ამ ეტაპის მონაცემებით, სამინისტრო გეგმავს, ნაცვლად გენერიკული დასახელებისა (რაც აქამდე იყო), შემოიღოს წამლების სავაჭრო სახელწოდებით გამოწერის ვალდებულება და აფთიაქებს აეკრძალოთ, გამოწერილი წამლის ექიმთან შეუთანხმებლად სხვა გენერიკით ჩანაცვლება (ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეს ვერსია იხილება).
გენერიკი ნიშნავს წამლის საერთაშორისო არაპატენტირებად დასახელებას. მაგალითად, პარაცეტამოლი, რომელიც ურეცეპტოდ გასაცემი წამალია. უფრო კორექტულია სარეცეპტური ნუსხიდან მაგალითის მოყვანა, მაგალითად ცეფტრიაქსონი არის ერთი ანტიბიოტიკის საერთაშორისო, არაპატენტირებადი (ანუ გენერიკული) დასახელება, მაგრამ ბაზარზე ეს წამალი იყიდება სხვადახვა სავაჭრო დასახელებითაც. კერძოდ, შვეიცარული კომპანია როშე მას უშვებს როცეფინის სახელით. ჯი–ემ –პი პეოს და ცეფტას სახელი, ავერსი–რაციონალი რაციოცეფის სახელით, თურქული კომპანია მუსტაფა ნევზატი ტრიაქსონის სახელით და ა. შ. რამდენადაც სავაჭრო სახელწოდება კონკრეტული მწარმოებელი კომპანიიის საკუთრებაა, გამოდის, ევალება წამლის დანიშვნის მომენტშივე გადაწყვიტოს რომელი მწარმოებლის წამალს დალევს პაციენტი. სავარაუდოდ, ამ ცვლილების მოტივაცია არის ის, რომ ამით აფთიაქებს შეეზღუდება წამლების აგრესიული რეალიზაციის საშუალება და შემცირდება წამლებზე დანახარჯები.
ეჭვს იწვევს, რომ ამ გზით კონკრეტული კომპანიების პროდუქციის პოპულარიზაცია განხორციელდება და კიდევ უფრო მოტივირებული გახდება მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლების მხრიდან ექიმების მოსყიდვა. როგორ ფიქრობთ, ამ მოცემულობაში იარსებებს რაიმე ისეთი ბერკეტი, რომელიც შეაკავებს ექიმისა და მწარმოებელი კომპანიების გარიგების საშიშროებას – ასეთი ძალა ადმინისტრირებაში არ არსებობს, საამისოდ არც ეკონომიური სანქციები, არც პატიმრობა არ გამოდგება– აი ეს იქნება სისტემური ხარვეზის კლასიკური მაგალითი, საკმაოდ მძიმე შედეგებით, ეს არის მახე პაციენტისთვისაც და ექიმისთვისაც.
ექიმი ჩვეულებრივი ადამიანია, ჩვეულებრივი მოტივაციებით, ნუ შევეცდებით მისგან ნურც ფრთიანი ანგელოზის და ნურც კუდიანი ეშმაკის გამოყვანას, თუ პრობლემებია ბაზარზე და რა თქმა უნდა არის, ეს არის სისტემური პრობლემები და არა პიროვნული. სავაჭრო დასახელებებით წამლების გამოწერის პრაქტიკა მხოლოდ ანაზღაურების სისტემაშია მისაღები, როცა სახელმწიფო ან სხვა მზღვეველი სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებს წამლის ღირებულებას, ანუ როცა წამალში ფულის გადამხდელი თავად ახორციელებს ხარჯების შეკავებას. ამ მოდელშიც კი უნდა შეუნარჩუნდეს მომხმარებელს უფლება შეცვალოს ექიმის გადაწყვეტილება კონკრეტულ სავაჭრო დასახელებასთან დაკავშირებით, შეიძინოს სხვა სინონიმი, ფასში განსხვავების საკუთარი ბიუჯეტიდან დაფარვის უზრუნველყოფით. სხვა შემთხვევაში, სავაჭრო დასახელებით წამლების გამოწერით ვერ მოხდება ექიმის ქცევის კორექცია და მისი მწარმოებელთან გარიგების პრევენცია, პირიქით, მოხდება ამ გარიგების უალტერნატივი პროვოცირება.
პაციენტს თვითონ თავისი ჯიბის მოცულობიდან გამომდინარე უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს გადაწყვეტილება, რა ფასიანი წამალი იყიდოს. სწორი იქნებოდა, თუ ჩაიწერებოდა ნორმატიული აქტში, რომ აფთიაქი იყოს ვალდებული დანიშნული გენერიკის აფთიაქში არსებული სრული ჩამონათვალი შესთავაზოს პაციენტს ფასის მიხედვით.
მსოფლიო ჯანდაცის ორგანიზაცია მუდმივად რეკომენდაციებს აძლევს ჩვენი ტიპის ქვეყნებს, მოახდინონ წამლების გენერიკული და არა სავაჭრო დასახელებით გამოწერა.
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებდა სამკურნალო საშუალებების გენერიკებით გამოწერის ვალდებულებას, ეს იყო და არის ჯანდაცვის სერვისებში ხარჯების შეკავებისთვის მსოფლიოს გამოცდილება, შესაბამისად, ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. ფონდ „კურაციოს“ ბოლო კვლევითაც, კიდევ ერთხელ დადასტურდა გენერიკების დადებითი გავლენა ქართული ჯანდაცვის სერვისის გაიაფებაზე.
აშშ–ში სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის ფუნქციონირებს დაზღვევის 2 სახელმწიფო პროგრამა ე.წ. „მედიქეარის“ და „მედიქეიდის“ პროგრამები. ამ პროგრამის ფარგლებში პაციენტებს უფასოდ ან სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებით ეძლევათ წამლები; უფასო, ანუ ანაზღაურებადი წამლების სია, რომელსაც სახელმწიფო ყიდულობს მწარმოებლებისგან, წინდაწინ არის ექიმისთვის ცნობილი და ის არჩევანის გაკეთების დროს ითვალისწინებს პაციენტის სადაზღვეო პაკეტის მოცულობას, ანუ სახელმწიფო იხდის ფულს და თავად ზრუნავს ხარჯის შეკავებაზე, ამ სისტემაშიც პაცინეტს რჩება არჩევანის უფლება, თუკი ის თვითონ დაფარავს სახელმწიფოს მიერ მისთვის შეთავაზებულ და მის მიერ შერჩეულ გენერიკებს შორის ფასის სხვაობას. მაგრამ როცა სახელმწიფო არ ანაზღაურებს წამლის ფასს, ანუ ჩვენ შემთხვევაში, მაშინ პაციენტი თავისუფალი უნდა იყოს გენერიკებს შორის არჩევანში. ერთადერთი, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, არის ის, რომ პაციენტს ჰქონდეს ხარისხიან წამლებს შორის არჩევანი.
თუ სახელმწიფო მოინდომებს ამ სარეგულაციო ინსტრუმენტის შემოღებას, სულ ცოტა, უნდა შეძლოს მისი ზუსტი და სრული ადმინისტრირება, ანუ სახელმწიფომ უნდა შეძლოს ექიმის მიერ პაციენტისთვის წამლის სავაჭრო დასახელებით გამოწერის ეთიკურობის შეფასება, ეს უკვე ვირტუალური ილუზიაა და რომც არსებობდეს ამის ვალიდური მეთოდოლოგია, ის იმდენად ძვირი დაუჯდება ბიუჯეტს, რომ წამლის ხელმისაწვდომობა საბოლოოდ დასამარდება.