კომენტარი

2024 წლის არჩევნები და 4 სცენარი | გივი სილაგაძე

13 ივნისი, 2024 •
2024 წლის არჩევნები და 4 სცენარი | გივი სილაგაძე

ავტორი: გივი სილაგაძე, CRRC-ს მკვლევარი


2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

რამდენიმე ჰიპოთეზური სცენარის განხილვამ შეიძლება უკეთ დაგვანახოს, რამდენად მნიშვნელოვანია მასში მონაწილეობა და პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილებები.

სცენარი #1 – 2021 წლის არჩევნების მსგავსი

არჩევნებზე 1,815,776 ამომრჩეველი მიდის, როგორც 2021 წელს.

ოცნებას ხმას 824,755 ამომრჩეველი აძლევს, როგორც 2021 წელს, და იღებს 46%-ს.

ოპოზიციას ხმას 886,715 ადამიანი აძლევს, როგორც 2021 წელს და იღებს 48%-ს (2021 წელს პროპორციულ ნაწილში, ჯამში, ამდენი ხმა მიიღეს შემდეგმა პარტიებმა: „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“, „ლელო“, „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „გახარია – საქართველოსთვის“, „ელენე ხოშტარია – დროა“, გირჩი“, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“).

იმ დაშვებით, რომ ზემოხსენებული ოპოზიციური პარტიები ისეთი კონფიგურაციით გადაჯგუფდებიან, რომ 2021 წელს აღებული ხმები ბარიერის გამო არ დაიკარგება და შეიკრიბება, მაშინ ასეთი სცენარის შემთხვევაში ბარიერს მიღმა რჩება ხმების 6%, ქართული ოცნება მომავალ პარლამენტში 72 მანდატს იღებს და კარგავს ერთპარტიულად უმრავლესობის დაკომპლექტების შანსს.

სცენარი #2 – ოცნებისთვის უკეთესი ვარიანტი

არჩევნებზე 1,970,540 ამომრჩეველი მიდის, როგორც 2020 წელს.

ოცნებას ხმას 928,004 ამომრჩეველი აძლევს, როგორც 2020 წელს, და იღებს 48%-ს (ეს საუკეთესო შედეგია, რაც მმართველ პარტიას ბოლო ათწლეულის მანძილზე ჰქონია).

ოპოზიციას ხმას ისევ 886,715 ადამიანი აძლევს, როგორც 2021 წელს, და იღებს 45%-ს.

ასეთ შემთხვევაში ბარიერს მიღმა რჩება ხმების 8%, ოცნება პარლამენტში 77 მანდატს იღებს და ერთპარტიულად აკომპლექტებს უმრავლესობას.

სცენარი #3 – მობილიზაცია

არჩევნებზე 2,197,243 ამომრჩეველი მიდის, როგორც 2012 წელს.

ოცნებას ხმას 928,004 ამომრჩეველი აძლევს, როგორც 2020 წელს, და იღებს 42%-ს (გაიმეორებს საუკეთესო შედეგს, რაც ჰქონია ბოლო 10 წელიწადში).

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, ჯამში, დავუშვათ, 43%-ს, ანუ 950,000 ხმას იღებენ. ეს 63,000-ით მეტია იმაზე, რაც მათ ცალ-ცალკე აიღეს 2021 წელს.

ასეთ შემთხვევაში ბარიერს მიღმა რჩება ხმების 15%, ოცნება პარლამენტში 74 მანდატს იღებს და კარგავს უმრავლესობას. თუმცა სულ რაღაც ორი დეპუტატის დარწმუნებაც საკმარისია ოპოზიციიდან, რომ უმრავლესობა დააკომპლექტოს და დარჩეს ხელისუფლებაში.

სცენარი #4 – დიდი მობილიზაცია

არჩევნებზე 2,197,243 ამომრჩეველი მიდის, როგორც 2012 წელს.

ოცნებას გამოაკლდა პროდასავლელი ამომრჩევლების ნაწილი და არჩევნებში იღებს 35%-ს, რაც 770,000 ამომრჩეველია. სხვა სიტყვებით, 2020 წელთან შედარებით 158,004-ით ნაკლებ ხმას იღებს, ხოლო 2021 წელთან შედარებით –  54,755-ით.

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, ჯამში, დავუშვათ, 1,000,000 ხმას იღებენ (არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 46%), რაც 113,000-ით მეტია იმაზე, რაც მათ ცალ-ცალკე აიღეს 2021 წელს.

ასეთ შემთხვევაში ბარიერს მიღმა რჩება ხმების 19%, ოცნება პარლამენტში 65 მანდატს იღებს და კარგავს უმრავლესობას.

რა დასკვნა უნდა გააკეთონ ამომრჩევლებმა და პარტიებმა?

2024 წლის არჩევნები იქნება ძალიან კონკურენტული და თითოეული მოქალაქის ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

თუ ოპოზიციას გამარჯვება სურს, ყველამ რეალისტურად უნდა შეაფასოს თავისი შანსები და ფრთხილად გათვალოს, როგორი კონფიგურაციით გავა არჩევნებზე.

ელექტორატის მობილიზაციის პირობებში, კიდევ უფრო იზრდება რისკი, რომ ზოგიერთმა პატარა პარტიამ ბარიერი ვერ გადალახოს და მისთვის მიცემული ხმები დაიკარგოს. მაგალითად, თუ არჩევნებზე 2.2 მილიონი ადამიანი მივა, როგორც ეს 2012 წელს მოხდა, ასეთ შემთხვევაში 5%-იანი ბარიერის გადასალახად 110,000 ხმა არის საჭირო.

ალბათ ყველაზე უსაფრთხო იქნება, თუ ყველა პარტია ან გაერთიანება სწორებას ამომრჩევლების სრული რაოდენობის 5%-ზე გააკეთებს – დაახლოებით 175,000 ხმა.

ზემოთ მხოლოდ არითმეტიკულად იყო დაჯამებული ოპოზიციური ხმები, თუმცა ვიცით, რომ პარტიების გაერთიანებას, ხშირად, ამომრჩევლის განზიდვის ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს. ასე რომ, პარტიებმა არჩევნებისთვის დაჯგუფება-არდაჯგუფების გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინონ:

  1. რამდენად შეუძლიათ 150,000-175,000 ხმის მიღება?
  2. როგორი დაჯგუფება არ განიზიდავს ამომრჩეველს?

რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს “ნეტგაზეთის” პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი