კომენტარი

ლატვიის ელჩის პასუხი ირაკლი კობახიძეს

5 აპრილი, 2023 • 1773
ლატვიის ელჩის პასუხი ირაკლი კობახიძეს

ლატვიის ელჩი საქართველოში ედიტე მედნე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის კრიტიკას.

ელჩი აღნიშნავს, რომ არავის სურს საქართველოს ომში ჩართვა და ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს ევროინტეგრაციას არ ეხმარება.

„მინდა დავარწმუნო ქართველი ხალხი, რომ ლატვია არის და რჩება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდამჭერ პარტნიორად. როგორც ჩვენმა მინისტრმა თქვა ინტერვიუში, ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ თქვენ. მაგრამ საქართველომ უნდა შეასრულოს სამუშაო დავალება. ამ გადამწყვეტ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, უმრავლესობამ და ოპოზიციამ, მთავრობამ და პარლამენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ იმუშაონ ერთად მიზნის მისაღწევად. ჩვენ კიდევ გვაქვს დრო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ 12 რეკომენდაციას არ ეხება. ანტიუკრაინული და ანტიდასავლური რიტორიკა არ აახლოებს საქართველოს ევროპის კავშირთან, პირიქით“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ედიტე მედნემ.

ლატვიის ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

„როცა საქმე ეხება უკრაინას, რა თქმა უნდა, მე ინფორმირებული ვარ, რომ საქართველო უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინას. რეგულარულად თანასპონსორობს და ხმას აძლევს პროუკრაინულ საერთაშორისო რეზოლუციებს. საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა და, ვიმედოვნებ, კიდევ უფრო მეტს გააკეთებს. რადგან არა მარტო ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალია უკრაინის მხარდაჭერა, არამედ ჩვენთვის დიდი პატივიცაა, დავეხმაროთ დიდებულ უკრაინელ ხალხს, დაიცვან თავიანთი ქვეყანა და თავისუფლება“, — განაცხადა ლატვიის ელჩმა.

რაც შეეხება საქართველოს ომში ჩათრევაზე ბრალდებებს, ედიტე მედნემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთ დემოკრატიულ ქვეყანას მსოფლიოში, ლატვიის ჩათვლით, არ სურს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა:

„ეს ბრალდებები აბსურდულია“, — დასძინა მან.

ელჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს პირად საუბრებში არასდროს დაუდანაშაულებიათ ლატვია საქართველოს ომში ჩართვის განზრახვაში.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი განცხადების გამო, რომლის თანახმადაც ევროინტეგრაციისთვის ფორმალური კრიტერიუმების შესრულება საკმარისი არ არის, თუ არ იქნა „ღირებულებათა ევროპული სული, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა“. კობახიძემ თქვა, რომ ეტყობა, მთავარი საქართველოს უკრაინიზაციაა. „ქართული ოცნება“ „საქართველოს უკრაინიზაციას“ უწოდებს მეორე ფრონტის გახსნის და ქვეყნის აოხრების გეგმას, რომელიც, მისი მტკიცებით, აქვთ გლობალური ომის პარტიას და საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას.

„ეს არის ის ადამიანი, რომელმაც განაცხადა, რომ იმედია, უკრაინა 2050 წელს მიიღებს ევროკავშირის წევრობასო. არ ვიცი, ასეთ განცხადებებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ. უკრაინა, რომელიც ამხელა პრობლემებში არის გახვეული და მას ეუბნები, რომ 2050 წელს, ალბათ, მიიღებს ევროკავშირის წევრობას. არ შეიძლება ასეთი არასწორი განცხადებების კეთება. რაც შეეხება საქართველოს უკრაინიზაციას, მე ყველას შემიძლია დავპირდე, რომ ეს არ მოხდება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენმა მინისტრმა თქვა, რომ ეს უფრო ადრე იქნება. მას საერთოდ არ დაუსახელებია წელი. ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის გაწევრიანება მოხდება რაც შეძლება მალე“, — თქვა ლატვიის ელჩმა.

უკრაინასთან დაკავშირებული განცხადება, რომელზეც კობახიძე აპელირებს და რომელიც ქართულ მედიაშიც გაშუქდა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა RTVI-სთან 2022 წლის 21 ივნისის ინტერვიუში გააკეთა.

„რა თქმა უნდა, უკრაინა ევროკავშირში არ გაწევრიანდება ერთ წელიწადში ან ერთ კვირაში. მაგრამ ვიმედოვნებ, არც ასწლეულის შუაში — მე ვფიქრობ, უფრო ადრე“, — განაცხადა რინკევიჩმა.

ლატვია უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლობისტია.

კობახიძე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით მანიპულირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი