ლაშა ტუღუში, გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი, ერთ–ერთია იმ საორგანიზაციო ჯგუფიდან, რომელმაც მედია გარემოს გაუმჯობესების მიზნით, კანონპროექტი მოამზადა. ჯგუფი რამდენიმე თვის მანძილზე ამუშავებდა ცვლილებების კანონპროექტს. თუმცა ტუღუში ამბობს, რომ ეს საკითხები დაგროვილი გამოცდილების შედეგია.
როგორ მოახერხებს თქვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის გარემოს შეცვლას?
ერთ დღეში, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება მედიის გარემოს გაუმჯობესება საქართველოში. მნიშვნელოვანი საკითხებია: ფინანსური გამჭვირვალობა, ლიცენზირების გამარტივება, ანტიკორუფციული, ინტერესთა კონფლიქტის , მარეგულირებელის საკითხები და სხვა. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ვფიქრობ, რომ გაუმჯობესდება მედია გარემო.
რაზე დგას მედია? იმაზე, რომ ფინანსურად და ადმინისტრაციულად ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული, მუშაობს იმ რეჟიმით, რასაც ჰქვია ინფორმაციის მიღების თავისუფლება. თუ ჩვენ ყველა ამ საკითხს მეტ–ნაკლებად მოვაგვარებთ, მე ვფიქრობ, რომ მედია გარემოში სერიოზული ცვლილებები იქნება.
არსებული სასამართლო და მარეგულირებელი იქნება იმის გარანტი, რომ კანოპროექტით გათვალისწინებული მუხლები იყოს ქმედითი?
იმ ჟურნალისტებით, რომლებიც ჩვენ გვყავს ქვეყანაში, ვიქნებით გარანტი, რომ მედია იქნება თავისუფალი? თუ ჩვენ დაველოდეთ, როდის იქნება ყველა მინისტრი, ჟურნალისტი, მოსამართლე გენიოსი, არაფერი გამოვა. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და არსებულ გარემოში დავიწყოთ ცვლილებები. ამიტომ რაც გვაქვს, ის რეალობა, მაქსიმალურად უნდა შევცვლოთ. იქ, სადაც შეგვიძლია, რომ სისტემა გავაუმჯობესოთ, უნდა გავაუმჯობესოთ. და რაც არ შეგვიძლია, იმაზე უარი უნდა ვთქვათ, მაგალითად, ოფშორებზე. აქ აზრი არ აქვს გაუმჯობესებას და ამიტომ მათზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ.
რეფორმებთან დაკავშირებით ასეთი მიდგომაა საქართველოში – ან ყველაფერი, ან არაფერი. არ ხდება ისე, რომ ყველაფერი ერთბაშად შეცვალო. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ბევრი ბერკეტი შევქმნათ იმისთვის, რომ მედიას ხელი შევუწყოთ.
არსებული სასამართლოს პირობებში, რა ჯობია, რომ გაუთავებლად მიდიოდეს პროცესები, თუ ყველა პროცესი ორ თვეში დასრულდეს? პასუხი მაინც გვეცოდინება. და თუ პრინციპული საკითხია, წახვალ სტრასბურგში და იქ გაასაჩივრებ, მაგრამ ამას გააკეთებ ორი თვის შემდეგ და არა ხუთი წლის შემდეგ.
დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ქრისტიან–დემოკრატების მიერ მოხდება თქვენ მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში
დიახ, ქრისტიან დემოკრატებმა გამოხატეს მზადყოფნა ამისთვის. ჩევნ ველაპარაკებით ყველას იმიტომ, რომ ვთლით, რომ მედია არ არის საკითხი, რომელიც მხოლოდ ერთი ჯგუფის პოზიცია უნდა იყოს.
თუ შესაძლებელია, რომ არსებობდეს ფართო კონსესუსი, უმჯობესია. ჩვენ გვინდა, ველაპარაკოთ ყველა პოლიტიკურ ძალას და მედიას.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, მათთან თუ აპირებთ კონსულტაციებს?
ჩვენ ვეცდებით შევხვდეთ და დაველაპარაკოთ. არის მათგან მესიჯები. რამდენად მისაღები იქნება, არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით.
არსებობდა მოსაზრება, რომ საკუთრება და წარმომადგენლობა უნდა გახდეს გამჭვირვალე. ეს იყო მათი მოსაზრება. ამ დროს ჩვენ უკვე გვქონდა გაკეთებული კანონები. აქ საუბარია, როგორ გვესმის ჩვენ ეს ყველაფერი, შესაძლოა, განსხვავებულად გვესმოდეს.
ჩვენ, საინიციატივო ჯგუფი მზად ვართ, ასევე, ბევრი მხარდამჭერი, ვინც იზიარებს ამ პოზიციებს, ღია და კონსტრუქციული დისკუსიის ფორმატში ვისაუბროთ ამ კანონპროექტზე.
პარლამენტში განხილვისას, შესაძლოა, კანონპროექტში ცვლილებებზე დაიწყოს საუბარი, რა იქნება ის, რასაც არ დათმობთ ამ კანონპროექტიდან?
ინფორმაციის საჯაროობას, საკუთრების გამჭვირვალობას, ოფშორებს, ფინანსურ გამჭვირვალობას.
ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც საკმაოდ პრინციპულია და სერიოზულ ძალისხმევას საჭიროებს, რომ ეს ცვლილებები მოხდეს.
ეს არ არის მარტივი თემა. მეორე მხრივ, აშკარაა, რომ ჩვენ უკან მივდივართ. ამის დასტური არის გამოკითხვები, მედიის შიგნითაც ანალოგიური მოსაზრებებია.
სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ და გარკვეული ნაბიჯები გადადვდგათ, არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ ეს ნაგავი დავტოვოთ და არ გავიტანოთ. ნაგავში, მე ვგულისხმობ ცუდ კანონებს და ასევე მედიის საქმიანობაში ჩარევას, ფულის გაუგებარ მოძრაობას და პოლიტიკური კორუფციის მაგალითებს.
ეს უნდა გავიტანოთ, მედია უნდა იყოს თავისუფალი, ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხია, რეფორმებისთვის, განვითარებისთვის, ცხოვრების დონის განვითარებისთვის. ჩვენ ძალიან პრინციპული ვიქნებით ამ დისკუსიების დროს.