კომენტარი

საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება: ძალადობის ტირაჟირება იწვევს მის ნორმად ქცევას

26 ოქტომბერი, 2015 • • 1111
საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება: ძალადობის ტირაჟირება იწვევს მის ნორმად ქცევას

“ვთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს, რომ ნებით ან უნებურად ხელი არ შეუწყონ, პირველ რიგში, წამების მსხვერპლი ადამიანების ხელახალ ტრავმირებას და ასევე, საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების (განსაკუთრებით, ბავშვებისა და მოზარდების) და მთლიანად საზოგადოების ტრავმირებას”, – ნათქვამია საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოებას მიმართვაში.

 

სამეცნიერო მტკიცებულების თანახმად, როგორც სპეციალისტები აღნიშნულ მიმართვაში განმარტავენ, წამებისა და ძალადობის კადრების ტირაჟირებისას იზრდება შემდეგი რისკები: – ნაწამებ ადამიანებში წამების ტრავმასთან დაკავშირებული მძიმე ემოციები ცოცხლდება, ხდება რეტრავმატიზაცია; -ადამიანი, რომელიც ძალადობრივ კადრებს უყურებს, ძლიერი ემოციების ფონზე, მსხვერპლთან ან აგრესორთან იდენტიფიცირდება, რაც მასში შიშს, უსუსურობას, სიძულვილს იწვევს, და სწორედ ეს სულისკვეთება მკვიდრდება საზოგადოებაშიც; – მოზარდ თაობაში ზრდასრულთა სამყაროს მიმართ უნდობლობა და დაუცველობის განცდა, განუკითხაობისა და ნიჰილიზმის განწყობები ჩნდება, რაც ვნებს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ზრდის ასოციალური ქცევის რისკს; – ძალადობის ტირაჟირება იწვევს ადამიანის/საზოგადოების მხრიდან მისთვის “თვალის შეჩვევას“, ძალადობის ნორმალიზაციას, მის ნორმად ქცევას.

 

“ძალადობაზე საპასუხო ძალადობა ხელს უშლის ქართულ საზოგადოებას გამოვიდეს მსხვერპლი-აგრესორის მანკიერი წრიდან. ამ ფონზე არ არის გასაკვირი, რომ უკანასკნელ დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დარბევის ფაქტები მოხდა. წამებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე რეაგირება აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომით, კონსტიტუციის ფარგლებში, საზოგადოების მონაწილეობით, ობიექტური გამოძიების საფუძველზე დამნაშავეების გამოვლენა-დასჯითა და დაზარალებულების მიმართ ზრუნვითა და მათი რეაბილიტაციით უნდა განხორციელდეს. საზოგადოებაში უნდა ამუშავდეს დიალოგის, მონანიებისა და პატიების ინსტრუმენტები, რომ უზრუნველყოფილი იყოს დაპირისპირებული მხარეების მშვიდობიანი თანაარსებობა”.

 

საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს პოლიტიკური დაპირისპირების მშვიდობიანი გზით მოგვარება და ასევე, მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ავრცელებენ წამების ვიდეო-მასალებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი