ნეტგაზეთი | არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხი ბიძინა ივანიშვილის კომენტარზე არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხი ბიძინა ივანიშვილის კომენტარზე – Netgazeti
RU | GE  

არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხი ბიძინა ივანიშვილის კომენტარზე

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო კომენტარს ეხმაურებიან. მათი თქმით, ივანიშვილი არაკორექტული იყო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებისას. განცხადებას “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:

“10 ნოემბერს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მედიისთვის ვრცელი კომენტარები გააკეთა საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილმა კრიტიკული განცხადებები გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ადგილსამყოფელთან, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესთან, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან, ეუთოს და ევროსაბჭოს განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით.

ყოფილი პრემიერი ტრადიცულად კრიტიკული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე საუბრისას, რომლებსაც ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გაგრძელება უწოდა. იგი განსაკუთრებით არაკორექტული იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის მიმართ, როდესაც განაცხადა, რომ გიგაური თავისი საქმიანობით „სამოქალაქო საზოგადოებას აბინძურებს”.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრემიერის აღნიშნული განცხადებები დაემთხვა იმ დღეს, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი სტუმრობდა. ეს იყო უმაღლესი წარმომადგენლის პირველი ვიზიტი საქართველოში და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესის წარმოსაჩენად. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს არსებული პროგრესის აღნიშვნა, რაც შესაძლებელია ვიზების ლიბერალიზაციის გადაწყვეტილებას დაედოს საფუძველად.

ქალბატონი მოგერინის ოფიციალური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი იყო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იყო ქვეყანაში არსებული ვითარება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განსაკუთრებლი ყურადღება გაამახვილეს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის მნიშვნელობაზე და ისაუბრეს რუსეთის საინფორმაციო-პროპაგანდისტული საქმიანობის გაძლიერებაზე და ამით გამოწვეულ საფრთხეებზე.

ბიძინა ივანიშვილისა და სახელისუფლო პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიმართ გამოხატული დაუსაბუთებელი კრიტიკა საზოგადოებაში შეიძლება აღიქმებოდეს არა მხოლოდ იმ აქტორებზე თავდასხმად, რომლებიც ცდილობენ დაიცვან სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების იდეა, არამედ თავად ამ ღირებულებების დაკნინების მცდელობად, რომელიც განსაკუთრებით პრობლემურია ევროინტეგრაციის მიმდინარე პროცესის ფონზე.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები ვაცხადებთ:

• მაღალი თანამდებობის პირებმა და პოლიტიკოსებმა ადეკვატურად გაიაზრონ სამოქალაქო სექტორის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში და საკუთარ საჯარო გამოსვლებში მოახდინონ დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის დემონსტრირება;

• მაშინ, როდესაც საქართველოში მაღალი რანგის ევროპელი სტუმარი იმყოფებოდა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მომენტის შეფასებასაც ემსახურებოდა, ყოფილი პრემიერის კრიტიკული განცხადებები დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით შესაძლოა უარყოფითად აისახოს ვიზიტის შედეგებზე;

• ყოფილი პრემიერის მცდელობა კრიტიკული მოსაზრებების გამო დემოკრატიული ინსტიტუტები დააკავშიროს ოპონენტ პოლიტიკურ პარტიებთან და ამით მათი დამოუკიდებელი სტატუსი და შეფასებები ეჭვის ქვეშ დააყენოს, განსახვავებული მოსაზრებების მიუღებლობაზე მეტყველებს;

• ყოფილი პრემიერის კრიტიკული ხედვები, საქართველოს ხელისუფლებაზე მისი არაფორმალური გავლნის პირობებში, უარყოფით გავლენას ახდენს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მოხელეებისა და პოლიტიკოსების განწყობების ფორმირებაზე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადებას ხელს აწერენ სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, იდენტობა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი “ემპათია”, სტრატეგიული კომუნიკაციისა და დემოკრატიის ცენტრი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გუკი გიუნაშვილი