კომენტარი

რატომ უნდა შეიზღუდოს საქართველოში გამოხატვის თავისუფლება

7 ოქტომბერი, 2010 • 3243
რატომ უნდა შეიზღუდოს საქართველოში გამოხატვის თავისუფლება

შიშის დასათესად და ახალი წევრების მოსაძიებლად, ინტერნეტი ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული საშუალებაა.   გონივრულობას მოკლებული არ არის აზრი იმის შესახებ, რომ ღირდეს მსჯელობა სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და, განსაკუთრებით, ინტერნეტ სივრცის  ფრთხილი ცენზურისადმი  დაქვემდებარების თაობაზე.  საუბარია სიძულვილის ენაზე, რომელიც მრავალი  განვითარებული სახელმწიფოს მიერ  კანონით დარეგულირებულია.

რა არის და რა არ არის სიძულვილი

თუ ადამიანის წინააღმდეგ კონკრეტული ბრალდება „არასათანადო“  ქცევის შესახებ სიმართლეა, ამ ადამიანმა შეიძლება გადამეტებული უკურეაქცია ან სიძულვილი და ზიზღიც კი დაიმსახუროს. მაგრამ სიძულვილის პროპაგანდა ადამიანთა მიერ სინამდვილეში  ჩადენილი ან ჩაუდენელი დანაშაულის მიხედვით არ ირჩევს ბრალდების სამიზნეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიძულვილი ინდივიდების ან ჯგუფების მიმართ იმის გამო კი არ არის მიმართული, რასაც ისინი აკეთებენ, არამედ იმის გამო, რასაც ისინი წარმოადგენენ. სიძულვილი ადანაშაულებს მათ, რადგანაც სახეზეა  ადამიანთა ერთი ან რამოდენიმე მახასიათებელი: განსხვავებული კანის ფერი, გენდერი, ენა, სექსუალობა და ა.შ.  თუ ინდივიდები  სიძულვილით მოპყრობას  მხოლოდ იმიტომ იმსახურებენ, რომ ისინი იდენტიფიცირდებიან როგორც რომელიმე ამ ჯგუფის წევრი, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ მიმართ დისკრიმინაციაც სავალდებულოდ  უნდა იყოს ნაგულისხმევი, რომ საზოგადოება მათგან დავიცვათ.

მსჯელობის ეს ხაზი ზუსტად აჩვენებს, თუ როგორ გარდაიქმნება დისკრიმინაცია დევნად და საბოლოოდ გენოციდის სახით გვევლინება ხოლმე. ამიტომ, მოგვიანებით ადგილობრივი მასშტაბით „გენოციდის“ თაობაზე რომ არ მოგვიწიოს წუხილი, სჯობს ახლავე ვიმსჯელოთ განსხვავებული ჯგუფების დევნის აკრძალვის მნიშვნელობაზე.  ჩვენს საზოგადოებას არჩევანის გაკეთების აუცილებლობა ფუნდამენტალური ღირებულებების არჩევის მიზნით უჩნდება. ლი ბოლინგერი –  ცნობილი ამერიკელი იურისტი, ადამიანის უფლებების სფეროს მკვლევარი და 2002 წლიდან კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი  –  ამბობს, რომ უდიდესია გამოხატვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობა, მაგრამ მისი უკიდეგანო დაცვა არ შეიძლება. სიძულვილის ენა, თავისთავად, არ არის დაცვის ღირსი და შესაძლებელია მისი მთლიანად აკრძალვა სრულიად ლეგიტიმური საშუალებებით, ამტკიცებს ბოლინგერი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ დავრჩეთ შემწყნარებელნი, აუცილებელი არ არის შეუწყნარებლობის შეწყნარება.

 

შემოთავაზებული გეგმა 

საქართველოში დაწვრილებით  გვახსოვს 2010 წლის გაზაფხულზე განვითარებული მოვლენები, რომლებიც ფეისბუქის ქართულ ქსელში ექსტრემისტულ-ნაციონალისტური ჯგუფების ინფილტრაციით დაიწყო, ვინმე სადღობელაშვილის მსგავსი სუბიექტების გამობრწყინებით გაგრძელდა და შემდგომში  ილიას უნივერსიტეტის წინ ამავე ქსელში აგორებული წინააღმდეგობის მოძრაობის დარბევაში გადაიზარდა. თუ მათზე უფრო ძლიერად მოკაშკაშე ვარსკვლავები არ ამოკიაფდნენ,  „გიორგი ვარ, გაბედავა“ და „აფხაიძე“  ახლადგამოჩეკილი და დროებით მიწყნარებული ქართული ე.წ. „სკინჰედების“ ტიპის და ნეო-ნაცისტური ჯგუფების  აღმნიშვნელები მრავალი წლის განმავლობაში  იქნებიან.  ამერიკის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ანგარიშების მიხედვით, შიშის დასათესად და ახალი წევრების მოსაძიებლად, ინტერნეტი ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული საშუალებაა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გონივრულობას მოკლებული არაა აზრი იმის შესახებ, რომ ღირდეს მსჯელობა სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და, განსაკუთრებით, ინტერნეტ სივრცის  ფრთხილი ცენზურისადმი დაქვემდებარების თაობაზე.  აქ საუბარია სიძულვილის ენაზე, რომელიც მრავალი განვითარებული სახელმწიფოს მიერ არის კანონით დარეგულირებული.

საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, აქ მნიშვნელოვანია ერთი დათქმა: ამ სტატიაში განვითარებული მსჯელობა  დემოკრატიული მმართველობისა და კანონმდებლობის იდეებს ეყრდნობა და მას არ აქვს პასუხი ტოტალიტარულ კონტექსტებში ძალაუფლების, მათ შორის, აქ შემოთავაზებული რეკომენდაციების ბოროტად გამოყენებისგან დაცვის თაობაზე.  ამ სტატიას  აკისრია ვიწრო  ამოცანა: წარმოაჩინოს არგუმენტები დემოკრატიულ საზოგადოებაში სიძულვილის  ენის გამოყენების აკრძალვის მხარდასაჭერად.

 

ცენზურის სავარაუდო სიკეთეები 

ამ ქვეყნის კონსტიტუცია საკმაოდ ვიწრო უნდა იყოს და  კონკრეტულ ზიანზე კონცენტრირებული, რათა შესაბამის ქმედებებზე მისი მოთხოვნების მდგრადი მიყენება გახდეს შესაძლებელი.  სიტყვის თავისუფლების პრინციპი ძლიერი პრეზუმფციით დაწყებას მოითხოვს, რომელიც შემწყნარებლობას დაუჭერს მხარს. ამ შემწყნარებლობაზე გვერდის ახვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეიძლებოდეს, თუ დადგინდება, რომ საზოგადოება არაფერს ან ძალიან მცირედს მოიგებს შემწყნარებლობის განხორციელებიდან, ამბობს ბოლინგერი. შემწყნარებლობა აბსოლუტური წესი არაა, იგი მხოლოდ პრეზუმფციაა, რომლის უარყოფაც შესაძლებელია. მაგალითად,  სასურველია შევზღუდოთ ნეო-ნაცისტური მსვლელობა, რადგან ამ მსვლელობის თანამდევი „ხარჯი“ და ზიანი საკმაოდ დიდია.

შემოთავაზებული შეზღუდვა, ზოგადად, სიძულვილის აკრძალვას არ ეხება, იგი კონკრეტულად იმ სიძულვილის შეზღუდვაა, რომელიც– რასების, რელიგიების, ეთნიკური და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ჯგუფების ან სხვა გარეგნულად იდენტიფიცირებადი ადამიანთა კატეგორიების მიმართ არის მიმართული. სტანდარტი რომ არ დაეცეს და არაპოპულარული აზრების დაჩაგვრა არ მოხდეს,  სასამართლოებმა და  მედიამაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. აქ მნიშვნელოვანია ზიანის ოდენობის გამოთვლის პრინციპი: დასავლელი ფილოსოფოსები გვაფრთხილებენ, რომ არ უნდა ავურიოთ არაპოპულარული აზრი მაგ. ნეო-ნაცისტურ მეტყველებაში. 

რასაკვირველია, 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის ქართულ საზოგადოებაში ყველაფერი პირიქითაა: აქ არაპოპულარულ აზრს დაჩაგვრა არ ემუქრება. ის, რაც დასავლეთში არაპოპულარულია – ნეონაცისტური მეტყველება, მიზოგინია, ჰომოფობია და ქსენოფობიის სხვა გამოხატულებანი, სიძულვილის ენა განსხვავებული ჯგუფების მიმართ,  სამოქალაქო და სასულიერო პრინციპებისა და თემატიკის აღრევა, ეკლესიის კონსტიტუციაზე წინ უკანონოდ დაყენების პრაქტიკა – ჩვენთან სწორედაც რომ პოპულარულია და მის გავლენას ექვემდებარებიან როგორც მედიის, ისე ხელისუფლების თითქმის ყველა შტოს წარმომადგენლები, მათ შორის, გარკვეულწილად, სასამართლოებიც.

საილუსტრაციოდ გავიხსენოთ ბათუმში განვითარებული მოვლენები, სადაც ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით, უარყოფს საქართველოს კონსტიტუციის მიერ მინიჭებული შეკრების თავისუფლების პრინციპს და ქუჩაში შეკრებილი აგრესიული ბრბოს ხელმძღვანელ სასულიერო პირს ჰპირდება, რომ არ დაუშვებს “გეი პარადის მსვლელობას ქალაქის ქუჩებში.” გეი აღლუმი იქნება ეს თუ მთვარეზე გასეირნების მოყვარულთა ორგანიზაციის მსვლელობა, საქართველოს კონსტიტუცია მშვიდობიანი ღონისძიების შინაარსობრივი რეგულირებისაგან თავს იკავებს და მხოლოდ ფორმის რეგულირებით შემოიფარგლება. შესაბამისად, შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპის თვითნებური წართმევა შესაძლებელი ხდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ერთი ჯგუფი მეორის ცენზორად გვევლინება და მათ საჯარო კომუნიკაციას კანონი არ არეგულირებს. ეს საკანონმდებლო ხარვეზია.

რატომ არ უნდა შევიწყნაროთ შეუწყნარებლობა?  იმიტომ, რომ როგორც კარლ პოპერი ამტკიცებს, თუ შეუზღუდავ  შემწყნარებლობას მათზეც განვავრცობთ, ვინც შეუწყნარებელია, შემწყნარებლები  და, მათთან ერთად, შემწყნარებლობაც დაზარალდებიან. არგუმენტი, რომ „თუ ამის ცენზურას მოახდენ, იმის ცენზურაც უნდა მოახდინო“ აქ მართებული არაა. ამ ლოგიკით, გადასახადები საერთოდ არ უნდა არსებობდეს, რადგან ვინმე იტყვის,  „ეს არ დაბეგრო, თორემ იმის დაბეგვრაც მოგიწევს“.

 

ცენზურის უარყოფითი მხარეები

ზოგი ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლება უნივერსალური ადამიანური უფლებაა და  პირობითი არ შეიძლება იყოს. მაგრამ მე არ ვეთანხმები ამ მსჯელობას, რადგან გამოხატვის თავისუფლების საბაზისო პრინციპი არ გულისხმობს იურიდიულ იმუნიტეტს გამოხატული შინაარსის მიმართ. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ  ე.წ. „იდეების ბაზარი“ ისედაც რეგულირებულია, დაწყებული კანონებით, რომლებიც ცილისწამებას გვიკრძალავენ და დასრულებული კანონებით, რომლებიც, მააგალითად, მომხმარებლის დეზინფორმაციას კრძალავენ. ჩარევისას, ჩვენ მხოლოდ ვალიდურობის კონსტიტუციური პრინციპი უნდა მოვითხოვოთ. ეს კი  შემდეგს გულისხმობს: ა) ინტერვენცია მიმართული უნდა იყოს რეალურ საფრთხეზე; ბ) უკიდურესი აუცილებლობის მიღმა შეზღუდვის განვრცობა დაუშვებელია; გ) უნდა იყოს უზრუნველყოფილი ის ფაქტი, რომ ზიანის გაკონტროლებამ უფრო მეტი ზიანი არ მოიტანოს.

 

ასევე ამბობენ, რომ გამოხატვის თავისუფლების რეგულირება ჯგუფებს კრიტიკის მიმართ იმუნიტეტს ანიჭებს. მაგრამ არც ამ მსჯელობის გაზიარებაა მართებული, რადგან თანასწორობისა და დისკრიმინაციისაგან განთავისუფლების პრინციპის  გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც დადასტურდება, რომ ადამიანებს მერიტოკრატიულად (დამსახურების მიხედვით) კი არ განსჯიან, არამედ უარყოფითი სტერეოტიპების საფუძველზე.

კიდევ ერთი საკამათო თემაა პირადი ცხოვრების საკითხი. არსებობს შიში, რომ გამოხატვის თავისუფლების რეგულირება კერძო ცხოვრებასა და ინტიმურ ურთიერთობებში ზედმეტ ჩარევას გამოიწვევს და ჩვენს ყოველდღიურობაში „უსაფრთხოების“ უცხო წესებს შემოიტანს. არც ამ პრინციპს  ვიზიარებ, რადგან მიმაჩნია, რომ შემოთავაზებული ცენზურა მხოლოდ განმეორებით კომუნიკაციას უნდა ეხებოდეს. აქ იგულისხმება  გზავნილები, რომლებიც საზოგადოებაზეა მიმართული და არა კერძო გზავნილები, მაგალითად, მუქარის წერილები, რომლებიც  პირადი კომუნიკაციის სახეს ატარებს. მაგალითად,  არ ვამართლებ იმ ადამიანის ინკარცერაციას, რომელმაც რამოდენიმე წლის წინათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილს ხელმძღვანელს პირადი მუქარის წერილი გაუგზავნა.  მაგრამ სრულიად გამართლებული იქნებოდა მალხაზ გულაშვილის დასჯა, რადგან იგი მიზანმიმართულად, განმეორებით და საჯაროდ  სიძულვილს აღვივებდა განსხვავებული ჯგუფების მიმართ.

 

დაბოლოს, ზოგი შიშობს, რომ სიძულვილის ენის მარეგულირებელი კანონის შემოღება ყველას ყველას წინააღმდეგ ჩივილის სურვილს აღუძრავს. არც ეს მსჯელობაა გამართლებული, რადგან პრაქტიკულად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სიძულვილის ენა რეგულირდება, მსგავსი არაფერი ხდება; ხოლო თეორიულად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ „კანონის ზღურბლის“ პრინციპის გამოყენებით, შესაძლებელია მსგავსი არეულობის თავიდან აცილება. კანონის ზღურბლის სტანდარტის გათვალისწინება სარჩელის შესატანად სავალდებულო იქნება.  ეს სტანდარტი განსაზღვრავს, თუ რამდენად დგანან ინდივიდები/ჯგუფები სიძულვილის და შურისძიების ობიექტად ქცევის საფრთხის წინაშე. ცენზურის გამოყენება გზავნილებზე მხოლოდ იმიტომ არ დაიშვება, რომ ისინი ადრესატს შეურაცხყოფას აყენებენ  ან შეიძლება ვინმე გაანაწყენონ. ამაში მხოლოდ ისეთი გზავნილები იგულისხმება, რომლებიც ადამიანებს სიძულვილისა და შურისძიების აქტების მიმართ მოწყვლადად აქცევენ, რომლებიც გადაჭარბებულ ემოციებს იწვევენ და გზავნილში ნახსენებ ინდივიდებს ისე ეპყრობიან, როგორც ადამიანურ ღირსებებს მოკლებულებს, რომლებიც უნდა გვძაგდეს.

ნათქვამია, რომ ხელისუფლების საქმე რეგულირებაა. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი რეგულირების საფრთხე  დიდია, მოუწესრიგებლობა ბევრად უფრო დიდ საფრთხეებს შეიცავს, ზუსტად ისე, როგორც ცუდი კანონები სჯობს  უკანონობას, ხოლო კარგად გაწერილი კანონები ცუდად შემუშავებულ კანონებს. ზედმეტი რეგულირებისას, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებამ შეიძლება გადაჭარბებული რეაქცია გამოიწვიოს. ამის მაგალითია 2007 წლის ნოემბერს ხელისუფლების მხრიდან  სამაუწყებლო კომპანია იმედის დარბევა, იმედის მიერ  ამ პრინციპის განხორციელების პასუხად.

ამის საპირისპიროდ,  რეგულირების სრულმა უგულვებელყოფამ შეიძლება მიგვითითოს საკანონმდებლო ხარვეზზე ანუ საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთ სფეროზე, რომელიც კანონით არ არის დაცული ან სათანადოდ მოწესრიგებული. ამის მაგალითია, სიძულვილის გაღვივების მიზნით,  მალხაზ გულაშვილის მიერ ტელეეთერით გაკეთებული მოწოდებები და  უკვე ნახსენები აფხაიძისა და გაბედავას, ვინმე სადღობლაშვილისა და მათ სულიერ მამათა და ძმათა მიერ ინტერნეტით გავრცელებული უფრო საგანგაშო ნეო-ნაცისტური განცხადებები.  ეს განცხადებები  განსხვავებული ჯგუფების მიმართ სიძულვილის გაღვივებასა  და  მათი განადგურებისკენ პირდაპირ მოწოდებასა და დაპირებას შეიცავდნენ.

საკანონმდებლო ხარვეზებმა (დაურეგულირებლობამ) შეიძლება საფრთხის ქვეშ  არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლება დააყენოს, არამედ ზოგიერთი ინდივიდის ან ჯგუფის არსებობასაც კი შეუქმნას საშიშროება. ასე რომ, თუ პირველ შემთხვევაში  გამოხატვის უფლებების შეზღუდვაზე ვსაუბრობთ, იგი იოლად გადაიწონება არსებობის უფლების არგუმენტით – არსებობის უფლება ყველაზე მაღალი ხარისხის არგუმენტია. თუ შენ შენი გამონათქვამებით ჩემს არსებობას ემუქრები, მე უფლება მაქვს მოვითხოვო, აგეკრძალოს მსგავსი იდეების ტირაჟირების უფლება.

 

ირაკლი ვაჭარაძე არის მიწვეული მკვლევარი ნიუ ორკის უნივერსიტეტის ვაგნერის სახელობის  საჯარო სამსახურის სკოლაში.  თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური სამუშაოს მაგისტრატურის საფეხურზე ასწავლის სოციალურ პოლიტიკას, სოციალური სამუშაოს ეთიკას და არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯმენტს. ნიუ ორკის უნივერსიტეტში, როგორც ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს უნივერსიტეტის მასწავლებელთა განვითარების პროგრამის მონაწილე 2009-2012 წლებში, იკვლევს სოციალური მეწარმეობის განვითარებასა და პერსპექტივებს მესამე სამყაროს ქვეყნებში. ირაკლი ვაჭარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი