კომენტარი

პატრიარქის ორმაგი სტანდარტი

29 ოქტომბერი, 2015 • 2434
პატრიარქის ორმაგი სტანდარტი

 

 

ბაია პატარაია/ფოტო:ფეისბუკის პირადი გვერდიდან



საქართველოს პატრიარქი ქართველ ქალებს პერმანენტულად აკრიტიკებს, მაგრამ არასდროს აკრიტიკებს კაცს, რომელსაც ის „ოჯახის თავს“ უწოდებს და რომელიც, ხშირ შემთხვევაში, თვითონ არის მომხრე მეუღლე უცხო ქვეყანაში სამუშაოდ წავიდეს ოჯახის სარჩენად. რატომ ხდება მსგავსი ზეწოლა მხოლოდ ქალებზე?

 

 

 სამწუხაროდ, რეალობა ასეთია, რომ პატრიარქი თავისი განცხადებით შეეხება ოჯახში ძალადობას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, მუშაობას თუ სხვა თემებს, ყოველთვის ქალებზე ტეხს ჯოხს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ გარემოებებით ქალი უფროა დაჩაგრული და უარეს მდგომარეობაში, ვიდრე კაცი. დღეს ქალები ხშირად არიან ძალადობის, ექსპლუატაციის თუ ტრეფიკინგის მსხვერპლი. სამწუხაროდ, ჩვენი საპატრიარქო ღიად ეწინააღმდეგება გენდერულ თანასწორობას და მიიჩნევს, რომ კაცი უნდა იყოს ოჯახის თავი, ქალის როლს კი განსაზღვრავს მხოლოდ გამრავლებით და ოჯახზე ზრუნვით.

 

ოჯახში ადამიანები თანაბრად უნდა ზრუნავდნენ ერთმანეთზე და იზიარებდნენ პასუხისმგებლობას. ქართულ ოჯახებში ეს მოდელი თითქმის დარღვეულია და ამაში დიდი წვლილი კაცებს მიუძღვით. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად პასუხობს დღეს არსებულ გამოწვევას ე.წ „ოჯახის თავი“?

 

საპატრიარქო არა თუ არ აკრიტიკებს კაცებს, ისეთ საკითხზეც კი როგორიც ქალზე ძალადობაა, არ მოუწოდებს კაცებს შეწყვიტონ საკუთარი ცოლების თუ ყოფილი ცოლების ცემა და მკვლელობაც კი. საპატრიარქო პატრიარქალური მენტალობის ინსტიტუციაა, რომელიც პრიორიტეტს მხოლოდ კაცებს ანიჭებს. ამიტომაც ყველა პრობლემის მიზეზის ქალში მოძებნა, დამახასიათებელი გახდა საპატრიარქოსთვის. „ოჯახის თავის“ ცალკე გამოყოფაც დისკრიმინაციული, არათანასწორი მიდგომაა, რადგან ოჯახი არის ორი თანასწორუფლებიანი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, სადაც ყოველგვარი პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება. დღევანდელ საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელია ერთ ადამიანს ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, რომელიც გაწვდება მთელი ოჯახის საჭიროებებს. სწორედ ამიტომ ქალებიც მუშაობენ, კაცებიც და ზრდასრული შვილებიც, რომ ეკონომიკურ სიდუხჭირეს თავი დააღწიონ. ეს არის სწორი მოდელი და ჩვენც ამას ვუჭერთ მხარს.

 

„ჩამოდით და აქ იშრომეთ“- ეუბნება პატრიარქი ემიგრანტ ქალებს და არაფერს ამბობს იმაზე, რა გააკეთეს აქ დარჩენილმა ქმრებმა ხუთი ან ათი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ მათი მეუღლეები დაებრუნებინათ. რატომ არ უსვამენ კითხვებს კაცებს?

 

მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად მცდარი მოწოდებაა, როდესაც ემიგრანტებს ეუბნები „ჩამოდით ყველა“, რადგან ვიცით დღეს რა მდგომარეობაშია ლარის კურსი და თავზე დაგვემხობა მთელი ეკონომიკა, მართლა რომ შეწყდეს ყველანაირი გადმორიცხვები საზღვარგარეთიდან. მეორე, – სრული სიცრუეა იმის თქმა, რომ ყველა ემიგრანტი დაბრუნების შემთხვევაში საქართველოში დასაქმებასა და თავის რჩენას შეძლებს. დღეს საპატრიარქო არის ყველაზე მდიდარი, მულტიმილიონიანი ქონების მფლობელი ფეოდალი, რომელიც კურთხევას იძლევა ხიზილალას ჭამაზე სახელმწიფოში, რომელიც შიმშილის ზღვარზეა, რომელსაც ჰყავს უამრავი სოციალურად დაუცველი და ღატაკი ადამიანი. „მაძღარს ყველა მაძღარი ეგონაო“-  ასეა მაგათი საქმე. ის მოწყვეტილია რეალობას, ფუფუნებაში ცხოვრობენ და არ სჯერათ, რომ ადამიანები სიღარიბეში ცხოვრობენ და არ აქვთ დასაქმების შესაძლებლობა. არც ის არის სწორი, როცა ამბობენ, რომ ადამიანი ღარიბი სიზარმაცის გამოა. სინამდვილეში ჩვენი ეკონომიკა არ იძლევა დასაქმების შესაძლებლობას. ან სთავაზობ 200-300-ლარიან სამსახურს, სადაც მგზავრობის ფულიც უნდა შედიოდეს და კვებისაც. მაშინ როცა მთელი ჯანმრთელობა უნდა მოახმარო ამ სამსახურს. ეს არ არის ღირსეული ანაზღაურება.

ქალები პრაქტიკულად ექსპლუატაციის პირობებში მუშაობენ, ამიტომ მათ მიმართ კრიტიკა არასამართლიანია. კაცების უმრავლესობა, რომლებსაც ცოლები ინახავენ ემიგრაციიდან გამოგზავნილი ფულით, უბრალოდ მოიხმარს ამ თანხას და არანაირ ეკონომიკურ აქტივობას არ ახორციელებს. გამოდის ისე, რომ ეს ქალები სამუდამოდ უნდა დარჩნენ უცხოეთში და მუდმივად უგზავნონ მათ ფული, რადგან მათი ოჯახის წევრებს სხვანაირად არ შეუძლიათ თავის რჩენა.

 

ტრანსპარანტი გამოჩნდა თბილისში გამართულ აქციაზე – „არა მიზოგინურ კამპანიას“, რომელიც პატრიარქის განცხადებას მოჰყვა ემიგრანტ ქალებზე


პატრიარქი მორალურ მხარეზეც აკეთებს აქცენტს – „უპატრონოდ დატოვეს ქმარ-შვილი“. ემიგრანტი ქალების ისტორიებს თუ გადავხედავთ, ხშირ შემთხვევაში ცოლებს ის ქმრები ღალატობენ, რომელთა სარჩენადაც წავიდნენ ქალები უცხოეთში. ..

 

 საკითხის ასე დაყენება, რომ ქალებმა ქმრები, შვილები მიატოვეს და წავიდნენ, დიდი უპატივცემულობაა ამ ქალების მიმართ. მათ, ფაქტობრივად, უარი თქვეს საკუთარი თავის რეალიზებაზე, ბედნიერებაზე და უმძიმეს პირობებში მუშაობენ მხოლოდ იმიტომ, რომ შვილებს ლუკმაპური ჰქონდეთ. უსამართლოა ამ ქალებს მოუბრუნდე და ბრალი დასდო ოჯახის მიტოვებაში.

 

 პატრიარქი მოუწოდებს ცოლებს, რომ ფეხები დაბანონ სამსახურიდან მოსული დაღლილ ქმრებს. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ეუბნება იმავეს ქმრებს, რატომ არის ასეთი რთული იმის აღიარება, რომ ქალებიც იღლებიან შრომით?

 

 სამწუხაროდ, როცა საუბარია ოჯახში სიყვარულსა და პატივისცემაზე, საპატრიარქო ამ შემთხვევაშიც ცალმხრივია. პატრიარქს აპრიორი მიაჩნია, რომ ოჯახში შემომტანი და დაღლილი არის ქმარი, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ქალია ოჯახის მარჩენალი, მის პატივისცემაზე არ საუბრობს. ეს არის ორმაგი სტანდარტი. სწორედ ამიტომ მოჰყვა საპროტესტო აქციები მის განცხადებას.

 

თქვენ ისაუბრეთ საპატრიაქროს სიმდიდრის, მათი ფუფუნებაში ცხოვრების შესახებ, როგორ ფიქრობთ, ღარიბი ქვეყნის ფონზე შეუსაბამოდ მდიდარ ინსტიტუციას აქვს მორალური უფლება, მანკიერი წესი უწოდოს ემიგრანტი ქალების შრომას?

 

 ჩვენს საზოგადოებას პატრიარქის განცხადებების კრიტიკულად შეფასების პრობლემა აქვს. მის კრიტიკას ვერც პოლიტიკური პარტიები ბედავს და ვერც ხელისუფლება, ყველა ცდილობს მოერგოს და ასიამოვნოს საპატრიარქოს. ხელისუფლება საზოგადოებასთან შეუთანხმებლად ანიავებს მილიონიან ქონებას და უძვირფასესი საჩუქრების კასკადი იწყება ხოლმე განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ. ხელისუფლებას ეშინია, რომ ქადაგებების დროს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ მიანიჭონ მღვდლებმა უპირატესობა და პრაქტიკულად მათი მოქრთამვა მიდის. სრულიად უცნობია რაში სჭირდება საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია, რომელიც შეიძლებოდა გაყიდულიყო და ინვესტიცია შემოსულიყო ქვეყანაში. დაუთვლელია მიწები და შენობა-ნაგებობები, რომელსაც სახელმწიფო მათ ჩუქნის. ამ აღვირახსნილ სიმდიდრეში საპატრიარქო მანკიერებას ვერ ხედავს და მანკიერებას უწოდებს იმ ადამიანების შრომას, რომლებიც ლუკმაპურისთვის არიან წასული. იმედია, საზოგადოებას გაუჩნდება სამართლიანი პროტესტი ამ მოვლენების მიმართ. დროა, საზოგადოებას არ შეეშინდეს საპატრიარქოსი, როდესაც მისი ქონება ასე უაზროდ იფლანგება.

 

 სტატისტიკური მონაცემებით, ემიგრაციაში მილიონ-ნახევარი საქართველოს მოქალაქე იმყოფება. აქედან 65 პროცენტი ქალია. როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოვიდნენ ამ ქალების ოჯახის წევრები, შვილები ქმრები, საპროტესტო აქციაზე, რომელიც საპატრიარქოს წინ გაიმართა. თუ ამ ქალების ოჯახის წევრებს არ აქვთ მგრძნობელობა თავიანთი დედებისა და ცოლების მიმართ, როცა ისინი დაამცირეს, მაშინ ასეთი საზოგადოება რამ შეიძლება შეცვალოს?

 

სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა ილია მეორე და საპატრიარქო პირდაპირ გაუტოლა ღმერთს და ილია მეორეს კრიტიკას იღებენ როგორც ღმერთის კრიტიკას. არა მარტო ილია მეორეს, საპატრიარქოს და მთელი სამღვდელოების საკრალიზაცია მოხდა. იქ, სადაც არ არსებობს არანაირი კრიტიკა და არსებობს სრული მიუღებლობა განსხვავებული აზრის, ჯანსაღი პროცესები ვერ წარიმართება. როცა კრიტიკა არის საფუძვლიანი, ადამიანებს მისი გამოხატვის არ უნდა ეშინოდეთ. საზოგადოება ვერ განვითარდება, თუ არ დაძლევს არარაციონალურ შიშებს და თუ მართლა არ დაინტერესდება იმ რელიგიით, რომელიც ამბობს, რომ მდიდარი ისე ვერ მოხვდება სამოთხეში, როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში. მანამ, სანამ „ნუ განიკითხავ“, იქნება გამოყენებული სელექციურად და შეეხება მხოლოდ მღვდლებს, საპატრიარქოს და არ შეეხება თუნდაც ემიგრაციაში მყოფ ქალებს, მანამდე გვექნება ორმაგი სტანდარტები. მაგრამ ჩვენ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ, უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და შევძლოთ აზროვნება, რაც საზოგადოების განვითარებისა და გადარჩენის ერთადერთი გზაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი