კომენტარი

კახაბერ კურტანიძე:ეპისტოლე კარგი განზრახვებით, მაგრამ არაფრისმთქმელი

26 აპრილი, 2011 • 1299
კახაბერ კურტანიძე:ეპისტოლე კარგი განზრახვებით, მაგრამ არაფრისმთქმელი

 

“რამდენიმე წელია, პატრიარქმა გამოსცა თავის ეპისტოლეებისა და ქადაგებების კრებული. აკადემიაში ვინმეს თუ აქვს ამაზე დისერტაცია ან საბაკალავრო დაწერილი? არა, და არც არავის აინტერესებს ეს”, ამბობს თეოლოგი კახაბერ კურტანიძე, რომელსაც ნეტგაზეთმა კათალიკოს–პატრიარქის წლევანდელი სააღდგომო ეპისტოლეს შეფასება თხოვა:

კახაბერ კურტანიძე: საერთოდ, პატრიარქის ეპისტოლე არის დოკუმენტი, რომელშიც აუცილებელად უნდა იყოს ის იდეები, რომლებითაც შემდგომში ეკლესიამ უნდა იხელმძღვანელოს და სასურველია, გაითვალისწინოს მრევლმა. ეს არის ყველაზე უფრო ოფიციალური და მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელიც მორწმუნეებმა უნდა წაიკითხონ. თუმცა ეპისტოლეები არასოდეს ყოფილან პოპულარული თავად მორმწმუნეებშიც. საინტერესოა, რამდენს აქვს  ის წაკითხული.

რამდენიმე წელია, პატრიარქმა გამოსცა თავისი ეპისტოლეებისა და ქადაგებების კრებული. აკადემიაში ვინმეს თუ აქვს ამაზე დისერტაცია ან საბაკალავრო დაწერილი? არა, და არც არავის აინტერესებს ეს. არადა ამბობენ,  რომ ეს პიროვნება ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მეტად პატივსაცემი და ავტორიტეტულიაო. სინამდვილეში არავის არაფერი აინტერესებს.

აი, მაგალითად, ბერძნული ეპისტოლეები აბსოლუტურად აბსტრაქტულია. იქ ეს ხელოვნებადაა ქცეული. მასში მილოცვების მეტი არაფერია, უბრალო ფორმალობაა და სხვა პრეტენზიაც არ აქვს. ჩვენს შემთხვევაში კი ფორმალური არაა, მტკივნეულ საკითხებსაც მოიცავს, საბოლოო ჯამში კი არაფერს ეხება და პირიქით– უფრო უინტერესოცაა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან ერთიანი აზრის გამოტანა შეუძლებელია. ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამას შეგნებულად აკეთებს, რადგან ნებისმიერი დაკონკრეტება საზოგადოებაში დაპირისპირებას შემოიტანს  და დიდი პასუხისმებლობაც დაეკისრება. ამიტომაც არის მისი ეპისტოლეები ზოგადი, რაც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. და თუ რომელიმე საკითხზე შეედავები, გეტყვის, მე ამას კი არა, იმას ვგულისხმობდიო.

რაც შეეხება „ქართულ იდეას“–„ჩვენი საზოგადოებისა და ახალგაზრდების დიდი ნაწილი, მათ სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ მაინც ინარჩუნებს ტრადიციულ ღირებულებებს და ქართული იდეის მატარებელნი არიან. საერთოდ, ყველა ერს თავისი იდეა აქვს“,–ნათქვამია ეპისტოლეში. ეს არის გაუგებარი ტერმინი. ძირითადი მესიჯი ბუნდოვანია, არსი ძალიან გადღაბნილი.

აქვე პატრიარქი ეპისტოლეში ულოცავს ყველა მართლმადიდებელ მრევლს: „ოსებს, ბერძნებს, ასირიელებს, აფხაზებს, რუსებს, სომხებს, იეზიდებს, აზერბაიჯანელებს, მცირერიცხოვან, მაგრამ უძველესი ისტორიის მქონე უდებს…

რამდენი სომეხი მართლმადიდებელი ვიცით? ეპარქია ულოცავს მარტო მართლმადიდებელ  სომხებს, თუ ყველა სომეხს, აღმსარებლობის მიუხედავად? ესეც ძალიან ზოგადია და ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.

ასეთ ნიუანსებს პატრიარქი არ უღრმავდება, რადგან დაკონკრეტების შემთხვევაში შეიძლება რომელიღაც მხარე მას აუჯანყდეს. ამიტომ ყოველთვის შუალედურ ხაზს იჭერს.

ეპისტოლეში პატრიარქს ნახსენები აქვს სიტყვა „მამათმავლობა“ და ამბობს, რომ ეს ნორმალური არ არის. თუმცა, თავად როგორ ფიქრობს, დაისჯებიან თუ არა ჰომოსექსუალები, გაურკვეველია. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათდამი, რა არის პრობლემა –ჰომოსექსუალობის ნორმალურ მოვლენად მიჩნევა, თუ თავად ჰომოსექსუალები პიროვნულად არიან მიუღებელნი? ესეც ძალიან ბუნდოვანია.

ძირითადად, თავის ეპისტოლეებში პატრიარქის აქცენტები ერთსა და იმავე თემის გარშემო ტრიალებს, მაგალითად, ყველა ეპისტოლეში დიდი ადგილი ეთმობა ამპარტავნობას, რომ ეს ცოდვაა.

რას ვგულისხმობთ ჩვენ ამპარტავნობაში? ეს რთული საკითხია. ზოგიერთ შემთხვევაში ამპარტავნობის საპიროსპიროდ მოყვანიალია ტერმინი მორჩილება. თუმცა, ვისი და როგორი მორჩლებაა ეს? ამ მონაკვეთში ლოგიკა დარღვეულია. კანონმორჩილება ზოგადად კარგია და საშური, მაგრამ რიგ შემთხვევებში ადამიანს ბრმა კანონმორჩილება არ მართებს და მაინც უწევს ზნეობისა და უფრო მაღალი ღირებულების დასაცავად ჩაიდინოს პიროვნული აქტი, ანუ იაზროვნოს, გარისკოს და ა.შ. ამდენად, მორჩილებისკენ ზოგადი მოწოდებები გაურკვევლობასა და ეჭვს ბადებს – ხომ არ არის ეს ყველაფერი იქითკენ მიმართული, რომ  ხალხი უპიროვნო–უინიციატივო მასად იქცეს?

ომის დროს  კანონი მეუბნება, მოკალი შენი მტერი. თუ  არ მოვკლავ,  მე ვისჯები როგორც კანონმორჩლი, მაგრამ ზნეობრივად კანონზე მაღლა ვდგავარ.  მხედართმთავარი მეუბნება, დაბომბე ესა თუ ის ადგილი. მაგრამ მე არ ვბომბავ. ამ შემთხვევაში? მე არ ვარ მორჩილი და ეს ცოდვაა?

ასეთი ზოგადი ლაპარაკი შეიძლება ატკბობს სმენას, მაგრამ ყველა ისე მიიღებს, როგორც უნდა და აწყობს. ყველაფერი შეგიძლია ეპისტოლედან გამოიყვანო– ნარცისიზმიც, ფაშიზმიც, ტირანიაც. საერთოდ, აჯობებდა მაგალითებით ყოფილიყო გამყარებული ყველა იდეა.

პატრიარქი ტირანიას ახსენებს, თუმცა არ აკონკრეტებს, ვინ იგულისხმება ტირანში. ბოლო დროს საზოგადოებაში გახშირდა აზრი–სააკაშვილი ტირანია. მას გულისხმობს? გაუგებარია.

იგი ლაპარაკობს ზნეობრივი ოჯახური გარემოს შექმნაზე, რას ნიშნავს ზნეობრივი გარემო, რა არის ზნეობა?  რაც მართლმადიდებლური ეკლესიითვის ზნეობრივია, სხვისთვის შეიძლება არ იყოს მისაღები.  მაგალითად, ქალი თუ მამაკაცზეა დაქვემდებარებული, ეს ნიშნავს ზნეობრივ ოჯახურ გარემოს?

ან როდესაც, ზოგადად, ზნეობაში გულისხმობენ სექსს. აქ შეიძლება მსჯელობა, რამდენად არის ეს უზნეობა? ხომ შეიძლება ვინმესთვის უფრო მეტი უზნეობა იყოს მკვლელისგან ფულის აღება და იმ ფულით ეკლესიის აშენება?

ეპისტოლეში პატრიარქს ნახსენები აქვს  “ავსიტყვობა” და ეს მიანიშნებს, ალბათ, სიძულვილის ენას, რომელიც ბოლო დროის განხილვის საკითხი გახდა.

რაც შეეხება იმას, რომ პატრიარქი თავის ეპისტოლეებში გვერდს ვერ უვლის პოლიტიკურ საკითხებს, მედიის როლს, ეკონომიკაში გადასადგმელ ნაბიჯებს და ა.შ.  ეს ბუნებრივიცაა. იგი მხოლოდ რეკომენდაციაა, რაც მას აინტერესებს და მიაჩნია სწორად. ფაქტობრივად პატრიაქრი ვალდებულია, რომ შეეხოს ამ თემებს.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეკლესია არ არის ან არ უნდა იყოს პოლიტიკური ერთეული. ნებისმიერი არასამთავრობოც პოლიტიკური გაერთიანებაა.  მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი ერთად რაღაცას რომ აკეთებდეს, ესეც პოლიტიკური აქტი იქნებოდა. ასევეა ეკლესიაც, ის ვერ გაემიჯნება პოლიტიკას. როგორც არისტოტელე ამბობს, ვინც ფილოსოფიას უარყოფს, ისიც კი ფილოსოფოსობს.

თუმცა აქაც ძალიან ზოგადი მოწოდებებია,  რაც „მაესტროდანაც“ ვიცით. კი, სუბსიდიებია საჭირო, მაგრამ იცის კი ზუსტად პატრიარქმა, რომ  ეს საჭიროა? პირიქით ხომ არ მოხდება?

ამის მიუხედავად, არის პოზიტიური მესიჯებიც: კარგია, არ ფიქრობს, რომ ვინც მართლმადიდებელი არ არის, ყველა ჯოჯოხეთში წავა. თუმცა იმის გამო, რომ ფუნდამენტალისტური განწყობის მრევლისგან არ წამოვიდეს პროტესტი, გამანეიტრალებელ ფრაზებს ამატებს.

ასევე კარგია, რომ ეპისტოლეებში ეკონომიკის წინ წამოწევა მნიშვნელოვნად მიაჩნია. მას არ მოსწონს თანამედროვე ჩვენი სახელმწიფო მოწყობა და მის ეპისტოლეებში შეინიშნება ერთგვარი სოციალისტური იდეები– დაეხმარე ყველას.

თვითონ ფაქტი, რომ ის ეკონომიკაზე ამახვილებს ყურადღებას, მნიშვნელოვანია იმ გაგებითაც, რომ ბოლოს და ბოლოს მივხვდეთ–ყველაფერს ლოცვა არ შველის.

ასევე მოუწოდებს მღვდლებს, მეტი აკეთონ;  ყველა ადამიანი შეიძლება ცხონდეს. თუმცა ამბობს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიდის ეშმაკთან. ეს სრულიად  გაურკვეველი მესიჯებია.

ზოგადად, ეპისტოლეში კარგი განზრახვებია, თუმცა ლოგიკური ხაზი არ ჩანს. მასში ყველა იდეა ერთად არის ჩაყრილი. ყველაფერზეა ლაპარაკი და საბოლოოდ –არაფერზე.

კახაბერ კურტანიძე
კახაბერ კურტანიძე
კახაბერ კურტანიძე 1999–2005 წლებში სწავლობდა თეოლოგიას თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში (საბერძნეთი, მაგისტრის ხარისხი),  2006–2007 წლებში კი ბოსტონის წმინდა ჯვრის მართლმადიდებლურ კოლეჯში  (აშშ, ThM -ის ხარისხი). არის ილიას უნივერსიტეტის დოქტორი და სამაგისტრო პროგრამის  “ქრისტიანული თეოლოგია” ხელმძღვანელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი