კომენტარი

გიული ჩოხელი: რუსული კანონი ვიცით, რა არის, მე ვარ წინააღმდეგი

8 აპრილი, 2024 •
გიული ჩოხელი: რუსული კანონი ვიცით, რა არის, მე ვარ წინააღმდეგი

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის სხვა სახელწოდებით დაბრუნებას ცდილობს.

ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამჯერად „უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად“ მონიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ჩააგდო.

შარშან „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ამ კანონპროექტს არ დააბრუნებდნენ, თუმცა 8 აპრილს პარლამენტის ბიუროზე კანონპროექტი ისევ დაარეგისტრირეს. რუსულ კანონს, სამოქალაქო საზოგადოების გარდა, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

„ბათუმელები“ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოსაზრებებს აქვეყნებს რუსულ კანონთან დაკავშირებით.

89 წლის ცნობილი ქართველი ჯაზმენი, გიული ჩოხელი ამბობს, რომ მიუხედავად „ცვლილებებისა“, საზოგადოებამ იცის, რაც არის რუსული კანონი:

  • ალბათ ხართ ინფორმირებული, რას ფიქრობთ რუსული კანონის მიღებაზე? 

ვერ ვიტან რუსეთს, მაგათ გამო საერთოდ შემჯავრდა ასო „რ“, არათუ ქვეყანა. რის კანონი, რა კანონი?! ესე იგი დასაჭერები არიან სულყველა, ვინც ამაზე საუბრობს და ვისაც ეს უნდა. ეს არის საშინელება.

ყველაფერი რუსულის უარზე ვარ. 

  • იცით ალბათ, რომ მთავრობამ ეს კანონი შარშან მოსახლეობის მწვავე პროტესტის შემდეგ უკან გაიწვია, მაგრამ ერთი წლის შემდეგ კვლავ დააბრუნა, როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

ვიცი ყველაფერი, [ხალხმა გააპროტესტა] და [ეს კანონი] გამოიტანეს, ახლა ისევ შეცვალეს რაღაცები ალბათ და დააბრუნეს. ესენი არიან „ცირკაჩები“, ცირკის წარმომადგენლები, ვინც აკეთებს ამას – ვითომ შეცვალა რაღაც, [მაგრამ] რუსული კანონი ვიცით ჩვენ, რა არის, ამიტომ მე ვარ სრულიად წინააღმდეგი.

_______________

ფოტო: გიული ჩოხელი • Gyulli Chokheli/facebook

მასალების გადაბეჭდვის წესი