კომენტარი

ბიძინას და მისი მარიონეტების თავზე შავმა ღრუბელმა მოიყარა თავი – ხაბეიშვილი

30 იანვარი, 2023 • 4848
ბიძინას და მისი მარიონეტების თავზე შავმა ღრუბელმა მოიყარა თავი – ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მისი გამარჯვება ეკუთვნის ყველას, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიასა, პოლიტპატიმრებს, ემიგრანტებს და ა.შ.

ხაბეიშვილის თქმით, ამ არჩევნებით ენმ-მ დაამტკიცა, რომ არის „დაუღალავი ხალხის ერთობა, რომელსაც ქვეყნისთვის გამარჯვება სწყურია”. ასევე დაამტკიცა, რომ კვლავ ერთგულია იმ ფასეულობების „რომელმაც შექმნა ვარდების რევოლუცია“.

„ჩვენ, ცხადია, არ ვაპირებთ ზეიმს. დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს. ზუსტად ისე, როგორც ეს მიშამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს 2003 წელს. ჩვენ ვაპირებთ შრომას და ამ შრომით არ დავიღლებით არასდროს. დღეიდან ახალი ენერგიით, ახალი შემართებით ვიწყებთ რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად.

სწორედ ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან ღია იქნება ყველა ადამიანისთვის, იმ ჩვენი ძველი თუ ახალი თანამებრძოლისთვის, ვისაც თუნდაც ერთი აგურის დადება შეუძლია ამ ბრძოლაში”.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ პირველი გადაწყვეტილებები დაკავშირებული იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან.

„მიშა, მინდა, შეგპირდე, რომ ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა – ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი”.

რაც შეეხება მის მთავარ ოპონენტს, ნიკა მელიას, ხაბეიშვილი ამბობს, რომ ეს გამარჯვება ეკუთვნის – „ნიკას და მის მომხრეებს, ნონას და მის მხარდამჭერებს, გიორგის და მის დაუღალავ თანამებრძოლებს. მე დღეს გიწვდით მეგობრობის ხელს. ჩემი მთავარი ამოცანაა გავერთიანდეთ, გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. დროა, ხელები დავიკაპიწოთ და გადავერთოთ მთავარ საქმეზე“.

„ბიძინას და მის მარიონეტებს მინდა ვუთხრა, რომ მათ თავზე ნამდვილად მოიყარა თავი შავმა ღრუბელმა და ქართველი ხალხი უახლოეს პერიოდში ამ რისხვას თავს დაატეხს რუს ოლიგარქს და მის მარიონეტულ, კრიმინალურ რეჟიმს”.


„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან 21 656 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 52.58%-ია. ნიკა მელიას ხმა მისცა 16 477-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 40%-ია.

ვრცლად:

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

მასალების გადაბეჭდვის წესი