კომენტარი

საქართველო ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს ქმნის – რას ნიშნავს და რატომაა სახიფათო?

11 დეკემბერი, 2025 •
საქართველო ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს ქმნის – რას ნიშნავს და რატომაა სახიფათო?

ავტორი: ელენე ქორიძე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი


საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა ბოლო ათწლეულების განმავლობაში რთული, ხშირად ბარიერებით სავსე გზით ვითარდებოდა. საბჭოთა ეპოქის მძიმე მემკვიდრეობის – ინსტიტუციონალიზაციის, დიაგნოზების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შემდეგ, ქვეყნის მიზანი თანამედროვე, ადამიანზე და მისი უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მოდელის შექმნა იყო.

ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი დიდი ტიპის დახურული ფსიქიატრიული დაწესებულებების ეტაპობრივი დახურვა, პარალელურად სათემო სერვისების განვითარება და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერებაა. ეს პროცესი გულისხმობს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის ცვლილებას, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტიგმის შემცირებას, ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომ სანდო და ეფექტურ სერვისებს, პროფესიონალების მომზადებასა და თანამედროვე, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას.

საქართველოს პარლამენტმ, 2025 წლის 25 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე იმსჯელა და კენჭი უყარა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს, რომელიც მოიცავს კიდევ 14 სხვა კანონში ცვლილებას. მათ შორისაა საქართველოს კანონი “ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ”. ცვლილების თანახმად, რომელიც 2025 წლის 9 დეკემბერს მესამე მოსმენით უკვე მიიღო საქართველოს პარლამენტმა, უნდა შეიქმნას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა.  ბაზის შექმნას 2026 წლის პირველ მარტამდე უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 

ამ ცვლილებების ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა და ცვლილების მიზნად საზოგადოების უსაფრთხოებას ასახელებენ. განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ  “ინფორმაციის დროული და სანდო წყაროს არარსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება. მაგალითად, გამოწვევას წარმოადგენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების განხორციელების დროს, როგორიც არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გაცემა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება და სხვა. მსგავსი სახის ლიცენზიის (ნებართვის)/უფლების ფლობა უკავშირდება მომეტებულ საფრთხეს და საჭიროებს მისი მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან”. 

ცვლილებების თანახმად, საინფორმაციო ბაზის შექმნის პროცესში აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ყურადსაღებია, რომ ამ კანონპროექტის შექმნის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ან კონსულტაციისთვის არ მიუმართავთ სფეროს არცერთი სპეციალისტისთვის.

ამ ისტორიულ კონტექსტში, როდესაც ქვეყნის ე.წ. მმართველმა ძალამ 2024 წლის 28 ნოემბერს ღიად განაცხადა ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ეს კანონპროექტიც არ არის მოულოდნელი – ის ცხადყოფს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება შეჩერებულია და სახელმწიფო კვლავ მიუბრუნდა კონტროლის ძველ ინსტრუმენტებს, რომელთაც უკვე ვიცნობთ საბჭოთა ისტორიიდან.

ფსიქიკური ჯანმრთელობის თემის გამოყენება საზოგადოების უსაფრთხოების საკითხად იმთავითვე მცდარია, არსებითად გააუარესებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას ქვეყანაში  და მნიშვნელოვნად დაარღვევს ადამიანის უფლებებს, მათ შორის:

  • პირადი მონაცემების კონფიდენციალობა – ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე კატეგორიის პერსონალური მონაცემია. მისი ასეთი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოსთვის, რომელიც არ არის შექმნილი სამედიცინო მიზნებისთვის, ქმნის მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის რისკს.
  • დახმარების ძიების შეფერხება – ბაზაში მოხვედრის რისკი ადამიანებს აიძულებს, თავი შეიკავონ პროფესიული დახმარების ძიებისგან, რაც გაზრდის მკურნალობის ღიობს და გაამწვავებს ფსიქიკური ჯანმრთელობის უკვე არსებულ პრობლემებს.
  • სტიგმის გაძლიერება – ფსიქიკური ჯანმრთელობის თემით მანიპულირება უსაფრთხოების რიტორიკის გამოყენებით კიდევ უფრო ამძაფრებს სტიგმას. მცდარია აზრი იმის შესახებ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირი იმთავითვე „საშიში“, „აგრესიული“ ან „ზიანის მომტანია“. ამ იდეის გავრცელებით კი სახელმწიფო ხელს შეუშლის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და ინკლუზიას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სტიგმა და დისკრიმინაცია “ადამიანის უფლებების გლობალურ კრიზისად” შეაფასა და მისი რეკომენდაციები მკაფიოდ მიუთითებს:

  • ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს კონფიდენციალური;
  • სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას და არა მათ მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას;
  • ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზები ქმნის მაღალი რისკის გარემოს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. 

ამასთანავე, მსგავსი პრაქტიკა პირდაპირ აზიანებს ექიმსა და პაციენტს შორის ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას და ექიმს აყენებს დილემის წინაშე – დაიცვას პაციენტის კონფიდენციალობა თუ “დაემორჩილოს” სახელმწიფოს მოთხოვნას. 

ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრის შექმნის ინიციატივა განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ კონტექსტში, როდესაც აღნიშნული ცვლილებები ასახავს რუსულ გამოცდილებას. რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავებისთვის კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემების ხელმისაწვდომობას იმ პირების შესახებ, რომელთაც აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და არიან “სოციალურად საშიში ქცევისკენ მიდრეკილნი”. ფსიქიკური ჯანმრთელობის მონაცემთა ბაზები იმავე მიზნისთვის გამოიყენება – იარაღის ტარების, მართვის მოწმობისა და ამასთანავე, დასაქმების პროცესში დამსამქმებელს აქვს შესაძლებლობა, ნახოს ეს მონაცემები, განსაკუთრებით ეს ეხება სახელმწიფო სამსახურს. მნიშვნელოვანია ის დეტალიც, რომ ეს ბაზები მუდმივია და იქიდან ადამიანებს არ შლიან, რაც უფლებების გრძელვადიან შეზღუდვას ნიშნავს.

რუსეთის კანონი, რომელიც ძალაში 2026 წლის პირველი მარტიდან შევა არის მკაფიო სიგნალი, რომ ცენტრალიზებული ბაზა, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების ლოზუნგით იქმნება, სწრაფად გადავა სახელმწიფო უწყებების კონტროლქვეშ და ამით ლეგიტიმაციას მისცემს რეპრესიებს.

 ევროპის გამოცდილება ფსიქიკური ჯანმრთელობის მონაცემების მართვაში მკაფიოდ განსხვავდება ცენტრალიზებული, რეპრესიული მოდელებისგან. გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, შვედეთში, ნორვეგიასა და ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში საერთო პრინციპებია – კონფიდენციალობა, პაციენტის თანხმობა და მონაცემების გამოყენება მხოლოდ სამედიცინო, კვლევით ან სერვისის გაუმჯობესების მიზნებისთვის, რასაც ზურგს უმაგრებს ევროკავშირის ზოგად მონაცემთა დაცვის რეგულაცია (GDPR). 

საქართველოში, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UN CRPD) რატიფიცირების შემდეგ, კონვენცია გახდა საქართველოს შიდა კანონმდებლობის ნაწილი, რაც ნიშნავს, რომ ეს უფლებები ავტომატურად მოქმედებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ამით ის ვალდებულია დაიცვას ადამიანის უფლებები, პატივი სცეს პირადი მონაცემების კონფიდენციალობას და უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. შემოთავაზებული ცვლილებები ამ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანის უფლებებს და ქმნის ბარიერს, რომ ადამიანებმა საჭიროების შემთხვევაში მიიღონ პროფესიული დახმარება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრის შექმნა, თუ მასზე წვდომა ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს,  არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული ცვლილება – ეს ქვეყნის პოლიტიკური მიმართულების ინდიკატორია. ხელისუფლება უგულებელყოფს საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნული კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, ირჩევს ავტორიტარული მოდელის გამეორებას, სადაც „უსაფრთხოება“ დგას მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებზე მაღლა. შედეგად, მივიღებთ არა უსაფრთხოების გაზრდას, არამედ: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებების შეზღუდვას; სტიგმის გაძლიერებას; პროფესიული დახმარების ხელმისაწვდომობის შეზღუდვას; საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.


ელენე ქორიძე

ავტორის შესახებ:  ელენე ქორიძე არის ფსიქოლოგი, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი