კომენტარი

თვითმმართველობიდან “თვითვვართველობამდე”

18 აპრილი, 2011 • • 1465
თვითმმართველობიდან “თვითვვართველობამდე”

2011 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მთავარი პრიორიტეტი თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის დაფინანსება და სტუდენტთა უფლებათა დეპარტამენტის გაძლიერება იქნება.  განათლების დეპარტამენტისთვის 90 000 ლარია გამყოფილი.

თსუ-ს თვითმმართველობა, რომელსაც ორ წელიწადში ერთხელ ირჩევენ, შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 2 წლის ვადით არჩეული 110 დელეგატისგან. აღნიშნული ორგანოს ძირითადი დაფინანსების წყარო უნივერსიტეტის ბიუჯეტია. 2010 წლის ბოლოს დამტკიცებული დოკუმენტით თვითმმართველობის 2011 წლის ბიუჯეტი, დეპარტამენტების დაფინანსების მხრივ, შეადგენს 487 306 ლარს, საიდანაც 20%-მდე, ანუ 76 800 ლარი დაუგეგმავი ხარჯია.

თსუ-ს თვითმმართველობას სულ 5 დეპარტამენტი გააჩნია: განათლების, სპორტის, კულტურის, ტურიზმისა და სტუდენტთა უფლებების დაცვის. თვითმმართველობას აქვს ფაკულტეტები და დეპარტამენტები. ადრე ფაკულტეტებზე იყო ბიუჯეტი მორგებული, ახლა კი დეპარტამენტებს გადაეცემათ თანხა და ისინი მოახმარენ ფაკულტეტებს. თსუ-ს ამჟამინდელ თვითმმართველობაში 110 დელეგატიდან 108 „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის“ წევრია, ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი და ერთიც ორგანიზაცია „ახალგაზრდულის წევრი“. დაახლოებით მსგავსი სურათი იყო წინა არჩევნების დროსაც. მაშინ „ერთიან სტუდენტურ მოძრაობას“ ყველაზე ბევრი – ორი ადგილი ორგანიზაცია „სტუდენტურმა ლეგიონმა“ წაართვა. ორიდან ერთ-ერთი ადგილი  ამჟამად თსუ-ს მეოთხე კურსის სტუდენტ ვასილ კუჭუხიძეს ეკავა, რომელიც მაშინდელი მარცხის გამომწვევ რამოდენიმე მიზეზზე საუბრობს: „ორი წლის წინ უნივერსიტეტის თვითმმართველობის არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა მხოლოდ ჩვენს კურსზე. თავიდან სხვა ორგანიზაციასთან ერთად ვგეგმავდით მონაწილეობის მიღებას, რომელიც უნივერსიტეტის მასშტაბით აპირებდა ბრძოლას გაბატონებულ ძალასთან, მაგრამ იმდენად სუსტი იყო, მარტონი გავედით კურსზე – ჩვენ 2 კაცი გავიყვანეთ და მათ – 1. რაც შეეხება ფინანსებს – მაშინ, როცა სააგიტაციო ფურცლებსაც ვერ ვბეჭდავდით, თვითმმართველობა უფასო ექსკურსიებს „ამთხვევდა“ არჩევნებს და არავინ კითხულობდა, საიდან მოდიოდა თანხები“.

უფასო ექსკურსიები ამჟამინდელი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდშიც გაიმართა და ამას სტუდენტებთან ერთად სტუდენტური  თვითმმართველობის პრეზიდენტი, დაჩი გუბაძეც ადასტურებს. ექსკურსიები სტუდენტებსაც ახსოვთ.  თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი დათო ჩაგელიშვილი ამბობს: „ შარშან თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოეწყო უფასო ექსკურსიები, დაახლოებით ათამდე ავტობუსი გავიდა ერთდროულად. ჩვენს ავტობუსზე გამოყოფილი იყო 50 ლობიანის, 50 ხაჭაპურის, 50 გამაგრილებელი სასმელის და ამდენივე რაოდენობის ღვეზელის ტალონები, რომლებიც „პოპულში“ გავანაღდეთ. მთლიანობაში დიდი რაოდენობის თანხა დაიხარჯა“. დაჩი გუბაძე ადასტურებს, რომ ექსკურსიები გაწერილი იყო ბიუჯეტში და, ამავდროულად, იმასაც ამბობს, რომ ისინი თვითმმართველობის პიარს ემსახურებოდნენ: „ ექსკურსიები, რა თქმა უნდა, გაწერილი იყო ბიუჯეტში. არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციები, ხოლო ექსკურსიებს აკეთებდა სტუდენტური თვითმმართველობა, აქედან გამომდინარე, ექსკურსიები ემსახურებოდნენ თვითმმართველობის  და არა რომელიმე ორგანიზაციის პიარს. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, ემთხვეოდა თუ არა ის არჩევნებს“. ამავე სასწავლებლისა და ფაკულტეტის სტუდენტ ლაშა ქავთარაძის ბლოგზე კი ვკითხულობთ თსუ-ს თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შეფასებას: „ კანდიდატები გააფთრებულნი იბრძოდნენ თითოეულ ხმაზე, ყოველგვარი მორიდების გარეშე სტუდენტებს თხოვდნენ, მათთვის მიეცათ ხმა. კანონს არად დაგიდევდნენ მაშინაც კი, როდესაც უშუალოდ საარჩევნო უბნების წინ იდგნენ და და საკუთარ ნაცნობებს ურიგოდ აშვებინებდნენ „ცესკოს“ დამკვირვებლებს. საკმაოდ უთანაბროდ იყო გადანაწილებული ძალებიც – თსუ აჭრელებული იყო „ესმ-ის წინასაარჩევნო პლაკატებით, მაშინ, როდესაც ოპოზიციის ფურცელზე ჩამოწერილი სახელი და გავრიც კი არ გაკრულა არსად’“.

თვითმმართველობის ამჟამინდელი პრიორიტეტები განათლებისა და სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტამენტების წინ წამოწევაა. დაჩი გუბაძე: „წელს ჩვენი პრიორიტეტებია განათლებისა და სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტების გაძლიერება. განათლების დეპარტამენტის დაფინანსება სრული ბიუჯეტიდან იქნება 90 000 ლარი. დაფინანსება გაეზრდება სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტსაც და ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“.

მართალია, წელს თსუს სტუდენტური თვითმმართველობის პრიორიტეტი განათლების დეპარტამენტია, მაგრამ ჯერ კიდევ აგროვებენ სტუდენტები ხელმოწერებს იმისათვის, რომ მათთვის გაუგებარ ენაზე არსებული მასალა ქართულად თარგმნონ. თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის, ირაკლი თაყაიშვილის თქმით, „ მეოთხე წელია, სტუდენტები ვიტანჯებით უცხოენოვანი მასალებით. რამდენჯერ მივმართეთ სხვადასხვა ორგანოს, მაგრამ ვამთავრებ უნივერსიტეტს და ეს პრობლემა ისევ აქტუალურია“.

2011 წელს ტურიზმის დეპარტამენტში ექსკურსიებისთვის გამოყოფილია 216 000 ლარი. ერთეულამდე რომ დავიყვანოთ, შემდეგ ციფრებს მივიღებთ: ერთი ავტობუსის დაქირავება 750 ლარი ჯდება, ხოლო საკვების შესყიდვა ერთი ექსკურსიისთვის – 250 ლარი, ჯამში –1000 ლარი 50 სტუდენტზე. როცა სტუდენტები საკუთარი ინიციატივითაც აწყობდნენ ექსკურსიებს, გაცილებით ნაკლები ეხარჯებოდათ თუნდაც ავტობუსზე. გიორგი წიკლაურის, სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულის თქმით: „ ექსკურსიებს უმეტსწილად ჩვენით ვაწყობდით. მაგალითად, გრემში ავტობუსი 280 ლარი დაგვიჯდა, ხოლო საკვებზე 200 ლარამდე გვჭირდებოდა, ანუ მთლიანობაში 500 ლარი იყო მაქსიმუმი, რაც გვიჯდებოდა“.

დასასრულს, შემოგთავაზებთ პარალელს განათლების დეპარტამენტის დაფინანსების – 90 ათასის, სტუდენტების უცხოენოვან მასალასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის   ზოგადი დებულებების 33-ე მუხლს შორის: „ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილებისა და საქმიანობის უკეთ წარმართვის მიზნით ქმნის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს, რომელიც კონსულტაციას უწევს და აცნობს პრეზიდენტს ინფორმაციას უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების, სტუდენტური ცხოვრებისა და სტუდენტური საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხების შესახებ და სთავაზობს მათი გადაწყვეტის გზებს“.

ამავე თემაზე:

სტუდენტთა აქცია ძალადობის წინააღმდეგ

საიდან უნდა დაიწყოს სისტემის ნგრევა?

ნაცემი სტუდენტები და გულზემჯიღისმცემი ,,თვითები”


მასალების გადაბეჭდვის წესი