კომენტარი

როგორ ხედავს ეკლესია დემოკრატიზაციაში მონაწილეობას – დისკუსია ევროპის სახლში

17 იანვარი, 2016 •
როგორ ხედავს ეკლესია დემოკრატიზაციაში მონაწილეობას – დისკუსია ევროპის სახლში

“როგორ უზრუნველვყოთ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის პოზიტიური მონაწილეობა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში?”- ეს იყო მთავარი შეკითხვა მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე, რომელიც 15 იანვარს თბილისში, ევროპის სახლში გაიმართა.

კემბრიჯის უნივერსიტეტის რელიგიისა და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის დირექტორ ჯად ბერდსელთან და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ამ შეხვედრას ესწრებოდა რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანეც, რომელიც წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელია.

მრგვალი მაგიდის ორგანიზატორი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი იყო.

შეხვედრაზე მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რადგანაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, ეკლესია ვალდებულია, მათზე საკუთარი მზრუნველობა გამოავლინოს. TDI-ის დირექტორმა ეკა ჭითანავამ კი მას შეახსენა ფაქტები, როდესაც ეკლესიის წარმომადგენლები ან მართლმადიდებელი მრევლი პლურალიზმისა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ჯად ბერდსელი და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელი კახა გოგოლაშვილი კი საუბრობდნენ იმაზე, რომ რელიგია და დემოკრატია შესაძლოა ჰარმონიულად თანაარსებობდნენ.

შეხვედრაზე მიტროპოლიტმა იოანემ ისაუბრა იმის შესახებ, რომ ეკლესიაში იერარქია ხალხთან ურთიერთობით დგინდება და ეკლესიის პრინციპი კრებითობაა.

“უფლის მიერ გამორჩეული იყო 12 მოციქული, და შემდგომში უკვე საეკლესიო იერარქია ხალხთან ურთიერთობაში ყალიბდება, ანუ, უზენაესისგან კურთხეული ხალხის მიერ მიღებული და ხალხთან ურთიერთობაში ვლინდება. მართლმადიდებელი ეკლესია შედგება თანასწორუფლებიანი ავტოკეფალური ეკლესიებისგან. ეკლესიის პრონციპი არის კრებითობა.  თითოეულ ავტოკეფალურ ეკლესიაში მთავარი ორგანო არის საერთო კრება, სადაც მონაწილეობას იღებენ არა მარტო იერარქები, არამედ მრევლიც,”- ამბობს ის. 

მანვე განაცხადა, რომ დღეს, როდესაც სეკულარიზაციის პრინციპია მიღებული, ეკლესია თავის მისიასა და ფუნქციას ამ პირობებშიც ასრულებს.

მიტროპოლიტის განცხადებით, ვინაიდან აღიარებულია, რომ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, ეკლესიას აქვს მოვალეობა ერისა და ხელისუფლების წინაშე, რომ ერის კეთილდღეობისთვის თავისი მზრუნველობა გამოავლინოს.

იგი საუბრისას შეეხო კონსტიტუციურ შეთანხმებასაც:

“მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის თანამშრომლობა და არა დიქტატი, და გამოიხატება იმაში, რომ ეკლესია და ხელისუფლება შეთანხმებულია, რომ ეკლესია რელიგიურ მოთხოვნილებებს ნებისმიერი ადამიანის, რომელიც ამას მოითხოვს, შეასრულებს როგორც პენიტენციურ სისტემაში, საჯარისო ნაწილებში, სამედიცინო დაწესებულებებში თუ განათლების სისტემაში,”- აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი)

მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი)

მიტროპოლიტ იოანეს თქმით, პატრიარქის პოზიციაა, რომ პრინციპული საკითხები რეფერენდუმით გადაწყდეს:

“ჩვენმა პატრიარქმა არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას, რომ გარკვეული პრინციპული საკითხების განხილვა მომხდარიყო რეფერენდუმის, პლებისციტის საშუალებით და არა ერთპიროვნულად მიეღო პრეზიდენტს თავისი ძალაუფლებით. ეს არ არის ჩარევა, მაგრამ ეს არის ის სიტყვა, რომელიც ახსენებს პრეზიდენტს თავის პაასუხისმგებლობას ერის წინაშე. ეკლესია დღესაც და მომავალშიც, მზად არის, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, ითანამშრომლოს ნებისმიერ ორგანიზაციასთან რომელსაც მიაჩნია, რომ მასაც აქვს პასუხისმგებლობა ერის წინაშე და ისიც ზრუნავს ერის კეთილდღეობისათვის,”- აცხადებს ის.

ეკა ჭითანავამ კი, რომელიც  ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) დირექტორია, შეხვედრაზე გაიხსენა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ეწინააღმდეგებოდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, ეკლესიის წარმომადგენელთა საუბარი ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, ასევე, მართლმადიდებელთა მიერ რელიგიური უმცირესობებისათვის სალოცავი შენობის აგებისთვის ხელის შეშლის ფაქტები და ა.შ.

“შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჯარო დისკურსი არის ანტილიბერალური, ანტიდასავლური და უფრო მეტად ორიენტირებული არის რუსეთისკენ,”- აღნიშნა მან.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმოამდგენელმა კახა გოგოლაშვილმა შეხვედრაზე რელიგიისა და ევროინტეგრაციის ურთიერთდამოკიდებულებაზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, რომ რელიგია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი აქტივობა ჩვენს ცხოვრებაში, ემსახურება ან უნდა ემსახურებოდეს სიკეთეს და კარგ მიზნებს. მიმაჩნია, რომ ევროპიზაცია საქართველოსთვის ეგზისტენციალური მიზანია. ვიმედოვნებ, რომ ისეთი ძლიერი და დიდი რელიგიური ორგანიზაცია, როგორიც მართლმადიდებელი ეკლესიაა, შეიტანს წვლილს ამ მიზნის მიღწევაში,”- აღნიშნავს ის.

გოგოლაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკის მეცნიერები, რომლებიც თავად სულაც არ არიან რელიგიურები, საუბრობენ ქრისტიანობის მნიშვნელოვან როლზე დემოკრატიული ღირებულებებისა და ცივილიზაციის განვითარებაში. მისივე თქმით, ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულება სწორედ რელიგიის თავისუფლებაა.

კემბრიჯის უნივერსიტეტის რელიგიისა და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ჯად ბერდსელმა კი თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რელიგიასა და დემოკრატიას თანაარსებობა შეუძლიათ. მისი განცხადებით, დღეს ბევრი დემოკრატიული ქვეყანა რელიგიურობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ბერდსელი ამბობს, რომ აშშ, ბევრი ქვეყანა ლათინურ ამერიკაში, ინდოეთი, ფილიპინები, სამხრეთ კორეა და ა.შ. არიან მაგალითი იმისა, თუ როგორც შეიძლება რელიგიური ქვეყნები იყვნენ ამავდროულად დემოკრატიულებიც.

ბერდსელის თქმით, რელიგია არის რწმენებისა და ქცევების ნაკრები, რომელიც ადამიანების ცხოვრების გზას წარმართავს და იქნება თუ არა ეს ქცევები დემოკრატიული, ძირითადად დამოკიდებულია იმ სოციალურ გარემოზე, რომელშიც კონკრეტული რეილიგიური ჯგუფი ცხოვრობს.

ამავდროულად, ბერდსელის თქმით, ყველა დემოკრატიას აქვს საკუთარი ტრადიციები და საკუთარი ხედვა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ყველა ჯგუფს აქვს რელიგიის თავისუფლება.

“არ არსებობს მხოლოდ ერთი გზა თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ, არ არსებობს მხოლოდ ერთი მოდელი, რომელსაც ყველა ქვეყანა უნდა მიჰყვეს,”- განაცხადა ბერდსელმა შეხვედრაზე.

გარდა ამისა, ბერდსელის თქმით, რელიგიურ ჯგუფებს სჭირდებათ რელიგიური მიზეზები იმისათვის, რომ მიიღონ დემოკრატია, ამიტომაც ამისათვის თეოლოგიური რესურსები უნდა მოიძებნოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი