კომენტარი

„ამინდის პროგნოზივით ვამოწმებთ წყლის ჭავლის და რეზინის ტყვიების მოსალოდნელობას“ – ალექს ჩიღვინაძე

16 აპრილი, 2024 • 511
„ამინდის პროგნოზივით ვამოწმებთ წყლის ჭავლის და რეზინის ტყვიების მოსალოდნელობას“ –  ალექს ჩიღვინაძე

„ეს კანონი აპირისპირებს ადამიანებს“ – მიიჩნევს მწერალი ალექს ჩიღვინაძე, რომელიც ფეისბუქზე ეხმიანება რუსულ კანონს.

„ქვეყანაში ისეთი მოცემულობაა, რომ ის, ვინც ნამდვილად უცხო ქვეყნის (თანაც მტრული ქვეყნის) ინტერესების გამტარია, მას დამალვა არ სჭირდება. დამალვა კი არა, შეიძლება ტყე აჩუქონ, მთავარ პროკურორად დანიშნონ ან თავდაცვის სამინისტროში გააფორმონ და ვითომც აქ არაფერი.

ამ ფონზე, თითქოს ეროვნული ინტერესების და გამჭვირვალობის მომიზეზება ვერ იქნება დამაჯერებელი არგუმენტი (ეროვნული ინტერესები ხომ საეჭვოდ არის დაქვემდებარებული ოლიგარქის ფინანსურ ინტერესებს).

ბუნებრივია, გვიჩნდება განცდა, რომ ამ კანონის მიღება პირდაპირ რუსული დირექტივაა ან რუსეთის მიბაძვა და ავტორიტარიზმის ისეთ დონეზე გასვლა, სადაც ძალაუფლება გარანტირებული იქნება.

ცოტა რომ დავმარცვლოთ, ზოგადად კანონები უნდა არეგულირებდნენ ხომ საზოგადოებრივ ურთიერთობებს, ეს კანონი კი პირიქით აპირისპირებს ადამიანებს და ვხვდებით, თუ რა საფრთხის შემცველიც არის.

ამინდის პროგნოზივით ვამოწმებთ უკვე წყლის ჭავლის და რეზინის ტყვიების მოსალოდნელობას“, – წერს ალექს ჩიღვინაძე.

  • რა ხდება? 

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

____________

ფოტოზე: ალექს ჩიღვინაძე. კადრი „არტარეას“ გადაცემიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი