რამდენი უსახლკარო ცხოვრობს ქვეყანაში – არსებობს თუ არა უსახლკაროთა სტატისტიკა? ვინ შეიძლება ჩაითვალოს უსახლკაროდ? აქვს თუ არა სახელმწიფოს კონკრეტული გეგმა ამ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად? რამდენად გააუმჯობესა უსახლკაროების მდგომარეობა ლილოს დასახლებაში კაპიტალურმა თავშესაფარმა და მოაგვარებს თუ არა სახელმწიფოს ასეთი მიდგომა მათ პრობლემებს? – ამ საკითხებზე ნეტგაზეთი საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს ესაუბრა.
- იდენტიფიკაცია/დეფინიცია – ვინ არიან უსახლკაროები და არსებობს თუ არა ამ ტერმინის ზუსტი განმარტება?
- სამწუხაროდ, მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა, დღემდე დეფინიცია არ არსებობს, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს უსახლკაროდ და მიუსაფრად. ზოგადად, სწორედ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ გამოვლინდა საკანონმდებლო ხარვეზები. რეალურად, საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს დეფინიცია და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროგრამები; შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება. ჩვენთან პრობლემა არის მრავალმხრივი: დაწყებული დეფინიციით და სწორედ აქედან უნდა დაიწყოს. უნდა დაიწყოს მუშაობა, რომ გვქონდეს ნათელი დეფინიცია, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს უსახლკაროდ და ვინ მიუსფრად. დღეს გარკვეული აღრევა გვაქვს ამ მიმართულებითაც. მთავარ პრობლემას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, წარმოადგენს დეფინიცია და აქედან გამომდინარე, მთავარი პრობლემა არის სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა. ზოგადად, სახელმწიფო პოლიტიკა და სახელმწიფოს მხრიდან ერთიანი ხედვა ამ სფეროში არ არსებობს, თუ როგორ მოგვარდეს ეს პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯები თვითმმართველობის მხრიდან გადაიდგა, ასევე, შესაბამისი სამინისტრო მუშაობს უკვე ამ მიმართულებით, შეიძლება ითქვას, მინიმალურია გაკეთებული კონკრეტულად ამ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად.
- მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერაში უსახლკაროთა შესახებაც იყო საუბარი. რამდენი უსახლკარო ცხოვრობს ქვეყანაში, ამ სტატისტიკის შექმნაზე მუშაობს თუ არა სახელმწიფო?
- გარკვეული მუშაობა ჩატარდა იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილიყო ასეთი სტატისტიკა და ბოლო [მოსახლეობის საყოველთაო] აღწერაში გაჩნდა ასეთი გრაფაც, მაგრამ ვინ შეიძლება ჩაითვალოს უსახლკაროდ, რა თქმა უნდა, კვლავ პრობლემატურია. დავუბრუნდები ისევ პირველ კითხვას, რომ დეფინიცია არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ეს მონაცემები, რომლებიც შეიძლება გარკვეულწილად არსებობდეს ქვეყანაში, არ არის რეალური და არ არის სიმართლესთან ახლოს. ჩვენი ინფორმაციით, გაცილებით მეტი ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს მიუსაფრად და უსახლკაროდ. თუმცა მთავარ პრობლემად კვლავ ვუბრუნდებით ისევ იმას: გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს დეფინიცია, არ არის შესაბამისი სტატისტიკა. ქვეყანაში არავინ ადგენს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზას, სადაც იქნება თვითმმართველობებში და ზოგადად, ქვეყანაში მცხოვრებ უსახლკარო პირთა სტატისტიკა. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ არანაირი სტატისტიკა არსებობს. შესაბამისად, სანამ ეს მონაცემთა ბაზები არ შეიქმნება, როგორც მუნიციპალიტეტების, ისე ცენტრალური მთავრობის დონეზე, მანამდე ჩვენ არ გვეცოდინება ამ პრობლემის მასშტაბები – რამდენად არის ეს პრობლემა მასშტაბური. ჩვენ გასული წლის მარტში მოვამზადეთ სპეციალური ანგარიში, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეხებოდა: სათანადო საცხოვრისის პრობლემებს და უსახლკაროთა პრობლემებს. პირველად ვცადეთ გაგვეანალიზებინა მდგომარეობა ამ სფეროში. ეს დაფუძნებული იყო იმ ასეულობით განცხადებაზე, რომელიც ჩვენს ოფისში მოდის წლების განმავლობაში. ჩვენ პირველად ვცადეთ, რომ ასე ცალკე, სიღრმისეულად შეგვესწავლა ეს პრობლემა და სწორედ ამ შესწავლის შედეგად დავინახეთ, რომ არის როგორც საკანონმდებლო პრობლემები, ასევე პრაქტიკაში არსებობს ძალიან ბევრი პრობლემა.
- არსებობს თუ არა რაიმე კვალიფიციური კვლევა უსახლკაროების საკითხზე? მსგავსი კვლევის გარეშე, რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფოს რეაგირება, კონკრეტული გეგმის დასახვა და პრობლემების პრევენცია?
- მე ვახსენე სპეციალური ანგარიში, რომელიც გასული წლის მარტში მომზადდა. ამის შემდეგ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული სტრატეგია შექმნილიყო. ამჟამადაც სპეციალური ჯგუფი მუშაობს ამ საკითხზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვქონდეს სრულფასოვანი კვლევა, რათა გავისიგრძესიგანოთ და დავინახოთ ნათლად, რა არის და რამდენად მრავალწახნაგოვანი და რთულია ეს პრობლემა. სამწუხაროდ, კვლევა, როგორც ასეთი, ქვეყანაში არ ყოფილა. ჩვენ, პირველ რიგში, გვჭირდება ასეთი სახის კვლევა. ამ შემთხვევაში ალბათ კვლევითი ინსტიტუტების და დაწესებულებების როლი იქნება მნიშვნელოვანი, რომ დავინახოთ სიღრმისეულად ეს პრობლემა და მიზეზები, თუ რა განაპირობებს ქვეყანაში ათასობით ადამიანის უსახლკაროდ დარჩენას. ალბათ ამას გარკვეული მიზეზები გააჩნია. დღემდე, სამწუხაროდ, ეს პრობლემები და მიზეზები არ არის გააზრებული.
- რა მდგომარეობაა რეგიონებში? ვინ არის პასუხისმგებელი ცენტრალურ ქალაქებს გარეთ უსახლკაროების პრობლემების მოგვარებაზე?
- თვითმმართველობის ორგანოები არიან პასუხისმგებლები. შეიძლება ითქვას, რომ არის რამდენიმე რეგიონი, სადაც განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობელმა. პირველ რიგში, ალბათ აჭარაზეა საუბარი. კონფერენციაზეც რამდენჯერმე ვახსენეთ ბათუმი, ე.წ. ოცნების ქალაქი, სადაც უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს წლების განმავლობაში. ფაქტიურად, თვითმმართველობას თვითდინებაზე ყავს პროცესები მიშვებული. სამწუხაროა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი და არავინ ყურადღებას არ გამოიჩენს, ფაქტიურად, უფრო მეტი პრობლემები იჩენს თავს. დღეს სწორედ ასეთ საშიშროების წინაშე ვართ. ასევე, სხვა რეგიონებშიც არის მსგავსი პრობლემები, მაგრამ ამ პრობლემებს მოქმედი ნორმებით სწორედ თვითმმართველობებმა უნდა გასცენ პასუხი.
- როგორ ხდება უსახლკაროების სოციალურ პრობლემებში ჩართვა? არ არსებობს ტერმინი, არ არსებობს სტატისტიკა. როგორ განსაზღვრავენ და აძლევენ მათ სოციალურ სტატუსს?
- სწორედ აქ გვხვდება ყველაზე დიდი ხარვეზები, გამომდინარე იქიდან, რომ მათ სტატუსი არ გააჩნიათ. სტატუსზე არის დამოკიდებული შესაბამისი სერვისების მიწოდება და ასეთი ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს, როდესაც ადამიანები ვერ იღებენ იმ სერვისებს და ბენეფიტებს, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს სოციალურად დაუცველ ადამიანებს.
- როგორ მდგომარეობაშია ლილოს კაპიტალური თავშესაფრი? რამდენად გააუმჯობესა ამ თავშესაფარმა უსახლკაროთა მდგომარეობა ქვეყანაში?
- ასეთი თავშესაფარი მაინც უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს არის დროებითი. თავშესაფარი – თვითონ სიტყვაც ამაზე მიუთითებს. ეს არის იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა დროებით თავი შეაფარონ და მათი პირობები გარკვეულწილად დაკმაყოფილდეს. სახელმწიფოს მთავარი გათვლა უნდა იყოს უფრო ხალნგრძლივვადიანზე, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, შექმნან ოჯახები, ჰქონდეთ კეთილდღეობა და საცხოვრებელი. ეს მაინც არის დროებითი გადაწყვეტა, რომელიც გათვლილია მოკლე ვადებზე. ალბათ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეცვალოს პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია და ასეთი ტიპის თავშესაფარი უნდა არსებობდეს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. თუმცა, იმიტომ არის პოლიტიკა მნიშვნელოვანი, რომ ასეთ ადამიანებს სახელმწიფომ შესთავაზოს გარკვეული სერვისები: განათლების მიღების შესაძლებლობა, დასაქმების შესაძლებლობა, რომ მათ უკვე თვითონ მიხედონ საკუთარ თავს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სწორედ ამ მიმართულებით. სხვანაირად, რაც არ უნდა მეტი თავშესაფარი ავაშენოთ, ეს პრობლემა ვერ მოგვარდება და რეალურად ერთ წრეზე შეიძლება, რომ ეს პრობლემა ტრიალებდეს.
- კონფერენციაზე საუბარი იყო ქირაობის პრობლემაზეც. ყოველწლიურად რა უჯდება სახელმწიფოს ეს და როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს ქირაობის საკითხზე?
- ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემის კვლევაც, თუმცა ჯერ-ჯერობით ასეთი ერთიანი ინფორმაცია არ გვაქვს. მაგალითად, თბილისის მერიაში, როგოც ვიცი, რამდენიმე მილიონი იხარჯება ყოველწლიურად ამასთან დაკავშირებით. საუბარი არის იმაზე, როდესაც გამგეობები გამოყოფენ გარკვეულ თანხებს ქირით უზრუნველსაყოფად. შეიძლება ითქვას, რომ ეს მიმართულია დროებით პრობლემის მოგვარებისკენ, რაც თავისთავად იდეაში უკვე არასწორია. ჯერჯერობით, ალბათ, არავის დაუთვლია, მაგრამ თუ დავითლით ამ თანხებს, საკმაოდ სერიოზულ ფინანსურ რესურსებზეა საუბარი. ალბათ უნდა დაისვას კითხვა: ხომ არ ჯობდა ამ თანხების გამოყენება უფრო სხვა მიზნებისთვის? რომ არ ყოფილიყვნენ გარკვეული პირები და ოჯახები ქირით გაყვანილები, არამედ მოგვარებულიყო თუნდაც იგივე სოციალური საცხოვრისის თემა, აშენებულიყო თუნდაც გარკვეული ტიპის ასეთი სოციალური საცხოვრისები. შეიძლება ამით ნაკლები რაოდენობის ადამიანი დაკმაყოფილდეს, მაგრამ ეს უფრო იქნებოდა ხანგრძლივი და ეფექტური იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს შორეულ პერსპექტივაში.
- საუბარი იყო იმაზეც, რომ ზოგიერთი ადამიანი ბოროტად სარგებლობს მინიჭებული სტატუსით. თქვენი აზრით, რას უნდა უპირისპირებდეს მათ სახელმწიფო?
- რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები არის და იქნება ყოველთვის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი და ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ გარკვეული ნორმების არსებობაზე, გარკვეული კრიტერიუმების. თუ იქნება კანონში კონკრეტულად გაწერილი და დაზუსტებული კრიტერიუმები, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს ზოგადად მიუსეფარ პირად ან უსახლკაროდ, რა თქმა უნდა, მაშინ მოიხსნება და უკვე ნათელი იქნება იმის გარკვევა, თუ ვინ შეიძლება სარგებლობდეს ასეთი სერვისებით და ა.შ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ იყოს ერთიანი სტანდარტები და ერთიანი კრიტერიუმები. მივდივართ ისევ საკითხის საკანონმდებლო დონეზე რეგულაციებისკენ. სანამ არ მოხდება ამის რეგულაცია, მანამდე იარსებებს და იქნება შესაძლებლობები, რომ მოქალაქეებმა ისარგებლონ ამ ქაოტური სიტუაციით რიგ შემთხვევებში. ამის მოგვარებისკენ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს სწორედ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.