ნეტგაზეთი | საქართველომ უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის იზოლაცია საქართველომ უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის იზოლაცია – Netgazeti
RU | GE  

საქართველომ უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის იზოლაცია

ჟენევის დისკუსიის ფორმატი ერთადერთი საშუალებაა, სადაც ქართველები, ოსები და აფხაზები მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან სხდებიან. შეხვედრებში აშშ-ის, რუსეთის, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები მონაწილეობენ. ჟენევაში კონფლიქტის მხარეები უკვე მე-11 შეხვდნენ ერთმანეთს, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ”ბათუმელების” კითხვებს ჟენევის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს.

ჟენევის დისკუსიის ფორმატი ერთადერთი საშუალებაა, სადაც ქართველები, ოსები და აფხაზები მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან სხდებიან. შეხვედრებში აშშ-ის, რუსეთის, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები მონაწილეობენ. ჟენევაში კონფლიქტის მხარეები უკვე მე-11 შეხვდნენ ერთმანეთს, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ”ბათუმელების” კითხვებს ჟენევის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს.

 

– ბატონო პაატა, რატომ ითხოვს რუსეთი თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას?

-მათ უნდათ კონფლიქტი გადაიტანონ ქართულ-ოსურ, ქართულ-აფხაზურ დონეზე. როდესაც რუსეთი იყო ე.წ. შუამავალი, უჭირდა მისიის შესრულება, რადგან სინამდვილეში არ იყო სამშვიდობო, მაგრამ ცდილობდა დიპლომატიურ ურთიერთობებს დამორჩილებოდა. ჩვენ გვინდოდა ჩამოგვეხსნა ნიღაბი მისთვის და ჩამოვხსენით კიდევაც. შესაბამისად, რუსეთი უკვე იქცევა როგორც აგრესორი, მაგრამ მას უნდა, რომ ამ ყველაფერში, ისე როგორც ამერიკა, ჩანდეს როგორც შუამავალი, სამშვიდობო პროცესების წარმმართველი. რუსეთს სურს ხელშეკრულება დაიდოს აფხაზეთსა და საქართველოს შორის და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ საქართველო ამის წინააღმდეგია, გასაგები მიზეზების გამო.

– რა მიზეზების გამო?

– თუ ამ დოკუმენტში ჩაიწერება აფხაზეთი და საქართველო, ეს გაართულებს მდგომარეობას – აღიარება არა, მაგრამ აქეთკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. თუ ჩაიწერება კონფლიქტის მხარეები: აფხაზური და ქართული, მაშინ არავითარი აღიარება არაა. უამრავ ხელშეკრულებაზეა ხელი მოწერილი 1992 წლიდან -ვიღაც ქართული მხარის სახელით ხელს აწერს და ვიღაც _ აფხაზურის. ამით აღიარება მოხდა? –  გააჩნია მხარეების რა სტატუსი ჩაიწერება. ხელს იმიტომ არ მოვაწერ, რომ აღიარება იქნება უსუსური პოზიციაა.

ცეცხლის არგანახლების შესახებ არსებობს სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულება და სარკოზი-სააკაშვილის ხელშეკრულება. ეს დოკუმენტი მოქმედებს.

-მაშინ რატომ ითხოვს რუსეთი ასე დაჟინებით ამ დოკუმენტზე ხელმოწერას?

– თუნდაც იმიტომ, რომ ნაბიჯი გადადგან აღიარებისკენ, არა სახელმწიფოს, არამედ სტატუსის აღიარებისკენ. რუსეთს სურს, გაემიჯნოს კონფლიქტს. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ _ ეს ხელს იმიტომ არ გვაძლევს, რომ რუსეთს სურს, თუ ეს ყველაფერი ჩვენ არ გვაწყობს? ჩვენ რუსეთი მაღალ დონეზე ავიყვანეთ და ძნელი გახდა კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ თუ ისევ ჩამოვიყვანთ ქვემოთ და კონფლიქტსაც საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიტანთ (სამართლებრივად), უკეთესი იქნება. მაგრამ ეს უნდა მოხდეს არა რუსეთის კარნახით, არამედ ქართველებსა და აფხაზებს შორის საერთო ენის გამონახვით. მე მაინც მგონია, რომ აფხაზებთან და ოსებთან დალაპარაკება მოგვიწევს.

– ჟენევაში უკვე მე-11 შეხვედრა იყო. ამ შეხვედრებისგან პერსპექტივაში რას უნდა ველოდეთ?

–  თუ რამის მიღწევა შეიძლება, შეიძლება მხოლოდ ასეთ ფორმატში და პირიქით _ თუ რამის მიღწევა შეუძლებელია, ამ შეხვედრებზე გავიგებთ. ლაბორატორიასავითაა, იქ ჩანს კეთდება რამე თუ ვერ კეთდება. უშედეგო შეხვედრებიც შედეგია. მეთვალყურეები დგანან სადღაც საზღვარზე და წესრიგია… მაგრამ ისინი, რომ არ იყვნენ, ვერ გაიგებდი საზღვარზე წესრიგია თუ არა, ანუ საჭიროა ამ ტიპის ფორმატი, ჩაიხედავ და დაინახავ, როგორც სარკეში, რა ხდება.

ახლა არაფერი გამოდის, მაგრამ გვაქვს შანსი, თვეში ერთხელ დაველაპარაკოთ, ანუ ჩანს, რამდენად ღრმაა გაუცხოება. თუ ეს ფორმატი დაიხურება, ეს შანსიც დაგვეხურება. მე მესმის იმ ხალხის, ვინც ამბობს, რომ შედეგი არ არის, მაგრამ არ ვიზიარებ აზრს, რომ შეხვედრებს აზრი არ აქვს! თუ რაღაც დაიძვრება კონფლიქტების მიმართულებით, სწორედ ასეთ შეხვედრებში გამოჩნდება, ამიტომ მისი შენარჩუნება აუცილებელია.

იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ამ შეხვედრებში მონაწილეობენ, მონაწილეობს რუსეთიც, მაგრამ ჩვენები არ აღიარებენ, რუსეთის მონაწილეობას; იქ მონაწილეობს აფხაზური და ოსური მხარეც, მაგრამ ჩვენები არ აღიარებენ ოსურ მხარეს და ამბობენ, რომ რუსული ნაწილია. ანუ სურათზე ვხედავთ ხუთ კაცს, მაგრამ ვამბობთ, რომ არის სამი. აფხაზები და ოსები კი ამბობენ, რომ მოლაპარაკებაში მონაწილეობენ აფხაზები, ოსები და ქართველები. მოკლედ, კონფლიქტური მხარეების სურვილის არქონა, დაიწყონ მოლაპარაკებები, ხშირად დამოკიდებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მონდომებაზე, აიძულონ მხარეები გადავიდენ მოლაპარაკებაზე. 

– თუნდაც ასე მნიშვნელოვანი უშედეგო შეხვედრები კიდევ უფრო ხომ არ ართულებს კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას?

– შემიძლია გითხრათ, რომ ადრე უფრო უარესი მდგომარეობა იყო. ახალი არაფერი ხდება, ეს არის ტიპიური სურათი იმ პროცესებისა, სადაც არის გადაუჭრელი კონფლიქტები და არ დგანან სამშვიდობო ძალები.

თქვენი აზრით, ახალგორში უნდა შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა და დატოვონ დაბა, თუ მიიღონ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტები და საკუთარ სახლებში განაგრძონ ცხოვრება? 

-მგონი ვაზვიადებთ. ასეთი პირობა ჰქონდათ წაყენებული გალელებსაც… მაგრამ, მთავარია, ცხვირში არ შეჩარო აფხაზებს და ოსებს შენი მოქალაქეობა. ალან ჯუსაევი მოქალაქეობას ვერავის ჩამოართმევს. მე რომ ვთქვა, უარს ვამბობ საქართველოს მოქალაქეობაზე, განცხადება გავაკრა კედელზე, რა გამოვა ამით?… ჯუსოევი არ არის ის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ადამიანი არის თუ არა საქართველოს მოქალაქე. ამას მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს.

-ანუ, რაზე მიანიშნებთ?

– რატომ არ უნდა მიიღონ, თუ ეს მათ ცხოვრებას შეუმსუბუქებს – ეს არის ფარატინა ქაღალდი, მოსწავლის ბარათივითაა. გალში ძალიან ბევრი იღებს ამ პასპორტს, ოღონდ, სადაც საჭიროა, იქ აჩვენებს. აფხაზებმა კარგად იციან, რომ ყველა ქართველს აქვს პირადობის მოწმობა და პასპორტი, მაგრამ რადგან ამას ცხვირ-პირში არ უფრიალებენ, ამაზე გართულება არ აქვთ. არ გეკითხებიან, რადგან არ აწყობთ დაიცალოს ეს რეგიონები ქართველებისგან, როგორც გალში, ისე ახალგორში.

უსინდისოდ მოიტყუა ბატონმა ბოკერიამ, რომ ახალგორში ეთნიკური წმენდა მოხდა. საშინელი, ამაზრზენი, ეთნიკური წმენდა ჩატარდა დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში, პირისაგან მიწისა აღგავეს ქართული სოფელები, კლასიკური ეთნოწმენდა ჩატარდა ყოფილ ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, მაგრამ ახალგორში ერთ ქართველსაც არ ჩამოვარდნია თმა. ანუ ოსები არ არიან დაინტერესებულნი დაიკავონ ახალგორი, ისინი ვერ აითვისებენ ამ რაიონს, იქნება ცარიელი და მგლები დაიკავებენ, ამიტომ აწყობთ ქართველების იქ ცხოვრება. იქ ქართველები დღესაც ქართული პირადობის მოწმობით გადაადგილდებიან, მათ შორის მეც.

– როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა?

–  ამ რეგიონებში ძალიან გაძვირდა პროდუქტი. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაცია და ხელი შეუწყოს, რაც შეიძლება მეტი ტვირთი შევიდეს იქ. ჩვენ კონფლიქტის მოგვარების მინიმალური რესურსი დაგვრჩა, ვგულისხმობ საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ _ ქართველების, ოსებისა და აფხაზების სასარგებლოდ. შესაბამისად, საჭიროა საქართველომ მინიმუმზე დაიყვანოს მხარეების იზოლაცია. დღეს ჩიტი ვერ შეფრინდება საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთში, ახალგორში არ ატანენ სამშენებლო მასალას, კომპიუტერები ვერ შეიტანა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

–  ქართულმა მხარემ შეუქმნა პრობლემა?

–  დიახ. იქმნება განწყობა, რომ ქართულ მხარეს აწყობს მოსახლეობის იქ დარჩენა, ოსებმა და რუსებმა რომ არ თქვან, ახალგორში მოსახლეობა ნორმალურად ცხოვრობსო. ახალგორი სააკაშვილის სინდისზეა და, შესაბამისად, მას სურს მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ ეს მის სინდისზე კი არა რუსეთის სინდისზეა. ამიტომ ცდილობს აქეთა მხარეს კარგი კოტეჯები ააშენოს, კარგი სკოლა აუშენოს ბავშვებს, რომ იქედან ქართველები გამოვიდნენ. მართლაც ბევრი წამოვიდა. მათი ნებაა, ვერაფერს იტყვი, მაგრამ კარგი იქნება ის 30 პროცენტი, ვინც დარჩა, არ ააწიოკონ: დარჩენილებს მოღალატეებს ეძახიან, იქ რამის შეტანის საშუალებას არ აძლევენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე