კომენტარი

ბოლოჯერ ხელისუფლებასა და ქართულ სოცმედიაზე

2 ოქტომბერი, 2010 • 2319
ბოლოჯერ ხელისუფლებასა და ქართულ სოცმედიაზე

წყარო: http://lishtota.posterous.com/29459903

 

სინგულარ ჯგუფმა მულტიმედია მესიჯის სერვისიც ჩართო ტვიტერისა და ფეისბუქის ქართველი მომხმარებლისთვის. თუმცა ჩემთვის არაფერი შეცვლილა, ისე ვუყურებ tweet.ge-სა და notify.ge-ს, როგორც პალესტინელი პატრიოტი – “სიონისტურ” მაკდონალდს. ჩემი პოზიცია ემოციურია და პრინციპულიც. ემოციურია, რადგან ეს ერთკაციანი ბოიკოტი იმაზე უფრო სასაცილოა, ვიდრე 21-ე საუკუნეში ცოტნე დადიანის „თაფლის აქციის“ გაპერფომანსება იქნებოდა (ყურადღებასაც არ იქცევს). თუმცა პრინციპულიცაა, რადგან ამ პროტესტს, – თქვენ წარმოიდგინეთ და არ მოვერიდები ამ ფორმულირებას, – ფილოსოფიური საფუძველი აქვს. ფილოსოფია კი მარტივია: სოციალურ მედიას სახელმწიფო არ ანვითარებს, შესაბამისად, – ყველაფერი, რაც შესაძლებელია, სასურველი არაა.

ერთი შეხედვით, ეკონომიკის[…] სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი დასაძრახს თითქოს არაფერს აკეთებს: ცდილობს, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების წინსვლას, რათა ქვეყანამ თანამედროვე გლობალურ სივრცეს ფეხი აუწყოს. ვერ დავუკარგავთ – ნამდვილად ცდილობს. ურიგო არ იქნება, ვარნა-ფოთის მაგისტრალიც კარგად გადაჭიმონ… კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ეფექტიანი მუშაობაც არ იქნებოდა ცუდი… მაგრამ ახალგაზრდებს სოციალურ მედიას „ვერ ასწავლი“, ამით გლობალიზებულ სამყაროში როგორ არ შევალთ, მაგრამ შევალთ მახინჯი სახით -სახელმწიფოს მიერ რეგულირებული „ახალი მედიით“. ამის მცდელობა კი უკვე იყო ზაფხულში, როცა ქართველ ბლოგერთა გილდიას რუსული კიბერტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაესაუბრნენ… არაადეკვატურობა მხოლოდ თანამემამულეთა მიმართ არ შემოფარგლულა: ამას წინათ, გუგლის ოფისში ვიზიტისას სამინისტროს წარმომადგენლებს იუთუბიდან „საქართველოს დისკრედიტაციის შემცველი შინაარსის ვიდეოების მოხსნაზეც“ დაუწყიათ მოლაპარაკებების წარმოება მსოფლიო გიგანტ კომპანიასთან.

შესაბამისად, სოციალური მედია უბრალოდ ჯულია ვაშაყმაძე არ არის, რომელსაც ფურცლის ნაგლეჯების ნაცვლად წინ ლეპტოპი უდევს. ეს ისეთი უკონტროლო, ქაოსური ინტერაქციაა, რომელიც იდეოლოგიურ მომართვას არ საჭიროებს (ის უკიდურესად დემოკრატიულია), ხოლო თუკი ოდესმე „საჭიროებს“, ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ დემოკრატიული და თავისუფალი სიტყვის ფასი შეახსენოს ინტერნეტის თავისუფალ მომხმარებლებს. ამიტომაცაა აზერბაიჯანელი და სომეხი ბლოგერები მებრძოლი სულით შემართული – მათ იქ იჭერენ ან ემუქრებიან ძლიერნი იმა ქვეყნისანი. ჩვენთან კი ყველაფერი უფრო რაფინირებულად მიმდინარეობს – უკრიტიკო კიბერპატრიოტიზმისა და „ძლიერი სახელმწიფოს“ ხოტბა-დიდებისთვის თავზე ხელს გადაგისვამენ და დაგამუნათებენ, სწორედ ამაში სჭირდები სამშობლოსო.

სამშობლოს კი სულ სხვა რამ სჭირდება – ეთნოდაუცენტრავი და უკომპლექსო, ინდივიდუალური მაუწყებლები, რომლებსაც არც „საკუთარი ქვეყნის პირველი პირის“ გათათხვა მოერიდებათ გლობალურ სოციალურ ქსელებში, ინგლისურ ენაზე და არც ოფიციალური საგარეო პოლიტიკური კურსის კრიტიკა.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში ტრადიციული, ‘ელექტრონული’ საინფორმაციო სივრცე ძირითადად მონოპოლიზებულია, ‘დამოუკიდებელი მაუწყებლობის’ ყველაზე ანარქისტული ფორმა სწორედ სამოქალაქო ჟურნალიზმი უნდა იყოს. ის იყო, ქართველი ბლოგერების კრიტიკა ფეხს იდგამდა და მზად იყო, პოლიტიკასაც გადამწვდარიყო, რომ მოულოდნელად ერთ-ერთი (ხსენებული) უწყება მათთან თანამშრომლობით ინტერესდება.

გასაკვირი არ არის, რომ ძალაუფლების მქონე ჯგუფი საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს. ეს მოსალოდნელი თუ არა, ლოგიკურია; ეკონომიკის სამინისტროსგან, – რომლის მიღმა გაცილებით უფრო სერიოზული ინტერესის მქონე ჯგუფი შეიძლება ვივარაუდოთ, – არც ველოდი ქვეყნის შიდა-დემოკრატიზაციასა და სამოქალაქო სექტორის ემანსიპაციაზე ზრუნვას, ეს სტრუქტურულად შეუძლებელიცაა (შეუძლებელია, რადგან ერთადერთი, რითიც სახელმწიფოს შეუძლია სიკეთე გაუკეთოს ქართულ სოც/სამოქალაქო მედიას, არის შემდეგი: არაფერი გააკეთოს, ანუ აცალოს დამოუკიდებლად განვითარება).

ანუ პრობლემა უფრო რთულია: მოქალაქეთა პოლიტიკური კაპიტალის არარსებობის პირობებში, ბლოგერების უმრავლესობას არ აქვს გაცნობიერებული სოციალური/სამოქალაქო მედიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური როლი. ბევრმა იცის, რომ ინტერნეტ-მარკეტინგში “თვითნასწავლი” სპეციალიზაცია შეიძლება მომგებიანი იყოს, შეიძლება საინტერესო შეკვეთებიც მიიღონ გარკვეული პროდუქტის რეკლამირებისთვის ბიზნეს-კომპანიებისგან, მაგრამ ფინანსურად ნაკლებად მომგებიან თემებზე (მაგ. საარჩევნო პროცესი, მედია კრიტიკა და ა.შ.) ‘საზოგადოებრივ საწყისებზე’ (უფასოდ) წერისთვის მოტივაცია არ აქვთ. ქართველ ბლოგერებს, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ახალგაზრდები წარმოადგენენ, ჯერ ვერ დაუძლევიათ პოლიტიკური პროცესებისადმი გაუცხოების სინდრომი (რომლის მიზეზებზე ცალკე შეიძლება საუბარი), – თუ საგანგებო მინი-გრანტი ან კონკურსი არ არის გამოცხადებული, ‘არამოდურ’ საქმეს – პოლიტიკურ კომენტარს ყველა ერიდება, არავის აინტერესებს. რატომ არ აინტერესებს? ჩემი პირადი დაკვირვებით, ბლოგერთა სოლიდური ნაწილი საქალაქო მოსახლეობის საშუალო კლასის წარმომადგენელია, ამ სოციალურ კლასში კი ახალი ტიპის სამოქალაქო ნაციონალიზმი, რომელიც არშემდგარი სახელმწიფოს სინდრომის დაძლევის სურვილითა და ძლიერი პატრიოტული გრძნობების გაღვივებით ხასიათდება, განსაკუთრებით პოპულარულია. ეს უკვე ბლოგერთა ჯგუფის ენდემური სისუსტეა.

შესაბამისად, ერთი მხრივ, სახეზეა პრაგმატული დაინტერესება, გააკეთო ფული (რაც, ისევ ჩემი აზრით, ძალიან კარგია, ოღონდ თუ ფული სახელმწიფოსია, მაშინ ბლოგერი სამოქალაქო ჟურნალიზმს სამუდამოდ ემშვიდობება და დამოუკიდებლობის აღარაფერი სცხია), მეორე მხრივ – ნაივური რწმენა იმაში, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებ. მეჩვენება, რომ პრაგმატიკოსებთან შედარებით, გულუბრყვილოთა რიცხვი გაცილებით მეტია – ამ კატეგორიას, სამწუხაროდ, ღრმად სწამს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში იწილო-ბიწილო და ‘ქვეყნის პრესტიჟზე’ მდარეხარისხიანი ინტერნეტ-ნაწარმის მზადება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის შიგნით მოქმედი ძალაუფლების მპყრობელი ჯგუფების მოღვაწეობის კრიტიკული ანალიზი.

გავიგეთ და დავინახეთ ფეისბუქზე – ქუჩაში ნაგავს არ ყრით, კატებს არ აწამებთ, არც ქალებს სცემთ, ღვედსაც იკეთებთ მანქანის მართვისას და ქართული ესტრადაც „დამსახურებისამებრ“ შეაფასეთ. აწი დროა, იდეალურობიდან თავისუფლებისკენ გადავინაცვლოთ… გნებავთ – „უპასუხისმგებლობისკენ“ გადავდგათ ნაბიჯი.

ქართველო ბლოგერებო! სახელმწიფოსი, სამშობლოსი თუ მამულის არაფერი გმართებთ; საკმარისი იქნება, გადასახადები იხადოთ და არჩევნებზე, როგორც მინიმუმ, არ იაროთ. 

P.S. სათაურში დატანილი “ბოლოჯერ” ხუმრობა იყო. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი