კომენტარი

თორნიკე შარაშენიძე: კალაძისგან რაც მოვისმინეთ, ტრაგიკული არაფერი არ ხდება

12 იანვარი, 2016 • 1882
თორნიკე შარაშენიძე: კალაძისგან რაც მოვისმინეთ, ტრაგიკული არაფერი არ ხდება

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე, რომელიც 12 იანვარს გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ ენერგეტიკის მინისტრთან გამართულ შეხვედრას დაესწრო,  აცხადებს, რომ “რაც ისაუბრეს,  ამის მიხედვით ცუდი და კატასტროფული არაფერი არ ხდება”.

 

თუმცა შარაშენიძე იქვე დასძენს, რომ  გარანტია იმისა, რომ “ეს ყველაფერი [რაზეც კალაძემ ისაუბრა] არის სიმართლე და სხვა რამეს არ იტყვიან ხვალ, როცა ახალ განცხადებებს გაავრცელებენ, არ არსებობს”.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე  ექსპერტებს დღეს შეხვდა და გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ ესაუბრა.

შარაშენიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმის შესახებ, რომ “არაფერს არ აშავებენ და ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ გვაქვს დეფიციტი გაზის, და ამ დეფიციტის გამო საჭიროა გაზპრომთან მოლაპარაკებები”.

 

თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ გაზპრომთან მოლაპარაკებებისას პროცესის გაუმჭვირვალობა იმით ახსნა, რომ  პარტნიორებთან  [აზერბაიჯანთან] არიან უხერხულ მდგომარეობაში.

“ ამიტომაც ვერ ვასაჯარაოებთ რაღაცებსო”.

 

შარაშენიძის თქმით, საუბარია საქართველოს კომერციული სექტორის  გაზპრომის გაზით მომარაგებაზე.

 

“აქ ორი ვარიანტია, შეიძლება მართლაც არ ყოფნის “სოკარის” გაზი კომერციულ სექტორს, მეორე ვარიანტი არის, უბრალოდ, არ გვეუბნებიან.  ჩემი ვარაუდი არის ის, რომ “სოკარის” გაზი ძვირია და “გაზპრომის” შემოყვანით ცდილობენ სოკარს ფასი დააკლებინონ. რამდენად ჭკვიანური პოლიტიკაა ეს, თქვენ განსაჯეთ”, – აცხადებს შარაშენიძე.

 

მისი თქმით, “ კატასტროფული მდგომარეობა ნამდვილად არ არის.  ჩვენს მთავარ მომწოდებლად რჩება სოკარი, ესაა მნიშვნელოვანი.  ამიტომ მაინც, საბოლოო ჯამში, რაც მოვისმინეთ, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ტრაგიკული არაფერი არ ხდება, იმედი მაქვს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი