კომენტარი

საია: დროის გარკვეულ მონაკვეთში ერთად მუშაობა მოსამართლის აცილების საფუძველი არ უნდა გახდეს

9 ნოემბერი, 2015 • 1307
საია: დროის გარკვეულ მონაკვეთში ერთად მუშაობა მოსამართლის აცილების საფუძველი არ უნდა გახდეს

საქართველოს პარლამენტი ტელეკომპანია “საქართველოსა” (რომელის რუსთავი 2–ის ერთ–ერთი პარტნიორია და ყარამანიშვილები ფლობენ) და რუსთავი 2–ის საკონსტიტუციო სარჩელებზე ორი მოსამართლის აცილებას ითხოვს იმ მოტივით, რომ ისინი რუსთავი 2–ის მიმართ მიკერძოებულნი იქნებიან. კერძოდ, პარლამენტის შუამდგომლობაში საუბარია, რომ მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო მოსამართლე მაია კოპალეიშვილი  ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა მისი ჯერ იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას. 

 

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ თუკი დროის გარკვეულ მონაკვეთში ადამიანების ერთად მუშაობა მოსამართლის აცილების საფუძველი გახდება, ეს ძალიან დაბალ სტანდარტს დაამკვიდრებს:

 

“ძალიან რთულია, მოძებნო საქართველოში წარმატებული იურისტი, რომელსაც სხვა წარმატებულ იურისტებთან არ ექნებოდა გარკვეული გადაკვეთა დროის რაღაც მონაკვეთში თავისი კარიერის. მაგრამ, თუ აქ საუბარია ურთიერთობაზე, რომელიც სცილდება თანამშრომლობას, შეიძლება იყოს უფრო მეგობრული, ნათესაური, მაგალითად, ნათელ–მირონი ან ასე შემდეგ, ეს უკვე ცალკე საკითხია და განხილვის თემა, თუ ასეთ რამეზე აპელირებს პარლამენტი. მაგრამ რაც შუამდგომლობაში ვნახე, რამე კონკრეტული ამ მიმართულებით არ არის წარმოდგენილი. მარტო ის, რომ ორი ადმიანი ერთად მუშაობდა დროის გარკვეულ მონაკვეთში, ეს, არ ვფიქრობ, რომ აცილების საფუძველი უნდა გახდეს,”– განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


მისივე თქმით, იმისათვის, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს კითხვები და ყოველგვარი ეჭვები გამოირიცხოს, მნიშვნელოვანია, რომ პასუხი, რომელსაც კოლეგია მიიღებს ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, დასაბუთებული იყოს.

 

 

პარლამენტის შუამდგომლობაში ასევე საუბარია იმაზეც, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ იმ კონსტიტუციურ სარჩელებზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო, სულ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობა დაყენებული იყო 19 კონსტიტუციურ სარჩელზე, რომელთაგან დაკმაყოფილდა მხოლოდ სამი, ამათაგან ორზე გაიმართა ზეპირი მოსმენა და მხოლოდ ერთი, „რუსთავი 2-ის“ სარჩელი, იქნა განხილული ზეპირი მოსმენის გარეშე.


ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეს შეიძლება, ეჭვების საფუძველი გახდეს.

 

“კანონი არ დაურღვევია ამით საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ცალსახაა, მაგრამ პარლამენტი, გარკვეულწილად, მინიშნებას აკეთებს არაერთგვაროვან პრაქტიკაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი კითხვის ნიშნები შეიძლება გაჩნდეს. ზოგადად, ამ შუამდგომლობაში არის კიხთვის ნიშნები საკონსტიტუციო სასამართლოს მოუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი კითხვის ნიშნები შეიძლება ჩნდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით და, მე ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალი და დემოკრატიული სტანდარტი ასეთ შემთხვევაში არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საჯაროდ გასცეს პასუხი პარლამენტის შუამდგომლობაში დასმულ ამ საკითხებს და საზოგადოებას თავისი პოზიცია მიაწოდოს ამ საკითხებთან დაკავშირებით,”– ამბობს საიას თავმჯდომარე.

 

მისი განცხადებით, როდესაც ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეა, უფრო გონივრული იქნებოდა, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდანაც, რომ ჩაეტარებინა ზეპირი მოსმენა ამ საკითზე და არ მიეცა მხარეებისთვის კითხვის ნიშნების დასმის საფუძველი. 

 

 

ანა ნაცვლიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ასევე შეეხო რუსთავი 2–ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის აცილების საკითხსაც და განაცხადა, რომ ეს ორი შემთხვევა ერთმენეთისგან განსხვავდება. რუსთავი 2–ის მხარემ არაერთხელ დააყენა შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის აცილების შესახებ. მათი ერთ–ერთი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ მოსამართლის დედის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა, რაც შესაძლოა პროკურატურის მხრიდან გამოყენებული ყოფილიყო ურთმელიძეზე ზეწოლის მოსახდენად. მოსამართლეს რუსთავი 2–ის წარმომადგენელთა შუამდგომლობები აცილების შესახებ არ დაუკმაყოფილებია.

 

“აქ საუბარი იყო ოჯახის წევრზე. ჩვენი კანონმდებლობითაც და გონივრული სტანდარტითაც, დედა არის ოჯახის წევრი. მერე მაორე, საუბარი იყო იმაზე, რომ დედის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე, რომლის ლოგიკაც, პროკურატურამ რატომ არ აღძრა თავიდან საქმე და წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ რატომ წაუყენა ბრალი ურთმელიძის დედას, ეს განცხადება იყო ძალიან დაუსაბუთებელი, უარგუმენტო და იმის მაგივრად, რომ გაებათილებინა ეჭვები, პირიქით, განამტკიცა ეს ეჭვები, რომ მართლაც, პროკურატურის მხრიდან რაღაც არალოგიკურ, დაუსაბუთებელ მოქმედებებს ჰქონდა ადგილი. ანუ, ურთმელიძის შემთხვევაში, აღქმა იმისა, რომ ეს ადამაინი ვერ იქნებოდა დამოუკიდებელი, იყო დაფუძნებული გაცილებით უფრო მძიმე ფაქტებზე, რაც ამ შემთხვევაში თუ არსებობს, ჩვენთვის ცნობილი არ არის,”– ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი