ისრაელის კომპანია “ელბიტ სისთემს” ლონდონის უმაღლეს სასამართლოში საქართველოს 100 მილიონ დოლლარს ედავება. ისრაელის მეორე კომპანია კი, რომელიც სამხედროების გაწვრთნით არის დაკავებული, სოხუმში ჩადის და სერგეი ბაღაფშს ხვდება. მას შემდეგ, რაც ბათუმში ებრაელი ბიზნესმენები ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს, საქართველო-ისრაელის ურთიერთობა გამწვავდა; არ შედგა თელავივში დაგეგმილი ქართველი მაღალჩინოსნების ვიზიტიც.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ვიზიტი მხოლოდ გადაიდო – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვერონიკა ქობალიას ვიზიტის გადადებაზე კი ქართულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
წელს, თებერვალში, ისრაელის საელჩო საქართველოში ერთი კვირით დაიხურა. ისრაელის მედიამ ეს ებრაელი ბიზნესმენების დაკავების ფაქტს დაუკავშირა.
ამ ქვეყნის მედიის ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპანია “ელბიტ სისთემთან” იარაღის მიწოდებაზე ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება. ოფიციალური თბილისი დუმს “ელბიტ სისთემის” სარჩელთან დაკავშირებით.
ცნობისათვის, 2007 წელს, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და “ელბიტ სისთემს” შორის კონტრაქტი გაფორმდა უპილოტო თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე, ქვეყნის ოთხმილიარდიანი ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროს თითქმის მილიარდ–ნახევარი ლარი ერგო. დაახლოებით იგივე პარამეტრები იყო დაცული 2008 წელსაც. აგვისტოს ომის შემდეგ თავდაცვის ბიუჯეტი განახევრდა, წელს ეს თანხა 660 მილიონამდე შემცირდა.
“გაზეთი ბათუმელები” სამხედრო სპეციალისტს, გიორგი თავდგირიძეს ესაუბრა:
– ბატონო გიორგი, თქვენ რა კონკრეტულ ინფორმაციას ფლობთ კომპანია “ელბიტ სისთემის” შესახებ?
– ებრაული “ელბიტ სისთემი“ – იარაღის მწარმოებელი ფირმა, საკმაოდ სერიოზულ კომპანიად მიიჩნევა მსოფლიოში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ამზადებს უპილოტო მფრინავ საშუალებებს – მაღალტექნოლოგიურ იარაღს, რაც ძალზე განვითარებულ ინფრასტრუქტურას საჭიროებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კომპანიას აქვს ანალიტიკური ცენტრი, სამეცნიერო დაწესებულება და ასე შემდეგ.…
– თავდაცვის სამინისტროში თქვენი მუშაობის პერიოდში, რომელ იარაღის მწარმოებელ კომპანიასთან გქონდათ კონტრაქტები გაფორმებული და თუ იყო ამ ნუსხაში “ელბიტ სისთემი?”
– მაშინ “ელბიტ სისთემი” ამ ნუსხაში არ იყო, ეს კომპანია უფრო აქტიურად საქართველოში რევოლუციის შემდეგ გამოჩნდა. მანამდე მას ჰქონდა კონტრაქტი საქართველოს საავიაციო ქარხანასთან, “სკორპიონების” წარმოებაში ეხმარებოდა. ამ ფირმამ საკუთარ თავზე აიღო თვითმფრინავის მოდიფიკაცია, მართვის მოწყობილობის გაუმჯობესება. თუ არ ვცდები, ეს 2 თვითმფრინავი, “მიმინოს” კლასიფიკაციით, საქართველოს შეარაღებაში კვლავ ირიცხება.
– 100 მილიონი დოლარის დავალიანება და 40 უპილოტო თვითმფრინავი – ეს მონაცემები ისრაელურ–ქართულმა მედიამ “ელბიტ სისთემზე” დაყრდნობით გაავრცელა. ოფიციალური თბილისი ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს არ აკეთებს. რამდენად დასაშვებია, რომ საქართველოს ეს ვალი მართებს?
– ძნელია ამ თემაზე საუბარი, დავა არის მყიდველსა და გამყიდველს შორის. არგუმენტები ორივე მხარეს ექნება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს არ უნდა ჰქონოდა თანხის ვერდაფარვის პრობლემა. გასაგებია ის არგუმენტიც, რასაც ებრაული კომპანია აცხადებს – მან სრულად შეასრულა კონტრაქტით აღებული ვალდებულება. ამის გარკვევა სასამართლოს პრეროგატივაა, ორივე მხარის განცხადებები კი შეიძლება განვიხილოთ, როგორც სუბიექტური. 100 მილიონი დოლარის ფარგლებში რომ იქნებოდა ბრუნვა, ეს არ არის დიდად საეჭვო და გამორიცხული. 40 მფრინავი საშუალება იაფი არ ღირს, მაგრამ აქ სხვა ტიპის მოწყობილობებზეც არის საუბარი, როგორც იკითხება.
– თუ საქართველოს ეს ვალი მართებდა, 2007 წლიდან დღემდე ებრაულმა კომპანიამ ლონდონის უმაღლეს სასამართლოს აქამდე რატომ არ მიმართა?
– სავარაუდოდ, ეს მოხდა ისრაელსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობის გამწვავების გამო. სავარაუდოდ, მიზეზი იყო ფორმა, რომელიც იქნა გამოყენებული ებრაელი ბიზნესმენების დაკავების დროს. ისრაელის ხელისუფლების მახასიათებელია ის, რომ საკუთარი მოქალაქეების, მათ შორის ბიზნესმენების, უფლებებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იცავს. ხშირია შემთხვევა, როცა ერთი ქვეყანა ყიდულობს იარაღს და თუ სრულ თანხას ვერ ფარავს, ხდება ვალის რესტრუქტურიზაცია, ანუ საქმე სასამართლომდე არ მიდის. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ეს ასე, როგორც ჩანს, არ მოხდა. ნებისმიერი იარაღის მწარმოებელი კომპანია განიცდის თავისი მთავრობის გავლენას, მათი საქმიანობა მკაცრად რეგულირებულია, რადგან საქმე იარაღს ეხება. აქედან გამომდინარე, “ელბიტ სისთემის” შემთხვევაშიც შეიძლებოდა ეს ყოფილიყო.
– საჭიროებდა ქართული შეიარაღება 40 უპილოტო თვითმფრინავს?
– ეს სამხედრო გათვლებზეა დამოკიდებული. 40 უპილოტო თვითმფრინავის, ამ შეიარაღების ერთდროულად გამოყენება, არც სჭირდება ქართულ არმიას, მაგრამ მაშინ, როცა საქართველო სამხედრო აქტიურობის პოლიტიკას ატარებდა, დანაკარგი უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. თუმცა, მე როგორც სამხედრო, ვფიქრობ, გათვლა ამდენ დანაკარგზე არ უნდა ჰქონოდათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 3 უპილოტო თვითმფრინავი ჯერ კიდევ მშვიდობის დროს იქნა განადგურებული მოწინააღმდეგის მხრიდან.
– ისრაელის საელჩოს ერთი კვირით დახურვა, ებრაელი ბიზნესმენების დაკავება, “გლობალ კასტის” წარმომადგენლების ვიზიტი აფხაზეთში, ირანთან გაუქმებული სავიზო რეჟიმი… რამდენად მოსალოდნელია, რომ ამ ფაქტორების ერთობლიობა საქართველო–ისრაელის ურთიერთობის დაძაბვის საფუძველი გახდება?
– საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ნაკლი ის არის, რომ ბალანსის შენარჩუნებას ვერ ახერხებს. ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, ბუნებრივია, იქონიებდა გავლენას. გასათვალისწინებელია, რომ ორივე ქვეყანაზე მეზობლები ახდენდნენ ზეწოლას, მაგალითად, რუსეთი ახდენდა ზეწოლას, რომ შეეწყვიტა ისრაელს საქართველოსთვის იარაღის მოწოდება. მაგრამ ამ სიტუაციაში გადამწყვეტი მაინც ებრაელი ბიზნესმენების დაკავება იყო და არა სხვა რამ. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ორ ხალხს შორის წარმოქმნილი პრობლემა, ეს მთავრობის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ბოლო დროს განსაკუთრებით ხისტ საგარეო პოლიტიკას ატარებს.
– “გლობალ კასტის” ხელმძღვანელები გასულ კვირას სოხუმში ჩავიდნენ. რამდენად რეალურია, რომ ებრაულმა კომპანიამ სოხუმს მიყიდოს იარაღი და რამდენად შეიძლება იყოს ეს ოფიციალური თელავივის გამაფრთხილებელი დემარში ოფიციალური თბილისის მიმართ. ამ ჭრილში, ალბათ, საინტერესოა ოფიციალური მოსკოვის როლიც.
– რა თქმა უნდა, ეს იყო საქართველოს გაფრთხილების ფორმაც, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ “ელბიტ სისთემი” ეწევა ბიზნესსაც. ეს კომპანია ასევე დაკავებულია ე.წ. “მოხალისეების” დაქირავებით, კონფლიქტურ რეგიონებში გაგზავნითა და იქ მართვის სისტემის დანერგვით. ეს ბიზნესკომპონენტია, მაგრამ პოლიტიკურ ბერკეტადაც გამოიყენეს.
– ებრაული კომპანია – “გლობალ კასტი“, “ალჯაზირას” ინფორმაციით, კადაფის რეჟიმის დახმარებით არის დაკავებული. რა კავშირია “გლობალ კასტსა” და “ელბიტ სისთემს” შორის?
– საქართველო ერთი ფირმისგან ყიდულობდა უპილოტო თვითმფრინავებს, მეორე კომპანია კი სპეციალისტებს ამზადებდა ამ ტექნიკის გამოყენებისთვის. რაც შეეხება კადაფის რეჟიმთან თანამშრომლობას, რაიმეს უარყოფა ან დადასტურება ამ ეტაპზე, მგონი, არ შეიძლება, უფრო მეტი არგუმენტია ამისთვის საჭირო, მხოლოდ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არგუმენტი არ არის. ზოგადად კი, ამ კომპანიის საქმიანობა სწორედ იარაღის ბიზნესს უკავშირდება.
– საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იარაღის მწარმოებელ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები რამდენად განეკუთვნება საიდუმლო ინფორმაციას? ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება?
– როგორ წესი, ამ ტიპის კონტრაქტი უნდა იყოს ღია, მაგრამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქვს უფლება, გრიფით საიდუმლო მიანიჭოს ამ დოკუმენტაციას. ნებისმიერ ქვეყანაში, როცა ასეთი კონტრაქტები სრულდება, ანგარიში ქვეყნდება და ის არის გამჭვირვალე – სად დაიხარჯა ბიუჯეტის ფული, საჯარო ინფორმაციაა. მეეჭვება, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოგაწოდოთ ეგ ინფორმაცია, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი პრაქტიკა არ არის.