კომენტარი

პაპუაშვილი არ ამბობს, რომ EU-ის პასპორტით უვიზოდ შედიხარ ამერიკაში, კანადაში… – კახა გოგოლაშვილი

28 ნოემბერი, 2024 •
პაპუაშვილი არ ამბობს, რომ EU-ის პასპორტით უვიზოდ შედიხარ ამერიკაში, კანადაში… – კახა გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს არაერთ ქვეყანასთან მოუწევს თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის გაუქმება.

კახა გოგოლაშვილი წერს:

„პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ, უამრავ ქვეყანასთან უვიზოს გაუქმება მოგვიწევს და ეს ცუდიაო. ჯერ ერთი, შესვლამდე (ისიც, თუ ხელისუფლება შეიცვალა) მინიმუმ 5-7 წელია. შემდეგ კი, რუსეთთან და დსთ-ს ზოგიერთ ქვეყანასთან ვიზების შემოღება მოგვიწევს. მაგრამ იმას კი არ ამბობს, რომ ევროკავშირის პასპორტით შეგიძლია უვიზოდ შეხვიდე ამერიკაში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის თუ ოკეანიის, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში. მან ასევე თქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გაუქმება მოგვიწევს ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთანო, რუსეთს გულისხმობდა და არ თქვა უბრალოდ ამ დროს, რომ ევროკავშირის წევრობა თავისუფალ ვაჭრობას გახსნის თურქეთთან, იაპონიასთან, კანადასთან, ვიეტნამთან, მექსიკასთან, ჩილესთან, არგენტინასთან, ახალ ზელანდიასთან, შეგვინარჩუნებს და გააღრმავებს დიდ ბრიტანეთთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან, გაგვიხსნის ბალკანეთის ქვეყნებთან, ჩრდილო და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან და ა.შ. მომავალში აშშ-თან. მთლიანობაში ევროკავშირის სამარკო ნიშნის საქონელი ყველგან კონკურენტუნარიანია და ნებისმიერ ქვეყანაში შეღწევა არ უჭირს. მოკლედ, ასეთი დეზინფორმაცია და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გასამართლებლად ხდება“.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებს. ამასთან, ამბობს, რომ ევროკავშირში დღეს გაწევრიანებას მოჰყვება რეგულაციები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს.

„ევროკავშირი წევრობა ნიშნავს შეზღუდვასაც, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, ეკონომიკური თავისუფლების დათმობას. თქვენ რა გგონიათ, ევროკავშირის წევრები დღეს რომ გავხდეთ, იცით, რამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს, თუნდაც ჩინეთთან და ბევრ ქვეყანასთან, დსთ-ის წევრ ქვეყნებთან… უვიზო მიმოსვლის გაუქმება იცით, რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს? იმიტომ, რომ შენგენის სივრცის ნაწილი ვიქნებით და საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ შევლენ შენგენის ტერიტორიაზე და ვისთანაც არ აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა, იმას საქართველოში ვერ შემოვუშვებთ. ერთ მხარეს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია. დღეს რომ გავწევრიანდეთ, ღვინის სექტორი ჩამოიქცევა“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველო 2030 წელს იქნება ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების იმ დონეზე, როდესაც ევროკავშირი შესაძლოა, აქეთ შეეხვეწოს გაწევრიანებას.

EU-ის წევრი რომ გავხდეთ, ბევრ ქვეყანასთან მოგვიწევს უვიზოს გაუქმება — პაპუაშვილის ანტიდასავლური გზავნილები

მასალების გადაბეჭდვის წესი