„თუ ქართველი ხალხი აირჩევს ცხოვრებას ერთპარტიულ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, სამოქალაქო საზოგადოება თავისუფლად ვერ ფუნქციონირებს, არ არის დამოუკიდებელი მედია და თითოეული ინდივიდის უფლებები დაცული არ არის, საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 18 ოქტომბერს.
ჰერჩინსკიმ წუხილი გამოთქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, თუმცა თქვა, რომ ეს განპირობებულია მთავრობის ქმედებებით და განცხადებებით.
„საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების, გადაწყვეტილებების და განცხადებების შედეგია, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ასე რომ, პრობლემა არ არის ბრიუსელში, ვაშინგტონში ან კიევში. პრობლემაც და მისი გადაწყვეტაც არის აქ, საქართველოში“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მან გაიხსენა, რომ ევროკომისიის გაფართოების პირველი ანგარიშით საქართველოს წინაშე წაყენებული ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნა ანტიდასავლური და ანტიევროკავშირის დეზინფორმაციული პროპაგანდის შეწყვეტა იყო, რომელიც შეჩერების ნაცვლად გაფართოვდა.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მმართველი პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის შეჯიბრი და კონკურსი გვაქვს, ვინ გამოუთხრის ძირს და შეურაცხყოფს ევროკავშირს ყველაზე მძიმედ. ეს მიუღებელია ქვეყნისგან, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. არჩევნები ზუსტად ერთ კვირაში იქნება. თქვენი და თქვენი შვილების მომავალი თქვენ მიერვეა გადასაწყვეტი. რასაც გადაწყვეტთ, ჩვენ პატივს ვცემთ. ეს არის განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის“, — განაცხადა ელჩმა.
ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის პარალელი გაავლო თბილისმა მერმა: „ბატონყმობაში საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ვიყავით და არ გვჭირდება ისეთი კავშირები, სადაც იგივე დამოკიდებულება იქნება“, — თქვა კალაძემ ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების კომენტირებისას.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს არჩევანს, თუმცა საქართველომაც პატივი უნდა სცეს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი დაფუძნებულია თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ფასეულობებზე, რომლებიც მოლაპარაკებას არ ექვემდებარება.
„იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ, საქართველო ერთი პარტიის ქვეყნად აქციოთ, აკრძალოთ ოპოზიციური პარტიები, გააძევოთ სამოქალაქო ორგანიზაციები, დაუშვებთ, რომ საქართველო გახდეს ადგილი, სადაც არაა სივრცე თავისუფალი მედიისთვის და გადაწყვეტთ, ყველა ქართველის უფლებები არ იყოს დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერ 2030 წელს“, — განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ევროკავშირია რეალური მშვიდობის პროექტი, რომელმაც მიიღო გაფართოების „რთული, მაგრამ მამაცი“ გადაწყვეტილება და საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდა, თუმცა, კონკრეტული პირობებით.
„სამწუხაროდ, გასული წელი გაიფლანგა — დაახლოების ნაცვლად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დისტანცია კიდევ უფრო გაფართოვდა. ეს მაშინ, როცა სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმების პროცესი ააჩქარეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, არჩევნების შემდეგ, ვინც მოიგებს არჩევნებს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს განაახლებს“, — დასძინა ჰერჩინსკიმ.
დიპლომატმა ხაზი გაუსვა არჩევნების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით ჩატარების მნიშვნელობას და თქვა, რომ ევროკავშირი დაელოდება საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას.
„ქართველებო, ძალა თქვენს ხელშია. ევროკავშირი პატივს სცემს თქვენს არჩევანს. ევროკავშირი არ მონაწილეობს არჩევნებში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას არჩევნებზე მისვლისკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ინიციატივას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისას, რომელიც საარჩევნო პროცესზე ინფორმირებულობის ამაღლებას ითვალისწინებს, მაგრამ რომელ პარტიას დაუჭიროთ მხარი, მხოლოდ თქვენი საქმეა. ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი. გთხოვთ, წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით. ეს თქვენი უფლებაა. ეს თქვენი მოვალეობაა. არჩევანი ფარულია“ , — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარების შემთხვევაში, ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირს აქვს რეაგირების მექანიზმები.
„ეს არ არის მუქარა, ეს არის რეალობა. წარსულში იყო მაგალითები, როდესაც არჩევნები არ ჩატარდა თავისუფლად და ჩვენ არ გვქონდა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მიგვეღო ზომები, სანქციების ჩათვლით. სანქციების შემოღება ადვილი არ არის, მოითხოვს ერთსულოვნებას, მაგრამ უვიზო რეჟიმის შეჩერებას არ სჭირდება ყველა ქვეყნის თანხმობა. ჩვენი მოვალეობაა, მონიტორინგი გავუწიოთ ყველა პირობის შესრულებას, რომელსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება. თუ თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და უმცირესობების უფლებები არ არის დაცული, მოგვიწევს რეაგირება. არავის სურს ჩვეულებრივი ხალხის დასჯა. მაგრამ ჩვენ მოგვიწევს რეაგირება საქართველოს მთავრობის ქმედებაზე, გადაწყვეტილებებსა და განცხადებებზე“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, საქართველომ უკვე დაკარგა 121 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური დახმარება ევროკავშირისგან და არსებული ტრაექტორიის შენარჩუნების შემთხვევაში უფრო მეტს დაკარგავს, ყველა იმ ფინანსური დახმარების ჩათვლით, რომელსაც ქვეყნების გაწევრიანების პერიოდში და მის შემდეგ იღებენ.
ევროკავშირის ლიდერებმა 17 ოქტომბრის სხდომაზე კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს.
ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის აუცილებლობას.
ამავდროულად, ევროკავშირი ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე.








