კომენტარი

ბლოგერი გიგა პაიჭაძე WordPress-ის საიტების გათიშვისა და უცხოეთის გამოცდილების შესახებ

26 ნოემბერი, 2015 • 2704
ბლოგერი გიგა პაიჭაძე WordPress-ის საიტების გათიშვისა და უცხოეთის გამოცდილების შესახებ

WordPress-ის ჰოსტინგზე განთავსებულ და მისი დომენის ქვეშ არსებული ვებ-გვერდების/ბლოგების გათიშვის თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებული განმარტებისა და უცხოეთის გამოცდილების შესახებ ნეტგაზეთი ბლოგერ გიგა პაიჭაძეს ესაუბრა.

გუშინ საქართველოს მომხმარებლებს შეზღუდული ჰქონდათ წვდომა WordPress-ის ჰოსტინგზე განთავსებულ და მისი დომენის ქვეშ არსებულ ვებ-გვერდებზე/ბლოგებზე. ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, სუს-მა განმარტა, რომ გუშინ მათ კომუნიკაცია ჰქონდათ ვორდპრესთან ტერორისტებთან დაკავშირებული საიტის გათიშვის მიზნით და რამდენიმე საათის განმავლობაში ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა. სუს-მა განმარტა, რომ პრობლემა გამოსწორდა და ამ დროისთვის დაბლოკილია მხოლოდ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გვერდები და სხვა გვერდებზე წვდომა შეზღუდული არ არის. თუმცა ისლამური სახელმწიფოს გვერდიც WordPress-ზე ამჟამად არ არის დაბლოკილი, არამედ მასზე შეზღუდულია წვდომა საქართველოდან. რას ნიშნავს თქვენი აზრით მთავრობის ასეთი ახსნა ინტერნეტ-პლატფორმის წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით და რამდენად დამაჯარებელია სუსის ასეთი განმარტება?

ყველა სახელმწიფო ცდილობს, რომ დაბლოკოს წვდომა იმ ქვეყნიდან, რომელზეც მათ სურთ გასვლა. ეს ხანგრძლივი პროცესია. მერე უკვე ცდილობენ, რომ wordpress-მა თავის მხრიდან გააუქმოს ე.წ. ხალიფატს ყველა იუზერი და საერთოდ ბლოგი დაუხუროს. ეს ორი სხვადასხვა რამეა. WordPress არის პლატფორმა, რომელზეც ყველას შეუძლია განათავსოს თავის საიტი ან ბლოგი. ყველანი არიან მიბმულები WordPress-ის ქვედომეინზე. ე.წ. ხალიფატის ბლოგის IP მისამართი, სავარაუდოდ, რამდენიმე IP მისამართით არის რეგისტრირებული იმიტომ, რომ ყველა ვებ-საიტი, რომელიც განთავსებულია WordPress-ზე, ასევე, ჰოსტინგით დაკავშირებულია WordPress-ის საკუთარ პროფილზე. როდესაც IP მისამართით ზღუდავ წვდომას, ყველა ის საიტი იზღუდება, რომელიც განთავსებულია იმ სერვერზე. მე მგონია, სუს-მა სწორად თქვა. მათ ერთი საიტის გათიშვა უნდოდათ და პირველ რიგში, სავარაუდოდ, დაბლოკეს IP მისამართი. მერე აღმოჩნდა, რომ ამ IP მისამართს უკავშირდებოდა ბევრი სხვადასხვა საიტიც. ამის აღმოფხვრას დაჭირდა ცოტა დრო.

იმ შემთხვევაში, თუ სუს-ს WordPress-თან ექნებოდა კომუნიკაცია, მაშინ მოხდებოდა ტერორიზმთან დაკავშირებული საიტზე წვდომის შეზღუდვა მხოლოდ საქართველოიდან? როგორც ცნობილია, ამ საიტზე დღემდე წვდომა აქვს მომხმარებლებს უცხოეთიდან.

სუს-ს კომუნიკაცია ქონდა WordPress-თან. პირველ რიგში, თვითონ მოსახლეობამ დაიწყოს საუბარი Twitter-ის მეშუაეობით WordPress-თან. მიწერ-მოწერა ერთია, მაგრამ რეალური ნაბიჯების გადადგმას სჭირდება უფრო სხვა კატეგორიის ხალხის ჩართვა, როგორც WordPress-ის მხრიდან, ასევე, ჩვენი მთავრობის მხრიდან. გარდა ამისა, 9 თუ 10-საათიანი წყვეტა გვაქვს (იმათთან რომ ღამეა, ჩვენთან დღეა და პირიქით) და ამ ყველაფერმა წაიღო ამდენი დრო. პირველ რიგში, სუს-მა, დაბლოკა წვდომა საქართველოდან და როდესაც გამოჩნდა, რომ დაიბლოკა სხვა ბლოგები/საიტები. ამის მერე დაიწყო კომუნიკაცია WordPress-თან იმის თაობაზე, რომ მხოლოდ ერთი მისამართი და კონკრეტული საიტი დაბლოკილიყო. სავარაუდოდ, ჩვენი მთავრობის თხოვნით, WordPress-მა ე.წ. ხალიფატს გამოუყვეს ცალკე IP, რომელიც დაიბლოკა და დანარჩენი საიტები გაიხსნა ისევ. WordPress-თან კომუნიკაციის გარეშე ვერ მოხდებოდა ამის გამოსწორება. გუშინ მიდიოდა ეს პროცესი; ვიღაცები წერდნენ, რომ ეთიშებოდათ საიტები. საიტზე შედიოდი, მაგრამ ვერ შედიოდი ადმინის პანელში. დღის განმავლობაში, დაახლოებით 23:00 საათისკენ, გამოქვეყნდა ოფიციალური პასუხიც სუს-ისგან და საიტებზეც აღდგა წვდომა. ალბათ, 12 საათი გაგრძელდა ეს ტექნიკური ხარვეზი. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო და დაზარალდა ხალხი.

თუკი ეს შეზღუდვა არ მომხდარა WordPress-თან, მაშინ ტექნიკურად როგორ შეიძლებოდა გაეთიშა ეს საიტები სუს-ს? ადგილობრივი პროვაიდერების მეშვეობით, თუ საკუთარი ძალისხმევით?  შეიძლება ასეთი წვდომა ჰქონდეს სუს-ს პროვაიდერულ კომპანიებთან? ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება შეფასდეს ეს ფაქტი, ნიშნავს თუ არა ეს ინტერნეტის შეზღუდვას საქართველოში?

ტექნიკურად, რა თქმა უნდა, ინტერნეტის შეზღუდვას ნიშნავს. თუმცა, მე მგონია, რომ ამ მიზეზით ეს ნამდვილად არ არის ცენზურული შეზღუდვა. ეს არ გაუკეთებიათ შეგნებულად, რომ მოდი, ახლა მე ყველას შევუზღუდავ საიტების შექმნის საშუალებას. ამიტომ, მე ვიტყოდი, ეს არ არის საგანგაშო მოვლენა. რა თქმა უნდა, არასასიამოვნო ფაქტია და არ უნდა ხდებოდეს ასე, მაგრამ ისიც არ მგონია, რომ დადგნენ და სპეციალურად გააუქმეს საიტები. WordPress-ს საერთოდ ვერ დაბლოკავენ იმიტომ, რომ მსოფლიო ვებ-საიტების 40% უკავია ამ ინტერნეტ-პლატფორმის ამა თუ იმ ვერსიას. როდესაც ამდენი საიტები უჭირავს WordPress-ს, დაბლოკვაზე საუბარი სასაცილოა.

რა შემთხვევაში უნდა შეეზღუდათ პროვაიდერებს წვდომა WordPress-ზე? რა სამართლებრივი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე? და თუ ეს, დავუშვათ, მოხდა მხოლოდ სუსის ზეპირი შეტყობინების საფუძველზე, ნიშნავს ეს, რომ პროვაიდერები სხვა შემთხვევაშიც ასე მოიქცევიან და ინტერნეტის თავისუფლება არ არის დაცული და საფრთხეშია?

ეგ კარგი კითხვაა, რომელზეც პასუხი არ მაქვს იმიტომ, რომ არ ვიცნობ საქმის იურიდიულ საკითხებს. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა შესახებ კანონში არის წესები გაწერილი, როცა შესაძლებელია პროვაიდერს დაავალოს სახელმწიფომ საიტის გათიშვა ან წვდომის შეზღუდვა გარკვეულ რესურსებზე. შეიძლება იყოს სხვა პროტოკოლები, რაზეც ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ. არ ვიცი, უბრალოდ. მე მგონი, ადრე იყო ლაპარაკი ”შავ ყუთებზე”, რომელიც სატელეფონო მოსმენებს ეხებოდა და შეიძლება ამ საკითხთანაც იყოს კავშირში.

უცხოეთის გამოცდილებას თუ იცნობთ, როგორ ხდება ტერორიზმთან დაკავშირებული საიტების გათიშვა? სუს-ი აცხადებდა, რომ სასამართლოს მიმართავდა ამ საიტის აკრძალვის მოთხოვნით. ასეთ დროს საკმარისია ეროვნული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო კომპანიამ, როგორიცაა იგივე WordPress, საიტი გათიშოს?

სასამართლოს გადაწყვეტილება ყველასათვის სავალდებულოა, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კერძო კომპანიებისთვის და კერძო პირებისთვის. თუ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ასეც უნდა ხდებოდეს. სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა პრაქტიკაა.

მაგალითად, ჩინეთს აქვს ე.წ. ჩინეთის დიდი ცეცხლოვანი კედელი. ”ცეცხლოვანი კედელი” არის საშუალება ინტერნეტში, რომ ტრაფიკის ფილტრაცია მოხდეს და მთლიანად ტრაფიკს ფილტრავენ. ანუ, ჩინეთში ვიღაც ტიპები სხედან და იღებენ გადაწყვეტილებას, რომელ საიტზე შეეძლებათ ჩინეთის მოქალაქეებს შესვლა და რომელზე – არა. იმ სიაში თუ მოხვდა ვიღაც და თუ დაბლოკეს, მორჩა, ჩინეთიდან ის ვერაფრით შევა.

ასევე, ჩვენი მეზობელი თურქეთი, სადაც დაბლოკილია YouTube და Twitter. ეს ცნობილი ქეისია. რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტეს საიტების დაბლოკვა, სადაც ვრცელდებოდა ანტითურქული ვიდეოები. სავარაუდოდ, ქურთების ეროვნული მოძრაობის და შეიძლება სომხების გენოციდის შესახებ იყო ეს ვიდეოები. ამის გამო თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მთლიანად YouTube დაბლოკა. რომ შედიხარ YouTube-ზე თურქეთიდან, გეუბნება, რომ ამა და ამ გადაწყვეტილებით ვებ-გვერდი დაბლოკილია. პერიოდულად ხსნიან ამ ბლოკს, მაგრამ მერე ისევ ბლოკავენ. Twitter-საც ასევე პერიოდულად ხსნიან ბლოკს. დღეს გახსნილია თუ არა არ ვიცი, მაგრამ ხშირად მიწევს იქ ჩასვლა და მახსოვს. იდეაში, თურქები მიდიან სწორი და ცივილიზებული გზით – სასამართლოს მიმართავენ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში და ამის მერე ბლოკავენ.

ამერიკის მაგალითი რომ ავიღოთ, არსებობს ცალკე პროტოკოლი, რომელიც დგას ყველაფერზე მაღლა. კონკრეტულ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, თუ ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს, სხვა, გარკვეული პროტოკოლის ჩარჩოს დახმარებით, სასამართლოს დახმარების გარეშე, შეგიძლია მოითხოვო პირდაპირ გარკვეული რესურსის დაბლოკვა. ინტერნეტის ინფრასტრუქტურა კი არის მსოფლიოში მიმოფანტული, თუმცა ამერიკის შემთხვევა ცოტა სხვანაირად ხდება იმიტომ, რომ ძირითადი ელემენტები მათ ხელშია: პროვაიდერების უმეტესობა, დიდი ვებ-საიტები, დიდი სოციალური ქსელები. ამიტომ ცოტა სხვანაირად ხდება მათთან კომუნიკაცია. სავარაუდოდ, ფედერალური გამოძიების ბიურო როგორც კი მოთხოვს იმ გარკვეული რესურსის მოხსნას, ასევე მოიხსნება ინტერნეტ-პლატფორმიდან. ჩვენთან ეს პრაქტიკა ახლა ინერგება და ახლა მიდის ეს პროცესი.

ინტერნეტში ცენზურა არის რამდენიმე სახის. პირველი ყველაზე მარტივი ეტაპია – ეს არის საავტორო უფლებების დარღვევა. საავტორო უფლებების დარღვევაზე პროვაიდერებთან ერთად მუშაობს საქპატენტი. დეტალურად და ზუსტად არ ვიცი. კანონი შემუშავდება, ან ცვლილება რომელიმე უკვე არსებულ კანონში. ეს ნიშნავს იმას, რომ პროვაიდერი ვალდებული იქნება ჩამოხსნას თავის ჰოსტინგზე განთავსებული ნებისმიერი კონტენტი, რომელიც არღვევს საავტორო უფლებებს. მაგალითად, გიგას აქვს საიტი განთავსებული Caucasus Online-ში ან Silknet-ში და ის ავრცელებს Disney-ს გადაღებულ მულტფილმებს. გიგას თუ ამის უფლება არ აქვს, დაინტერესებული პირი პირდაპირ მიმართავს პროვაიდერს და პროვაიდერი ამას მოხსნის ყველანაირი სასამართლოების გარეშე. თუმცა ეს მაშინ იქნება, როდესაც კანონი შევა ძალაში. მეორე დონეა შეზღუდვა სახელმწიფო გადატრიალების მოწოდების, ტერორისტული აქტების, მუქარის შემცველი განცხადებების და ა.შ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება სხვა პროტოკოლები მიდიოდეს, რომელიც შეიძლება სასამართლოს გარეშეც მოხდეს იმიტომ, რომ დაუყოვნელივ უნდა აღსრულდეს.

შეიძლება ვთქვათ, რომ პირველი შემთხვევა იყო საქართველოში და არა მხოლოდ, როდესაც მუქარისშემცველი განცხადებების გამავრცელებელი ვებ-გვერდი გათიშეს ამ მიზეზით?

ეგრე ვერ ვიტყვით იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საიტი იბლოკება. მაგალითად, რუსეთში იბლოკება ბევრი საიტი, რომელიც ტერორისტულ მასალებს შეიცავს. მანდ ლაპარაკია იმაზე, თუ რას ვეძახით ჩვენ ტერორისტულ მასალას. მაგალითად, YouTube-ზე შეიძლება მოძებნო ვიდეო, თუ როგორ უნდა გააკეთო ასაფეთქებელი მოწყობილობა. დენთს იყიდი, მავთულს, რაღაცას ააწყობ და ააფეთქებ, თუმცა ეს არის უკვე ინტერპრეტაციის საკითხი. რუსეთში ესეთ საიტებს პირდაპირ ბლოკავენ. სპეციალური სამსახური ჰყავთ, რომელიც ზის და ამას მონიტორინგს უწევს. ერთიანი რეესტრი აქვთ დაბლოკილი და ამ რეესტრში ხვდება ყველა. ჩვენთან ესეთი რამე არ არსებობს და რუსეთისგან ბევრად შორს ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენთან ცენზურა არ არის და თავისუფალი ქვეყანა გვაქვს. თავისთავად, ცენზურის სამსახური არ გვაქვს და არც გვექნება არასოდეს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, იქ შეიძლება არსებობდეს დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ რუსულ ინტერნეტში განათავსონ ჩეჩნეთის, დაღესტნის დამოუკიდებლობისთვის მასალები. რუსეთის მთავრობა მათაც ბლოკავს ტერორიზმისა და დეზორგანიზაციისკენ მოწოდებების გამო. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ბევრ ქვეყანაში ხდება ასეთი კონტენტის დაბლოკვა და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი