კომენტარი

ინტერვიუ ყოფილ რესპუბლიკელთან

22 მარტი, 2011 • 1216
ინტერვიუ ყოფილ რესპუბლიკელთან

18 მარტს რესპუბლიკურმა პარტიამ  აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე პარტიიდან გარიცხა.  პარტიის  აღმასრულებელ სამდივნოს (მის შემადგენლობაში არიან: დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, ივლიანე ხაინდრავა, ძმები ბერძენიშვილები და მედეა იმერლიშვილი)  ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: რესპუბლიკური პარტია „დაუშვებლად თვლის მის მონაწილეობას ქ. ბათუმში 23 მარტისთვის დაგეგმილი აქციის ორგანიზებაში და განიხილავს მას პარტიის პოლიტიკურ კურსთან შეუსაბამოდ“.

4 მარტს დავით უსუფაშვილის ხელმოწერით საიტზე სხვა განცხადება განთავსდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ „ახლიდან შექმნილი ძეგლის ასლი არის ასლი და არა –ძეგლი. შესაბამისად, ასეთი ქმედებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს კი არ ვიცავთ, არამედ პოლიტიკური ისტორიის კონკრეტულ მომენტს ვუდგამთ ძეგლს. პოლიტიკური ისტორიის ესა თუ ის მომენტი კი მეზობელი სახელმწიფოებისთვის ზოგჯერ ერთნაირად საამაყოა, ზოგჯერ – ერთნაირად მტკივნეული, უფრო ხშირად კი – ერთისთვის საამაყო და მეორისთვის –მტკივნეული“.

„ბათუმელებმა“ მურმან დუმბაძეს ამ განცხადების შეფასება სთხოვა:

-წესდებით, როცა პარტიულ სასჯელზე მიდის საუბარი, წინასწარ ატყობინებენ. მეც შემატყობინეს. ბათუმში 23 მარტს დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო კომიტეტის აქტიური წევრი ვარ და ბევრი საქმე მქონდა – ვერ ჩავედი. სხდომა 8-9 საათი გრძელდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო. ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ამ ხელშეკრულებაზე ბევრს ვლაპარაკობდი ჟურნალისტებთან, სამწუხაროდ, რესპუბლიკურმა პარტიამ ამ საკითხზე თავისი პოზიცია 4 მარტამდე არ დააფიქსირა. ბოლოს პარტიას წავუყენე ულტიმატუმი – თუ საქართველო-თურქეთს შორის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პარტია საკუთარ პოზიციას არ გამოაქვეყნებდა, ვითხოვდი, შემჩერებოდა პარტიული უფლებამოსილება, მაგრამ მაშინ პარტიამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რაც ჩემთვის მისაღები იყო.

თქვენ ახსენეთ, რომ 8-9 საათი მიმდინარეობდა სხდომა, თქვენთვის ცნობილია, ვის რა პოზიცია ჰქონდა?

-ჯერ სხდომის ოქმი არ მომითხოვია. დავით უსუფაშვილი აწერს იმ განცხადებას ხელს, რომელშიც ჩამოყალიბებულია პარტიის პოზიცია საქართველო-თურქეთს შორის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის უფრო ლოიალაური იქნებოდა, თუმცა თავიდანვე ვიცოდი, რომ უსუფაშვილი ბათუმში აქციის გამართვის წინააღმდეგი იყო. ამ გადაწყვეტილებით ისინი დასავლეთის თვალში უკიდურესად ლიბერალები გამოჩნდნენ.

ვებგვერდზე თქვენი განცხადების ციტირებაა – „საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე იქცევა უცხო ქვეყნის და მისი სპეცსამსახურების ინტერესის შესაბამისად“. თქვენი განცხადებებით ხომ არ გასცდით პოლიტ-კორექტულობის სივრცეს?

-აქ შეცდომაა დაშვებული. მე ამ სიტყვებით მივმართე პროფესორ შოთა მამულაძეს ტვ 25-ის ეთერში, თუმცა იგულისხმებოდა ირაკლი ჩავლეიშვილიც, ორივენი იყვნენ სამთავრობო  ექსპედიციის წევრები. მე ვაზუსტებ, ვინც ეთანხმება ხელშეკრულების ამ შინაარსით გაფორმებას, ის ჯდება თურქეთის სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესში და საქართველოს ხელისუფლების ინტერესშიც ნებით თუ უნებლიეთ. როცა საქმე ჩემს ქალაქს, ჩემს ქვეყანას ეხება, მე ვიქნები რადიკალი, მაგრამ გულწრფელი. მე მინდა მივმართო ჩემი ყოფილი პარტიის ხელმძღვანელობას, მათი გადაწყვეტილება არის მცდარი და ამას დრო, ისტორია აჩვენებს. რესპუბლიკური პარტიისთვის ეს პოზიცია წამგებიანია. პარტიის ამოცანა უნდა იყოს ელექტორატთან მუშაობა. ბათუმელთა უმრავლესობა წინააღმდეგია აზიზიეს მეჩეთის აღდგენისა, ჩვენ ხომ მივდივართ ადგილობრივი თვითმართველობის განვითარების გზით, რეგიონალიზმის გზით. ეს არის რესპუბლიკური პარტიის ძირითადი იდეა, სათავო ოფისი უნდა ენდოს ადგილობრივ ორგანიზაციებს. დამერწმუნეთ, ეს საკითხი ბათუმელებმა უკეთ იციან, ვიდრე სათავო ორგანიზაციის ექსპერტებმა.

ოდესმე გიფიქრიათ, რომ 25 წლის შემდეგ პარტიიდან გაგრიცხავდნენ ?

-ეს წარმოუდგენელი იყო ჩემთვის 18 მარტამდე, ბოლო წუთამდე არ მჯეროდა. მაგრამ გადაწყვეტილება კანონიერია, წესდებიდან არ გასულან. თუმცა მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ დისციპლინარული სასჯელის სხვა ფორმა: გაფრთხილება, წევრობის დროებით შეჩერება, თანამდებობიდან გადაყენება.

ფიქრობდით, რომ ამ პარტისთვის უფრო მნიშვნელოვანი ადამიანი იყავით, ვიდრე აღმოჩნდა?

– რესპუბლიკურ პარტიას საფრთხე ემუქრება. ჩემთვის ცნობილი ხდება, რომ ბევრი ადამიანი ტოვებს პარტიას აჭარაში. მე არა ვარ უკმაყოფილო. სიმბოლურია, რომ ბათუმის გათავისუფლების დღეს აღმოვჩნდი პარტიული კუთვნილებისგან თავისუფალი. 23 მარტს მიტინგზე მე პირველ განცხადებას გავაკეთებ, როგორც უპარტიო. ჯერ გაცნობიერებული არ მაქვს, რა მოხდა, დღეს ინერციით მივედი ოფისში. დარწმუნებული ვარ, ისინიც ნერვიულობენ, ვინც ჩემი გარიცხვის  გადაწყვეტილება მიიღო.

იღებთ პასუხისმგებლობას, რომ 23 მარტს ან მის შემდეგ ექსცესები არ იქნება?

-ვიღებ პასუხისმგებლობას. ჩვენ გვერდით იქნებიან მუსლიმანთა კავშირის წევრები, რომლებიც ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოვლენ. პრაქტიკულად გამორიცხულია გართულება. საქართველოს ისტორიას რელიგიური დაპირისპირება არ ახსოვს.

სხვა პარტიიდან ხომ არ გქონდათ შემოთავაზება?

_ ორ პარტიას აქვს ჩემთან თანამშრომლობის სურვილი. მე ჯერ 23 მარტზე ვფიქრობ.

მასალების გადაბეჭდვის წესი