კომენტარი

თსუ-ს პროფესორი ხსნის, როგორ დააზარალებს “აგენტების” კანონი განათლებასა და მეცნიერებას

4 მარტი, 2023 • 2814
თსუ-ს პროფესორი ხსნის, როგორ დააზარალებს “აგენტების” კანონი განათლებასა და მეცნიერებას

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზვიად აბაშიძე “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ უმრავლესობის კანონპროექტს ეხმაურება.

“ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ წერილში აბაშიძე საუბრობს საერთაშორისო პროგრამებისა და უცხოური ფონდების როლზე ქართული განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში, პარალელურად კი ხსნის, როგორ დაზარალდება საზოგადოება იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული კანონპროექტი კანონად იქცევა.

“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ ზვიად აბაშიძის პოსტს:

“მე, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელმა, სრული პასუხისმგებლობით მინდა მოგახსენოთ იმ რამდენიმე საკითხზე, რასაც უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონის მიღება გამოიწვევს, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ჩემი აკადემიური და ადამიანური ვალდებულებაა:

მოცემული კანონის მიღების შედეგად, ფრიად შეიზღუდება აკადემიური წრეების მოღვაწეობის არეალი და პოტენციალი, რაც უმალ აისახება, როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური წრის წარმომადგენლების ყოველდღიურობაზე. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, არაერთი საერთაშორისო პროგრამა შეიქმნა და არსებობს, რომელიც საშუალებას აძლევს როგორც სტუდენტებს, ისე აკადემიური წრის წარმომადგენლებს დაუახლოვდნენ უცხოური განათლების ცენტრებსა და დაწესებულებებს და შესაბამისად აქტიურად ჩაერთონ ზოგადად ინტელექტუალური პროდუქციის წარმოების საკითხში არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზე.. მოცემულ პროგრამათა შორის, მაგალითად, ევროკავშირის მიერ Erazmus , ან აშშ-ს მიერ ფულბრაიტ (თუ კიდევ ბევრი სხვა) ფორმატით წარმოდგენილი სასწავლო და კვლევითი პროგრამები ფასდაუდებელია, როგორც სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური პერსონალისთვის უკეთესი განათლებისა და კვლევითი/სასწავლო გამოცდილების მისაღებად. მოცემული კანონის მიღების შემთხვევაში, როგორც გასაგებად გვეუბნება ყველა ჩვენი უცხოელი პარტნიორი ქვეყანა, შეიზღუდება საქართველოს დასავლურ სტრუქტურებთან დაახლოების პოტენციალი, რაც აგრეთვე პირდაპირ აისახება ყველა საერთაშორისო სასწავლო თუ კვლევით პროგრამების არსებობაზე, რადგან სწორედ ჩვენი დასავლეთთან დაახლოების კონტექსტშია ეს პროგრამები შექმნილი. ამ თვალსაზრისით, ვისაც რაიმე ეჭვი აწუხებს, შეუძლია რუსეთის მაგალითზე გადაამოწმოს.

საქართველო განვითარებად ქვეყანათა კატეგორიას განეკუთვნება და შესაბამისად ძალიან მწირი ეკონომიკური შესაძლებლობების გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად, საკუთარი ფინანსური რესურსების იმედად აწარმოოს სეროზული ინტელექტუალური პროდუქცია. ამის გაკეთება დამოუკიდებლად საქართველოს კი არა, მასზე ასი თავით მაღლა მდგომ ეკონომიკური კეთილდღეობით გამორჩეულ ქვეყნებსაც კი ძალიან უჭირთ. ამის გამო, ჩვენთან, ძალიან ბევრმა მეცნიერმა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების სტატუსით დააფუძნა კვლევითი ორგანიზაციები, რომელნიც ახლოს თანამშრომლობენ უცხოურ ფონდებთან და სწორედ მათი დახმარებით ქმნიან ამა თუ იმ კვლევით თუ აკადემიური სახის პროდუქციას. შიდა ქართული ფონდები (კერძოა ეს, სახელმწიფო თუ საუნივერსიტეტო) მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას ახდენენ ამ კუთხით ვითარების გაუმჯობესებაზე. მაგ: ძალიან კარგია რუსთაველის ფონდის მიერ გაცემული სამეცნიერო გრანტები, მაგრამ რომ არა ებერტის, ადენაუერის, ნაუმანის, ზოგადად ევროკავშირის, ფულბრაიტის და კიდევ სხვა ათასი საერთაშორისო ფონდის აქტივობა, პრაქტიკულად, სრულად განულდებოდა ჩვენი ისედაც მწირი აკადემიური წარმატებები. ამგვარი საერთაშორისო აქტივობა, კი ძალიან ბევრი ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა მეცნიერისთვის ქმნის პოტენციალს არ შეწყვიტოს აკადემიური საქმიანობა და გადაერთოს სხვა საქმეზე.

საერთაშორისო კონტაქტები და პროგრამები ყველაზე კარგი საშუალებაა საშუალო და დაბალი შეძლების მქონე, მაგრამ ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის მიიღონ უცხოური განათლება და საკუთარ ქვეყანას ღირსეულად ემსახურონ. სხვაგვარად, მათ არასდროს შეეძლებოდათ (მათი ეკონომიკური მდგომარეობის გამო) ესწავლათ ჰარვარდში, კემბრიჯსა თუ ჰაიდელბერგში! ქვეყანა, რომელსაც მძლავრი ინტელექტუალური და აკადემიური განვითარების პოტენციალი არ გააჩნია სამომავლოდ არავითარი პერსპექტივა არ აქვს!

სსრკ-ს დროს გაზრდილმა ადამიანმა, სამწუხაროდ მხოლოდ ძალიან ცოტა რამ იცის სამოქალაქო აქტივობის და საზოგადოების თაობაზე და ხშირად უჭირს იმის გააზრება თუ რა მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია თანამედროვე დემოკრატიული ეკონომიკურად წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაში. ბევრი იტყვის, ეს ჩვენი ტრადიცია არ არისო, მაგრამ სწორედ აქ დაუშვებს გამოუსწორებელ შეცდომას, რადგან „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, „დრამატული, არქეოლოგიური თუ კიდევ სხვა ათას დასახელების საზოგადოება, რომელიც მე-19 მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე შეიქმნა საქართველოში და ჩვენს საამაყო ეროვნულ ტრადიციას ვუწოდებთ, სწორედ სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლიობას წარმოადგენდა. ამგვარი საქმიანობის დაგვირგვინება 1918-21 წლების პირველი რესპუბლიკა (რომელიც არასრულ 3 წელიწადში შემოჭრილმა ურდოებმა წაგვართვეს) და ტფილისის უნივერსიტეტის (მაშინ როგორც უწოდებდნენ) დაარსება იყო. ორივე ეს უდიდესი მონაპოვარი სწორედ რომ დიდი ხნის სამოქალაქო გარჯის შედეგი იყო! საუბედუროდ, დიადმა საბჭოეთმა ყველა ამგვარი საქმიანობა დაგვავიწყა ისე, რომ ძალიან ბევრისთვის სამოქალაქო აქტივობა მორალურ საფრთხედ აქცია, არა და პირიქითაა. იდეალური იქნებოდა, რომ სამოქალაქო საზოგადოება შიდა ფინანსური რესურსების საფუძველზე აღმოცენებულიყო, მაგრამ საუბედუროდ ჩვენი დუხჭირი ცხოვრება და ქაოსური სოციალური სტრუქტურა არ იძლევა ამის საშუალებას. ფინანსურად წელში გამართული წრე რაც გვყავს, უმთავრესად ოლიგარქიული სახის წარმონაქმნია, (როგორც ყოფილ საბჭოთა ქვეყანათა აბსოლუტურ უმრავლესობაში) და დიდად გულზე არ ეხატებათ ამგვარ საქმიანობაში რესურსების ინვესტირება, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, (სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს ფონდ “ქართუს” წვლილი, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დახმარებაში), რადგან საკუთარ თავს იქ ვერ ხედავენ დავით სარაჯიშვილის მსგავსად.

აქედან გამომდინარე, მოცემული კანონის მიღება უაღრესად შეზღუდავს ისედაც სუსტ სამოქალაქო საზოგადოებას და ნებსით თუ უნებლიეთ სათავეს დაუდებს ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმის კონსოლიდაციას, რაც თავის მხრივ საქართველოს ვერც ერთმა პოსტ-საბჭოთა მთავრობამ ვერ მოახერხა და კრახი განიცადა. მოცემული პროცესი ავტომატურად გადაგვისვრის რუსეთის ორბიტაზე და საბოლოოდ მოგვწყვეტს საუკუნეების შემდეგ რის ვაი-ვაგლახით წუმპიდან ამოსვლის საშუალებას, რაც ყოვლად დაუშვებელია!

ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა და პიროვნების ნიველირება ჩვენი ინტელექტუალური ისტორიის საუკეთესო ნაწილის გამოხატულება არასდროს ყოფილა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ისტორიაში „ფხვნილი ქვაც ბევრი ჩაგვიყოლებია საძირკველში“! სხვა ვითარებაში, „ვეფხისტყაოსანი“, „ქართლის ჭირი“, „სტუმარ-მასპინძელი“, „კაცია-ადამიანი?!“, „გამზრდელი“ თუ „ლურჯა-ცხენები“ არასდროს შეიქმნებოდა!

ჩემი თაობის დიდი ნაწილი (ვგულისხმობ 70-იანებში დაბადებულ თაობას), 90-ნი წლების ბედ-უკუღმართობამ და უპერსპექტივობის განცდამ, საუბედუროდ, ბევრ სხვადასხვა არასახარბიელო საქმიანობაში ჩაძირა (მათ შორის უცხოეთშიც). მათგან, მხოლოდ გარკვეულმა ნაწილმა თუ მოახერხა „ნორმალური ცხოვრების“ ორგანიზება, რაშიც დასავლეთის ქვეყნებთან დაახლოებამ და უცხოურმა ეკონომიკურმა აქტივობამ განუზომლად დიდი როლი შეასრულა, როგორც შემდგომი განათლების მიღების, ისე ახალი ეკონომიკური საქმიანობის და პროფესიების შესწავლის თვალსაზრისით. დღევანდელ ჩვენს საჯარო ავანსცენაზე (პოლიტიკა იქნება ეს, ბიზნესი, კულტურა, აკადემიური სფერო თუ რომელიმე სხვა საქმიანობა) ძირითადად ჩემი თაობის წარმომადგენლები არიან (ან ხდებიან) დომინანტურნი თაობათა მონაცვლეობის ბუნებრივი პროცესის გამო. ის კი არა და პოლიტიკურ კლასში წარმოდგენილი რამდენიმე გავლენიანი მათგანი ჩვენი საუნივერსიტეტო წრის მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტსაც წარმოადგენს და დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერზე მათ კარგად უწყიან, რადგან სოციალურ კიბეზე ზეაღსვლის სწორედ აღწერილი არც თუ მარტივი გზა ექნებათ გავლილი.

დასავლურ/ევროპულ სამყაროსთან შემდგომი დაახლოება ჩვენი ისტორიული არჩევანი და მისწრაფებაა, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული. ამიტომაც, მასში ხელოვნური ჩარევა პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ერთიან ეროვნულ სხეულს და საყოველთაოდ აღიარებულ შეთანხმებას. „ასეთი ევროპა არ მინდა“, „ისეთი ევროპა მინდა“, „მე იქ ვიყავი და ვიცი“ სრულიად გაუმართლებელი და არაფრისმთქმელი არგუმენტებია, რადგან ის რომ დასავლეთში შესაძლოა რაიმე არ მოგვწონდეს და არ მივიჩნიოთ იდეალურად სრულიად ნორმალური ადამიანური მოვლენაა. არც არავითარი აუცილებლობაა იყოს დასავლეთი (და არც სამყარო) იდეალური, რადგან ამით ხომ სამყაროს განვითარებაც დასრულდებოდა. ამის მიუხედავად, ყველა გონიერ ადამიანს შეუძლებელია არ მოსწონდეს დასავლური სამყაროს თვითკრიტიკულობა, რომლის საფუძველზეც წარმოქმნილი მუდმივი სწრაფვა სიახლისა და ინოვაციისკენ მისი ყოველდღიურობის ნორმაა. სწორედ ეს ტრადიცია გასდევს მთავარ ლეიტმოტივად მის ისტორიული განვითარების გზას, რამაც იგი საბოლოოდ მსოფლიოს დომინანტურ ნაწილად აქცია. ადამიანმა საკუთარი ადამიანურობის თვითშემეცნება ყველაზე უკეთ სწორედ ამ სამყაროში შესაძლო, ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს დასავლეთში არადასავლეთიდან ჩასული ადამიანი, იმის მიუხედავად, რომ გაუმართლებელი გადახრები მის შემთხვევაშიც ბევრი ყოფილა.

მაგრამ თუ „იქ იყავი“, ეს ყველაფერი „ნანახი გაქვს და იცი“, მაგრამ მაინც ვერ აღიქვი და გაითავისე, ასეთ მიმოსვლას მორალური ღირებულება არ ჰქონია, რადგან როგორც სულმნათი მუხრან მაჭავარიანი იტყოდა,“ რაც შეიტანა, – ისევ ის გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ“!

პ.ს. პირადად მე, არ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი არ გახლავართ და ერთადერთი ჩემი მუდმივი დასაქმების ადგილი მუდამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო”.


რა ხდება

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

გარეკანის ფოტოზე: ზვიად აბაშიძე; წყარო: gdi

რატომაა საშიში რუსული კანონი? ნახეთ პასუხები ხშირად დასმულ 5 კითხვაზე:

რატომაა საშიში რუსული კანონი — 5 კითხვა, 5 პასუხი

მასალების გადაბეჭდვის წესი