ამ საკითხის განხილვას პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის 78–ე მუხლის 6–ე პუნქტის შესაბამისად ითხოვს, სადაც ნათქვამია, რომ “საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში, რომელსაც ასევე ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა წევრები”.
კონსტიტუციონალისტი გიორგი გოცირიძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ კონსტიტუციის კონკრეტულად ეს მუხლი აძლევს პრეზიდენტს უფლებას, რომ მთავრობის სხდომაზე კონკრეტული საკითხების განხილვა მოითხოვოს.
“პრეზიდენტი არა მარტო უფლებამოსილია მოითხოვოს მთავრობის სხდომის მოწვევა – ანუ მთავრობის სხდომა უნდა იყოს მოწვეული, სადაც პრეზიდენტი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. ეს არის 78–ე მუხლის მეექვსე პუნქტის მოთხოვნა. დანარჩენი არის ტექნიკური საკითხი, როდის მოიწვევს მთავრობა. ანუ, მთავრობას უარის თქმის უფლება არ აქვს სხდომის მოწვევაზე, რომელსაც პრეზიდენტი დაესწრება,”– აცხადებს გიორგი გოცირიძე.
გიორგი გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ დაყენებული საკითხის გატანა მთავრობის უახლოეს სხდომაზე უნდა მოხდეს და მთავრობას ამის იგნორირების უფლება არ აქვს.
“პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობას შორის უნდა შედგეს თანამშრომლობა კონკრეტულად იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც მოითხოვა პრეზიდენტმა მთავრობის სხდომა. მთავრობამ, ასე ვთქვათ, უახლოეს სხდომაზე უნდა განიხილოს ის საკითხი, რის შესახებაც პრეზიდენტმა მოითხოვა მთავრობის სხდომის მოწვევა,”– განაცხადა გოცირიძემ.
შეკითხვით, იგეგმება თუ არა პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი საკითხის განხილვა და როდის ჩაინიშნება სხდომა, ნეტგაზეთი მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს დაუკავშირდა. პრესსამსახურს ამ დრომდე პასუხი არ მოუწოდებია.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ გაზის იმპორტის დივერსიფიცირებაზე შეხვედრებს მართავს “გაზპრომის” წარმომადგენლობასთან. ოპოზიციის წარმომადგენლები და ექსპერტთა ნაწილი გაზპრომთან მოლაპარაკებებს ქვეყნისათვის საშიშ ნაბიჯად აფასებენ.
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები მხოლოდ კომერციულ გაზზეა და მოლაპარაკების პროცესის დაწყების მსურველები კერძო კომპანიები იყვნენ. მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთმა წევრმა, სოზარ სუბარმა კი აღნიშნა, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები ყოველწლიურად იმართება იმ მიზეზით, რომ საქართველოს გავლით გადის სატრანზიტო გაზი და ხელშეკრულება ყოველწლიურად უნდა განახლდეს.
გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველომ გაზპრომთან მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთიდან გაზმომარაგების მოცულობის გაზრდის მიზნით, საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია. 17 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი.