კომენტარი

პასუხგაუცემელი კითხვები

21 თებერვალი, 2011 • • 1482
პასუხგაუცემელი კითხვები

ვკითხულობ კომერციულ სექს მუშაკებზე (მეძავი არასწორია) პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტზე ლიბერალში გამოქვეყნებულ სტატიას და ვმწარდები რესპოდენტების შეფასებებზე. 2005 წელს ჩატარებულა დიდი კვლევა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა რელიგიური მოტივებით უარს აცხადებს პროსტიტუციის ლეგალიზებაზე. სამაგიეროდ, არავინ აცხადებს უარს მათი სერვისებით სარგებლობაზე. მოქალაქეები უარს აცხადებენ დაცული, კანონიერი სექს–მუშაკების არსებობაზე. ყველას ურჩევნია ცირკის უკან ტალახში გორაობა, დაწესებულებაში მისვლას  და ამ მომსახურების იქ მიღებას ექიმის მიერ შემოწმებული სექს-მუშაკისგან, რომელიც გადასახადსაც იხდის ხაზინაში, მას არც პოლიციელები აწამებენ ქუჩაში და ზოგადად ადამიანის იერ-სახე არ აქვს წართმეული.  ეს თემა სხვა დროსთვის გადავდოთ. ამჟამად სხვა რამემ უფრო მეტად შემაწუხა, ვიდრე იმის გაგებამ, თუ როგორ ათრია ქუჩაში მდგარი საბრალო კომერციული სექს-მუშაკი გაბოროტებულმა პოლიციელმა.

სტატიაში მოყვანილია ქალბატონ ელენე თევდორაძის მოსაზრება, რომელიც იზიარებს შეხედულებას იმის შესახებ, რომ “ტრადიციულად რელიგიური ქვეყანა ვართ”, რაც თითქოს სექს-სამუშაოს ლეგალიზაციის შესაძლებლობას გამორიცხავს.

 ამ ლოგიკით მრავალი წელია ვცხოვრობთ და  ჩვენი წარუმატებლობის ასახსნელად თავს ვიმართლებთ:

  • “ტრადიციულად რელიგიური ქვეყანა ვართ” და ამიტომ არ გამოგვივა საერო სახელმწიფოს აშენება.
  • “ტრადიციულად რელიგიური ქვეყანა ვართ”  და ამიტომ არ გამოგვივა ადამიანის უფლებების პატივისცემის სწავლა.
  • “ტრადიციულად რელიგიური ქვეყანა ვართ” და ამიტომ არ გამოგვივა კრიტიკულ აზროვნებაზე და არა შეღებილ ისტორიის ზუთხვაზე აგებული განათლების სისტემის ჩამოყალიბება.
  • “ტრადიციულად რელიგიური ქვეყანა ვართ” და ამიტომ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტია პარტიად დაურეგისტრირებული “საპატრიარქო” უნდა იყოს, რომელიც უზარმაზარი ოდენობის თანხებს ატრიალებს, ფლობს და მფარველობს ბიზსნესებს, ერევა სახელმწიფო მმართველობის საქმეებში და კანონის ყველა მოთხოვნის მიღმა დგას.

“ტრადიციულად რელიგიური ქვეყანა ვართ” და ამიტომ სულ. . .(აქ ჩაწერეთ, რაც გნებავთ). . . შედეგი მაინც ის იქნება, რომ სულ უკან უნდა მივჩანჩალებდეთ, რადგან “ტრადიციულად რელიგიური ქვეყანა ვართ” და ამიტომ . . . ვიტრიალოთ წრეზე? თუ მოვიდა დრო, საჯაროდ დავუსვათ ერთმანეთს მწვავე კითხვები?

ჩემო კარგებო, დღეს მთელი დღე სულმოუთქმელად ველოდი შინ მობრუნებას, რომ  ფეისბუქზე სტატუსად დამეწერა თუ როგორი ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ყველა მიყვარს. . .მართალია, სტატიაში აღწერილმა ამბავმა გუნება მომიწამლა, მაგრამ მაინც ამ სიყვარულით არის, რომ არ შემიძლია გავჩუმდე, როდესაც არავინ გიხელთ თვალს იმ უსიამოვნო, მაგრამ რთულად უგულვებელსაყოფ შეუსაბამობებზე, რითიც დიდი ხანია ყველანი ვართ მეტ-ნაკლებად დაავადებულნი:

1.     ტრადიციულად რეგლიგიურ ქვეყანა ვართო, რომ გავიძახით ყველანი თუთიყუშებივით, ჯერ ერთი ქვეყანა ვართ კი, საერთოდ? და ტრადიციულად ქვეყანა ვიყავით თუ არა, ეს საკითხავად არ გვექცა ჩვენი ველურობის შემყურე? რას ეფუძნება ასეთი უაპელაციო არგუმენტი? შემთხვევით არაფერს სანდოს ხომ არა?

2.     ყველაზე მნიშვნელოვნად ამ კითხვას მინდა, მივაქციოთ ყურადღება: არსებობს კი დედამიწის ზურგზე ქვეყანა, ხალხი, ან ტომი, რომელიც ტრადიციულად რელიგიური არ არის? შვედეთი, ჰოლანდია, აშშ, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი -არარელიგიური ტრადიციები აქვთ? არატრადიციული რელიგიების მიმდევრები არიან ამ ქვეყნების მცხოვრებთა უმრავლესობა? მაგალითად, რამდენიმე ათეული წლის წინათ კათოლიკე და პროტესტანტი ჰოლანდიელები იქ ერთმანეთს რელიგიური შუღლის გამო ხოცავდნენ, მაგრამ მათთვის ამას ხელი არ შეუშლია დემოკრატიის აშენებაში. დღემდე უამრავი ჰოლანდიელია ღრმად მორწმუნე, მაგრამ სამარცხვინო იქნებოდა, ვინმეს ეთქვა, დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერაზე უარი უნდა ვთქვათ  რელიგიური მოსაზრების გამოო.

3.  თუ “ტრადიციულად რელიგიური ქვეყანა ვართ” (რასაც არ უნდა გულისხმობდეს ეს ფრაზა), შეუძლია ვინმეს, ამიხსნას, რატომ იქცევა ერის და ბერის უმრავლესობა ანტიქრისტიანულად? ახლავე ავხსნი, რასაც ვგულისხმობ. რატომ ვიმართლებთ თავს რელიგიის არგუმენტით, როდესაც საქართველოში დემოკრატიის ჩაფლავებაზე ვსაუბრობთ? შეუძლია ვინმეს კომპეტენტურად მიმტკიცოს, რატომ უშლის დემოკრატია ხელს რელიგიას, ან –პირიქით? თუ ქართული ეკლესია უშლის ხელს დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებას საქართველოში? რატომ გიჭირთ საგნებისთვის საკუთარი სახელების დარქმევა? რატომ ახოცავთ ხელს “რელიგიას”, როდესაც სინამდვილეში ადამიანები, ამ შემთხვევაში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მესვეურები, ახდენენ ქრისტიანული ღირებულებების მცდარ, უარეს შემთხვევაში, არაინფორმირებულ ინტერპრეტაციას?

4.  შეიძლება საღად მოაზროვნეს და სათანადოდ ინფორმირებულ ადამიანს გულწრფელად  სჯეროდეს, რომ ქართული ეკლესიის ხელმძღვანელიდან მოყოლებული, ნებისმიერი სხვა ე.წ. “მორწმუნით” გაგრძელებული ნამდვილად რელიგიურია? თუ ასეა, მე არ ვიცნობ ქრისტიანობას, რომელიც ღვარძლს და სიძულვილს ასწავლის სიყვარულის და მიმღებლობის მაგივრად. მე არ ვაღიარებ ქრისტიანობის ისეთ ინტერპრეტაციას, რომელიც ბიბლიის მოწოდების საწინააღმდეგოდ, ადამიანებისთვის თავში ჯვრის ჩარტყმას გაამართლებს ან ძალადობისკენ მოუწოდებს მომხრეებს. შეგიძლიათ მაჩვენოთ, სად არის ქრისტიანობაში ამდენი ადგილი სიძულვილისთვის?

ნუთუ მხოლოდ მე და რამოდენიმე თანამოაზრეს აქვს მხოლოდ ბიბლია წაკითხული, მარტივად რომ გაარჩიოს სიყვარული, რასაც ახალი აღთქმა ქადაგებს, და “EKL777” ნომრით დამშვენებულ პრადოებზე დაძგერებულ სასულიერო პირთაგან მეტწილად შემდგარი ინსტიტუცია?

რასაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით მოსაუბრე ადამიანები ანტიქრისტიანულად ღვარძლს ანთხევენ, მათთან შედარებით მეც კი, თითქოს არამორწმუნე, უფრო დიდი “მორწმუნე” გამოვდივარ, ვიდრე ნებისმიერი მათგანი. არავის ვერჩი, არც მძულს და მოკვლას არ ვითხოვ ჩემგან განსხვავებულობის გამო.  არადა, სწორედ ამას აკეთებენ ეს ადამიანები. ისინი ითხოვენ, სთესენ და იმკიან კიდეც სიძულვილს.

ჩემო მეგობრებო,

  • ნუ ენდობით ბრმად მათ, ვინც სარგებლობს თქვენი ბნელში ყოფნით!
  • გახსოვდეთ: დედამიწის ზურგზე არსებული არც ერთი ტრადიციული რელიგია, მათ შორის, ქრისტიანობა და ისლამი, არ არის ადამიანის ღირსების, უფლებების და ბედნიერების წინააღმდეგ მიმართული.
  • იცოდეთ: ყველა ტრადიციული რელიგია თანაბრად სცემს პატივს ყველა ადამიანს. ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც გეუბნებათ, რომ ერთნი მეორეზე აღმატებულნი არიან და სხვები ნაკლები ადამიანები არიან, ვიდრე თქვენ. ნუ იქნებით უგუნურნი და ნუ ჩავარდებით ამპარტავნობაში. თუ თავი ნამდვილად მორწმუნედ მიაგჩნიათ, წაიკითხეთ ბიბლია, გთხოვთ!

 კომერციულ სექს– მუშაკებს რაც ეხება, გახსოვდეთ, ქრისტემ ვის  დაბანა ფეხები…

 

ირაკლი ვაჭარაძე
ირაკლი ვაჭარაძე
ირაკლი ვაჭარაძე არის მიწვეული მკვლევარი  ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში სოციალური ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური სამუშაოს მაგისტრატურის საფეხურზე ასწავლის სოციალურ პოლიტიკას, სოციალური სამუშაოს ეთიკას და არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯმენტს და ასევე არის განსხვავებულობის კვლევის და სათემო აქტივიზმის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის, როგორც ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს უნივერსიტეტის მასწავლებელთა განვითარების პროგრამის მონაწილე 2009-2012 წლებში, ირაკლი ვაჭარაძე იკვლევს გენდერისა და სექსუალობის საკითხებს.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი