კომენტარი

„ვერ შევძელით, ადამიანის უფლებები მიგვეღო უზენაეს ღირებულებად“

10 დეკემბერი, 2015 • 5147
„ვერ შევძელით, ადამიანის უფლებები მიგვეღო უზენაეს ღირებულებად“

„ყველა ადამიანი იბადება თანასწორი და განურჩეველი უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით“ – ეს არის ამონარიდი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან. დეკლარაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1948 წლის 10 დეკემბერს, გენერალურ ასამბლეაზე მიიღო. ეს დოკუმენტი იქცა ყველა ხალხის, ყველა ერის საერთო მონაპოვრად. დღეისთვის ის 350-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მეტ ენაზე თარგმნილ დოკუმენტს. საყოველთაო დეკლარაციის მნიშვნელობასა და საქართველოში ამ დოკუმენტის მოქმედებაზე ვესაუბრეთ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ეროვნულ უფლებადამცველ ოფიცერს საქართველოში ბესო ბოხაშვილს.

ბესო ბოხაშვილი, ფოტო: საია

ბატონო ბესო, რომ ვისაუბროთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის არსზე, რომელიც 67 წლის წინ მიიღო გაერომ, რა არის ეს დოკუმენტი და რას მოიცავს?

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში არ არსებობდა კონკრეტული ვალდებულებები, რაც ყველა სახელმწიფოსათვის იქნებოდა უნივერსალური. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ შეიქმნა გაერო, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი მშვიდობის, მსოფლიოში ურთიერთგაგების დამყარებასთან ერთად იყო ადამიანის უფლებების დაცვა. თუმცა იმ დროისთვის არ არსებობდა წარმოდგენა, რა იყო ეს კონკრეტული უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც თითოეული სახელმწიფოსათვის უნდა ყოფილიყო სავალდებულოდ დასაცავი.

სახელმწიფოები შეთანხმდნენ იმაზე, რომ უნდა შეედგინათ გარკვეული ჩამონათვალი იმ ღირებულებების, რომელთა დაცვაზე პასუხისმგებლობას აიღებდა თითოეული სახელმწიფო – ევროპის, ამერიკის კონტინენტის, აზიური თუ აფრიკული სახელმწიფოები. ამიტომ შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც მაშინ ხელმძღვანელობდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლე ელეონორ რუზველტი. ის სათავეში ჩაუდგა ამ კონკრეტულ ჯგუფს და ერთად დაიწყეს ე.წ. „მფრინავი იდეების“ ფურცელზე დატანა, კონკრეტული სიის ჩამოწერა.

1948 წელს აქტი მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ. ეს იყო პირველი საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღეს უნივერსალურ დონეზე.

საყოველთაო დეკლარაციის მიღებას გააჩნდა უდიდესი მნიშვნელობა. იგი აერთიანებდა ყველა სახის უფლებას, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური სახის, ასევე სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ხასიათის.

მიუხედავად ამ წინგადადგმული ნაბიჯისა, დეკლარაციას ჰქონდა ერთი დიდი მინუსი – სახელმწიფოებისთვის სამართლებრივად სავალდებულო არ იყო. ამიტომ გაერომ დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ შეექმნა სამართლებრივად სავალდებულო ინსტრუმენტები – აქტები, რისთვისაც გაეროს ორგანოებს დასჭირდათ 18 წელი.

რას ნიშნავს ტერმინი „საყოველთაო“, რომელ ქვეყნებზე ვრცელდება ეს დეკლარაცია, მხოლოდ გაეროს წევრ ქვეყნებზე?

დეკლარაცია, ერთი მხრივ, უნდა ყოფილიყო დედამიწაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის უფლებათა სპექტრი, ხოლო მეორე მხრივ – ჩამოწერილი იყო უფლებათა სია, რომელიც ყველა სახელმწიფოსთვის უნდა ყოფილიყო სავალდებულო.

დეკლარაციის მიღებისას გაეროს არც ერთი მაშინდელი წევრი წინააღმდეგი არ წასულა, მაგრამ თავი შეიკავა რამდენიმე სახელმწიფომ – მათ შორის იყო საბჭოთა კავშირი და ე.წ. სატელიტი ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში.

ამა თუ იმ მუხლის დარღვევის შემთხვევაში არსებობს რამე სამართლებრივი სანქციები?

დეკლარაცია არ ითვალისწინებს ე.წ. ზედამხედველობის მექანიზმს. მაგალითად, პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, რომელიც სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტია, ითვალისწინებს საზედამხედველო მექანიზმს ადამიანის უფლებათა გაეროს კომიტეტის სახით, რომელიც იღებს ინდივიდუალურ განცხადებებს მოქალაქეებისგან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დაირღვა კონკრეტული სახელმწიფოს იურისდიქციაში გარკვეული უფლებები. ამავე დროს გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ყოველ ოთხ წელიწადში წარადგინონ კონკრეტული მოხსენებები. დაემორჩილონ იმ განმარტებებს, ე.წ. „ჯენერალ კომენტებს“, რომლებსაც აკეთებს ადამიანის უფლებათა გაეროს კომიტეტი კონკრეტულ უფლებებთან დაკავშირებით. ანალოგიურია, მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომლის საზედამხედველო მექანიზმი არის სტრასბურგის სასამართლო.

სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას ასეთი მექანიზმი არ გააჩნია. იგი მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფოებს.

ნახევარ საუკუნეზე მეტია არსებობს ეს დეკლარაცია, თუ შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითების მოყვანა, რა შეცვალა მან ადამიანთა ცხოვრებაში?

უდიდესი მნიშვნელობა იქონია არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ შიდა სამართალში. მაგალითად, ბევრი ქვეყნის კონსტიტუციაში სწორედ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში მოცემულ უფლებათა ტექსტზე დაყრდნობით შემუშავდა ისეთი კონკრეტული ცნებები, როგორიცაა დისკრიმინაციის აკრძალვა და სხვა უმნიშვნელოვანესი კონცეფცია. ბევრმა სახელმწიფომ ასახა თავის შიდა უზენაეს და ნორმატიულ აქტებში და დაიწყო მათი განხორციელება.

საყოველთაო დეკლარაციაზე დაფუძნებით შეიქმნა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და ის სავალდებულო გახდა კონკრეტული ქვეყნებისთვის.

როდის შეუერთდა საქართველო ამ დეკლარაციას და რა შეცვალა მან უფლებების კუთხით ჩვენს ქვეყანაში?

1994 წელს საქართველომ მოახდინა გაეროს წევრობის რატიფიცირება, რითაც ცნო სამოქალაქო და პოლიტიკური პაქტი, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პაქტი, რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია, შემდეგ – ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია, წამების საწინააღმდეგო გაეროს კონვენცია, ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენცია.

საქართველოს რატიფიცირებული აქვს გაეროს ფარგლებში მიღებული ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ყველა კონვენცია გარდა ორისა – მიგრანტი მუშებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების შესახებ კონვენცია და ძალადობრივი გაუჩინარების შესახებ გაეროს კონვენცია. ბოლო კონვენცია, რომელიც მიიღო საქართველომ, ეს იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ. თუ არ ვცდები, ეს 2013 წელში მოხდა.

ეს ორი კონვენცია რატომ არ იქნა რატიფიცირებული?

სახელმწიფოებმა უნდა მოახდინონ თავიანთი შიდა კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა იმ საერთაშორისო ინსტრუმენტთან, რომლის რატიფიცირებასაც აპირებენ.

რაც შეეხება იძულებით გაუჩინარებულთა შესახებ კონვენციას, მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები გაეროს ორგანოებთან, თუ როდის და რა ფორმით შეიძლება იყო ეს კონვენცია ჯერ ხელმოწერილი, შემდეგ – რატიფიცირებული.

რომ გავიხსენოთ ისეთი გახმაურებული ამბები საქართველოში, როგორიცაა უმცირესობების უფლებების შეზღუდვა (17 მაისი, 2013 წელი, ჭელის მინარეთის მოხსნა, 2013 წელი); უახლესი ფაქტი – ერთი კვირის განმავლობაში იეჰოვას მოწმეების ოფისი ორჯერ დაცხრილეს… რას აკეთებს გაერო ამ შემთხვევაში?

გაეროს აქვს რამდენიმე ეფექტიანი მექანიზმი, რომ ყველა ასეთ შემთხვევაზე ჰქონდეს რეაგირება სხვადასხვა ფორმით. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა თავის დასკვნითი კომენტარები გამოაქვეყნა 2014 წლის ივლისში. ის კონკრეტული ფაქტები, რომლებიც ახსენეთ, გარდა უახლესისა, მასში ასახულია. სახელმწიფოს მიეცემა რეკომენდაცია, აღნიშნულ ფაქტებზე იქონიონ ეფექტიანი რეაგირება.

2015 წლის 10 ნოემბერს ჩატარდა „უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა“, სადაც საქართველოსთან მიმართებაში ყველა ეს საჭირბოროტო საკითხი განიხილეს. მაშინ გაეროს ქვეყნებმა კონკრეტული რეკომენდაციები მისცეს საქართველოს მთავრობას. ეს რეკომენდაციები გამოქვეყნდება დაახლოებით თებერვალში, გაეროს ვებგვერდზე.

ის რეკომენდაციები, რომლებსაც გასცემს გაერო, ქვეყნისთვის სავალდებულოდ შესასრულებელია?
თან კი, თან არა. ისინი პირდაპირ და ირიბად მიბმულია იმ სხვადასხვა პროექტის განხორციელებასთან, ტრანშის გადმორიცხვასთან, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებისთვის აპირებენ, მაგალითად „ჯიესპი პლუსი“ (GSP Plus), რომელიც გულისხმობს ევროკავშირში საქონლის შეტანას გარკვეული გადასახადების გარეშე, უმეტესწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ასრულებს სახელმწიფო გაეროს რეკომენდაციებს.

ამიტომ არც ერთ სახელმწიფოს არ უღირს არ შეასრულოს გაეროს რეკომენდაციები. გარდა ამისა, არსებობს სხვა ბევრი მექანიზმი – სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა თუ გარკვეული მოლაპარაკებები, ხელისუფლებას რომ აიძულონ რეკომენდაციების შესრულება.

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი წერს: „ხშირ შემთხვევაში დეკლარაციის არსებობის შესახებ ინფორმირებულობა უფრო მნიშვნელოვანია იმათთვის, ვისი უფლებებიც ილახება – მათ უნდა იცოდნენ, რომ არსებობს ეს დოკუმენტი და რომ ის არსებობს მათთვის“. რამდენად ინფორმირებულია დღეს მოსახლეობა ამ დეკლარაციის შესახებ?

კარგად მოგეხსენებათ, რა ხდებოდა საქართველოში 20 წლის წინ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით. გვახსოვს, ალბათ, „საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის“. 15 წლის წინ რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით… შემდეგში კონსერვატიულად განწყობილი რელიგიური ორგანიზაციებისა და კონფესიების ჯგუფები დასდევდნენ სხვადასხვა უმცირესობას, უხეთქავდნენ ჯვრებით თავებს, უწვავდნენ ლიტერატურას და მიაჩნდათ, რომ აკეთებდნენ საშვილიშვილო საქმეს.

უახლოეს წარსულში კი გამოვიდა 20 ათასამდე ადამიანი და სექსუალურ უმცირესობას დაურღვია ფუნდამენტური უფლებები. ასეთი – ვირტუალური მტრების შექმნა საქართველოს საზოგადოებას ახასიათებდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით, ვერ დავდექით იმაზე მაღლა, რომ მიგვეღო ეს უფლებები, როგორც ადამიანის უზენაესი ღირებულება.

თქვენი აზრით, საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს რამდენად კარგად ესმით საყოველთაო დეკლარციის არსი?

ცოტა ძნელი კითხვაა. თუმცაღა გვაქვს ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც არ შეიძლება არ ვთქვათ, ეს იყო საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სტრატეგიის მიღება ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის მიღება. ყველა ერთად – მთავრობა, არასამთავრობო სექტორი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, უნდა დაირაზმოს იმისათვის, რომ ამ გეგმის შესრულებაში დაეხმარონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მისცენ კონკრეტული მითითებები, რეკომენდაციები, რა კონკრეტული ცვლილებები უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ დონეზე, რათა ის ღირებულებები, რომლებიც დაცულია საყოველთაო დეკლარაციით, იქნეს ჯეროვნად განხორციელებული.

მთავარ ფოტოზე: ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია თემაზე: „ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი“. 

მასალების გადაბეჭდვის წესი