს სათანადო გამოცდილება, თუ როგორ მოიხმაროს იგი. მეორე გამოწვევა უფრო პროგრამული ხასიათისაა და უკავშირდება ჟურნალისტურ საქმიანობას, ახალი მედიის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ პროფესიონალები და ისევე იცავდნენ ეთიკურ სტანდარტებს, როგორიც მოეთხოვებათ მათ კოლეგებს ტრადიციულ მედიაში.

ეს რეგულაცია ახალ მედიაში როგორ წარმოგიდგენიათ?

– ეს გამოწვევა ახალ მედიას ეხება, ვინაიდან ინტერნეტის წყალობით ეს საშუალებები არ ცნობენ საზღვრებს. რასაკვირველია, უნდა იყოს თვითრეგულირების ხარისხი – შეგრძნება პროფესიონალური ეთიკის, ასევე იმის შეგრძნება, რომ სტატია უნდა იყოს დაფუძნებული ფაქტობრივ მასალაზე და წყაროდ არ იქნას გამოყენებული ისეთი ადამიანის მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიძლება არ ფლობდეს სრულფასოვან ინფორმაციას. ამდენად, ახალი მედიის ჟურნალისტები თავის მკითხველს უნდა ატყობინებდნენ, ეს სტატია ეყრდნობა ფაქტობრივ მასალას, თუ საქმე გვაქვს საკუთარ შეხედულებებზე დაყრდნობით შექმნილ სტატიასთან. საბოლოო ჯამში კი, მომხმარებელზეა დამოკიდებული შეფასება, თუ როგორ აშუქებს ესა თუ ის მედია ინფორმაციას.

როგორც ცნობილია, «ვიკილიქსის» მონაცემებში თქვენი შეტყობინებებიც მოხვდა. თქვენი აზრით, უნდა ხდებოდეს თუ არა იმის რეგულაცია, რაც «ვიკილიქსმა» გამოაქვეყნა, ან სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ეთიკურ ნორმებს შორის, როცა ახალ მედიასთან გვაქვს საქმე?

– მე არ ვიხმარდი სიტყვა «ჟურნალისტიკას», «ვიკილიქსი» არის ყველაზე უპასუხისმგებლო ფორმა. აქ მოხდა ინტერნერტის დიდი შესაძლებლობების უპასუხისმგებლოდ გამოყენება, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოაქვეყნო ყველაფერი ყოველგვარი მოსალოდნელი შედეგის გააზრების გარეშე. მიუხედავად იმისა, თუ რას მოგვაწერენ მე ან სხვა რომელიმე ამერიკელ დიპლომატს «ვიკილიქსის» მასალებში, მისი მოქმედება აზარალებს არა მარტო მთავრობებთან ურთიერთობებს, რომ მათ ჰქონდეთ ერთმანეთთან გულახდილი საუბარი კონფიდენციალური ფორმით, შეეცადონ და იპოვნონ გზები საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, იგი ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომლებიც ესაუბრებოდნენ ამერიკელ დიპლომატებს სხვადასხვა თემაზე. შესაძლოა, ზოგიერთი დევნასაც კი განიცდის. წარმოიდგინეთ, თქვენ გყავთ კონფიდენციალური წყარო, რომლის სახელი და გვარი გამჟღავნდება. როგორი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამან. არა მგონია, რომ ეს იყოს  მთავრობის ანგარიშვალდებულების ზრდის პროდუქტიული ფორმა.

თინა ქეიდენაუმ თქვა, რომ საქართველოში არის გარკვეული პროგრესი მედიასთან დაკავშირებით კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, სავალდებულოა ტელევიზიების მფლობელების გამჭვირვალობა. და ისიც თქვა, რომ ამერიკა საქართველოს დაეხმარება ამ მხრივ. კონკრეტულად რა სახის დახმარება იგულისხმება?

– როგორც საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრები, ჩვენ არა მხოლოდ გთავაზობთ კრიტიკას და აღვნიშნავთ, თუ სად არის ხარვეზები, ასევე გთავაზობთ ფართო სპექტრის დახმარებას, პროფესიაში წინსვლას, განსაკუთრებით რეგიონული მედიის ხელშეწყობას. ჩვენ გვაქვს რამდენიმე პროგრამა, რომელიც ამჟამად ხორციელდება და ხელს უწყობს ჟურნალისტების განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ მრავალმხრივი ძალისხმევა გვაქვს – კერძოდ, საჯაროდ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს ინფორმაციის თანასწორი ხელმისაწვდომობა, ადგილობრივი საბჭოებისა და პარლამენტის ღია სხდომებზე ჟურნალისტების თანასწორად დასწრება. წინასწარ მიაწოდოს ჟურნალისტებს ინფორმაცია, რომ მათ უკეთესად შეძლონ განსახილველი თემების შინაარსის გაშუქება. ჩვენ ვეუბნებით მთავრობას, რომ არიდებული იქნას შინაარსზე დაფუძნებული ლიცენზიის გაცემის სისტემა, როდესაც მედიასაშუალება თავად გადაწყვეტს, რა შინაარსის ინფორმაცია მიაწოდოს აუდიტორიას. როგორც მთავრობაში, ისე მის გარეთ არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ არსებობს ეს გამოწვევები, ჩვენ კი, როგორც საქართველოს კარგი მეგობრები, ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ საქართველოს და მის ხალხს ამ სფეროს გაუმჯობესებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი