კომენტარი

რა მიზნით დაფუძნდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა — ინტერვიუ ლევან ცუცქირიძესთან

4 ივლისი, 2024 •
რა მიზნით დაფუძნდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა — ინტერვიუ ლევან ცუცქირიძესთან

„ჩვენ ვხედავთ ჩვენს თავს წინასაარჩევნო პერიოდშიც, არჩევნებშიც და არჩევნების შემდეგაც“, — ამბობს მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აწ უკვე აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე, რომელმაც პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დააფუძნა. პოლიტიკური მოძრაობის გუნდის და მანიფესტის პრეზენტაცია  პირველ ივლისს გაიმართა. „ნეტგაზეთი“ ცუცქირიძეს „თავისუფლების მოედნის“ შექმნის მიზნების შესახებ ესაუბრა.


— არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე რა მიზნით გადაწყვიტეთ პოლიტიკური მოძრაობის შექმნა?

— ქართული დემოკრატია და, შესაბამისად, ქართული სახელმწიფოებრიობა არის სასიცოცხლო რისკის ქვეშ. მეორე ფაქტორია ის, რომ ევროპულ პერსპექტივას ვკარგავთ. ევროინტეგრაციის პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. არჩევნების შემდეგ თუ არაფერი შეიცვალა, ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. თავისუფლება და ევროპული პერსპექტივა არის გადასარჩენი. გადარჩენის გზას კი ვხედავთ, ერთი მხრივ, იმაში, რომ პოლიტიკაში შემოვიდნენ ახალი ადამიანები, მოიტანონ ახალი იდეები და ახალი ენერგია. ის ადამიანები, ვინც მოედნის დაფუძნების ღონისძიებაზე ნახეთ, ადრე არ ყოფილან ჩართული პარტიულ საქმეებში. ყველა თავის საქმეს აკეთებდა, საკუთარი დარგის უმაღლესი რანგის პროფესიონალები არიან, მაგრამ ახლა ყველა ხედავს, რომ მათ უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულონ ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში. მეორე ამოცანაა, თავისუფლების მოედანი გახდეს კონსოლიდაციის და ერთობის სივრცე, სახალხო ფრონტის ტიპის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელშიც გაერთიანდებიან ინდივიდები, პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი დემოკრატიული პოლიტიკური ძალებისთვის. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანები და ცვლილებების ხედვაც.

— ეს ნიშნავს, რომ „თავისუფლების მოედანს“ განიხილავთ როგორც სხვადასხვა ძალების გაერთიანების პლატფორმას თუ მოძრაობას, რომელიც მომავალში დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება?

— „თავისუფლების მოედანს“ განვიხილავთ სივრცედ, რომელიც გაერთიანებას შეუწყობს ხელს. მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, გამოჩნდება, მაგრამ ამ ეტაპზე, განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდში, გვგონია, რომ მნიშვნელოვანია არა რომელიმე ახალი პოლიტიკური პარტიის გამოჩენა, არამედ ის, რომ გაერთიანდნენ სხვადასხვა ძალები — პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალები, ცალკეული ადამიანები. ჩვენ შემოგვაქვს გაერთიანების იმპულსი და არა — დაქუცმაცების. ეს არის პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც თავის თავში დაიტევს სხვა ჯგუფებსაც და სხვა ადამიანებსაც. ეს არ არის მხოლოდ ახალი ორგანიზაცია, მაგრამ არის უაღრესად პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ასევე მონაწილეობას მიიღებს წინასაარჩევნო პერიოდში და სრულფასოვნად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში.

— რა ფორმით ჩაერთვებით პროცესში, არჩევნებში მონაწილეობას თუ აპირებთ, და რა კონფიგურაციით?

— პოლიტიკური პროცესი უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს. ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან როლს ვხედავთ ამომრჩევლის ინფორმირების, ორგანიზების, მობილიზების საქმეებში, წინასაარჩევნოდ სამოქალაქო განათლების საკითხებში და ასევე, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩემთვის პოლიტიკური პარტიებთან კონსულტაციები ახალი ამბავი არ არის იმიტომ, რომ ბოლო 15 წელია ინტენსიური ურთიერთობა მაქვს თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. ახლა, უკვე როგორც „თავისუფლების მოედანს“, ჩვენ გვექნება კონსულტაციები დემოკრატიულ ოპოზიციურ ძალებთან და როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ სად და როგორ კონფიგურაციაში ვხედავთ ჩვენი მისიის საუკეთესოდ რეალიზაციას, ამის შესახებ აუცილებლად საჯაროდ განვაცხადებთ. ასე რომ, დიახ, ჩვენ ვხედავთ ჩვენს თავს წინასაარჩევნო პერიოდშიც, არჩევნებშიც და არჩევნების შემდეგაც. ახლა მიდის დისკუსია და მსჯელობა ჩვენ შორის, ისევე როგორც კონსულტაციები სხვებთან, და როგორც კი ამაზე ჩამოვყალიბდებით, საჯაროდ განვაცხადებთ.

— თუმცა გარკვეული კონფიგურაცია, ალბათ, უკვე გამოკვეთილი გექნებათ, რადგან ოთხი თვით ადრე გადაწყვიტეთ პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია…

— სიმართლე რომ გითხრათ, ამ მოძრაობის დაფუძნებაზე ჩვენ დიდი ხანია ვფიქრობთ. ეს არ არის სპონტანური გადაწყვეტილება. დიდი ხანია, ვამზადებდით. ვფიქრობდით, რა სჭირდება საქართველოს, როგორი შეგვიძლია უკეთესად ვემსახუროთ თავისუფლების და ევროპული კურსის დაცვის მისიას და ა.შ. კონფიგურაციას რაც შეეხება და თუ ვის ვხედავთ ძირითად პარტნიორებად, დიალოგი გვექნება ყველასთან, ვინც არ ეწინააღმდეგება მანიფესტს, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ. ჩვენ არ ვართ ფუნდამენტალისტები, ზომიერი ადამიანები ვართ, რომლებიც ვამბობთ, რომ ვინც არ არის ჩვენი წინააღმდეგი, ის ჩვენთან არის. ვინც არ არიან კონფლიქტში მანიფესტის იდეებთან, განვიხილავთ იმ მხარეებად, რომელთანაც საუბარი შეიძლება. როდესაც ჩვენი კონსულტაციების ეს რაუნდი დასრულდება, — გვესმის, რომ დრო ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მოხდება ძალიან მალე,- ვიტყვით კიდევაც.

— შეგიძლიათ გვითხრათ, რომელ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან მართავთ კონსულტაციებს?

— საჯაროდ შეთავაზება გავაკეთეთ დაფუძნების დღეს. არ გამოვრიცხავ არავის, გარდა მმართველი პარტიისა და აშკარად პრორუსული პოლიტიკური ორგანიზაციებისა. დანარჩენი ყველასთან ვისაუბრებთ და მერე გადავწყვეტთ.

— როგორც წესი, ევროინტეგრაციის, დემოკრატიის, თავისუფლების დაცვის იდეებს, რაზეც საუბარია თქვენს მანიფესტში, დეკლარირებულად უმრავლესობა იზიარებს, თუმცა გაერთიანება უჭირთ ხოლმე. ახლა რა რესურსს ხედავთ, რომ დიდი ერთობა შედგეს? და თქვენ რომელ ხედვას უფრო იზარებთ — ერთიანი სიის, რომელსაც ენმ ემხრობა, თუ „ნაციონალურ მოძრაობის“ მიღმა მყოფი ოპოზიციური ძალების ერთობის?

— ეს არის წინასაარჩევნო სტრატეგიებთან დაკავშირებული ხედვები. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვიკრიბებით „თავისუფლების მოედნის“ გარშემო, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რა უნდა მოხდეს არჩევნების შემდეგ. ესეც ღირებული ნაწილია იმ დისკუსიებისა, რომელსაც გავმართავთ პოლიტიკურ პარტიებთან. იმიტომ, რომ თუკი უნდა შეიცვალოს მხოლოდ ხელისუფლება, მაგრამ არ შეიცვალოს ხელისუფლების არსი, მაშინ ეს ცვლილება არ იქნება იმის მომტანი, რისთვისაც ვერთიანდებით. ამიტომ დისკუსიების ნაწილი ასევე იქნება შეჯერება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, სასამართლოს საკითხი და სხვა.

ჩემი აზრით, ახლა ამოცანაა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი დარჩეს სახლში. ჩემთვის პირადად არ არსებობს ამაზე უფრო დიდი მისია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე მივიდეს ამომრჩევლის რეკორდულად მაღალი რაოდენობა. თუ ამას ხელს შევუწყობთ, ჩავთვლით, რომ ჩვენი მისიის მნიშვნელოვანი ნაწილი შევასრულეთ.

რაც შეეხება დაჯგუფებებს, ჩვენ ღია ვართ ყველა ვარიანტებზე ფიქრისთვის, მაგრამ მე პირადად, — ჩვენთან მრავალფეროვანი გაერთიანებაა და სხვადასხვა აზრია, — ვფიქრობ, რომ რამდენიმე მსხვილი გაერთიანება არის უკეთესი შესაძლებლობა იმისთვის, რომ უფრო მეტი ამომრჩეველი მივიდეს უბანზე. ჩემს როლს და უკეთეს წვლილს უფრო მრავალპარტიულ, ინკლუზიურ კოალიციაში ვხედავ. თუმცა ჯერ ვმსჯელობთ და როცა საერთო აზრი გვექნება, აუცილებლად საჯაროდ გამოვაცხადებთ.

— რაში მდგომარეობს „თავისუფლების მოედნის“ პროგრამული ხედვები, იდეოლოგია, თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ?

— ჩვენი მოსაზრებები უფრო არის ცენტრისტული. უკვე ნამსჯელი გაქვს არაერთ საკითხზე, რაზეც მნიშვნელოვანია, პასუხები და ხედვები არსებობდეს. რამდენიმე თემაზე კიდევ მიმდინარეობს მუშაობა და როცა დასრულდება, უახლოეს დღეებში ცალკე გვექნება ჩვენი ხედვების წარდგენა. ამიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მნიშვნელოვანია არა მარტო ის, როგორ მივალთ არჩევნებზე, არამედ არჩევნების მერე რა ხდება. პროგრამული ხედვები, რომელსაც ცოტა ხანში გავაცნობთ საზოგადოებას, ვფიქრობთ, ასევე შეიძლება, ახალი მიზიდულობის საფუძველი გახდეს სხვადასხვა ჯგუფებისთვის იმიტომ, რომ ასევე მნიშვნელოვანია, საქმიანი, კომპეტენტური და პრინციპში, მიუკერძოებელი პოლიტიკის ხედვის გარშემო იყოს პოლიტიკური კოალიცია.

— თუ ეს კოალიცია ვერ შედგა, არჩევნებში ცალკე მონაწილეობას განიხილავთ? თუ კი, როგორც ფიქრობთ, რამდენად გამართლებული იქნება ეს 5%-იანი ბარიერის პირობებში და მაშინ, როცა მაღალი ცნობადობა შეიძლება, არ ჰქონდეს თქვენს გუნდს?

— ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის დიდი კოალიციის ხელშეწყობა…

— თუ არ გამოვიდა?

— თუ არ გამოვიდა, მერე უკვე ამაზე ვიმსჯელებთ, მაგრამ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ასეთი ინკლუზიური კოალიცია შესაძლებელი გახდება. რაც შეეხება ცნობადობას, მე პირიქით, სულ არ ვეძებდი ადამიანებს მასობრივი ცნობადობის ნიშნით. მასობრივი ცნობადობა იმას ნიშნავს, რომ ცნობილია, რა აქვთ მათ სათქმელი. ახალი ადამიანების ხიბლი და კონტრიბუცია კი ის არის, რომ ამბობენ სიტყვას, რომელიც შესაძლოა საზოგადოებას ჯერ არ მოუსმენია. ძალიან ნაცნობი ადამიანების შეკრებას შეიძლება დადებითი თვისებები ჰქონდეს და ასეთებიც იქნებიან „მოედანში“, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ხმამაღლა ისმოდეს იმ ადამიანების ხმა, რომელთა ხმაც არ ისმოდა. ადამიანებს ვიმატებთ სამი კრიტერიუმით: კომპეტენცია, პატიოსნება და პატრიოტიზმი. საყოველთაო ცნობადობა სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი მისთვის, რომ ვინმე „თავისუფლების მოედანში“ მოხვდეს.

— თქვენ მიერ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანი ფაქტორია ფინანსებიც… დაფინანსების რა წყაროები აქვს „თავისუფლების მოედანს“?

— გვაქვს ჩვენი თანამოაზრეების და მეგობრების იმედი. ვფიქრობ, ბევრი რამის გაკეთებას ასევე შევძლებთ მოხალისეობრივი პრინციპითაც. „მოედნის“ გარშემო შეკრებილ ადამიანებს აქვთ პოლიტიკაში მონაწილეობის ალტრუისტული მომენტიც. და ჩვენს ამოცანებს, — ვგულისხმობ პოლიტიკის ხედვის შექმნას, ახალ ადამიანებთან მუშაობას, — მაინცდამაინც დიდი დაფინანსება არ სჭირდება. ამ ეტაპზე, რისი გაკეთებაც გვჭირდება, ამის შესაძლებლობა გვაქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი