საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთში – ორი დღით ადრე რუსეთის პრემიერ–მინისტრის ვლადიმერ პუტინის ჩასვლამდე – ნიკოლა სარკოზის, ფრანსუა ფიიონს და ბერნარ კუშნერს ხვდება. ორშაბათს მან 20minutes.fr–ს ინტერვიუ მისცა
საფრანგეთი რუსეთისთვის ფრანგული ხომალდის „მისტრალის“ მიყიდვას აპირებს. საქართველომ ამ საკითხზე თავისი უარყოფითი დამოკიდებულება უკვე გამოთქვა. იმ მხარდაჭერის შემდეგ, რაც ნიკოლა სარკოზიმ 2008 წლის ზაფუხლში რუსეთთან ომის დროს აღმოგიჩინათ, ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ საფრანგეთმა მხარდაჭერა მოადუნა?
ჩვენ, რა თქმა უნდა, „მისტრალის“ გაყიდვის ფაქტით აღელვებულები ვართ. რუსები, რომლებიც უარს ამბობენ სამშვიდობო შეთანხმების შესრულებაზე, ამბიციებს არასდროს მალავდნენ. მათი თქმით, 2008 წლის ომის დროს “მისტრალი” რომ ჰქონოდათ, საქართველოში ინტერვენციას 48 საათის ნაცვლად 40 წუთში დაასრულებდნენ. ამგვარად, ჩვენ „მისტრალისგან“ თავდაცვის არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს. თუმცა საფრანგეთი განაგრძობს რუსეთზე ზეწოლას, რომ ამ უკანასკნელმა სამშვიდობო გეგმა შეასრულოს. შესაბამისად, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
საფრანგეთს საქართველოს მხარდაჭერა არასდროს შეუსუსტებია. ის, რომ ჩემი ვიზიტი პუტინის ვიზიტამდე ორი დღით ადრეა ორგანიზებული, საკმაოდ მკაფიო გზავნილია. ეს ასამარებს ჩვენი ქვეყნის იზოლაციისკენ მიმართულ რუსეთის ძალისხმევას.
გასულ კვირას თქვენმა პარტიამ საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებში გაიმარჯვა. მაგრამ ეუთომ, რომელმაც ამ არჩევნებზე 200 დამკვირვებელი გამოგზავნა, „არსებითი დარღვევები“ ამხილა, მათ შორის ურნებში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტები, კანდიდატებისთვის „არათანაბარი“ პირობები სახელისუფლო პარტიის სასარგებლოდ. აღიარებთ ამ „დარღვევებს“?
დარღვევები ყველა საზოგადოებაში ხდება. დიახ, ხარვეზები იყო. მაგრამ ყველა რეგიონში ამ მხრივ თანაბარი სიტუაცია არ ყოფილა, და შეიძლება არსებობდეს ისეთი რაიონები, სადაც მიუღებელი რამ მოხდა. მაგრამ ეს ძალიან იშვიათია და ამისთვის ჩვენი ხელისუფლება დამნაშავეებს დასჯის.
ჩვენ ვართ რეჟიმის ტრანსფორმაციის პირობებში, რომ ეპოქიდან, რომელშიც არჩევნები ყალბდებოდა, გარდავიქმნათ ევროპული დემოკრატიის საზოგადოებად. ეს რთული ეტაპია. თუმცა, მთელი მსოფლიო საუბრობს „აშკარა პროგრესზე“. თავად ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ არჩევნები „თავისუფალი და სამართლიანი“ იყო.
ეუთო დრამატიზირებას ახდენს. მან საკუთარი არსებობა უნდა გაამართლოს: თუკი ის დარღვევებს არ ამხელს, აზრს დაკარგავს… ჩვეულებრივ, ეუთოს ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგისთვის არ იწვევენ, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ იმის მიუხედავად, ზოგჯერ ის სიტუაციას აბუქებს, მაინც ძალიან სასარგებლოა.
მარტის დასაწყისში, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა ყალბი რეპორტაჟი, რომელმაც მაყურებელს რუსეთის ცრუ ინტერვენციის შესახებ აუწყა. „იმედს“ თქვენი ახლობელი მართავს. რეპორტაჟს სკანდალი მოჰყვა და უცხოეთში ის დაგმეს. იყავით თუ არა საქმის კურსში, რომ ეს გადაცემა უნდა გასულიყო?
მე ვიცოდი ეს ისევე, როგორც ამ არხის ყველა მაყურებელმა, რადგან გადაცემის ანონსი ორი კვირით ადრე გადიოდა. ასე, რომ განსაკუთრებული აქ არაფერი ყოფილა.
თუმცა საქართველოში მას პანიკის ტალღა, დისკომფორტი მოჰყვა
ეს იმან გამოიწვია, რომ ადამიანების 90%–ს ანონსი არ უნახავს. ეს ცუდად მომზადებული რეპორტაჟი იყო: საჭირო იყო ტიტრის მითითება, რომ გადაცემა ყალბი გახლდათ (მხოლოდ მოკლე გაფრთხილება გაკეთდა გადაცემის დაწყებამდე). მანამდე მე არაფერში ჩავრეულვარ, რადგან ეს პრეზიდენტის საქმე არ არის, ვიდრე გადაცემამ საზოგადოებრივ წესრიგს არ შეუქმნა საფრთხე, რაც მართლაც მოხდა, მაგრამ ამის წინასწარ განსაზღვრა რთული გახლდათ. თუმცა შემდეგ რეაგირება აღარ მომიხდენია, რადგან ჩემთვის ბევრად უფრო სკანდალური რამ ის იყო, რომ იმავე ღამით რუსეთმა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% (სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონები, რომლებიც მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა) თავისი თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე საქართველოს მეორე ქალაქში ინტერვენციის სიმულაცია გამოაქვეყნა. ეს ჟურნალისტების თამაში აღარ იყო, არამედ რეალობა. ეს უარესია! და არავის ამაზე რეაქცია არ ჰქონია, იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო „იმედის“ რეპორტაჟს გმობდა…
22 მაისს საქართველო და ირანი ვიზების გაუქმებაზე და თეირანს და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზე შეთანხმდნენ. ბათუმში მალე ირანის საკონსულოც უნდა გაიხსნას. თქვენმა ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ მედიის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის დარგში. რა მიზანს ემსახურება თქვენი ირანთან თანამშრომლობა? რატომ უახლოვდებით მას?
და რატომაც არა? საკონსულო ადამიანებს გადაადგილების შესაძლებლობას გაუმარტივებს. რაც შეეხება ვიზებს, ესეც ნორმალურია: ჩვენ თითქმის მეზობლები ვართ. და თუკი ირანელი ტურისტები საქართველოში ჩამოვლენ, ეს კარგი იქნება, როგორც ირანისთვის, ასევე საქართველოსთვის. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ირანელები აქ ფულს დახარჯავენ, (რაც სინამდვილეში ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია), არამედ იმის გამოც, რომ ისინი ნახავენ ცხოვრების განსხვავებულ, უფრო თავისუფალ წესს. ორი კვირის წინ ჩვენ ირანელი ჟურნალისტები მოვიწვიეთ. ამით ძალიან ბედნიერი ვარ, იმის მიუხედავადაც კი, თუ ისინი მთავრობის მიერ კონტროლირებად მედია საშუალებას მიეკუთვნებიან.
პოლიტიკურად, სამწუხაროდ, არსებობს საერთაშორისო სიტუაციით გამოწვეული დისტანცია. ჩვენს ქვეყნებს შორის შედგა საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები. გვაქვს ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროები, კერძოდ კი, ენერგეტიკის მიმართულება. მაგრამ თუკი ირანის წინააღმდეგ სანქციებს მიიღებენ, რა თქმა უნდა, საქართველო მათ დაიცავს. მე მიკვირს, რომ ამდენი საუბარია ირანთან დაახლოებაზე. სინამდვილეში ეს ჩვეულებრივი საქმეა.
პრესაში პრეზიდენტ აჰმადინეჯადის შესაძლო ვიზიტის შესახებაც ითქვა…
არ ვიცი ეს ცნობა საიდან მოიტანეს. მთავრობას ამის შესახებ არასდროს განუცხადებია. ეს ჩვენს დღის წესრიგში არ დგას. მე ვერაფერს ვიტყვი შემდგომი ვიზიტის შესახებ, რადგან ეს დიდწილად საერთაშორისო ფაქტორებზეა დამოკიდებული.
ექსპერტების თქმით, რომ საქართველოს ირანთან დაახლოება სახიფათო თამაშია, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ირანი ბირთვული ენერგეტიკის და დემოკრატიის თვალსაზირისით საერთაშორისო შეშფოთების მთავარი საგანია, თქვენ კი ნატოში გაწევრიანება გსურთ…
ირანელი ტურისტების მოწვევაში სახიფათო არაფერია. ჩვენ პოლიტიკური დაახლოებით დაკავებულები არ ვართ. კრიტიკა, რომელიც ამ საკითხთან მიმართებაში ისმის, სასაცილო და გაზვიდებულია.
თქვენი რეპუტაცია ევროპაში შეილახა. დიპლომატები „შფოთიან“ ადამიანად გთვლიან და მიაჩნიათ, რომ თქვენს მიმართ არსებული ნდობის ნაწილი დაკარგეთ. ამ კრიტიკას იზიარებთ?
ყველა შემთხვევაში, მე საკუთარი ხალხის ნდობა არ დამიკარგავს, რადგან იქ ხმების 65% მაქვს. რა თქმა უნდა, ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ საქართველოს ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მაგრამ მე არ ვფიქრობ, მაგალითად, რომ საფრანგეთის აზრიც ასეთია. ზოგიერთებს ვძულვარ, ეს ნორმალურია, რადგან – პოლიტიკოსი ვარ. მაგრამ ბევრი ადამიანი მხარს გვიჭერს და მთავარი ეს არის. ზოგიერთები ჩვენს რეფორმებს აფასებენ. ბიზნესის მარტივად წარმოების მხრივ მსოფლიო ბანკმა თავის რეიტინგებში 11–ე ადგილი მოგვანიჭა. საერთაშორისო თანამეგობრობამ განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზირისით უზარმაზარ პროგრესს მივაღიწეთ. დაბალი გადასახადების მხრივ მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა ვართ. ჩვენ ღრმა ტრანსფორმაციას მივაღწიეთ და ბუნებრივია, ეს რეაქციებს იწვევს.
თქვენს პოლიტიკურ მომავალზე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც კენჭს უკვე ვეღარ იყრით, გაზეთ Le Monde–ს ამ კვირას განუცხადეთ: „მე ამ შესაძლებლობაზე (პრემიერ–მინისტრად გახდომაზე) მიფიქრია“. ზოგიერთებს ეშინიათ პუტინის სცენარის, რომელიც ორი ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენისთვის პრემიერ–მინისტრი გახდა
არა, მე ვთქვი, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ მომავალზე მიფიქრია. ფრაზის დანარჩენი ნაწილი ფრჩხილებშია მოქცეული, რადგან მე ეს არ მითქვამს. თუმცა პრეზიდენტად კიდევ სამი წელი უნდა ვიმუშაო. ამიტომ ამ ფრაზაზე და მემკვიდრეობითობის თემაზე სპეკულაცია არ მსურს. რეფორმებზე კონცენტრაციაა საჭირო. და პუტინის სცენარიც შეუძლებელია, რადგან საქართველო – თავისუფალი ქვეყანაა.
უკრაინის (ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის) პრეზიდენტი პრო–რუსი ვიქტორ იანუკოვიჩი პარასკევს, რუსეთის სურვილის საწინააღმდეგოდ, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარების წინააღმდეგ გამოვიდა. ეს თქვენთვის კარგი ამბავია?
მე ყოველთვის ვიცოდი, რომ უკრაინელები გიჟები არ იყვნენ. ისინი მიხვდნენ, რომ საზღვრების დაცვა აუცილებელია. ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს – მე, ვიქტორ იანუკოვიჩს და ვიქტორ იუშჩენკოს (უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი) – არის ის, რომ ჩვენი მმართველობის დასაწყისში სამივე რუსეთთან დაახლოებას შევეცადეთ. მაგრამ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ჩვენ ვერ შევძელით შეთანხმება ქვეყანასთან, რომელიც არა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, არამედ ტერიტორიებად აღგვიქვამს.
ამავე თემაზე: