თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ნინო ოკრიბელაშვილი ეხმაურება რუსულ კანონპროექტებს უცხოური აგენტების გავლენის შესახებ.
ოკრიბელაშვილი საჯარო პოსტში წერს, რომ მისთვის გასაგები იქნებოდა, თუ ქვეყანა ამგვარ კანონს რუსეთის წინააღმდეგ მიიღებდა.
„მკითხეს და ღიად გპასუხობთ…
დიახ, ამერიკას აქვს იმგვარი კანონი, რომელიც ქვეყანას მტრისგან, კერძოდ, ნაცისტური (რაც აქტუალური აღარაა) და კომუნისტური იდეოლოგიების („სამართალმემკვიდრე“: რუსეთი და ჩინეთი) გავლენებისგან იცავს.
დიახ, აშშ-ს ასევე აქვს ე.წ. პატრიოტის აქტი, რაც ქვეყანას ტერორიზმის საფრთხისგან იცავს და ამით მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ამ ტიპის კანონს რომ ჩრდილოელი მეზობელი მტრის, რომელსაც ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, ან მისი იდეოლოგიის წინააღმდეგ ვიღებდეთ, ჩემთვის გასაგები იქნებოდა“, – წერს ოკრიბელაშვილი.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 6 მარტს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ I მოსმენით მხარი დაუჭირა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არის მეორე და წამყვანი კომიტეტი, რომელმაც კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.