კომენტარი

ქართველ აბორიგენებშიც იმდენს შია…

14 ივლისი, 2010 • 1399
ქართველ აბორიგენებშიც იმდენს შია…

პიაცა ბათუმში
პიაცა ბათუმში

კარს ტურისტული სეზონი მოგვდგომია! ბათუმი სრულ მზადყოფნაშია! ქალაქის ქუჩები კია იავარქმნილი, სამაგიეროდ, უკვე აღდგენილი ქუჩები რომ ორ-სამჯერ ითხრება, ამას ბათუმის სტუმრები ვერ შეამჩნევენ. მაგალითად, აბაშიძის გამზირის აღდგენისას ჯერ მოჭრეს უნიკალური ხეები, დააგეს ძვირადღირებული ქვაფენილი, დადგეს ქოთნით ყვავილები. მერე აყარეს ქვაფენილი, ამოთხარეს ორმოები და დარგეს პალმები. იცით რა დაჯდა ამ პალმების განბაჟება? _ 76.000 ლარი (ტრანსპორტირების ხარჯებზე არას ვამბობ).

 ამას წინათ აჭარის ტელევიზიით აჩვენეს სიუჟეტი ბათუმის ბოტანიკურ ბაღზე, სადაც ამრავლებენ უნიკალურ მცენარეებს. 76 000 ლარით ბოტანიკური ბაღის კოლექტივი, რომელთა წლიური დაფინანსება 250.000 ლარია, ბათუმს წალკოტად აქცევდა. თვითონაც სულს მოითქვამდნენ. ამაზეა ნათქვამი: `თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო~!

 ბათუმი არც ქაიროა და არც დუბაი, პალმის გარდა სხვა რომ არა ხარობდეს. ამ პალმებს არც ჩრდილი აქვს, რომ ზაფხულის ხვატში თავი შეაფარო და არც ნაყოფი, რომ პირი ჩაიტკბარუნო. ქოქოსის ან ფინიკის პალმები მაინც ჩამოეტანათ, სეზონზე ეგზოტიკური ხილის მოსავალს ავიღებდით. ეტყობა, ვერ მუშაობენ კოორდინირებულად ბუნების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები… ორივე მინისტრს გამოვცვლით, ან სამინისტროებს შევუცვლით სახელს.

 გთავაზობთ გამოსავალს (როგორც ყოველთვის უფასოდ). ვინაიდან ქალაქის ქუჩებში ორხიდიან მანქანებს უჭირთ გავლა, დავუბრუნოთ არაბებს მათ მიერ ნაჩუქარი პალმის ნაწილი და აქლემები გამოგვიგზავნონ. ქალაქის პალმების ფონზე აქლემები მიმზიდველი იქნება. ტურისტებსაც მოვიზიდავთ. მათზე გასეირნებაც დამატებით შემოსავალს მისცემს ბიუჯეტს. საკურორტო სეზონის შემდეგ ბათუმელებს გაბარიტიანი საოჯახო ტექნიკის გადატანაში დავეხმარებით. რაც მთავარია, აქლემები თურმე თვეში ერთხელ ჭამენ. რაც შეეხება წყალს, რამდენიც უნდათ იმდენი სვან. არაბეთის წყალზე მიჩვეულ მათ კუჭს ბათუმის წყალიც კი ნაბეღლავად მოეჩვენება.  სამი-ოთხი წლის შემდეგ ქალაქში ასფალტს რომ დააგებენ, ეს აქლემები სვანებს ვაჩუქოთ, იქაური ტურისტების სატარებლად. ფეხები გრძელი აქვთ და თოვლსაც ადვილად გაჭრიან. თუ არა და დავკლათ და შევჭამოთ. დღეს ყველაფერს გვაჭმევენ.

წელს არა, მაგრამ გაისად განვაცვიფრებთ ტურისტებს მშენებარე ციხე-სიმაგრით და ე.წ. პიაცათი! არა მგონია, საპატიმროს გარდა, დღეს ვინმე დიდ ციხე-სასახლეს აშენებდეს, მაგრამ ამით კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ ბებერი ერი ვართ, ჯერ კიდევ ბევრი მტერი გვყავს. მშვიდობიან პერიოდში, სასტუმრო, კაფე-მაღაზიები, ომის შემთხვევაში კი ჩავაყენებთ სარაკეტო კომპლექსებს!

 კიდევ მეტი სასწაულია შუა საუკუნეების ევროპული ქალაქების, მიკრო, რატუშის მოედნის აპლიკაცია, თავისი კოშკითა თუ მასში ჩამონტაჟებული საათებით. ადრე კოშკები მთელი ქალაქიდან ჩანდა და იქედან ხანძრის გაჩენასაც უთვალთვალებდნენ. მაშინ საათები ერთეულებს თუ ჰქონდა და ხალხი მათზე ასწორებდა შრომით გრაფიკს. ახლა მშენებარე კოშკს ბათუმის მთიდან ან სასტუმრო შერატონიდან თუ არ გადმოხედავ, მხოლოდ კოშკის წვერი ჩანს. ავიღოთ ლონდონის ბიგ-ბენი, ის ძველი ქალაქის ყველა წერტილიდან ჩანს, თანაც იგი 1858 წელსაა აშენებული…

 ამბობენ მალე ამ საათებიდან მარიონეტი თოჯინები მოგვესალმებიან. მსგავსი რამ 1490 წლიდან პრაღის რატუშის მოედანიზე ხდება. ყველა საათში, დილის 8-დან საღამოს 8-მდე, ცნობილ სარკმელებში 12 მოციქული მოგვევლინება, მაგრამ ეს შუა საუკუნეებში დაიწყო, თანაც საეკლესიო დატვირთვით. ისე, არა მგონია, უცხო სტუმრები გავაკვირვოთ ჩვენი `პიაცათი~, რადგან ამაზე დიდი, ლამაზი და მართლა ისტორიული მოედნები თითქმის ყველა ევროპულ ქალაქშია. ამიტომ წინადადება მაქვს, მოვაწყოთ პიაცაზე ხალხის მტრებისა და ზოგიერთი ოპოზიციონერის სახალხო გაროზგვა. მაშინ ნახეთ ტურისტული ბუმი, უცხოელთა ცერა თითების ზემოთ-ქვემოთ ტრიალი. ვინაა პოზიცია თუ ოპოზიცია, ჩამოსულები კი არა, ჩვენც ძლივს ვარკვევთ. აი, მაშინ სრულად შევგრიალდებით შუა საუკუნეებში.

 ამბობენ გემოვნებაზე არ დავობენო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა ეს მშენებლობა ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაშინ ინტრიგანი იკითხავს, თუ ფული მე დამაბანდებინეს, მოგების წილი ვისაო? პასუხი კი ერთი ქართული ფილმის გამოძახილი იქნება _ `გოგიას რაო?  რაო და ვირის თავფეხიო!~  გოგიას რა? _ გასაგებია! მაგრამ ესპანელი არქიტექტორები ამ ბოლო დროს ძალიან კმაყოფილები რომ არიან, ფაქტია. მეოცე საუკუნის დასაწყისში ევროპას გრიპმა `ესპანკამ~ გადაუარა და რამდენიმე მილიონი ადამიანი გაიყოლია. დღეს საქართველოში არქიტექტურული `ესპანკა~ ბობოქრობს, მისი მინა-ბროლის ესტაკადებით, ხიდებით, შადრევნებითა თუ აბსტრაქტული ნაგებობებით. იმედია, ეს `ესპანკაც~ გაივლის.

 თავის დროზე ცნობილმა კაპიტანმა, კუკმა, ჰავაის კუნძულების მოქრთამვა სცადა ზიზილ-პიპილოებით, მინის მძივებითა და სარკის ნატეხებით. აბორიგენებმა ერთ ხანს უყურეს, მერე რაღაცა დაიღრიალეს საკუთარ ენაზე და …კაპიტანი კუკი შეჭამეს. იცით რატომ? ძალიან შიოდათ. ნუთუ ეს არაფერს გვასწავლის? არადა, ქართველ აბორიგენებშიც იმდენს შია…

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი