ეთუნა, ძირითადად რა მიიჩნევა ქალთმოძულეობის მიზეზად?
იმ კულტურაში, სადაც უპირატესობა კაცს ენიჭება და ქალი მოიაზრება, როგორც კაცზე ნაკლები, დაქვემდებარებული და მეორეხარისხოვანი, ბუნებრივია, რომ მიზოგინია ძალიან ძლიერია. რა თქმა უნდა, ადამიანი არ იბადება არც სექსისტად და არც ქალთმოძულედ, ამ ყველაფრის ჩამოყალიბება ხდება იმ გარემოში, სადაც ვიზრდებით. ამ პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის ენაც, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ და გაუცნობიერებლად ვექცევით მისი გავლენის ქვეშ. მაგალითად, თუ გავიხსენებთ „ინტიმურ“ ლექსიკონს, პრინციპში, ვნახავთ, რომ ქალთმოძულეობა ჩვენი ყოველდღიურობაა. ყველა ამ სიტყვაში ქალი არის დამცირებული, დაქვემდებარებული და ეს უხერხულობას არავის უქმნის.
ადამიანი ყალიბდება იმ გარემოში, სადაც ის ცხოვრობს, იმის შედეგად რასაც ასწავლიან ან არ ასწავლიან, რასაც ხედავს და რაც მასზე გავლენას ახდენს. თუმცა, როცა ამ კუთხით ვსჯელობთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ადამიანს არჩევანი არა აქვს. ადამიანს აქვს არჩევანი, ჩვენ შეგვიძლია რაღაც ეტაპზე ეს გავაცნობიეროთ და შევეწინააღმდეგოთ.
ქალების, მათი ქცევის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით, თავად ქალები არ ჩამორჩებიან მამაკაცებს, ხშირად უფრო მკაცრი და კრიტიკულებიც კი არიან. რით აიხსნება ქალების ასეთი დამოკიდებულება?
ეს არის ძალიან ბუნებრივი, უფრო არაბუნებრივი იქნებოდა, რომ ყველა ქალი აცნობიერებდეს და იაზრებდეს სექსიზმს, ქალთმოძულეობას თუ იმ ყველაფერს, რაც ქალების წინააღმდეგ არის მიმართული. ყველა იმ იდეოლოგიის ცენტრში, რაზეც დღეს დგას ძალაუფლება [ძალაუფლებაში მარტო იმას არ ვგულისხმობ, რომ მამაკაცს აქვს ძალაუფლება ქალზე, არამედ სახელმწიფოს, სხვადასხვა ინსტიტუციებს] სწორედ რომ ქალია. ასეთი იდეოლოგიებია ნაციონალიზმი, მილიტარიზმი, ტრადიციონალიზმი… თუ ქალი არ იქნება ამ იდეოლოგიების გამტარებელი, მარტივად რომ ვთქვათ, ის არ გადასცემს მათ მომავალ თაობას, რომელსაც, უმეტესწილად, სწორედ ქალი ზრდის. ამიტომ, ქალებზე ზეგავლენის მოხდენა და მათი მომხრობა, შეიძლება ითქვას, პირდაპირი ამოცანაა. შესაბამისად, ტრადიციების დამცველები, მამაკაცებთან ერთად, ძალიან ხშირად არიან ქალებიც. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ქალები ილაშქრებენ ქალების წინააღმდეგ. მაგალითად, ახალგაზრდების მჩაგვრელები ხშირად ხდებიან უკვე ასაკოვანი ქალები. ქალი, რომელსაც ახალგაზრდობაში ხმის ამოღების უფლება შეზღუდული აქვს, ასაკთან ერთად სტატუსს იძენს, შესაძლებელია ოჯახის თავიც გახდეს და შემდეგ სწორედ ის ხდება ტრადიციების დამცველი და მასზე დაქვემდებარებული ქალის მჩაგვრელი. რძალ-დედამთილის ინსტიტუტი ამის ძალიან ნათელი მაგალითია.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს ბუნებრივია, ახსენეთ ტრადიციებიც. ჩვენს საზოგადოებაში ტრადიციებს ხშირად მხოლოდ დადებითი კონტექსტი აქვს და ჩნდება კითხვა: თუ ეს ტრადიციულიად ასეა, ბუნებრივია, მაშინ რატომ არის პრობლემა?
ზოგადად, ძალიან პრობლემატური სიტყვაა „ბუნებრივი“. ყველაფერი, რასაც „ბუნებრივის“ იარლიყი ეწებება, განიხლება როგორც დაშვებული და მისაღები. რაც შეეხება ტრადიციებს – ტრადიცია არ არის მყარი და უცვლელი, ის რაც ყოველთვის იყო, არის და იქნება. ტრადიციები იცვლება იდეოლოგიების მიხედვით. ტრადიცია ძალიან მოხერხებული იარაღია იმისათვის, რომ მისი სახელით რაღაცას დაერქვას ბუნებრივი და შესაბამისად შემდეგ მოხდეს მისი გატარება ისე, რომ კითხვები არ დაისვას. ტრადიცია კარგი იარაღია მათ ხელში, ვისაც უნდა, რომ ამით გაამართლოს სხვებზე კონტროლი. ამ შემთხვევაში მამაკაცებისთვის, რომელთაც სურთ გაამართლონ ის წესრიგი, რაც დღეს არსებობს ოჯახში თუ ოჯახს გარეთ საქართველოში.
პრობლემა რატომ არის, როცა ქალი არის ტრადიციების გამტარებელი და მომავალ თაობას იგივეს ასწავლის?! შეიძლება ბევრმა თქვას: ეს ხომ ასეც უნდა იყოს?! სწორედ ამაშია პრობლემა: ჩვენ ვთვლით, რომ ასეც უნდა იყოს, ქალს არ უნდა ჰქონდეს არჩევანი. ტრადიციულად, მას მიუჩენენ ადგილს, საიდანაც გამოსვლა აკრძალული აქვს. ვგულისხმობ დიასახლისობას და დედობას. როდესაც ეს გაცნობიერებული არჩევანია, სხვა საკითხია, მაგრამ ძნელია არჩევანზე ლაპარაკი, როცა საქართველოში ჯერ კიდევ იმ ასაკში ქმნიან ოჯახებს, რომ შეუძლებელია ადამიანს გააზრებული ჰქონდეს ის პასუხისმგებლობები, შესაძლებლობები და არჩევანი, რაც მას აქვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხანდახან არჩევანიც ძალიან პირობითი ცნებაა. შესაძლოა ეს არჩევანი ძალიან ბევრი ფაქტორით იყოს გამოწვეული და ეს ფაქტორებია სწორედ ის შეზღუდვები, ის წესები, რაც ჩვენ ჩაგვიბეჭდეს გაუცნობიერებლად.
თუ კი ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ქალი და კაცი უნდა იყოს თანასწორი და ქალს უნდა ჰქონდეს არჩევანი, მაშინ ნამდვილად დიდი პრობლემაა ქალისთვის ამ უფლების წართმევა. საქმე იმაშია, რომ ტრადიციული საზოგადოებისათვის კაცი და ქალი არ არის თანასწორი. ჩვენი საზოგადოება ჯერ არ შეთანხმებულა ამაზე და შემდეგი კითხვები სწორედ ამიტომ ჩნდება.
არიან ქალები, რომლებიც ამბობენ, რომ ტრადიციების მორჩილება, ეს როლი, მათი არჩევანია. თქვენი აზრით, ეს ასეა თუ კულტურის გავლენაა?
არასწორია ვთქვა, რომ ეს არ იყო მათი არჩევანი. ის აზრი, რომ ღირებული მხოლოდ საჯარო სივრცეში აქტიურობაა, არასწორია, თუმცა ქალის საქმიანობას ოჯახში ღირებულება რომ არა აქვს, ეს ზუსტად იმ კულტურამ შექმნა, რომელმაც ქალი შეკეტა ამ წრეში, მიჩენილ კუთხეში და თან მისი საქმიანობა არ დააფასა. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ცოტა ხანი მაინც ყოფილა დაკავებული საოჯახო საქმით, იცის ეს რამდენად შრომატევადია. გულდასაწყვეტი სწორედ ის არის, რომ ამ შრომას დაფასება არა აქვს. ქალებს, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში უმძიმეს შრომას წევენ ოჯახში შვილებთან და არიან დიასახლისები, შაბათ-კვირას არავინ ასვენებთ. ქმარი ისვენებს შაბათ-კვირას, მაგრამ რადგან ქალის შრომას ოჯახში არ ჰქონდა ღირებულება ფულადი ანაზღაურების სახით, არ ითვლება, რომ მან არანაკლები დატვირთვით იშრომა. ეს ძალიან უსამართლო და არასწორი მგონია. თუმცა, მეორეს მხრივ, სხვაგვარ კულტურაში რომ გაზრდილიყო ქალი, რომელიც ამბობს, რომ ე.წ. დიასახლისობა მისი არჩევანია, მას შესაძლოა მხოლოდ ოჯახში არ დაენახა საკუთარი თავი. ირგვლივ თუ მიმოვიხედავთ, დავინახავთ, რომ რეალიზებულად და ბედნიერად ძალიან ცოტა ქალი გრძნობს თავს მხოლოდ ამ სივრცეში, რაც მაფიქრებინებს, რომ შეიძლება სხვა შემთხვევაში, სხვა არჩევანი გაეკეთებინათ. თუმცა, მე არც იმას ვთვლი, რომ აუცილებელია საჯარო სივრცეში საქმიანობა იმისთვის, რომ ქალმა (ან ნებისმიერმა ადამიანმა) რეალიზებულად იგრძნოს თავი. მე მხოლოდ მოცემული სინამდვილიდან ამოვდივარ – ბევრს ვიცნობთ ბედნიერ, ხალისიან და მომღიმარ დიასახლისს? თუ არა, მაშინ, რატომ გვგონია, რომ ქალისთვის უპირველესი ოჯახური კერის მოვლა–პარტრონობაა? უმეტეს შემთხვევაში ეს როლი ვალდებულების და ტრადიციის სახით ერგება ხოლმე ქალს, თორემ, მე ვიცნობ ისეთ ქალებსაც, რომლებისთვისაც ოჯახი ინტელექტუალური საქმიანობის სივრცეც არის. მათთვის, ოჯახში საქმიანობა არ არის უბრალო ვალდებულება, რომელსაც არავინ აფასებს.
ჩვენს საზოგადოებაში ხშირად მოისმენთ – „ქალი უფროსი/მენეჯერი არ ვარგა, კაცი სჯობს“, სკოლაში მასწავლებლები ამბობენ ხოლმე, რომ აი, „ბიჭები უკეთესად სწავლობენ მათემატიკას“, „გოგოებს მეგობრობა არ შეუძლიათ და ბიჭებთან მეგობრობა მირჩევნია“ – მსგავსი სტერეოტიპული გამონათქვამები ძირითადად ქალებისგანს ისმის. ეს ქალთმოძულეობის გამოვლინებად შეიძლება მივიჩნიოთ?
ამ დამოკიდებულებებში იმდენად ვიხარშებით, რომ ძნელია სხვანაირად იყოს. რაც შეეხება იმას, რომ მათემატიკას ბიჭები უფრო კარგად სწავლობენ, ბოლოდროინდელ კვლევებს თუ ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი არის სტერეოტიპი, მოგონილი ზუსტად იმის გამო, რომ ეს წინასწარგანწყობა არსებობდა. სხვათაშორის, ასეთი წინასწარგანწყობები დიდ გავლენას ახდენს ადამიანის არჩევანზე. პირადად მე მათემატიკას ძალიან კარგად ვსწავლობდი, მაგრამ სკოლის შეცვლის შემდეგ, როცა მასწავლებელი აღარ მახალისებდა და ყოველთვის ბიჭებს აქცევდა ყურადღებას, თანდათან დავკარგე სურვილი, რომ მათემატიკისთვის დიდი დრო დამეთმო. ჩემი მაგალითი, რა თქმა უნდა, არ არის უნივერსალური, მაგრამ ეს ძალიან ბევრი გოგოს მაგალითია. ის, რომ მასწავლებელს თვითონ სჯერა, რომ ბიჭი უფრო კარგი, უფრო ნიჭიერი იქნება გოგოზე, ის შესაბამისად მეტ ასპარეზს უთმობს ბიჭს, მეტ თავდაჯერებულობას და სითამამეს აძლევს. ამის ძალიან გაცვეთილი მაგალითია ქართული სუფრა, სადაც საშუალო და საშუალოზე დაბალი ინტელექტის მქონე მამაკაცები საერთოდ არ გრძნობენ თავს უხერხულად, როცა 20-30 ადამიანის ყურადღება მათკენაა მიპყრობილი. მათ აქვთ ეს სითამამე და მხარდაჭერა, რომ აი, „კაცს მოუსმინეთ“, „კაცი ლაპარაკობს“. პატარა ქართული სუფრაა ის გაკვეთილებიც სკოლაში, სადაც ბიჭებს აქეზებენ, გოგოებს კი მათ ადგილს ასწავლიან. შესაბამისად, ზრდასრულ ასაკში ქალს ყოველთვის რაღაცის გადალახვა უხდება, რომ უხერხულად არ იგრძნოს თავი, როცა ყურადღების ცენტრშია, როცა ლაპარაკობს. მასწავლებელი, რომელიც ამბობს, რომ მან გამოცდილებით იცის, რომ ბიჭები უკეთესად სწავლობენ მათემატიკას, ან სხვა საგანს, არ უფიქრდება, ამ გამოცდილებაში მას რა წვლილი აქვს შეტანილი. მას სწამდა, რომ ბიჭი უკეთესი იქნებოდა და რამდენი გოგო გააჩუმა თავისი წინასწარგანწყობით, ამაზე აღარ ფიქრობს.
ქალები, რომლებიც ასე ფიქრობენ, ან უბრალოდ ასე ამბობენ, ნაკლებად თუ დაეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ ეს ქალთმოძულეობის გამოვლინებაა, მსგავს დამოკიდებულებას ხსნიან საკუთარ გამოცდილებით. თქვენი აზრით, რამდენად გულწრფელები არიან ისინი ასეთ დროს?
გულწრფელები არიან გარკვეულწილად, მაგრამ გამოცდილება ძალიან პირობითი ცნებაა, თუ არ დავაკვირდებით ეს გამოცდილება რამ მოიტანა. თუ კი კითხვას არ დაუსვამ შენს თავს, გეგონება, რომ შენი გამოცდილება ამას აჩვენებს. მაგრამ რა ფაქტორებმა განსაზღვრა ეს გამოცდილება? ყველაზე მარტივი მაგალითი: მიიჩნევა, რომ ქალი მძღოლი არის ცუდი და ხშირად გეუბნებიან, რომ აი, მე ძღოლი ვარ და ყოველდღე ვხედავ ამას. მაგრამ არ სვამენ კითხვას – რატომ? ჯერ ერთი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალი მძღოლის შემთხვევები უბრალოდ უფრო ამახსოვრდებათ და თვალში ხვდებათ. იმდენად გამჯდარი აქვთ ქალზე უპირატესობის განცდა, რომ როცა ხედავენ ქალიც მართავს მანქანას, ქალსაც შეძლებია ამის სწავლა, ეს სადღაც, შიგნით, იწვევს ბრაზს და იმას, რასაც კაც მძღოლს პატიობენ, ვერ პატიობენ ქალს. არც იმაზე ფიქრობენ, რომ ეს ქალი მძროლი ხშირ შემთხვევაში ახალი მძღოლია, ის არ მჯდარა მამიკოს კალთაში მანქანაში 12 წლის ასაკიდან, მას მანქანის ქონის საშუალება გაუჩნდა ძირითადად 25 წლის შემდეგ. ახალი მძღოლი ვერ იქნება ისეთი, როგორიცაა 20-30 წლიანი გამოცდილების მქონე მძღოლი, ცხადია.
რაც შეეხება პოლიტიკას, რამდენად აისახება ქალების მიმართ სიძულვილი, უნდობლობა პოლიტიკაზე? მაგალითად, საარჩევნო ყუთთან ქალები ძირითადად მამაკაც კანდიდატებს აძლევენ ხმას, ან კიდევ პოლიტიკურ სიმპათიებს მამაკაცების მიმართ ავლენენ…
ეს განწყობები იყო, თუმცა სიტუაცია თანდათან იცვლება. NDI-ის 2014 წლის კვლევაში გამოკითხულთა 47 პროცენტი ამბობს, რომ პოლიტიკური კანდიდატის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა იმ მონაცემს თუ შევხედავთ, რამდენი დაუჭერდა მხარს ქალ კანდიდატს, და რამდენი კაცს, ვნახავთ, რომ ქალებს უჭერს მხარს 16 პროცენტი და კაცებს – 35 პროცენტი.
ჩემთვის, ეს მონაცემი იმას აჩვენებს, რომ ამომრჩევლის განწყობაზე შექმნილი წინასწარი წარმოდგენის გამო თავად პოლიტიკური პარტიები აჩოჩებენ ქალებს განზე და არ აძლევენ მათ თანაბარ შესაძლებლობებს. ბევრი სტერეოტიპი არსებობს და სტერეოტიპებთან ბრძოლის ნაცვლად, პოლიტიკოსები კიდევ უფრო ამყარებენ მათ. ერთხელ მოვისმინე, რომ მამაკაც კანდიდატებს ურჩევენ, საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს ცოლთან ერთად ხშირად არ გამოჩნდნენ. თურმე ითვლება, რომ ასეთ მამაკაცს სუსტად ჩათვლის ამომრჩეველი. ანუ, მამაკაცის მხრიდან ცოლის თანასწორად წარმოჩენა ცუდ ტონად ითვლება. ჩემთვის ეს ქალთმოძულეობის კიდევ ერთი მაგალითია.
მაშინ, როდესაც შეუძლებელია წაუყრუო ქალთა მიმართ ძალადობის მაღალ მაჩვენებელს, ვფიქრობ, აუცილებელია მოხდეს კავშირების დანახვა. ქალთა მიმართ ძალადობა უფრო ფართო ჭრილში არის დასანახი, და ეს ფართო ჭრილი არის სექსიზმითა და მიზოგინიით გაჯერებული ჩვენი ყოველდღიურობა, რაც ბუნებრივად და ტრადიციად არის მიჩნეული.