უნგრეთის ოპოზიციის გადამწყვეტ გამარჯვებას პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველ პარტია „ფიდესზე“ შვებით შეხვდნენ დემოკრატიულ სამყაროში. საკონსტიტუციო უმრავლესობით შეიარაღებული მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „ტისა“ და მისი ლიდერი, პეტერ მადიარი, ახლა მზად არიან დაშალონ სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიმაგრებული ორბანის 16-წლიანი მარწუხები. თუმცა ამაზე რთული იმ საზოგადოებრივ მოთხოვნასთან გამკლავება იქნება, რომელიც არალიბერალურ მმართველობას ამდენი ხნის განმავლობაში ასაზრდოებდა.
ავტორი: მაჩეი კისილოვსკი, CEU-ს პროფესორი
„ტისას“ წარმატება აჩვენებს, რომ მძლავრად ფესვგადგმული რეჟიმის დამარცხება საარჩევნო ყუთთან მაინც შესაძლებელია, მიუხედავად ინსტიტუტების მიტაცებისა, მედიაზე დომინირებისა და საარჩევნო ინჟინერიისა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ორბანის უნგრეთი დიდი ხანია მხოლოდ ლოკალური ისტორია აღარ არის. მან გლობალურ „ახალ მემარჯვენეებს“ ერთგვარი მოდელი შესთავაზა და დაუმტკიცა, რომ ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის საწინააღმდეგო პოლიტიკა დასავლეთშიც სიცოცხლისუნარიანია.
ორბანი ამ ამბიციას უჩვეულოდ ღიად გამოხატავდა. ოქსფორდის უნივერსიტეტში ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული სტიპენდიით განათლებამიღებული ორბანი ლიბერალური წესრიგის წინააღმდეგ ისეთი სიცხადითა და თანმიმდევრულობით გამოვიდა, რასაც მისი კოლეგებიდან ცოტა თუ შეძლებდა. შემთხვევითი არ არის, რომ ახალი მემარჯვენეების ისეთი ფიგურები, როგორიცაა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნგრეთს ესტუმრა ორბანის მხარდასაჭერად, სწორედ მისი მმართველობიდან იღებდნენ ინტელექტუალურ და პოლიტიკურ შთაგონებას.
ახლა მადიარი ხელისუფლებაში იმ ინსტიტუციური უპირატესობებით მოდის, რომლებიც ოდესღაც ორბანის მმართველობას უმაგრებდა ზურგს. უნგრეთის მაჟორიტარული საარჩევნო კანონი ყველაზე დიდ პარტიას მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. წლების განმავლობაში დასავლელი დამკვირვებლები სამართლიანად აკრიტიკებდნენ ამ სისტემას. ახლა კი „ტისას“ უნდა მივაგოთ პატივი ამ სისტემის თავის სასარგებლოდ გამოყენებისთვის. ოპოზიციური სპექტრის მასშტაბით თითქმის სრული მხარდაჭერის კონსოლიდაციით მან ხმების დაახლოებით 53% მოიპოვა — რაც თითქმის უტოლდება ორბანის შედეგს ოთხი წლის წინ — და ეს საკონსტიტუციო სუპერუმრავლესობად აქცია.
ორბანის მიერ მარცხის სწრაფად აღიარება და მადიარისთვის პირადად მილოცვა იმაზე მიანიშნებს, რომ ძალაუფლების გადაბარების პროცესში ინსტიტუციური დაბრკოლებების შესახებ არსებული შიშები შეიძლება არ გამართლდეს. ეს ყველაფერი, ერთად აღებული წარმოადგენს ევროპული დემოკრატიის ნამდვილ გამარჯვებას.
თუმცა საშიშროება კვლავ იმაში მდგომარეობს, რომ ისევ „ისტორიის დასასრული“ არ გამოვაცხადოთ. უნგრეთის არალიბერალურმა სისტემამ 16 წელს გაძლო არა მხოლოდ ზღვარზე სიარულისა და რეპრესიების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ის პასუხობდა მდგრად საზოგადოებრივ მოთხოვნას ქსენოფობიაზე, იერარქიასა და განხეთქილების პოლიტიკაზე.
ეს მოთხოვნა არსად გამქრალა. ტრადიციული პოლიტიკური საზომებით, ორბანის მმართველობის შედეგები დიდი ხანია კატასტროფულია — ეკონომიკა ფერხდება, საჯარო სერვისები კი მოშლილია. მიუხედავად ამისა, უნგრელმა ამომრჩეველმა ის ზედიზედ ოთხჯერ აირჩია. ახლაც კი, მარცხის ფონზე, „ფიდესი“ და „ჩვენი სამშობლოს მოძრაობა“ (უფრო რადიკალური ულტრამემარჯვენე პარტია) ამომრჩეველთა დაახლოებით 43%-ის ლოიალობას ინარჩუნებს. ეს ნამდვილად არ არის მცირე მარგინალური ჯგუფი.
ჩვენ უკვე გვაქვს არაერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ბრუნდებიან ლიბერალური მთავრობები ხელისუფლებაში ახალი მემარჯვენეების მმართველობის შემდეგ — დაწყებული ჯო ბაიდენით აშშ-ში, გაგრძელებული კირ სტარმერით გაერთიანებულ სამეფოში და ლუის ინასიო ლულა და სილვათი ბრაზილიაში. არცერთ ამ შემთხვევაში საარჩევნო გამარჯვებას სისტემური კათარსისი არ მოჰყოლია. მერყევმა ამომრჩევლებმა მხარე შეიცვალეს, მაგრამ ის ძირითადი ელექტორატი, რომელიც ამ რეჟიმებს ასაზრდოებდა, უცვლელი დარჩა.
არსად არ არის ეს ისე ნათელი, როგორც პოლონეთში. 2023 წელს, ახალი მემარჯვენეების ორი ვადის შემდეგ, დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით შექმნილმა ფართო კოალიციამ ოდნავ უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე უნგრულმა „ტისამ“. თუმცა ამას ხანგრძლივი პოლიტიკური გადალაგება არ გამოუწვევია. ორ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ პოლონელებმა ულტრამემარჯვენე კაროლ ნავროცკი აირჩიეს ქვეყნის ნახევრად აღმასრულებელ პრეზიდენტად. საარჩევნო გამარჯვებამ შეცვალა მთავრობა, მაგრამ არა ამომრჩეველი.
ამ რეალობის წინაშე მდგარი ტუსკი იძულებული გახდა, სიტუაციას მორგებოდა. მისმა მთავრობამ მარჯვნივ გადაიწია ისეთ საკითხებში, როგორიცაა იმიგრაცია და LGBTQ+ უფლებები. მადიარი უკვე აშკარად იმავე გზას მიჰყვება. როგორც „ფიდესის“ ყოფილი ინსაიდერი. ის არასდროს ყოფილა ერთგული ლიბერალი. ორბანის დამარცხების მიზნით, ლიბერალმა და მემარცხენე ამომრჩევლებმა უპრეცედენტო დისციპლინა გამოიჩინეს და „ტისას“ გარშემო გაერთიანდნენ, რის გამოც მათი საკუთარი პარტიები ახალ პარლამენტში წარმომადგენლობის გარეშე დარჩნენ. შედეგად, ორბანის კონსერვატიული პოლიტიკური დღის წესრიგის დიდი ნაწილი შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს.
თუმცა ამ პოლიტიკურმა გათვლებმა არ უნდა შეზღუდოს მთავრობის მიღმა მყოფი ლიბერალური აქტორები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, მეცნიერები, პედაგოგები და ჟურნალისტები. ვინაიდან არალიბერალურმა დემოკრატიამ სწორედ ხალხის მოთხოვნის გამო გაძლო, მის დასამარცხებლად საჭიროა ამ მოთხოვნასთან დაპირისპირება. ლიბერალებმა უნგრეთს უნდა შეხედონ არა როგორც შესაკეთებელ სისტემას, არამედ როგორც საზოგადოებას, რომლის დარწმუნებაც აუცილებელია.
ორბანით ამჟამინდელი იმედგაცრუება იშვიათ შესაძლებლობას აჩენს. ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს შეუძლიათ დაეხმარონ პოსტორბანისეულ მთავრობას ხელშესახები შედეგების მიღწევაში, როგორიცაა უკეთესი სკოლები, უფრო საიმედო ჯანდაცვა და ნაკლებად კორუმპირებული სახელმწიფო. თუმცა ლიბერალები არ უნდა გაებან იმ მახეში, რომ ეს გაუმჯობესება „არაპოლიტიკურად“ მიიჩნიონ და იფიქრონ, რომ შედეგები თავისთავად ისაუბრებს. ეს მიღწევები წარმოჩენილი და დაცული უნდა იყოს, როგორც ღია საზოგადოების პროდუქტი — საზოგადოებისა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს როგორც ეფექტიანი მთავრობა, ასევე ღირსებისა და სოციალური ერთიანობის ფართო განცდა.
უნგრეთს პოლიტიკურად და ეკონომიკურად მომგებიან პოზიციაში ჩააყენებს ისეთ ქვეყნებთან დაახლოება, როგორებიცაა შვეიცარია და ნიდერლანდები. ეს საზოგადოებები ახერხებენ თავიანთი უფრო კონსერვატიული ელემენტების ინტეგრირებას ისე, რომ რჩებიან ღია და გლობალურად ჩართულნი. უნგრეთისთვის ბევრად უფრო ლოგიკურია ამ მოდელის არჩევა, ვიდრე რუსეთის ან თურქეთის ავტორიტარული სცენარი.
ნორმატიული ცვლილებების ათწლეულ-ნახევრის უკუქცევა ადვილი არ იქნება. მაგრამ თუ ამას არ დავუპირისპირდებით, ის მითები, წყენა და პარანოია, რაც ორბანისეულ ანტილიბერალიზმს კვებავდა, ხელუხლებელი დარჩება და ნებისმიერ დროს შეიძლება ხელახლა გააქტიურდეს.
ავტორის შესახებ: მაჩეი კისილოვსკი არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) სამართლისა და სტრატეგიის ასოცირებული პროფესორი, 2025-26 წლების Europe’s Futures Fellow ადამიანური მეცნიერებების ინსტიტუტში (Institut für die Wissenschaften vom Menschen) და წიგნის „მოდით, შევთანხმდეთ პოლონეთზე: სტრატეგიული კონსტიტუციური დიზაინის შემთხვევის შესწავლა“ (Oxford University Press, 2025) თანარედაქტორი.
სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.
რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს „ნეტგაზეთის“ პოზიციას.
