კომენტარი

ელისაშვილი: მინდა დავიჯერო, რომ ბადაშვილს აქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არ მოიტყუება

13 დეკემბერი, 2015 • 1661
ელისაშვილი: მინდა დავიჯერო, რომ ბადაშვილს აქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არ მოიტყუება

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი “რუსთავი 2”-თან საუბარში იხსენებს პერიოდს, როდესაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა და რა დროსაც, მასზე არაპირდაპირი ზეწოლა ხორციელდებოდა. ელისაშვილი საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც მან ერთი წლის დაგვიანებით ღიად გადაწყვიტა ესაუბრა იმაზე, თუ როგორ ცდილობდნენ თანამდებობის პირები შეწყალების კომისიაზე გავლენით ემოქმედათ და  ფულის სანაცვლოდ კონკრეტული მსჯავრდებულები გაეთავისუფლებინათ. ელისაშვილი ეკა ბესელიას და გიორგი გოგაძის განცხადებებსაც პასუხობს.

როგორც ალეკო ელისაშვილის ამბობს, მისი კომისიაში მუშაობისას, სააღდგომოდ პატიმრების შეწყალებაზე გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან ზედმეტი ინტერესი იგრძნობოდა:

“მე მხოლოდ 5 თვე ვიმუშავე და საქმეში პირდაპირ შევედი. თავიდან არ ვიცოდი, რა როგორ უნდა ყოფილიყო. თან ჩავარდნილი იყო ერთი გიორგობის შეწყალება და დეკემბერში გავაკეთეთ წინასაახლაწლო შეწყალება. მაშინ ყველა მირეკავდა და ყველას ვხვდებოდი. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო: ჩემი ნათესავები, ახლობლები, დეპუტატები, მინისტრები, ყველანი… ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ ერთ საქმეზე თითქოს რაღაცა ზედმეტი ინტერესი იყო გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან და ვითომც არაფერი. მეორე შეწყალებაზე ეს ზედმეტი ინტერესი გაგრძელდა და უკვე მესამე შეწყალებაზე, უკვე სააღდგომოდ, რის შემდეგაც მე წამოვედი, იყო პირდაპირი ისტერიკა რამდენიმე პოლიტიკოსისგან – გინდა თუ არა, ეს საქმე რატომ არ გაგაქვთ, ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, ეს საქმე გაიტანეთ განსაკუთრებული წესით… ვეუბნებოდი, ვერ გავიტან ამას, იმიტომ, რომ კრიტერიუმებში არ ჯდება. კრიტერიუმებში რომ არ ჯდება, ვიცით, მაგრამ ეს საქმე აუცილებლად უნდა გაიტანო, ისინი პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს და ა.შ. კონკრეტულ მსჯავრდებულებზე იყო საუბარი.”

მისი თქმით, კომისიაში მისი ხელმძღვანელობის დროს ურეკავდნენ და წერდნენ მესიჯებს მსჯავრდებულების შეწყალების მიზნით, თუმცა ბოლო შეტყობინება იყო კატეგორიული.

“შენ როგორ ბედავ ჩვენი ამ მოთხოვნის იგნორირებას და პირდაპირ ასეთი… სულ ძახილის ნიშნებით იყო ეს უზარმაზარი მესიჯი გამოგზავნილი. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე. თან ეს საქმე რომ ვნახე, ძალიან რთული იყო და არ იყო ასე მარტივი საქმე. მე პირადად პოლიტიკური ნიშნები იქ ვერ დავინახე. ამიტომ, მერე ჩემი ეჭვები გავუზიარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს. ეს მესიჯები მასაც და პრეზიდენტსაც ვაჩვენე. ამ საქმეზე ჩემთვის თანხა არ შემოუთავაზებიათ, თუმცა არაპირდაპირ რამდენჯერმე მოვიდა ქალბატონი, რომელიც მეუბნებოდა, რომ შენ თუ ჩემს შვილს სულ მცირე გაუნახევრებ, პატივისცემა ჩემზე იქნებაო. “რასაც მთხოვ, პატივს გცემ”. ასე გახსნილად თანხა არავის შემოუთავაზებია, მაგრამ პატივისცემაზე იყო საუბარი და მე, რა თქმა უნდა, იქვე ვაწყვეტინებდი საუბარს. ვეუნბებოდი, რომ თუ ამას გააგრძელებთ, იცოდეთ, იძულებულები ვიქნები, გაგიშვათ ოთახიდან. თუ კიდევ ცდილობდა, მერე ვეუნბებოდი, რომ ახლა დავრეკავ ქვემოთ დაცვასთან და გაგიყვანენ,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი “რუსთავი 2”-თან საუბარში.

დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც მის ახლობლებს მსჯავრდებულების შეწყალების სანაცვლოდ თანხასაც სთავაზობდნენ:

“მაგალითად, მამაჩემს შესთავაზეს 20 ათასი დოლარი და ჩემს ახლობლებსაც შესთავაზეს ასეთი დათქმითაც, რომ “თუ გინდა, ნუ ეტყვი, შენ აიღე და დაგვეხმარე ოღონდ საქმის გაკეთებაში”. ეს ხმები სულ იყო. კონკრეტულ ფაქტს გეტყვით: მე ვიყავი აბსოლუტურად სხვა შეხვედრაზე, ჩემთან მოვიდა ერთი მაღალი თანამდებობის ადამიანი, რომელიც დღეს ასევე სხვა მაღალ თანამდებობაზეა და მან მითხრა, ეს საქმე თუ იციო. რამდენიმე მსჯავრდებული დამისახელა. ვუთხარი, რომ ვიცი. თუ იცი, ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე პოლიტიკოსის ინტერესიო. ჰოდა, გავფაციცდი – აბა, აბა, მითხარი მეთქი, რავიცი მეთქი. ძალიან სერიოზულ ადამიანზე მაქვს ლაპარაკი. მითხრა, რომ 200 ათასი დოლარი აქვთ ამათგან “ბე”-ს სახით აღებულიო და საერთო ჯამში, თუ გათავისუფდლებიან და თუ მოახერხებ, შენ გაგათავისუფლებინონ, მილიონნახევარს აიღებენო. ასევე, მითხრა, რომ ეს ხალხი იყო პოლიტპატიმართა სიაშიო, მაგრამ შსს-მ ამოიღო და კატეგიორუილად ეწინააღმდეგებოდა ამასო. ამიტომ ახლა ცდილობენ, რომ შეწყალებიდან გაიყვანონ ეს ხალხი, ვინაიდან პირობა აქვთ მიცემული იმ კონკრეტული დამკვეთისთვისო. ამ მსჯავრდებულების გათავისუფლებით კონკრეტული ხალხი იყო დაინტერესებული.”

ელისაშვილი ამბობს, რომ ის პოლირიკოსების სახელებს მსჯავრდებულების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებს: “არ მინდა ამაზე საუბარი, იმიტომ, რომ მსჯავრდებულები ახლა საპატიმროში იმყოფებიან და არ მინდა, მათ ვითარება დაუმძიმდეთ. ისინი არ გათავისუფლებულან. არ იყო ეს მარტივი საქმე. ძალიან რთული საქმე იყო, ამიტომ მეძალიან ფრთხილად ვუყურებდი ამ ყველაფერს.”

როგორც ალეკო ელისაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, შეწყალების კომისიაში მუშაობისას ის არაპირდაპირ ზეწოლას განიცდიდა. საკრებულოს წევრი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსმა მაღალი თანამდებობის პირების მესიჯი გადასცა კონკრეტული მსჯავრდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, მისი ეჭვები გაუმყარდა.

“რომ ვკითხე, საიდან ქონდა მას ეს ინფორმაცია, იმიტომ, რომ ჩემს ეჭვებს და განცდებს დაემთხვა ეს ყველაფერი – არაპირდაპირ ზეწოლას ჩემზე. ეს ამბავიც რომ გავიგე, ვუთხარი, საიდან იცოდა და მან მითხრა, რომ ნამვდილად აქვს ინფორმაცია. საფუძველიც მქონდა, თუ საიდან შეიძლებოდა მას კავშირი ქონოდა და პირველადი წყაროდან უნდა ქონოდა მას ინფორმაცია. ამიტომ პირდაპირ ამ შეხვედრიდან კისრის ტეხით გავარდი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მოვითხოვე შეხვედრა. შევედი ლაშა აბაშიძესთან და არც ამომისუნთქვას, ისე მოვუყევი ეს ყველაფერი… ხომ გახსოვს ის მესიჯი, ხომ გახსოს რომელ პოლიტიკოსებზეც გაუნბებოდი… და ახლა მივიღე ამ ადამიანისგან ინფორმაცია მეთქი და მოდი, დაუყოვნებლივ შევხვდეთ პრეზიდენტს. იქვე, ერთი სართულით ქვევით, ჩავედით პრეზიდენტთან და სხაპასხუბით მოვუყევი ეს ამბავი. ხომ გახსოვს ეს მესიჯები, ეს ზარები… ხომ გეუბნებოდი, რომ რაღაც უცნაური ამბავია და ახლა მივიღე ეს ამბავი მეთქი ამა და ამ კაცისგან. სამნი ვისხედით ოთახში და პრეზიდენტმა პირდაპირ უთხრა: შემოიყვანეთ ერთი კონკრეტული თანამშრომელიო. ძაიან გონიერ ბიჭს და უძახეს, რომელმაც ახლა ჩვენებაც მისცა და უთხრეს, რომ ალეკოს თავიდან-ბოლომდე მოუსმინე, გაიქეცი სპეცსამსახურებთან და უთხარი, ეს ამბავიაო; მიხედონ საქმეს და ყურადღების გარეშე არ დატოვონო. მე და ეს ახალგაზრდა კაცი გავედით პრეზიდენტის კაბინეტში და მე ყველაფერი მოვუყევი, რაც ვიცოდი: ეს მესიჯებიც, მანამდე ჩემი განცდებიც და ეს ინფორმაცია, თუ ვინ იყო წყარო და ვინ იყო ინფომრაციის მომწოდებელი. ეს ადამიანი წავიდა და სუს-ის მაღალჩინოსნებს ეს ინფორმაცია იმდღესვე მიაწოდა. სახელით და გვარით ვიცი ის პიროვნება, ვისაც მიაწოდა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე გამოძიებას ვცემ პატივს და ამიტომ ბევრ რამეს [საჯაროდ არ ვაცხადებ]. კი არ ვკეკლუცობ… მედიას კი არ ვაწვალებ და საზოგადოებას რაღაცას ვუმალავ, რომ არ ვიძახი… მე, როგორც კანონის პატივისმცემელმა ადამიანმა, მინდა პატივი ვცე გამოძიებას და დაველოდო, რომ მათ შედეგი დადონ,” – ამბობს ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ის აუცილებლად დაასახელებს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც შეწყალების კომისიაზე ცდილობდნენ თავისი გავლენით პატიმრების გამოყვანას. თბილისის საკრებულოს წევრი ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება და ეჭვობს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მისი ჩვენება წაკითხული აქვს:

“აუცილებლად დავასახელებ, კიდევ ერთხელ ვამბობ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავრწმუნდები, რომ პროკურატურა მუშაობს ჩაფარცხვაზე. პირველი, რაც მე ძალიან არ მომეწონა, იყო ის, რომ უცბად გამოხტა ეკა ბესელია და ამბობს, რომ ცრუ ჩვენებისთვის ელისაშვილი დაისჯება. გამიჩნდა ეჭვი და ლოგიკური კითხვა: რა იცის მან, მე რა ჩვენება მივეცი. ჭეშმარიტებას ვღაღაცებდი მე იქ, თუ 10 მცნებას ვუკითხავდი გამომძიებელს, თუ რაღაც სისულელეებს ვბოდიალობდი, ეს ბესელიამ საიდან იცის? მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ ხომ არ წაიკითხა მან ჩემი ჩვენებები.”

როგორც თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, მას არ ქონდა პროკურატურაში მისვლის და განცხადების დაწერის ვალდებულება. მისი თქმით, მას შესაბამისი ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ქონდა. როგორც ელისაშვილი აცხადებს, მისი და პროკურორების შეხვედრა შესაძლებელია პროკურატურის ვიდეოკამერებითა და კომპიუტერით მარტივად შემოწმდეს.

“მე მივაწოდე ინფორმაცია, როგორც გითხარით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, პრეზიდენტს… ზუსტად ვიცი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კონკრეტული ადამიანი წავიდა და სუს-ის ძალიან მაღალი თანამდებობის პირი ჩააყენა საქმის კურსში. შემდეგ პრეზიდენტმა მოისმინა მისგან ანგარიში. ამ ბიჭმა მისცა ჩვენება და იქ ყველაფერი არის დაფიქსირებული. ამის შემდეგ გავიდა გარკვეული პერიოდი – მე წამოვედი შეწყალების კომისიიდან. შემდეგ საარჩევნო პროცესში ვიყავი ჩართული და როცა უკვე დეპუტატი გავხდი, ორ ამომრჩეველს მივყევი მათ საქმეზე. ფული გადარიცხეს, კონტეინერი იყიდეს და ეს კონტეინერები დაიკარგა. ეს არავისთვის საინტერესო არაა, ამ ოჯახის ტრაგედიაა. მოკლედ, ამერიკიდან ეს ფული შეუჭამეს, ბინა გაყიდა ამ ხალხმა და დარჩნენ ასე. ესენი მთხოვდნენ, რომ შეგვახვედრე ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორსო, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვართ, ჭიანურდება ეს საქმეო. ახლა წარმოიდგინეთ, [გიორგი] გოგაძე როგორი უტირაფია. როგორ მარტივად ვადასტურებ, რომ მე [გიორგი] ბადაშვილთან ნამდვილად ვიყავი. მან თქვა, რომ სულ სხვა საქმეზე იყოო. ერთი კონკრეტული ადამიანისგან, ვაკა-საბურთალოს პროკურორ ნიკა სანიკიძისგან იყო სამ ადამიანზე საშვი დაშვებული. ჩვენ სამნის შევედით ერთად: მე და ის ორი მოქალაქე და ერთ საათში ორი მოქალაქე გავიდა. ეს ხომ ელექტრონულად ფიქსირდება – ვიდეოკამერები იღებენ. დავრჩი მე. ერთი საათის დაგვიანებით გავედი შენობიდან. რას ვშვრებოდი ამდენი ხანი პროკურატურაში: ნარდს ვთამაშობდი თუ ფეხბურთს? რა თქმა უნდა, მე ვიყავი პროკურატურის შენობაში დამატებით ერთი საათი, იმიტომ, რომ ბატონი გოგაძე შემოვიდა ჩვენი შეხვედრის ოთახში. მთხოვა, რომ ბატონი გიორგი ბადაშვილი თქვენთან გაცნობით შეხვედრას ითხოვსო. პროკურატურაში რომ შედიხარ, პირველი რაც თვალში გეცემა, ყველგან კამერებია და ლიფტს აწერია, რომ მიმდინარეობს ვიდეოგადაღება. ლიფტით ავედით მე და გოგოაძე, შევედით ბადაშვილის კაბინეტში. ეს ხომ ყველგან არის დაფიქსირებული: ჯერ ერთ, რომ ელექტრონულად დაფიქსირდა, ერთი საათით გვიან გავედი შენობიდან, ვიდრე ის მოქალაქეები, რომლებთან ერთადაც შემოვედი და ყველა სართულზე, ყველა კაბინეტთან არის ვიდეოკამერა. ამოიღონ ჩანაწერები. ამას, ალბათ, ბევრი ფილოსოფია არ ჭირდება. ის, რომ ბადაშვილის კაბინეტში შევედით მე და გიორგი გოგაძე და იქ სამნი ვიმყოფებოდით, ხელის გულზე დევს. მზად ვარ, თვალებში ჩავხედო გოგაძესაც და ბადაშვილსაც. საყურადღებოა, რომ ბადაშვილი არ ჩანს და არ ვიცი… მე მინდა დავიჯერო, რომ მას აქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ამიტომ ტყუილის თქმას არ აპირებს,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი “რუსთავი 2”-თან საუბარში.

მისი თქმით, მაღალი თანამდებობის პირების მესიჯები შენახული აქვს და ამას აუცილებლად მიუტანს პროკურატურას. დედაქალაქის საკრებულოს წევრი აღნიშნავს, რომ პროკურატურა აქტიურად განაგრძობს დაკითხვებს.

“ყველას მეკითხება, რატომ ახლა? იცით, რა… მე მომწონს საზოგადოების სიფხიზლე, რომ ასე ხელაღებით არავის ენდობიან. ერთი წელი ველოდე ამის გახმაურებას. ერთს დავაზუსტებ: დავით უსუფაშვილს მე ინფომრაცია მივაწოდე ძალიან არაფორმალურ სიტუაციაში – ქორწილში ვიმყოფებოდით ერთხელ. ადამიანურად მესმის მისი და შეიძლება სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია. ქორწილში ღვინოს სვამ, აურზაურში მონაწილეობ… თინა ხიდაშელს კი ნამდვილად უნდა ახსოვდეს, მე რაც ვუთხარი, ვინაიდან თინა ხიდაშელისთვის ამის თქმის ერთადერთი მიზანი იყო – გთხოვ, სიტყვასიტყვით გადასცე ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს მეთქი, იმიტომ, რომ მე სხვანაირად არ ვიცოდი, როგორ მიმეწვდინა ხმა ივანიშვილისთვის.მე მისი ტელეფონი არ ვიცი და ახლა კარავს ვერ გავშლიდი სოლოლაკში. ერთადერთი მიზანი, რატომაც მე თინა ხიდაშელს ინფომრაცია მივაწოდე და დავით უსუფაშვილსაც (თუმცა, უსუფაშვილის ამბავი მესმის) იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მიეტანათ ინფორმაცია. ერთი წელი მე ხმას არ ვიღებდი, იმიტომ, რომ არ ვიცი ახლა… რთული ამბავია, ეტყობა, ამხელა ხალხზე მტკიცებულებები მოაგროვო,” – აცხადებს ელისაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში.

ალეკო ელისაშვილი დარწმუნდა იმაში, რომ მისი აქტიურობის მიუხედავად ყური არავინ შეიბერტყა, ხოლო ახლა რამდენიმე გარემოება დაემთხვა ერთმანეთს, რის გამოც საჯაროდ გადაწყვიტა ამ საკითხზე საუბარი:

“ერთი, რომ შეიცვალა პროკურორი და ნამდვილად ვაპირებდი შოთაძესთან უახლოეს მომავალში კომუნიკაციას, რომ კიდევ შევხვედროდი და მისთვისაც მეკითხა, რამე ხომ არ მოხდა ამასობაში, ხომ არ აპირებს რამეს. მეორე იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი – იმედი ამომეწურა და მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთბინა. ამ ინფორმაციას დიდხანს ვერ ვატარებდი ახლა გულით. და მესამე ამბავი, ყველამ ვიცით, რომ პატრიარქმა თქვა (ემოციური განცხადება), კარგი იქნებოდა  [ პატრიარქს ჰქონდეს შეწყალების უფლება] და ამით ისარგებლეს. უცბათ გაჩნდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც განაცხადეს, რომ პატრიარქს აუცილებლად ჭირდება [შეწყალების უფლება]. სისხლი გამეყინა. დავინახე, რომ ამ ხალხს პატრიარქისთვის შეწყალების მინიჭების უფლება კი არ უნდათ, პატრიარქის შარში გახვევა უნდოდათ, იმიტომ, რომ ის საქმეები, რომლებიც ვერ მიიყვანეს ბოლომდე (ვერც პოლიტპატიმართა სიაში დაასრულეს თავისი ბნელი საქმეები) და ვერც ჩემზე მოახდინეს გავლენა. არც ისეთი არიფი აღმოვჩნდი, როგორც მათ ეგონათ, რომ ასე – უი, რადგან მითხრეს, ამიტომ გავიტანა ის განსაკუთრებული წესით…”

მისი თქმით, პატრიარქისთვის შეწყალების უფლების აღჭურვით იმ პირებს, რომლებიც კონკრეტული მსჯავრდებულების გათავისუფლებას თხოვდნენ, სწორედ თავისი გავლენის განმტკიცება უნდოდათ.

“იმ საქმეების დასრულება და ახლის წამოწყება უნდოდათ, როგორც ჩანს, პატრიარქის ზურგს უკან. იქ მივხვდი, რომ უკვე მართლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა მე, როგორც ყოფილ შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, რომ პრევენცია მომეხდინა ამ ყველაფრის. რა თქმა უნდა, ამიტომ ვთქვი და ძალიან კმაყოფილი ვარ. ათი წუთი შემდეგ, მე რომ ეგ ვთქვი, ეგრევე დაიწყო გამოძიება. ყველაზე მეტად გული მეთანაღრება, რომ ეს გამოძიება არ წავიდეს ისე, როგორც მიდიოდა სააკაშვილის დროს ან თნდაც ბოლო პერიოდში როგორც მუშაობენ, ისე. შეხედეთ, უბრალოდ. ყველას აინტერესებდა, თუ რატომ ვერ აღდგა სამართლიანობა. გოგაძეს შეხედეთ… ადამიანს შეხედეთ, რომელსაც როგორც ახლა მე თქვენ გელაპარაკებით, ისეთი ნამდვილი ფაქტია: ვისხედით (ხელმარჯვნივ ბადაშვილი და მარცხნივ გოგაძე) და ამ ადამიანებს ველაპარაკებოდი, ხელფასს რომ იღებენ ხალხისგან და ჯიპებით დაქრიან და მთელი ამბავი, ამ ადამიანს, როგორც ადამიანურად ვეუნბებოდი, გამოვიდა, თვალი არ დაუხამხამებია და ისე თქვა, უტიფარი და თაღლით პირდაპირ. წარმოიდგინეთ ახლა, ეს რა საქმეებს გამოიძიებდა. ამიტომ არ ხდება პროკურატურაში საქმეების გამოძიებები, ასეთი უსირცხვილო პროკურორები სხედან იქ,” – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილიმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი თქმით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებულები.

ელისაშვილი პატიმრების შეწყალების კორუფციულ სქემებთან ზოგიერთი გავლენიანი პოლიტიკოსის კავშირის საკითხზე პროკურატურაში რამდენჯერმე დაიბარეს. თუმცა, იგი წერდა, რომ ამ ზეწოლის შესახებ დაახლოებით 1 წლის წინ თავად ჩააყენა საქმის კურსში მაშინდელი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი.

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ სიცრუე უწოდა ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მან დაახლოებით ერთი წლის წინ მაშინდელ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და მოადგილეს, გიორგი გოგაძეს მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გოგაძე აცხადებს, რომ ელისაშვილს მართლაც შეხვდა, თუმცა საუბარი შეეხებოდა არა შეწყალების კომისიას, არამედ ელისაშვილის პირად საკითხს. თუმცა, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე თავდაცვის პოზიციაშია და ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ელისაშვილს მისთვის ზეწოლასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუწოდებია.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი