კომენტარი

ნაცემი სტუდენტები და გულზემჯიღისმცემი ,,თვითები”

16 აპრილი, 2011 • • 1532
ნაცემი სტუდენტები და გულზემჯიღისმცემი ,,თვითები”

გუშინ საინიციატივო ჯგუფ ,,თარგმნეს” პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ჩვენი საინიციატივო ჯგუფის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები რომლებიც აჩვენებდნენ, რომ უცხო ენებზე სრულყოფილად სწავლა სტუდენტების ძალიან მცირე ნაწილს შეუძლია (5–10%, ზოგი ენის შემთხვევაში კი უფრო ნაკლებს), მასალების ნახევარზე მეტი კი (68%) უცხოენოვანია (ეს მონაცემი დათვლილია ჩვენ მიერ მოპოვებული სილაბუსების მიხედვით, თუმცა ჩვენ ვერ მოვახერხეთ ყველა სილაბუსის მოპოვება). ასევე, ნაჩვენები იყო სტუდენტების მიერვე მომზადებული ფილმი.

,,თარგმნე” ჯგუფის სურვილი და მიზანი იყო, რაც შეიძლება ნაკლები გაღიზიანება გამოეწვია, არ დაპირისპირებოდა არც ერთ სტრუქტურასა თუ ინსტიტუტს და მხოლოდ თარგმანების პრობლემის მოგვარებისაკენ მიემართა ძალისხმევა.

პრეზენტაციამ საკმაოდ კარგად ჩაიარა. სტუდენტებით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებითა და შეხვედრის გასაშუქებლად მოსული ადამიანებით სავსე დარბაზში ამ ინიციატივის მხარდაჭერა და ერთსულოვნება აშკარად იგრძნობოდა (რეპლიკები, ტაში და ა.შ.). ფილმის შემდგომ მსჯელობისას კი იქ მოსულმა სტუდენტებმა, ბუნებრივია, თავიანთი აზრი გამოთქვეს ფილმის შესახებ– ,,თარგმნე,” ჯგუფის ინიციატივასა და, ზოგადად, სტუდენტური პრობლემების შესახებაც. პრეზენტაციის ხელმძღვანელები მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ საუბარი არ გასცდენოდა თარგმანების საკითხს და ამ პრობლემის გარშემო ეტრიალა, მაგრამ, ბუნებრივია, საჯარო შეხვედრაზე ვერავის აუკრძალავ აზრის გამოთქმას და ამის დარეგულირებაც რთულია, ზოგიერთ შემთხვევაში არაეთიკური, ზოგიერთ შემთხვევაში კი– სულაც დანაშაული. მოკლედ, იქ მოსული სტუდენტების ნაწილმა მწვავე შეფასებები გამოთქვა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის მისამართით. ამ უკანასკნელი ორგანოს დარბაზში მყოფმა წარმომადგენლებმა კი აქეთ არ დააკლეს მწვავე შეფასებები. თვითმმართველობა რომ ამ თარგმანების პრობლემაში არანაირი დამნაშავე არაა, ეგ ცალკე ამბავია ( თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ამ პრობლემის ლობირება პირველ რიგში მას უნდა აინტერესებდეს, ეგეც იქით იყოს), მაგრამ იქ დამსწრე სტუდენტებმა ტაშ–ფანდურაზე ორიენტირებული ორგანო რომ უწოდეს (არადა თვითონაც ხომ არ მალავენ, კაცო, ამას) და პრივილეგირებული სტუდენტების საზღვარგარეთული ვოიაჟები და წიგნებისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტში გამოყოფილ თანხასთან შედარებით მათი ბიუჯეტის სიგრძე და სიგანე რომ ახსენეს, ეს ამბავი არაფრად ეპიტნავათ. ეს სიტყვის თავისუფლების ზეიმი კი იმით დაგვირგვინდა, რომ თვითმმართველობის რამდენიმე წარმომადგენელმა 3 ადამიანი სცემა, პრეზენტაცია მათ წინააღმდეგ მიმართულად, დარბაზი კი ინტრიგანებით სავსედ მიიჩნია(არ ვიცი, ეს რომელი ფაკულტეტის თითმმართველობის წევრები იყვნენ, როგორც ნაცნობი სტუდენტებისგან შევიტყვე, ჰუმანიტარული ფაკულტეტისო, მაგრამ დაზუსტებით ვერ ვიტყვი).

პოლიციაში არავის დაგვირეკავს, ახლა ვეკითხები ჩემს თავს, რატომ არ დავრეკე? – არ ვიცი, არც მიფიქრია, გაოგნებული დავრბოდი და ვეძებდი, ვინ სცემეს და რატომ–მეთქი, ვერ გავიგე. უსაფრთხოების დაცვის სამსახურიც მოვიდა და ,,არაჩვეულებრივად” იმუშავა – ჯერ ჟურნალისტის მიერ გადაღებული ჩხუბის კადრების გადამოწმება უცდია, აბა ერთი რა გადაიღე, მანახეო, მე კი ასეთი რამე მკითხა – ვინც ცემეს, იმ ბიჭებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მცემელებს და მერე სცემეს ამათმაო? –კი, დამსახურებულად სცემეს–მეთქი, ვუპასუხე მწარე ღიმილით და წამოვედი (კაი ბიჭობისა და ღირსების საკითხებზე უფრო დეტალური ინფორმაციის მისაწოდებელ გუნებაზე არ გახლდით).

ჩვენი პრეზენტაციის მიზანი თვითმმართველობასთან დაპირისპირება არ ყოფილა და საბოლოოდ, ისიც ვერ გავიგე, ეს თვითმმართველობის ოფიციალური პოზიცია იყო მუშტი–კრივი და დედის ხმამაღალი, ლამის ყვირილით გინება უნივერსიტეტის კედლებში, თუ თვითმმართველობის ზოგიერთი წარმომადგენლის აფექტური მოქმედება, რომელიც უშუალოდ მათ პირად პოზიციას გამოხატავს და არა მთელი თვითმმართველობისას. ამ კითხვაზე პასუხს იმედია გავიგებთ, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს პასუხი, კრიმინალური ხასიათის მოქმედებები რომ უნდა აღიკვეთოს, ეს უდავოა. პასუხი უნდა აგონ ადამიანებმა, რომელთაც ჰგონიათ, რომ სხვა ადამიანების ფიზიკური დაზიანების უფლება აქვთ.  ამაზე მეტად მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ასეთ ხალხს ვინმემ ძალიან კარგად აუხსნას, რას ნიშნავს ადამიანი, ადამიანის უფლებები, საზოგადოება და სახელმწიფო, როგორ მოაღწია კაცობრიობამ აქამდე, რატომ არის ღირებული თავისუფლება და რა ფუნქციას ემსახურება თვითმმართველობა, უნივერსიტეტი, კონსტიტუცია, სახელმწიფო თუ ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოებისთვის მახასიათებელი ინსტიტუტი, რომელიც გულზე მჯიღისმცემელი გორილებისაგან განგვასხვავებს.

ტექსტი თავდაპირევლად ანი ჭანკოტაძის ბლოგზე გამოქვეყნდა .

ამავე თემაზე:

თვითმართველობიდან თვითვართველობამდე

სტუდენტთა აქცია ძალადობის წინააღმდეგ

საიდან უნდა დაიწყოს სისტემის ნგრევა?



მასალების გადაბეჭდვის წესი