კომენტარი

ვერა, კობა, მიშა და სხვები(ც)

28 მარტი, 2011 • 1042
ვერა, კობა, მიშა და სხვები(ც)

წინა კვირაში განვითარებული მოვლენებიდან ყველაზე მეტად პარლამენტში გაჩაღებული დებატები დამამახსოვრდა. ოღონდ არა მთავრობის წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშების, ან კიდევ დეპუტატების მიერ დასმული გონივრული კითხვების გამო. უფრო პირიქით. მინისტრებმაც და პარლამენტარებმაც თავიანთი ანგარიშებით, კითხვებითა და დებატებით აშკარად უკეთესის არსებობის სურვილი დატოვეს. ამ შემთხვევაში უკეთესში მეტ პროფესიონალიზმსა და კვალიფიციურობას ვგულისხმობ, თუმცა სანამ პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა ძვირად ფასობს და თითქმის არ იშოვება, მანამ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტში გამართულ შოუში მონაწილეობით ერთობიან.

კვირის პირველი დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები თოთხმეტი წლის წინ გამქრალი ას ოცდათორმეტი კილოგრამი ოქროს, ლიბიაში მიმდინარე ოპერაციის, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების მიერ მალაიზიელ კოლეგებთან გამართული შეხვედრისა და პარლამენტში დაგეგმილი სამთავრობო მოსმენების თემებით გაიხსნა.

მომდევნო დღეს ყველა არხის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების პირველი თემა გასულ წელს ბათუმში აფეთქებული შსს  მაღალჩინოსნის საქმის გახსნა იყო. შემდეგ თემებად კი მოსკოვში ქართველი ე.წ. “კანონიერი ქურდის” დაკავებისა და პარლამენტში მოხსენებით წარმდგარი მინისტრების ამბები იქცა.

ოთხშაბათ დღეს წამყვან თემებად იერუსალიმში მომხდარი ტერაქტი, სახალხო დამცველის ანგარიში, 1921 წელს ბათუმში დაღუპული იუნკერებისა და ბრიტანული მედიის მიერ ევროპარლამენტში გაშიფრული კორუფციული სქემა იყო წარმოდგენილი. “მოამბემ” ამ თემას პირველი ათი წუთი დაუთმო, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი სიუჟეტში ის იყო, რომ კორუფციულ სქემაში რუსული კომპანიების კვალი იკვეთებოდა.

კვირის ბოლოს წინა სამუშაო დღეს დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ისევ ევროპარლამენტში გამოვლენილ კორუფციულ სქემაზე საუბრით დაიწყო, “იმედმა” საბერძნეთში ქართველებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის თემა ამჯობინა, “რუსთავმა” _ სკოლაში მომხდარი ძალადობის ფაქტი, “აჭარამ” კი სულაც საკანონმდებლო ორგანოში მინისტრების მიერ წარდგენილი ანგარიშების მოსმენა მიიჩნია პრიორიტეტულად.

რაც შეეხება პარლამენტში მოწყობილ შოუს, თავს უფლებას მივცემ, რამდენიმე მრავლისმთქმელი ამონარიდი შემოგთავაზოთ. ასე, მაგალითად, ვერა ქობალიამ მონოპოლია საქართველოში არ არსებობსო (ეჰ, ვერა ვერა), კობა ხაბაზმა, მუყაითი საკვები რას მიქვია,  ყუათიანი საკვები უნდა ვთქვათო (ყოჩაღ კობა), გია თორთლაძემ _ მე რომ 38 შეკითხვა დავსვი, ტელევიზიებმა რატომ არც ერთი არ გააშუქესო? ჰოდა, რომ არ გააშუქეს, აღარც ამ დებატებში მივიღებ მონაწილეობასო. ჟურნალისტმა, რატომო? „იმიტომ, რომ ამიტომო“ (ეს რა კაცი გამოაკლდა დებატებს), გოკა გაბაშვილმა შეიცხადა _ „ტყუილში ერთად ყოფნა არ გამიგია მეო“ (ვინ ვის ატყუებს, ეგ კიდევ მოსაკითხია), მიშა მაჭავარიანმა კი  _ „მეც ვიყავი წყალტუბოში დევნილებთანო“ (რას არ გაიგებ კაცი). აქტიურობის გარეშე არც ჯონდი ბაღათურია დარჩენილა და ხუთშაბათს საღამოს დაასკვნა, რომ დებატებს პარლამენტში ხელისუფლება და უმრავლესობა აგებსო (ჯონდი მომწონხარ). იმავე საღამოს “კურიერის” პირდაპირ ეთერში კობა სუბელიანმა თქვა: „ჩვენ ბევრ რამეში გვადანაშაულებენო“ (თუ ვინმე კობას იცნობთ, უთხარით, რომ ოდესმე კიდევ უფრო ბევრ რამეში დაადანაშაულებენ).

გასულ კვირაში კიდევ ერთ გამორჩეულ მოვლენას ჰქონდა ადგილი ქართულ ტელესივრცეში _ გავიგეთ, რომ აშშ-ში მყოფმა პრეზიდენტმა რამდენიმე დღით მოიცალა და საქართველოში შემოირბინა, მერე სანამ ბრიუსელში გაფრინდებოდა, მარნეულში ჩაირბინა სხვა უამრავ ღონისძიებაში მონაწილეობის პარალელურად ბაზარში შეიარა, პროდუქტების ფასები მოიკითხა და სპორტის სასახლეშიც წაივარჯიშა.

ჰო, მართლა, ზემოთ საპარლამენტო დებატებზე საუბრისას ერთი რამ დამავიწყდა _ მოკლედ, “ქრისტიან-დემოკრატებმა” კვეზერელისა და სუბელიანის მიერ წარდგენილი ანგარიშების მოსმენის შემდეგ, თანამდებობიდან მათი გადაყენების პროცედურის დაწყება მოითხოვეს. თუმცა ისე გამოვიდა, რომ პარლამენტში საჭირო კვორუმის შეკრება გაჭირდა.

ღმერთმანი, ნეტა ვის უკითხავდნენ მინისტრები ანგარიშს, თუ პარლამენტში კვორუმი არ იყო?

მასალების გადაბეჭდვის წესი