კომენტარი

ხარვეზები საჯარო ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით – ინტერვიუ ლევან ავალიშვილთან

15 იანვარი, 2016 • 2453
ხარვეზები საჯარო ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით – ინტერვიუ ლევან ავალიშვილთან

რა პრობლემები არსებობს ღია მონაცემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით საქართველოში? მუშაობს თუ არა კანონი საჯარო რეესტრის შესახებ და რამდენად საჭიროებს ის განახლებას? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საჯარო სექტორმა ერთ სივრცეში მოაქციოს ღია ინფორმაცია და თავის დროზე მიაწოდოს დაინტერესებულ მოქალაქეებს? – ამ საკითხებზე ნეტგაზეთი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმდჯომარეს, ლევან ავალიშვილს ესაუბრა.

  • მაშინ, როდესაც ძალაში შევიდა კანონი ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ, იყო თუ არა იმის მოლოდინი, რომ ეს კანონი მოაწესრიგებდა და ერთ სივრცეში მოუყრიდა თავს საჯარო სექტორში არსებულ ინფორაციებს? როგორ შეასრულა ამ კანონმა თავისი ფუნქცია და როგორ ასრულებს ახლა?
  • რა თქმა უნდა, მოლოდინი იყო. ამ კანონის მიღების მიზანიც ეს იყო და ეს არის საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა. ესტონეთის ელექტრონული მმართველობა, ზოგადად, ესტონეთის საჯარო სექტორი იმიტომ განვითარდა, რომ სწორედ ამით დაიწყეს. ჯერ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვაქვს და მერე ამაზე უნდა დავაშენოთ ჩვენი სერვისები, პროექტები, ინვესტიციები, თუ რაც იქნება. ეს იყო მიზანი, რომ სახელმწიფოს დაწესებულებებს რა ინფორმაციაც აქვთ, აქ საუბარია მონაცემებზე. ამ შემთხვევაში, აქ არ არის დოკუმენტებზე საუბარი. ეს იყო მიზანი, იმიტომ, რომ რეესტრში თავმოყრილია ყველა უწყების შემთხვევაში ჩამონათვალი, თუ ვის რა მონაცემთა ბაზა აქვს, რა რეესტრი აქვს, რა ელექტრონული სერვისი აქვს და აქტივი ინფორმაციების. ზოგადად, ეს იყო იდეა. პირველ ეტაპზე შეივსო. ჩვენ ამას 2012 წლიდან ვამონიტორინგებდით, სხვათა შორის. ადრეც მოვითხოვეთ ეს ინფორმაცია. მეორე ეტაპზე, 2011 წელს შეივსო და 2012 წლის დასასრულიდან, სამწუხაროდ, ალბათ დაემთხვა პოლიტიკური ცვლილებები და აღარ შევსებულა საერთოდ. ჩვენ ახლა, აგვისტოში მოვითხოვეთ ხელახლა ინფორმაცია, თუ რამდენი რეესტრი დარეგისტრირდა რეესტრთა რეესტრში 2012 წლის მერე, ანუ, 2013-ის იანვრიდან. აღმოჩნდა, რომ აგვისტოს ჩათვლით არც ერთი. სამი წლის განმავლობაში, 2013-14-15 წლის პერიოდში საერთოდ არც ერთ საჯარო დაწესებულებას საქართველოში არ დაურეგისტრირებია ახალი ინფორმაციის ბაზა თუ რეესტრი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირდაპირ კანონის დარღვევა იმიტომ, რომ ყველას პირდაპირი ვალდებულებაა, ეს მონაცემები იქ დაარეგისტრიროს.
  • როგორც აღნიშნეთ, ზოგიერთი საჯარო დაწესებულებიდან პასუხიც არ დაგიბრუნდათ, ზოგმა კი განაცხადა, რომ რეესტრი არ გააჩნიათ. ბადებს თუ არა ეს ეჭვს, რომ საჯარო სექტორში არ ყავთ კომპეტენტური კადრები, ვინც ამ ინფორმაციის თავმოყრაზე იმუშავებს, თუ უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე და უწყებებს უბრლოდ არ აინტერესებთ ეს საკითხი?
  • იმ შემთხვევაში, როდესაც არ გვიპასუხეს, ინფორმაციის არმოწოდების პრობლემა იყო და არა კომპეტენტურობის, ჩემი აზრით. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც პასუხი მოგვცეს და გვითხრეს, რომ არ აქვთ საერთოდ მონაცემთა ბაზა და რეესტრი, აქ უკვე კომპეტენტურობის პრობლემაა. იმიტომ, რომ არ არსებობს არა მხოლოდ უწყება, არამედ არც ერთი ჩვეულებრივი კომერციული ორგანიზაციაც კი, რომელსაც არ აქვს რაიმე სახის მონაცემთა ბაზა თუ რეესტრი. მაგალითად, მიღებული და გაგზავნილი წერილების ჟურნალი, რომელიც, ასევე, არის რეესტრი და რომელიც აქვს აბსოლუტურად ყველა ორგანიზაციას. როდესაც უწყება, სამინისტრო გეუნბება, რომ საერთოდ არ აქვთ არანაირი რეესტრი… ჩვენი მოთხოვნა არ იყო, რომ თვითონ ეს რეესტრები მოეცათ. ჩვენი მოთხოვნა იყო, რა რეესტრები და მონაცემთა ბაზები გაქვთ, რას ფლობთ და რას განკარგავთ – ეს იყო მოთხოვნა და არა რეესტრი. აქ მინდა აღვნიშნო, რომ არ იფიქროს მკითხველმა, რომ ჩვენ მოვითხოვეთ ეს ინფორმაცია და არ მოგვცეს. არა, ჩვენ მოვითხოვეთ ჩამონათვალი და როცა სამინისტრო გეუნბება, რომ საერთოდ არ აქვთ მონაცემთა ბაზა და რეესტრი, აქ, რა თქმა უნდა, კომპეტენტურობის საკითხი დგება.
  • სჭიროა თუ არა ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო კანონში ცვლილებების შეტანა? ხედავთ იმის აუცილებლობას, რომ საჯარო სექტორს კანონი უფრო მკაცრად ავალდებულებდეს მათი მუშაობის შესახებ ინფორმაციის თავმოყრას და განთავსებას კონკრეტულ ვებ-გვერდზე ერთ სივრცეში?
  • კი, სამწუხაროდ, ჩვენმა მოკვლევამ დაადასტურა, რომ თუ სავალდებულო არ გახდა და სანქციები არ იქნება დაწერილი, როგორც აღმოჩნდა, კანონი არ იმუშავებს. კანონი ახლაც არის, მაგრამ სანქცია და პასუხისმგებლობა ამის განხორციელების არ არსებობს. შესაბამისად, ვალდებულება აქვთ, მაგრამ არ აკეთბენ და ამის გამო არც პასუხი მოეთხოვებათ. ამიტომ უნდა გამკაცრდეს იმისთვის, რომ კანონმა იმუშაოს. ამან უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ქვეყნის საჯარო მმართველობა, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და ელექტრონული მმართველობა განვითარდეს. პრინციპში, ეს ძალიან რთული იქნება.
  • როგორ უნდა უზრუნველყოს მთავრობამ პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება, სადაც განსაზღვრული იქნება საჯარო სექტორის ღია მონაცემების მართვისა და სავალდებულო გამოქვეყნების ერთიანი სტანდარტები?
  • ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, სანამ კანონში რამე ცვლილება შევა და კანონში ცვლილებიბი არის კიდევაც იმ კანონპროექტში, რომელიც მომზადებულია, იქ არის ეს გაწერილი. ეს აუცილებლად მოხდება. მთავრობამ უნდა განსაზღვროს ეს, იმიტომ, რომ მათ აქვთ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება, რომელიც ასევე ჩვენი რეკომენდაციით იყო. იქ წერია, რომ გარკვეული ტიპის მონაცემები პროაქტიულად საკუთარ ვებ-გვერდებზე უნდა დადონ უწყებებმა. ამავე დადგენილებაში რომ შევიდეს ცვლილება, რომ შევიდეს ცვლილება და ჩაეწეროს, მაგალითად, ყველა უწყებამ საკუთარი ინფორმაციის ბაზა და რეესტრი, მაქსიმალურად უნდა იყვნენ მიმართული იმისკენ, რომ ატვირთონ ერთიან ღია მონაცემების პორტალზე – data.gov.ge. მე ვფიქრობ, რომ ამ დონეზე, პირველ ეტაპზე, რაღაც დონეზე პრობლემა მოგვარდება. აღარ იქნება ისე, როცა 117 მონაცემთა ბაზა არის მხოლოდ გამოქვეყნებული, როცა არის ათასობით სხვადასხვა უწყებებში.
  • არის თუ არა შესაბამისი კანონპროექტი მზად, სადაც გათვალსწინებული იქნება საქართველოში ღია მონაცემთა გამოქვეყნებისა და ხელმისაწვდომობის საკითხები?
  • მე პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ვალდებულება ახალი კანონის მიღების საქართველო მთავრობამ აიღო 2013 წელს, როცა დაამტკიცა საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმა 2014-15 წლების. ამ ვალდებულების მიხედვით, მათ ეს კანონპროექტი უნდა შეეტანათ პარლამენტში 2015 წლის ბოლოს. ამისთვის შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩართული იყო IDFI, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო, ექსპერტები და იუსტიციის სამინისტრო. კანონპროექტის ვერსია შემუშავდა და 2014 წლის სექტემბერში გაიგზავნა იუსტიციის სამინისტროში. მას მერე ჩვენ გვესმის საჯარო განცხადებები, რომ ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ დღემდე ეს პარლამენტში არ წარუდგენიათ. თორემ ეს კანონპროექტი, რომელზეც ჩვენც ვმუშაობდით, ბევრი ის პრობლემური საკითხი, რაც ღია მონაცემებს და სხვა საკითხებს უკავშირდება, გათვალისწინებულია.
  • თქვენი კვლევის მიხედვით, რამდენად ასრულებენ საჯარო დაწესებულებები და უწყებები იმ მოვალეობას, რასაც მათ კანონი ავალდებულებთ?
  • რეესტრთა რეესტრში, ფაქტობრივად, არავინ, არც ერთი უწყება აქვეყნებს საქართველოს მასშტაბით. ახლა, ბოლო პერიოდში, აგვისტოდან სულ 20 რეესტრი დარეგისტრირდა. ეს კანონის არაღსრულების პრობლემაა. რაც შეეხება ღია მონაცემთა პორტალს, აქაც შემიძლია ვთქვა, რომ სულ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 17 დაწესებულება აქვეყნებს თავის მონაცემებს. მაგალითად, ერეოვნული ბანკი არის ერთ-ერთი საუკეთესო ამ მიმართულებით, იუსტიციის სამინისტროს და განათლების სამინისტროს სიპები და რამდენიმე სხვა დაწესებულება. უმეტესობა არ ცდილობს, რომ პროაქტიულად ხელმისაწვდომი გახადოს საკუთარი ღია მონაცემები ამ პორტალზე. ასე გამოყოფა არ შემიძლია. შეიძლება ვთქვა, რომ უმეტესობა.
  • ინტერნეტიზაციის პროცესი, რომლსაც მთავრობა ბოლო პერიოდში დიდ ყურადღებას აქცევს, რამდენად გაააქტიურებს და ჩართავს ამ პროცესში საზოგადოებას? ვგულისხმობ საჯარო ინფორმაციის მიღებას ინტერნეტის საშუალებით.
  • სხვათა შორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენი რეკომენდაციით და ინიციატივით თავის დროზე ეს ცვლილებები შევიდა კანონში და დღეს ელექტრონული ინფორმაციის მოთხოვნა შეიძლება, თუმცა პრობლემა, რა თქმა უნდა, არის გარკვეული ბარიერები. მაგალითად, ის, რომ კანონში არ არის ეს ვალდებულება მკვეთრად დაფიქსირებული, არამედ არის ნორმატიული დოკუმენტების, კანონქვემდებარე დოკუმენტების დონეზე. ამიტომ პარლამენტიდან სხვანაირად შეგიძლიათ ელექტრონული დოკუმენტების მოთხოვნა და სამინისტროდან სხვანაირად. ანუ, ერთიანი სტანდარტი არ არსებობს. სტანდარტის დამკვიდრება არის აუცილებელი და ამას ითვალისწინებს ჩვენი კანონპროექტიც, რომელშიც მათ შორის არის ელექტრონული მოთხოვნის პროცედურები გარკვეულწილად გაწერილი. სხვა მხრივ, გასაგებია, რომ ინტერნეტიზაცია ხელს შეუწყობს იმას, რომ გაიზრდება ინტერნეტის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა. თუმცა, მე ვთვლი, მობილურების გამოყენებით ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ისედაც მაღალია საქართველოში. თუმცა ეს ჩქარი ინტერნეტის მიყვანა ყველა დაწესებულებაში და მთელი საქართველოს დაფარვა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს გახდის ასეთი კანონების მოქმედებას და იმპლემენტაციას, რაც რეესტრთა რეესტი არის თუ ღია მონაცემთა პორტალი. იმიტომ, რომ მეტი მომხმარებელი იქნება და მეტი სერვისის შექმნა იქნება შესაძლებელი. როგორც კვლევაშიც ავღნიშნეთ, ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა, პირველ რიგში, აუცილებელია ბიზნესსექტორის განვითარებისთვის. რაც უფრო მეტი ინტერნეტის მომხმარებელი იქნება საქართველოში, მით უფრო გაიზრდება ღია მონაცემების გამოყენების პროცენტი იმიტომ, რომ უფრო მეტი სერვისის შემქნა შეიძლება, მეტი მოგება მიიღოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა; შექმნას რაღაც ბიზნესიდეები, ისევე, როგორც ამერიკაში – ამაზონიდან დაწყებული, იბეით დამთავრებული, ყველაფერი განვითარდა სწორედ ინტერნეტის განვითარების პარალელურად. ჩვენთან ძირითადად ვიყენებთ საერთაშორისო პრაქტიკას. ისიც, რაც არის, ჩემი აზრით, კარგად განვითარებული არ არის, მაგრამ ეს მომავალია და მასზე მიბმულია.
  • იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულებამ, რომელიმე უწყებამ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ მოგცათ დაწესებულ ვადაში და საერთოდ არ მიაქცია ყურადღება კანონს, რას ავალდებულებს კანონი იმ უწყებას?
  • ამ შემთხვევაში კანონში არანაირი პროცედურა არ არის გაწერილი. ერთადერთი არის ადმინისტრაციული საჩივარი, მერე სასამართლოს მიმართვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ უფლებას ვიყენებთ, უბრალოდ, უმეტეს შემთხვევაში, პროცესი იწელება და შეიძლება 5-6 თვე დასჭირდეს ადამიანს, რომ ინფორმაცია საბოლოო ჯამში მიიღოს. ინფორმაცია მალფუჭებადი პროდუქციაა და ინფორმაციის არსი არის ის, რომ რაღაც დროის პერიოდში აქვს მას ღირებულება, მერე უკვე კარგავს ფასს. ხშირ შემთხვევაში, ამ დიდი პროცედურების გავლის მერე, ბოლოს, როცა მიიღებ, უკვე აზრი აღარ აქვს – ვერ გამოიყენებ ვერც კვლევაში, ვერც ადვოკატირებაში… იმ კანონპროექტში, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, იქ შემოდის საჯარო ინფორმაციის კომისიონერის აპარატი, ახალი სტრუქტურა, რომელიც გვინდა, რომ შეიქმნას საქართველოში. ეს იქნება, როგორც სახალხო დამცველი უფლებების დაცვის კუთხით და პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დაცვის კუთხით, ჩვენ გვინდა, ინფორმაციის თავისუფლების კუთხით არსებობდეს კომისიონერი, რომელიც დააჯარიმებდა დაწესებულებებს ამ ვადების დარღვევისთვის, ინფორმაციის არგამოქეყნებისთვის და კანონის არაღსრულებისთვის.
  • იმ კანონპროექტში, რომელიც ახლა იუსტიციის სამინისტროში ინახება, არის ეს ჩაწერილი?
  • კი, რა თქმა უნდა. უზარმაზარი თავია, რომლის ადვოკატირებასაც უშუალოდ ჩვენ ვახდენთ და რამდენი წელია ვმუშაობთ. კანონპროექტის მთავარი, ძირითადი არსი სწორედ არის ის, რომ უნდა შეიქმნას ინფორმაციის თავისუფლების მონიტორინგის ოფიციალური მექანიზმი, რომელსაც ექნება საშუალება, დააჯარიმოს უწყებები, მოსთხოვოს ინფორმაციის გამოქვეყნება და, ზოგადად, იყოს მაკონტროლებელი ორგანო ინფორმაციის თავისუფლების კუთხით. ჩვენ გვყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით მაკონტროლებელი ორგანო, მაგრამ არ გვყავს ამის დამბალანსებელი და დღეს მარტივი გახდა ინფორმაციის დამალვა სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით.
  • თქვენი აზრით, სწორედ ამას ხომ არ ერიდებიან უწყებები, რომ ეს კანონი თუ ამოქმედდება, ისინი ხშირად დაჯარიმდებიან?
  • არ ვიცი, ვერ გეტყვით. ჩვენ ვიცით, რაც გავუგზავნეთ, მაგრამ არ ვიცით, როგორ დამუშავდება, რა გამოვა საზოგადოებრივ სამსჯავროზე. ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს. ვიცით, რომ იუსტიციის სამინისტრო არის პასუხისმგებელი ამ კუთხით, საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი საერთაშორისო საზოგადოებსი წინაშე იმიტომ, რომ ვალდებულება აიღო ამის გაკეთების. როგორი სახით წარმოადგენს, ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს. მეტიც, 2015 წელს უკვე უნდა წარმოედგინათ, მაგრამ ეს ვალდებულება არ შეასრულეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი