კომენტარი

ბენ ჰოჯესი: უკრაინის კონტრიერიში ნამდვილად დაიწყო, მთავარი შეტევა – არა

12 ივნისი, 2023 • 3740
ბენ ჰოჯესი: უკრაინის კონტრიერიში ნამდვილად დაიწყო, მთავარი შეტევა – არა

მთავარი უკრაინული შეტევა, რომელიც კონტრიერიშის შედეგს განსაზღვრავს, ჯერ არ დაწყებულა, აცხადებს ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი.

ანალიტიკური „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ [CEPA] ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში იგი ასახელებს იმ პირობებსაც, რომლებიც გვაჩვენებს მთავარი შეტევის დაწყებას.

„ნეტგაზეთი“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ.


სოციალურ ქსელებში ვრცელდება სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში ტანკებისა და აფეთქებების კადრები. ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ უკრაინის კონტრიერიში, რომელსაც დიდი ხანი ველოდით, დაიწყო, რაც მღელვარებას იწვევს. კონტრიერიში საოცრად მნიშვნელოვანია უკრაინის მომავლისთვის.

მიმდინარე მოვლენების შეფასებისას საჭიროა გავაცნობიეროთ მთავარი ასპექტები. დიდი განსხვავებაა იერიშის დაწყებასა და მისი მთავარი შეტევის დაწყებას შორის. კონტრიერიში ნამდვილად დაიწყო, მაგრამ არ დაწყებულა მთავარი შეტევა.

როცა ვნახავთ [რიცხობრივად] დიდ და შეჯავშნულ ფორმირებებს, მაშინ გავიგებთ, რომ შეტევა დაიწყო. დღეისთვის კი არ გვინახავს რამდენიმე ასეული ტანკისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების კონცენტრაცია.

უკრაინულ სატანკო ბატალიონში, როგორც წესი, 31 ტანკი შედის. ქვეითთა ბატალიონშიც მაგდენივე უნდა იყოს. ამას მიუმატეთ საბრძოლო მანქანები, რომლებშიც არიან ინჟინრები, საჰაერო თავდაცვა, ლოგისტიკა და ასე შემდეგ. შეჯავშნულ ბრიგადაში კი, სავარაუდოდ, იქნება სამი სატანკო ბატალიონი და ერთი ან ორი მექანიზებული ქვეითთა ბატალიონი. ამგვრად, მთლიანობაში შეჯავშნულ ბრიგადას ექნება 250-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მანქანა.

ჩემი გამოთვლებით, უკრაინელებმა შექმნეს შვიდიდან თორმეტ ბრიგადამდე. ზოგს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ უკრაინული და ნაალაფარი რუსული აღჭურვილობა, ზოგს – დასავლურიც.

როდესაც ვნახავთ ორ ან სამ ასეთ ბრიგადას (დაახლოებით 500-750 საბრძოლო მანქანა) ფრონტის ვიწრო მონაკვეთზე, მაშინ შეგვეძლება თქმა, რომ დაიწყო მთავარი შეტევა. ასევე ვიტყვით, სად დაიწყო. ოღონდ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. უკრაინულ გენერალურ შტაბს ენდომება, რუსებმა რაც შეიძლება დიდხანს არ იცოდნენ მთავარი შეტევის წერტილი და სულაც არ შეწუხდებიან (და ალბათ მიესალმებიან კიდეც), თუ „ტვიტერში“ ამ წერტილს არასწორად გამოიცნობენ.

თუ დასავლეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა საჭიროებას უზრუნველყოფს, – განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედ ზუსტ იარაღს, – კვლავაც ველი, რომ უკრაინას შეუძლია, ყირიმი ზაფხულის ბოლოსთვის, აგვისტოში გაათავისუფლოს. ვფიქრობ, ესაა კონტრიერიშის ერთ-ერთი მიზანი. ამ მომენტისთვის უკრაინის შორ მანძილზე მოქმედ ზუსტ იარაღს შეეძლება, მიაღწიოს სევასტოპოლს, საკის, ჯანკოისა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს, რაც ნახევარკუნძულს დაუცველს გახდის. სწორედ ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი ბრიტანეთის მიერ „შტორმ შედოუს“ 250 კილომეტრზე მეტი დისტანციის დაფარვის რაკეტების გადაცემა.

იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ბოლოს და ბოლოს მისცემს უკრაინას მიწა-მიწა ტიპის ATACMS ბალისტიკურ რაკეტებს [მოქმედების მანძილი – 300 კილომეტრამდე]. ეს დიდად გაზრდის უკრაინული ძალების და კონტრიერიშის შესაძლებლობებს.

ზოგიერთის შეფასებით, კონტრიერიში 4 ივნისს დაიწყო, ანუ ორი დღით ადრე 6 ივნისს რუსეთის მიერ ნოვა კახოვკის კაშხლის აფეთქებამდე. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ, უკრაინული ძალების მთავარსარდალმა, გადაწყვიტა, რომ მისი სამი წინაპირობა დაკმაყოფილებული იყო და კონტრიერიშისთვის მწვანე შუქის ანთება შეიძლებოდა. იგი იკითხავდა:

  • არის თუ არა საკმარისი საბრძოლო ძალები [შეჯავშნული ბრიგადები ტანკებით, საბრძოლო მანქანებით, ინჟინრებით, არტილერიით, საჰაერო თავდაცვით და ლოგისტიკით] რუსული თავდაცვითი ხაზების გასარღვევად და მიზნის მისაღწევად, რომელთა შორისაც, სავარაუდოდ, არის ყირიმისა და რუსეთის სახმელეთო ხიდის გარღვევა და ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის დაკავება;
  • საკმარისად ჩამოიშალა თუ არა რუსული თავდაცვა და ლოგისტიკა; საკმარისადაა თუ არა არეული რუსული სატრანსპორტო ქსელი; რამდენადაა დაბნეული რუსული ხელმძღვანელობა კონტრიერიშის მიზნისა და დროის საკითხზე;
  • არის თუ არა მიწა საკმარისად მშრალი ასობით მძიმე საბრძოლო მანქანის გადაადგილებისთვის?

კონტრიერიშს წინ უდგას ასობით კილომეტრზე განლაგებულ თავდაცვით პოზიციები, ბუნკერები, სანგრები, ნაღმების ველები, ანტისატანკო ორმოები და ანტისატანკო ზღუდეები „დრაკონის კბილები“, მაგრამ ისინი იმდენად არის კარგი, რამდენადაც ჯარისკაცები, რომლებიც მათ უკან დგანან. რუსული ძალების საბრძოლო შესაძლებლობით მოხიბლული ნამდვილად არ ვარ, ხოლო სხვადასხვა ლიდერის (მაგალითად, პრიგოჟინი, კადიროვი) შიდა კონფლიქტი ხაზს უსვამს რუსეთში ერთიანობის ნაკლებობას. მგონია, უკრაინა ამას სათავისოდ გამოიყენებს.

ილუსტრაცია ასახავს უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარის მიერ შექმნილ თავდაცვით ბარიკადებსა და მათ სახეებს © Reuters; თარგმანი – „ნეტგაზეთი“

ამჟამად ისე ჩანს, რომ უკრაინელები ნიადაგს ამზადებენ, ეძებენ მოწყვლად ადგილებს, ავითარებენ ადგილობრივ ტაქტიკურ წარმატებებს. ეს დასავლური ტაქტიკური ხელმძღვანელობის მიღების ერთ-ერთი სარგებელია, როცა დაბალი რანგის ხელმძღვანელები გადაწყვეტილებებს თავად იღებენ. რასაც ახლა ვხედავთ, ალბათ, მიზნად ისახავს რუსების დაბნევას მთავარი შეტევის საბოლოო ლოკაციასთან დაკავშირებით. „ლეოპარდის“ ტანკის გამოყვანა ამდენად ნაადრევ ეტაპზე, ჩემი გადმოსახედიდან, იმ ადგილისთვის ყურადღების მიქცევას ისახავდა მიზნად. ზუსტად ვერ მეცოდინება, მაგრამ მე ასე მოვიქცეოდი, თუ გავითვალისწინებთ მედიაში ამ კარგი ტანკებისადმი მიქცეულ ყურადღებას.

როგორც ყოველთვის, ისინი, ვინც ომობენ, არა მარტო მტერს, არამედ ბრძოლის დაბნეულობასაც ებრძვიან. ომის ნისლი ველზე მყოფ ხელმძღვანელებზეც ახდენს გავლენას. ყოველთვის მიჭირდა ბრძოლის ვიზუალიზაცია და გაგება ერაყსა და ავღანეთში, არადა ყველაზე თანამედროვე სისტემები გვქონდა. ხელმძღვანელი პირი კვლავ დამოკიდებულია ველზე მყოფი ლიდერების შეტყობინებებზე. დრონები ცოტათი გვეხმარება, მაგრამ ეს მაინც გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, ენდო ქვედა რგოლის ხელმძღვანელებს და გჯეროდეს, რომ მათ ესმით გეგმა და მიიღებენ კარგ გადაწყვეტილებებს შუაგულ ბრძოლაში.

ასეთ შემთხვევაშიც კი დანაკარგები იქნება. ერთი „ლეოპარდის“ განადგურებამ „ტვიტერში“ დიდი რეაქცია გამოიწვია, მაგრამ ტანკი ბრძოლის ველიდან გაიყვანეს რემონტისთვის, რაც შთამბეჭდავია. სწორედ ასეთი პრაქტიკა გვაქვს ამერიკულ ჯარშიც.

გაურკვევლობა დიდია, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ – უკრაინულმა გენერალურმა შტაბმა ინფორმაციის დაცვისა და რუსეთის მომზადების პრევენციისთვის შესანიშნავად იმუშავა.

გაურკვევლობა შეიძლებოდა ყოფილიყო რუსების მიერ კახოვკის კახშხლის აფეთქების მიზეზიც. საშინელი ჰუმანიტარული და ეკოლოგიური შედეგების გარდა, მდინარე დნიპროს გაფართოებასა და დატბორვას შეიძლება გადაედო უკრაინის შეტევითი ოპერაციები. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ წყლის დონე მოიკლებს შემდეგი ხუთი-შვიდი დღის განმავლობაში და მიწაც, ზაფხულის სიცხეში, გაშრობას დაიწყებს. ასე რომ, ეფექტი, – დნიპროს გადაკვეთის გართულება, – რომლის იმედიც რუსებს, სავარაუდოდ, ჰქონდათ, შედარებით მოკლევადიანი იქნება.

საერთოდ არ ვენდობი რუსული მხარის ცნობებს კაშხლის აფეთქებასა ან ნებისმიერ რამესთან დაკავშირებით, რაც ფრონტზე ხდება. უკრაინელები კარგად იცავენ ინფორმაციას და კარგად აკონტროლებენ ნარატივს. მალე მეტი გვეცოდინება.

რა სჭირდება უკრაინას? მხარდამჭერები და ATACMS რაკეტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი