კომენტარი

ირინა იანოვსკაია: „საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ ოსებზე უარი ეთქვა“

16 მარტი, 2011 • 1324
ირინა იანოვსკაია: „საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ ოსებზე უარი ეთქვა“

რა მდგომარეობაა ცხინვალის რეგიონში მედიის თავისუფლების კუთხით?

ჩვენთან ორი ტელევიზიაა, ერთი – სახელმწიფო და ერთიც – დამოუკიდებელი, მაგრამ ეს უკანასკნელი მთელ რეგიონს ვერ მოიცავს, რადგან ისიც სახელმწიფო არხზე ზის. გამოდიან რუსულენოვანი გაზეთები, არის ოსური გაზეთიც, არის საინფორმაციო სააგენტო „რესი“, რომელიც ასევე სახელმწიფოსია.  გაჩნდა რამდენიმე საინფორმაციო საიტი. პრაქტიკულად, ესენიც სახელმწიფოსია.  იყო დამოუკიდებელი გაზეთიც – „21 საუკუნე“, თუმცა ახლა აღარ გამოდის.

ცუდი გზების გამო სოფლებამდე გაზეთები რთულად აღწევენ და ძირითად საინფორმაცო საშუალებად მაინც ტელევიზია რჩება.

რაც შეეხება თავისუფალ მედიას, სამწუხაროდ, ჩვენთან დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კორპუსიც არ არსებობს. თუ  ვინმეზე ითქვა, რომ იგი დამოუკიდებელი ჟურნალისტია, სამხრეთ ოსეთის პირობებში  ხმამაღალი ნათქვამი გამოვა. 2008 წლის შემდეგ ჟურნალისტებში გაჩნდა შინაგანი ცენზურა. ბოლო დროს უფრო შეინიშნება პრესაში კრიტიკული სტატიები.

სახელმწიფო გაზეთში არავინ დაიწყებს ოპოზციური მოსაზრებების გამოქვეყნებას.  ჟურნალისტმა რომც დაწეროს მასალა და მიუტანოს რედაქტორს, ჩემი აზრით, იგი არ დაბეჭდავს ისეთ სტატიას, სადაც ოპოზიცია რაიმე უარყოფითს ამბობს  პრეზიდენტზე.

არის ასეთი ოპოზიცონერი  – ალაპ ჩოჩიევი, რომელსაც სადღაც რუსეთში აქვს საკუთარი  გაზეთი, რომელშიც იბეჭდებოდა პრეზიდენტის შესახებ ძალიან უარყოფითი სტატიები. მე ვიცი, რომ ჩვენს რესპუბლიკაში მსგავსი, პრეზიდენტისთვის უსიამოვნო მასალა არ დაიბეჭდება.

რა პერსპექტივა აქვს ახალ მედიას?

სანამ არ იქნება ხარისხიანი ინტერნეტი, ახალი მედიის მომავალი რთულად წარმოსადგენია.  ახალ მედიას სჭირდება ტექნიკური რესურსი, ჩვენთან ეს სფერო ჯერ ძალიან სუსტად არის განვითარებული. ინტერნეტი ძალიან უხარისხოა, სულ გვპირდებიან, რომ ხარისხი გაუმჯობესდება.  პრაქტიკულად ტელეფონით შევდივართ ინტერნეტში, რომელიც რუსეთიდან მოგვეწოდება.

რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, ჩვენთან პოპულარულია ოდნოკლასნიკები, ფეისბუქი და დანარჩენები ნაკლებადაა ხმარებაში. ბლოგები არ არის აქტიური,  ჩვენთან ჯერ არ არის ისეთი ძლიერი სამოქალაქო აქტივობა.

რამდენად აქტიურად არის ართული ახალგაზრდობა მიმდინარე პროცესებში?

ახალგაზრდობაში არ არის განხილვები, სხვა ინტერესები აქვთ,  ყველაფერს ომს აბრალებენ, ”აი, იყო ომი …”

იყო უამრავი პრობლემა,  იზოლაციაში ვიყავით, ახალგაზრდებს პასპორტებზე ჰქონდათ პრობლემები, ისინი ვერსად ვერ გადიოდნენ. გაიზარდა სუიციდის, ალკოჰოლიზმის შემთხვევები. აი, რომ ვთქვათ, ახალგაზრდებში არის რაიმე პროტესტი ან აქტივობა, ვერ გეტყვით. ერთადერთი, ჩვენთან იყო ახალგაზრდული პარლამენტი,  მინისტრთა კაბინეტი, იდეა იყო კარგი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ ახალგაზრდებმაც ჩინოვნიკებივით დაიწყეს აზროვნება. შესაძლებლობა, რომ სამსახური იშოვნო, ძალიან მცირეა, ახალგაზრდები მიდიან მოსკოვში სასწავლებლად, ჩამოდიან უკან და სამუშაო ადგილს ვერ პოულობენ.  როდესაც ქალაქის აღდგენა დაიწყეს, ადგილობრივ მოსახლეობას არ მისცეს საშუალება, ჩართულიყვნენ ამ პროცესში.  სამუშაოდ ჩეჩნები ჩამოდიოდნენ და უხარისხოდ აკეთებდნენ ყველაფერს, სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა. ადგილობრივები რომ დაესაქმებინათ, საქმეს უკეთესადაც გააკეთებდნენ და ფულსაც გამოიმუშავებდნენ.

რაც შეეხება გართობას, ტარდება კონცერტები, რომელთაც სახელმწიფო ხშირად აწყობს  მოედანზე და ახალგაზრდობა  დადის ამ კონცერტებზე.

რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია ჟურნალისტისთვის?

ჩვენმა ჩინოვნიკებმა, რომლებმაც საჯარო ინფორმაცია უნდა გასცენ, არ იციან, როგორ გიპასუხონ, შეიძლება პროფესიონალური დონე უშლით ხელს, სხვებს ეშინიათ – რამე ისეთი არ წამოსცდეთ. ხანდახან იმასაც კი ამბობენ, რომ ინფორმაციას არ გასცემენ, რადგან ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა, თუმცა სახელწიფო საიდუმლოება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, სახელმწიფო საიდუმლოება განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს.

როგორია ეკონომიკური მდგომარეობა?

ძალიან გაიზარდა ფასები პროდუქტებზე, ბევრი ადამიანი ჩამოდის რუსეთიდან, კარგი ფულით. სტრუქტურა, რომელიც ფასებს დაარეგულირებს, არ არსებობს. ჩამოსულებისთვის არ არის პრობლემა, რა თანხას გადაიხდის, მაგრამ ადგილობრივისთვის ხელმიუწვდომელი ხდება ბევრი რამ. ამჟამად პროდუქცია ჩრდიოლოეთ ოსეთიდან შემოდის. პროდუქციის გარკვეული ნაწილი ლენინგორის გავლით  შემოდის, მაგრამ ეს არ იძლევა საშუალებას, რომ ფასებმა დაიწიოს.

გარდა ჟურნალისტობისა, კიდევ რას საქმიანობთ?

ვაკეთებ პროექტს, რომელსაც ჰქვია ”სამშვიდობო პოტენციალის განვითარება ქართველ და ოს ქალებში”. პროექტი ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ის ქართველები, რომლებმაც პირველი ომის შემდეგ არ დატოვეს ცხინვალი, თბილისისთვის გამყიდველები არიან, რადგან არ წამოვიდნენ. მეორე პრობლემა ის არის, რომ თვითონ აქვთ შინაგანი კომპლექსი,  ქართველები რომ არიან.

შიშები აქვთ ქართველ, ოს და შერეული ოჯახების ქალებსაც. როდესაც არის შიში, არ არის აქტივობა. ჩვენ ცალ–ცალკე ვხვდებით ქართველ და ოს ქალებს.  ავარჩევთ 14 ყველაზე აქტიურ ქალს და გვექნება ტრენინგი. თუ იქნება პროექტის შემდგომი დაფინანსება,  წავალთ პალესტინაში, ისრაელისა დ პალესტინის გამოცდილება რომ შევისწავლოთ. დაბრუნების შემდეგ კი ეს ქალები ერთობლივად გააკეთებენ რამეს სამხრეთ ოსეთში. ომამდე აქ იყო ქართულ–ოსური საზოგადოება, ომის შემდეგ მივიღეთ საზოგადოება – ომისგან გახლეჩილი. საბჭოთა კავშირის დროს  შერეული ქორწინების ყველაზე მაღალი პროცენტი  ქართველებისა და ოსების შერეულ ოჯახებზე მოდიოდა.

რამდენად მნიშვნელოვანია, თქვენი აზრით, რუსეთის როლი სამხრეთ ოსეთისთვის?

ვთვლი, ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ასეთი აზრი, რომ ჩვენ ჩვენი რესურსები საკმარისად გვაქვს, თუნდაც ტურიზმი.  ჩვენ გვაქვს მინერლური წყლები, არაფრით არ ჩამოუვარდება შვეიცარიას. თუ იქნება სტაბილურობა, იქნება ინვესტიციები, არა რუსული. რუსეთს თავისი ინტერესები აქვს, ეს გასაგებია, როდესაც 2008–ში ხალხი სარდაფებში იმალებოდა, რუსეთი დასახმარებლად პირველივე დღეს კი არ მოსულა, მესამე დღეს შემოვიდა. რუსეთი ელოდა, საჭირო იყო გარკვეული მსხვერპლი, ხალხი შოკში იყო. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის ინტერესს წარმოვადგენთ და ლამაზი თვალების გამო არ გვეხმარება.  საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ ოსებზე უარი ეთქვა. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ იმ ქვეყანასთან, რომელიც გვხოცავს და გვართმევს ყველზე აღმატებულს – სიცოცხლის უფლებას. 2008 წლამდე იყო ეს მოდელი – ფართო ავტონომია, ჩვენი ღერბით, დროშით, საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ როდესაც ომი მოხდა, ის ადამიანები, ვინც ამაზე ლაპარაკობდნენ,  თავადაც გაოცდნენ და გაჩუმდნენ.

რაც შეეხება ჩვენს ჩრდილოელ  ძმებს, მე არ შემიძლია მათი აღქმა, ჩვენ უფრო დავრჩით ოსებად, ვიდრე – ისინი. მათ დაკარგეს საკუთარი კულტურა. თუმცა ჩრდილოეთ  და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება ერთ–ერთ ვარიანტად მაინც რჩება.

ირინა იანოვსკაია, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი

სამხრეთ ოსეთის არასამთავრობო ორგანიზაციის “ჟურნალისტები ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარე

მასალების გადაბეჭდვის წესი