კომენტარი

სტრატეგიული მოთმინება – დუმილი!

29 ოქტომბერი, 2010 •
სტრატეგიული მოთმინება – დუმილი!

რაც თავი მახსოვს, სულ ჩუმად ვარ…90-იანი წლებიდან.

პირველად გავჩუმდი 1991 წელს, მაშინ, როდესაც ჯერაც ყმაწვილს, მითხრეს, რომ არ ღირდა ჩარევა ომში, რომელშიც გამარჯვებული არავინ იქნებოდა. ვიყუჩე! მართლებიც იყვნენ – აქეთ და იქით ჩემი ძმაკაცები იდგნენ, ვერც ერთს ვერ ვესროდი… ან კი რა ვიცოდი საერთოდ სროლა!

მერე გავჩუმდი 1992 წელს… კიტოვანმა და შევარდნაძემ ჯარი რომ შეიყვანეს აფხაზეთში, მინდოდა მეყვირა, რომ ასე არც რკინიგზას იცავენ და არც მომწიფებულ კონფლიქტს აგვარებენ, მაგრამ… მაგრამ გავჩუმდი! აბა, მე ვინ მეკითხებოდა!

მერე გავჩუმდი ხუთჯერ თუ ექვსჯერ… იქნებ მეტჯერაც… შევარდნაძისთვის მინდოდა მეთქვა, რომ მოსკოვში აცურებდნენ… მაგრამ, ვიფიქრე, რომ „ამოტოლა“ დიპლომატ კაცს ჩემზე კარგად მოეხსენებოდა, რასაც იქმოდა და…

გავჩუმდი მაშინ, როდესაც ქვეყანას აწ გარდაცვლილი ჯაბა იოსელიანი მართავდა… მეგონა, დროებითი იყო და… ვაცადე…

მერე გვჩუმდი მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდნენ და მოდიოდნენ ფაქტობრივად რუსები… ტაქტიკაათქო, ვიფიქრე!

მერე გავჩუმდი ზვიად გამსახურდია რომ მოკლეს მაშინ… რაღა მნიშვნელობა ჰქონდა ყვირილს, რომ ეს ტყუილი იყო.

მერე გავჩუმდი ასლან აბაშიძე რომ ლამის პირველი კაცი გახდა… თეთრი მელი მალე „მოუყომარებს“ მეთქი, ვფიქრობდი.

მერე გავჩუმდი მაშინ, როდესაც…  ამერია სათვალავი და ქრონოლოგია… მოკლედ, ვდუმდი მაშინაც, როდესაც ოქრუაშვილი გახდა „ასლან აბაშიძე“, ანუ „პირველი“ და მაშინაც, როდესაც ოქრუაშვილი ჯერ დასაჯეს, მერე გაუშვეს… და ახლა კვლავ სჯიან.

ნინო ბურჯანაძეზე ხომ გავჩუმდი და გავჩუმდი… – ასეა საჭირო-თქო –  „მესმოდა“ სააკაშვილის.

გავჩუმდი თავდაცვის ლამის ყველა მინისტრზე… განსაკუთრებით სააკაშვილის ეპოქიდან.

გავჩუმდი მაშინ, როდესაც ლატარიის კომპანია ერთ-ერთმა ნამინისტრალმა მოიგდო ხელთ და მას ცნობილი ლიბერტალიანელი უწოდეს.

გავჩუმდი მაშინ, როდესაც აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგება „დალიე ეს ფსოუს წყალიათი“ სცადეს… ან როდესაც განაიარაღეს „მონადირე“  – კოდორის ხეობის ჭიუხ – ბილიკების მცოდნეთა ასეული.

გავჩუმდი სვანეთში მიცვალებულების ძვლები რომ მიუყარეს…

 გავჩუმდი 7 ნოემბერს… რუსთაველზეც გავჩუმდი, რიყეზეც და „იმედშიც“.

ვაზაგაშვილსა და გამცემლიძეზეც გავჩუმდი… და გირგვლინზე კიდევ… მისაბუთებდნენ, რომ ამ ახალგაზრდების ამბავს „პრორუსი“ ოპოზიცია იხვევდა ხელზე და … ამიტომაც ღირდა გაჩუმება.

გავჩუმდი, როდესაც ბენდუქიძის შემდეგ დამინიშნეს ეკონომიკის არაფრისმცოდნე მინისტრები.

გავჩუმდი ლარის ინფლაციისას და ინფლაციის შედეგად მომრავლებული შეჭირვებულების ყურებისას.

გავჩუმდი მე რომ არ მომწონს ისე ჩატარებულ ყველა არჩევნებზე… ყველაზე, შევარდნაძიდან დღემდე!

გავჩუმდი მედიაში მომრავლებულ უაზრო სიუჟეტებზე… კიდევ მომრავლებულ სერიალებზე, უცნაურ და უგემოვნო შოუებზე…

გავჩუმდი მაშინ,  როდესაც ერთ-ერთმა ბანკმა „გამყვლიფა“, თან – უსამართლოდ!

გავჩუმდი „უსამართლო“ რეფორმებისას. გავჩუმდი და გავჩუმდი!

ვინც იყუჩა, იმან მოიგოო მითხრეს… და ახლაც ვდუმვარ.

ვდუმვარ და არც მომავალში ვაპირებ ყვირილს… ჯერ ერთი, რაღაცეები მართლა მომწონს და ჩემი საკრიტიკო აბა, რა აქვს თუ ხელიუფლებას და თუ საზოგადოებას ზოგადად… მეორე, რაც არ მომწონს, იმის კრიტიკა რომ დავიწყო, მყის მომეტმასნებიან ტიპები, რომლებიც რუსეთთან ერთმორწმუნებაზე ჩამომიგდებენ სიტყვას და, არ მინდა! მესამე და იქნებ ყველაზე მთავარი – კი ამბობენ, არ მეშინია, არ მეშინიაო, მაგრამ, მეშინია… ტელეფონში ჩემი ხმა რომ მეორდება, სულ მგონია, რომ მისმენენ… რომელიღაც ეტაპზე, სადღაც ფინანსური დარღვევაც მაქვს და, მგონია, რომ გამიხსენებენ… „პლანი“ ბოლოს 2004 წელს მოვწიე (ნარკოტიკი არასოდეს მომიხმარია), მაგრამ, აგე, ჩემი ახლობელი სწორედ ნარკოტიკზე დაიჭირეს, ის კი სიგარეტსაც არ ეწევა 1993 წლიდან… მოკლედ, მეშინია!

თან ბევრი მაინც იყოს ჩემნაირი“უცოდველი“ – გაიხედავ – აქეთ ოქრუაშვილია, იქით – ბურჯანაძე… მარცხნივ – კონფორმისტები, მარჯვნივ ულტრაკონფორმისტები…

გავჩუმდე უნდა – „სტატეგიული მოთმინება“ ჰქვია ახლა ამ დუმილს?

მასალების გადაბეჭდვის წესი