ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ომში უკრაინის გამარჯვება ან დამარცხება წყვეტს საქართველოს ბედსაც და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ომში ჩათრევას არავინ ცდილობს.
„საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ ის, რაც ახლა ევროპაში ხდება – რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ – ძალიან დიდ გავლენას ახდენს საქართველოს მომავალზეც. თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საქართველოც, თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით, საქართველოს ჩათვლით. და ეს არ ნიშნავს არავის ომში ჩათრევას – ესაა იმ ქვეყნის დახმარება, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის“.
მისივე თქმით, საქართველომ კარგად უნდა გაიაზროს, რა მოვლენები ვითარდება ახლა ევროპის მიწაზე და გადაწყვიტოს, ისტორიის რომელ მხარეს იდგება თბილისი. რინკევიჩი ამბობს, რომ ახლა საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნისა და მისი მთავრობის ხელშია:
„არჩევანი საქართველოსა და მისი მთავრობის გასაკეთებელია, თუმცა, თუ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნის ქმედებებს, მაშინ თბილისს არ უნდა გაუკვირდეს, რომ შესაძლოა, არც ევროკავშირმა გადადგას ნაბიჯები ბლოკში საქართველოს მისაღებად“.
გარდა ამისა, რინკევიჩმა ისაუბრა „უცხოეთის აგენტების“ რუსული კანონპროექტის მიღების მცდელობაზე, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე და სხვა საკითხებზე.
ლატვიის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტი „ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და […] ნებისმიერი ფორმით უცხო ქვეყნის აგენტების კანონმდებლობასთან დაბრუნება კატასტროფული იქნება“.
რინკევიჩმა თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მისაღებია და პარტნიორები თბილისს თავს არაფერს მოახვევენ, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა, რომ:
„ჩვენ გვაქვს უფლება, არ გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისთვის, თუკი ქვეყანა არ იქცევა, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი“.
ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე ხაზს უსვამს, რომ ევროინტეგრაციისთვის ფორმალური კრიტერიუმების შესრულება საკმარისი არ არის:
„შეიძლება გქონდეს ფორმალური კრიტერიუმები, შეიძლება გამოსცე ძალიან ბევრი კანონი, ან განაცხადო, რომ შეასრულე 226 ან 295 რეკომენდაცია და ბევრი დიდებული რამ გააკეთე, მაგრამ თუკი არ არის ღირებულებათა ის ევროპული სული, თუკი ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა არაა უზრუნველყოფილი, მაშინ ეს ქვეყანა ვერ წავა წინ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და როგორც წევრი“, – განმარტავს იგი.
რინკევიჩი აგრეთვე შეეხო მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს და დასძინა, რომ გონივრული იქნებოდა სააკაშვილის გათავისუფლება მკურნალობის მისაღებად:
„ჩვენ ძალიან გვაწუხებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ არ ვაყენებთ ეჭვქვეშ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვაკვირდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, გვჯერა, რომ გონივრული და დროული იქნებოდა გადაწყვეტილება მისი სამედიცინო მკურნალობის მიღების მიზნით გათავისუფლების შესახებ“, – ამბობს იგი.
