უნგრეთის ავტოკრატი პრემიერ-მინისტრის დაცემა, რომლის „ანტილიბერალური დემოკრატიის“ მოდელი ბევრი მემარჯვენისთვის ერთგვარ გზამკვლევად იქცა, თავად ამ მოდელის ლოგიკის შედეგი იყო. რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, ერთი რამ ცხადია: დემოკრატიის მეგობრებიც და მტრებიც ამ მოვლენების განვითარებას ყურადღებით დააკვირდებიან.
ავტორი: ლასლო ბრუსტი, CEU-ს ყოფილი პრეზიდენტი
16 წლის განმავლობაში ვიქტორ ორბანის უნგრეთი ერთ შემაშფოთებელ იდეას განასახიერებდა: იდეას, რომ „ანტილიბერალური დემოკრატია“ შესაძლოა სტაბილური გამხდარიყო და ხელისუფლებაში მყარად მოეკიდებინა ფეხი. საარჩევნო დომინანტობის, ინსტიტუციური შეკავებისა და გაწონასწორების სისტემის მიზანმიმართული შესუსტების შერწყმით ჩანდა, რომ ორბანმა თანამედროვე ავტორიტარიზმის მთავარი დილემა გადაჭრა: როგორ მოეგო არჩევნები ზედიზედ ისე, რომ პარალელურად ლიბერალური დემოკრატია გამოეფიტა. და რადგანაც მისმა მოდელმა დასავლეთში (და მის ფარგლებს გარეთაც) მრავალი თაყვანისმცემელი გაიჩინა და ხელი შეუწყო დემოკრატიის დაღმასვლის შესახებ ფართო ნარატივის შენარჩუნებას, მისი დამამცირებელო საარჩევნო მარცხი შედეგების თვალსაზრისით უნგრეთის საზღვრებს ბევრად გასცდება.
პეტერ მადიარის პარტიის, „ტისას“ გამარჯვება, ისევე როგორც 2023 წელს პოლონეთის სამოქალაქო კოალიციის ტრიუმფი ანტილიბერალურ პარტია „კანონსა და სამართლიანობაზე“ (PiS), წარმოადგენს არა მხოლოდ ერთი შეხედვით კონსოლიდირებული სისტემის შემობრუნებას, არამედ მიანიშნებს იმაზეც, რომ მსგავსი რეჟიმები შესაძლოა იმაზე მყიფე იყოს, ვიდრე ჩანს. გაკვეთილი მხოლოდ ის არ არის, რომ ასეთმა რეჟიმებმა შეიძლება წააგონ. მთავარი ისაა, რომ თავად ის ლოგიკა, რომელიც მათ ასაზრდოებს, შეიძლება მათივე დაშლის მიზეზი გახდეს.
ანტილიბერალური ლიდერები ძალაუფლების კონცენტრაციას დიდი ხნის განმავლობაში ამართლებდნენ აღმოსავლეთ აზიის განვითარებადი სახელმწიფოების წარმატების მოშველიებით. მათი მტკიცებით, ინსტიტუციური შეზღუდვების შესუსტებით მთავრობებს შეეძლებოდათ გადამწყვეტად ემოქმედათ, კოორდინაცია გაეწიათ ინვესტიციებისთვის და უზრუნველყოთ ეკონომიკური ზრდა.
თუმცა ეს ანალოგია ყოველთვის მცდარი იყო. სამხრეთ კორეის პაკ ჩონ ჰის ან სინგაპურის ლი კუან იუს რეჟიმები ეფექტიანი იყო არა იმიტომ, რომ მათ ნაკლები შეზღუდვები ჰქონდათ, არამედ იმიტომ, რომ მეტ წნეხს განიცდიდნენ. გეოპოლიტიკურმა დაუცველობამ და შიდა არეულობის მუდმივმა რისკმა აიძულა ისინი, ფართომასშტაბიანი სარგებელი მოეტანათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კოლაფსი ემუქრებოდათ. შემცირებულმა ანგარიშვალდებულებამ თვითკმაყოფილება კი არა, დისციპლინა წარმოშვა.
უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, სახელმწიფოს ეფექტიანი შესაძლებლობები დამოკიდებულია იმ შეზღუდვებზე, რომლებიც ხელისუფლებაში მყოფთ აწესრიგებს და დისციპლინას სძენს. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს. ლიბერალურ დემოკრატიებში ასეთ დისციპლინას კონსტიტუციური შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა უზრუნველყოფს. განვითარებად ავტოკრატიებში კი ამას საგარეო და საშინაო მოწყვლადობა განაპირობებდა.
თანამედროვე ანტილიბერალური რეჟიმები სრულიად განსხვავებულ პირობებში მოქმედებენ. პაკისა და ლის წინაშე არსებული წნეხის მსგავსი ზეწოლის არარსებობის პირობებში, ანგარიშვალდებულების შესუსტება განვითარების შესაძლებლობებს არ ქმნის. სამაგიეროდ, ის რენტის ძიების (უკვე არსებული დოვლათიდან დიდი ნაწილის მისაკუთრება ისე, რომ არ ცდილობ მას რაიმე მიამატო. ნეტ.) შესაძლებლობებს აჩენს. ძალაუფლება იქცევა პოლიტიკური კოალიციების შენარჩუნების რესურსად და არა საზოგადოებრივი სიკეთის შექმნის საშუალებად. სახელმწიფო შესაძლებლობების გაძლიერების სავარაუდო სტრატეგია სელექციური განაწილების სისტემად იქცევა.
დროთა განმავლობაში ეს ლოგიკა ანტილიბერალური მმართველობის ეკონომიკურ საფუძვლებს ანგრევს. როდესაც რესურსების განაწილების მთავარ კრიტერიუმად პოლიტიკური ლოიალობა იქცევა, ეფექტიანობა და ინოვაცია ზარალდება. სახელმწიფო შესყიდვები აჯილდოებს „შინაურებს“ და არა ყველაზე პროდუქტიულ ფირმებს. ადგილობრივი მეწარმეები აწყდებიან კორუფციას, გაურკვევლობას და გაფართოების შეზღუდულ შესაძლებლობებს. ამავდროულად, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე დაფუძნებული ზრდის სტრატეგიები სამუშაო ადგილებს კი ქმნის, მაგრამ ხშირად ვერ უზრუნველყოფს მოდერნიზაციასა და პროდუქტიულობის მდგრად ზრდას.
სწორედ ეს დაემართა უნგრეთს ორბანის მმართველობისას. ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებასთან ერთად, შესუსტდა რეჟიმის უნარი, შეენარჩუნებინა თავისი მხარდამჭერი კოალიცია. შენელებულმა ზრდამ შეამცირა საგადასახადო ბაზა და შეზღუდა გადანაწილებისთვის ხელმისაწვდომი რესურსები. განათლებაში, ჯანდაცვასა და სოციალურ მობილობაში ინვესტიციები შეჩერდა. უნგრელები სულ უფრო ხშირად გრძნობდნენ, რომ ის, რაც სტაბილურობის სისტემად საღდებოდა, სინამდვილეში ჩაკეტილობის სისტემა იყო. მუშახელის დიდი ნაწილი პერსპექტივების შემცირების, ხელფასების სტაგნაციისა და წინსვლის შეზღუდული შესაძლებლობების წინაშე აღმოჩნდა.
ორბანის ხანგრძლივი მმართველობის დასაწყისში ეს შიდა დინამიკა ნაწილობრივ ინიღბებოდა ევროკავშირის ფინანსური ტრანსფერებით. თუმცა ამ რესურსებზე წვდომა სულ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული მთავრობის გამჭვირვალობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე — ანგარიშვალდებულების სწორედ იმ ფორმებზე, რომლებსაც ორბანი ეწინააღმდეგებოდა. შედეგი კი თვითდაწესებული შეზღუდვა აღმოჩნდა: გარე ზედამხედველობის უარყოფით რეჟიმმა თავადვე შეიზღუდა დაფინანსებაზე წვდომა.
ასეთი შეზღუდვების გამკაცრებასთან ერთად, გასაკვირი არ არის, რომ ორბანმა კიდევ უფრო ანტილიბერალურ პარტნიორებს, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს მიმართა, მარეგულირებელი ავტონომია კი გეოპოლიტიკური დამოკიდებულების ახალ ფორმებში გაცვალა. პროექტი, რომელიც სუვერენიტეტის სახელით დაიწყო, მოწყვლადობით დასრულების რისკის წინაშე დადგა.
უფრო ფართო გაგებით, ორბანმა აჩვენა, რომ ძლიერად მიტაცებული სისტემებიც კი შეიძლება პოლიტიკურად მოწყვლადი გახდეს. სწორედ ის მექანიზმები, რომლებიც ანტილიბერალურ მმართველობას ინარჩუნებდა, დროთა განმავლობაში შესაძლოა სისუსტის წყაროდ იქცეს.
უნგრეთის მოდელი ეყრდნობოდა ტრანსნაციონალური ფირმების, პოლიტიკურად დაკავშირებული შიდა ელიტებისა და იმ ამომრჩევლების სუსტ კოალიციას, რომელთაც სტაბილურობასა და ეკონომიკურ გაუმჯობესებას ჰპირდებოდნენ. თუმცა, ზრდის შენელებასთან ერთად, ამ კოალიციის შიგნით დაძაბულობამ იმატა. ადგილობრივ ბიზნესს ნაკლები შესაძლებლობები შერჩა, მაშინ როცა ამომრჩევლები ცხოვრების დონის ვარდნისა და ბუნდოვანი მომავლის პირისპირ აღმოჩნდნენ.
ორბანის დამარცხება შესაძლებელი გახდა მაშინ, როდესაც უკმაყოფილება ორგანიზებულობას შეხვდა — როდესაც სანდო კონკურენტმა გააერთიანა დაქსაქსული ამომრჩევლები და იმედგაცრუება მონაწილეობად აქცია. იქ, სადაც ტრადიციული ოპოზიციური ძალები სუსტი ან დისკრედიტებული იყო, საჭირო გახდა ლიდერობა, რომელიც შეძლებდა სოციალური უკმაყოფილების ფართომასშტაბიან პოლიტიკურ მოძრაობად გარდაქმნას და საზოგადოებას კლასობრივი და ინსტიტუციური ბარიერების მიღმა გააერთიანებდა.
სწორედ ეს მოახერხეს მადიარმა და მისმა პარტიამ „ტისამ“. წლების განმავლობაში უნგრეთი იმის მტკიცებულებას წარმოადგენდა, რომ დემოკრატიული უკუსვლის ინსტიტუციონალიზება და შენარჩუნება ფორმალური საარჩევნო კონკურენციის ფარგლებშიც შესაძლებელი იყო. მადიარის გადამწყვეტი გამარჯვება თანაბრად მნიშვნელოვან რამეს აჩვენებს: მსგავსი სისტემები შეუქცევადი არ არის.
თუმცა ორბანის მარცხი, ისევე როგორც სამი წლის წინ პოლონეთის PiS-ის დამარცხება, ანტილიბერალიზმის დასასრულს არ ნიშნავს. ის სტრუქტურული პირობები, რომლებმაც მის აღზევებას შეუწყო ხელი — ეკონომიკური დაუცველობა, სოციალური დაქსაქსულობა და პოლიტიკური უნდობლობა — კვლავაც ნარჩუნდება ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში. მაგრამ ორბანის დაცემა ეჭვქვეშ აყენებს იმ გარდაუვალობის განცდას, რომელიც ლიბერალური დემოკრატიისგან გლობალურ გადახვევას ახლდა თან.
ახლა გაცილებით რთული ამოცანა იწყება: ფესვგადგმული პატრონაჟული ქსელების დემონტაჟი, ინსტიტუციური ავტონომიის აღდგენა და სახელმწიფოს შესაძლებლობების ხელახლა შენება ისე, რომ არ განმეორდეს ის შეცდომები, რამაც თავის დროზე ანტილიბერალიზმი შესაძლებელი გახადა. მადიარს ასევე მოუწევს იმის გადახედვა, თუ როგორ უნდა გატარდეს ეროვნული ინტერესები ევროკავშირის ფარგლებში — შიდა მხარდამჭერთა გაძლიერება და, პარალელურად, ტრანსნაციონალური ალიანსების შექმნა, რომლებიც ინტეგრაციის უფრო ღრმა და მდგრადი ფორმების განვითარებას შეძლებენ.
საარჩევნო ყუთთან ანტილიბერალიზმის დამარცხება რთული იყო. ამის შემდეგ ლიბერალური დემოკრატიის მდგრადი ფორმის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ანგარიშვალდებულებას, ასევე ინკლუზიურობას, შესაძლოა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს. თუმცა ერთი რამ ცხადია: დემოკრატიის მეგობრებიცა და მტრებიც ამ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდებიან.
სტატიის ავტორი ლასლო ბრუსტი არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორი. 1996-97 წლებში იყო CEU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და პრეზიდენტი.
სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.
რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს „ნეტგაზეთის“ პოზიციას.
